PINK FLOYD
15 თებერვალი 17:16
0
print

დავით დეფი

მეგობრებო, ჩემი მუსიკა ბევრი სიმბოლოთი გამოიხატება - ქართლ/კახური მრავალჟამიერი, ელვისი, ბიტლზი, ფლოიდი, ზეპელინ/ფარფლ/საბატი, ქუინი, დეპეშ მოდი, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, ელო, როკ-ოპერა ჯიზეს ქრაისთ სუპერსთარი და როლინგ სთოუნზი, დევიდ ბოუი და ა.შ. სია არ თავდება. არასდროს თავდება, ბლუზი/ჯაზი/როკ’ენ’როლი თუ სიმფონიური მუსიკა, საფორტეპიანო კონცერტები, ოპერები და ა.შ. ეს საქმე უსასრულოა, მაგრამ ახლა სხვა რამ მსურს გითხრათ - დიახ, მთელი ცხოვრება, ორი საუკუნეა შეგნებული ფლოიდომანი ვარ და მუსიკის ჩემს უსასრულო კოლექციაში ფლოიდის ყველა, თხუთმეტივე ალბომი მაქვს - დაწყებული The Piper at the Gates of Dawn, დამთავრებული - The Endless River. გარდა ამისა, მაქვს მათი უნიკალური ჩანაწერები BBC - ის რადიო სესიებიდან, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყნებში ნაყიდი მათი რეპეტიციები, ფილმები, წიგნები და ფოტო ალბომები, კასეტები, ვინილები, სიდი თუ ბაბინები და გულსაბნევებიც კი. მათი სოლო პროექტები და კონცერტები, სოლო ალბომები და საუნდთრექები ფილმებისთვის. მე ფლოიდს მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვუსმენ, სკოლის ადრეული ასაკიდან მოყოლებული. როჯერ უოტერსის ლაივ დარკ საიდი რომ მენახა ამავე სახელწოდების ტურში, 2006 წელს, ჩემ რვა წლის ბიჭთან ერთად ავტო-სტოპით თბილისიდან სტამბოლში წავედი.

დედამიწაზე ამ ბენდის შექმნის დღიდან - დღემდე - და ასე იქნება მომავალში უსასრულოდ, სანამ დედამიწა არსებობს და სანამ ცივილიზაცია არსებობს, თუ გინდ სხვა პლანეტებზე გადავსახლდეთ, თანაც სულ მალე - ამ გენიალური ბენდის შექმნის დღიდან, ფლოიდს, კაცობრიობის ყოველი ახალი თაობა უსმენს, ყოველი ახალი თაობა ითხოვს, ეძებს და ელის. დიახ, ელის ბრიტანული გენიის გვირგვინს - პინკ ფლოიდს.

ჯგუფს დიდი, გლობალური გავლენა აქვს ხელოვნების ყველა დარგზე, პოლიტიკაზე, მეცნიერებაზე, გნებავთ ფსიქოლოგიაზე თუ არქიტექტურაზე. გავლენა აქვს მთლიანად სოციალურ სამყაროზე. მთელ მსოფლიოში არსებობს ჯგუფის ზედმიწევნით იდენტური კლონი ჯგუფები, თავისივე ზუსტი ასლით გადატანილი შოუებით, აუსტრალიან პინკ ფლოიდ, ბლუ ფლოიდ, ბოსა ნოვა ფლოიდ, პინქ პროჯექთ, დარქ ფლოიდ და ა.შ.

მსგავსი რამ არ ხდება არსად არაფერზე და არავიზე. არ მეგონა, თუ დღეს კიდევ ვინმეს ვურჩევდი ალან პარკერის ხატება-ფილმის Pink Floyd The Wall შემდეგ ახლა როჯერ უოტერსის ფილმის Roger Waters The Wall ნახვას, მაგრამ ფაქტია - ეს უნდა ნახოს ყველამ და დაესწროს ამ კონცერტს, ამ მისტერიას ყველა.

ვისაც გაგვიმართლა და ზოგადად ფლოიდის, ან დევიდის, ან როჯერის შოუები ცოცხლად გვაქვს ნანახი, ცხადია რაღაც საერთო, როკ’ენ’როლისგან განცალკევებული და მისტიური საიდუმლო გვაერთიანებს. მთელი გულით გირჩევთ, სწორედ ეს ფილმი, ეს ლაივი - კაცობრიობის უმთავრესი სიმბოლო „კედელი“ ახლავე ნახოთ, სადაც სულ ბოლოს, კედელზე ამოტვიფრულ ტიტრებში, მსოფლიო ომებში დაღუპული ჯარსიკაცების სიის ჩვენებისას, ქართველი ჯარისკაცი ჩანს. 2008 წელს გმირულად დაღუპული შალვა გაბუნია.

მადლობა როჯერ, ძმებო, მადლობა ქართველი გმირის, ქართველი ჯარისკაცის პატივისთვის. მისი ხსოვნისთვის.

ხომ გეუბნებით ეს ერთი საქმეა, დიდი საქმეა, მაგრამ მე სხვა რამ მსურს-მეთქი გითხართ - აი ეს პიროვნება როჯერ უოტერსი, სუპერ-გენიოსი, შოუ მისტერიის მეფე, საშიში შავი მგელი, ლეგენდა როკ-სთარი, თავისი ნიჭით, თავისი შრომით დიდ ბრიტანეთში და მთელ თავისუფალ სამყაროში აღიარებული და მიღებული მილიონერია. მილიონერია, რადგან მისი ასეთი კაპიტალი სწორედ იმ კაპიტალისტურმა სამყარომ განაპირობა, სადაც ის პიროვნებად ჩამოყალიბდა. პიროვნებად შედგა და თანაც კოლოსალური კაპიტალი, მხოლოდ და მხოლოდ თავისი შრომითა და ნიჭით დააგროვა და სხვა არაფრით. სწორედ იქ და არა საბჭოთა-სოციალისტურ-კომუნისტურ-მაფიოზურ უბადრუკ სამყაროში, სადაც ფლოიდი ერთი დრო აკრძალულიც კი იყო.

პარადოქსია, მაგრამ როჯერისთვის კაპიტალისტური სამყარო მიუღებელია და გარდა ამისა, საერთოდ ერთმანეთშია აღრეული და ასევე მიუღებელი შელი, მერსედესი, ნამგალი და ურო, საბჭოეთი, მარგარეტ თეტჩერი, სიმბოლო ჯვარი, დავითის ვარსკვლავი, ნახევარმთვარე, უინსტონ ჩერჩილი, რონალდ რეიგანი, ნაპოლეონი, ბრიტანეთის მეფე გიორგი თუ ენდრიუ ლოიდ უებერი ერთნაირად აუტანელია მისთვის და ყველა უკლებლივ დიდი კრიტიკის საგანია.

ფლოიდის ალბომში The Final Cut - აგნოსტიკოსი მუსიკოსი მღერის ბრეჟნევზე, ავღანეთზე, ბეგინზე და ბეირუთზე, გალტიერიზე და ბრიტანეთის დროშაზე, პოლონეთსა და სამყაროულ ამაოებაზე, ომებსა და მშვიდობაზე და მეომრებზე. 1967 წლიდან, უკვე 50 წელია, ის დღემდე ლაივ კონცერტებს მართავს პლანეტის თითქმის ყველა ქვეყანაში, მართავს და ისევ გამართავს მომავალშიც. ის ყოველ წელს დიდ მსოფლიო ტურშია, მილიონიანი აუდიტორიის თვალწინ ის თავის მუსიკას, უძვირესი და ურთულესი აპარატურისა და კონსტრუქციების საშუალებით დედამიწაზე და ღია კოსმოსში აფენს. მთელი თავისი ცხოვრება ფლოიდში თუ ფლოიდიდან წამოსული სცენაზე დგას, თანაც გიგანტური მასშტაბების და ტექნოლოგიური სასწაულებით აშენებულ და აღჭურვილ სცენაზე. მან ფლოიდისეული და მისი ავტობიოგრაფიული ალბომი „კედელი“ მსოფლიო ლეგენდა როკ-სთარებთან ერთად, ბერლინში, ბერლინის კედლის დაცემისას დადგა და მთელი გერმანელი ერი იქ იდგა იმ 1989 წლის ისტორიულ დღეს... და დღეს, უკვე ბერნი სანდერსისადმი დიდი სიმპათიით განმსჭვალული, თავისი სოციალისტური დრაივით, უშველებელი შოუებით ისევ აზანზარებს მსოფლიოს, სადაც ფლოიდის ალბომია Animals გამოტანილი და ებრძვის დონალდ ტრამპს.

მანამდე ჰილარი კლინტონს ებრძოდა. კიდევ უფრო მანამდე - ბილ კლინტონს და უფრო-უფრო მანამდე ჯორჯ ბუშს.

ალბომი Animals კი, ჯორჯ ორუელის „ცხოველთა ფერმა“-ა მეტი კი არაფერი, საიდანაც დაიბადა ალბომი „კედელი“, ასევე ჯორჯ ორუელის რომანით „1984“ შთაგონებული.

ყველაფერი აირია და ერთმანეთში გადაირია. ტოტალიტარიზმი, კომუნიზმი, კაპიტალიზმი, რელიგია თუ საწვავის საწარმოო ფირმა, მანკიერებანი თუ უზნეობანი, სოციალიზმი, პოეზია და როკ’ენ’როლი და ახალი თუ უახლესი ტექნოლოგიები, მაგრამ ამ აღრევას საოცარი ბალანსი ახლავს და საკრალური გაწონასწორებაც. "ულისე" და "ხმაური და მძვინვარება" ცნობიერების ნაკადის ლიტერატურული ნაწარმოებები, ყველაზე ადრეული ფორმაა ფლოიდისეული, მუსიკალური ხმაურისა თუ ჰარმონიის, სიმშვიდისა თუ მძვინვარების და ჯეიმზ ჯოისს თუ უილიამ ფოლკნერს რომ მოესმინათ ალბომი Atom Heart Mother ან ეპოქის ლეგენდარული და უბადლო კონცერტი The Dark Side of the Moon, ვფიქრობ აღტაცებით, რაღაც საოცარი აღფრთოვანებით გაიღიმებდნენ. ადამიანური თუ მსოფლიო დრამა არსად ჩანს ასე უზუსტესად, როგორც დარკ საიდში და დარკ საიდამდე არც არსებობდა მსგავსი ალბომი. ეს კიდევ სხვა ფენომენია.

პინკ ფლოიდი ყოველთვის პოლიტიკური როკ-ჯგუფი იყო, ამაშია მათი გენიალობის ერთ-ერთი საიდუმლოც, მაგრამ სიშტერის საიდუმლო ნეტავ სადაა, როცა უოტერსი მაჯაზე როლექსით, თავის ბენტლიში მჯდარი, მილიონი ფუნტი სთერლიგით საბანკო ანგარიშზე საშვილიშვილოდ უზრუნველყოფილი, აბსოლუტურ აბსურდს თხზავს, თუ რა ცუდია ეს ყველაფერი, ამის დედაც და მისგან სიტყვა არსად არაფერი ისმის საკაცობრიო ბოროტებაზე - კრემლზე. რუსეთის პრეზიდენტზე და რაღა თქმა უნდა, „კა-გე-ბე“-ზე, რომელიც სწორედაც „ფაინელ ქათი“-ს გამო ადამიანებს დევნიდა. საერთოდ კი ცხადია თავისუფალ, ნიჭიერ პიროვნებებს, პოეტებს თუ ზოგადად მწერლებს, მუსიკოსებს, მხატვრებს, დისიდენტებს აპატიმრებდა და ციხეში ან ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში ათავსებდა. კლავდა.

ეს ყველაფერი, თავისი ავტორიტეტი და დოვლათი მან რომელ სამყაროში მოიპოვა? საბჭოთა სოციალისტურ სამყაროში, თუ დასავლეთის სამყაროში? ზოგადად თავისუფალ სამყაროში?

პასუხი ნათელია და ჩემთვის საწყენიც სწორედ ესაა, რომ ის სწორედ იმ სამყაროს ებრძვის და სიტყვას არ ძრავს რუსეთის სიბოროტეზე. Bullshit.

ახლა ის ლონდონის ნაცვლად, ნიუ იორკში ცხოვრობს და ის გვიყვარს ჩვენ. ჩვენ ყველას გვიყვარს პინკ ფლოიდი, გვიყვარს სიდი, დევიდი, რიკი და ნიკი და ცხადია როჯერ უოტერსი, ბევრი მიზეზის გამო გვიყვარს და აუხსნელი მიზეზების გამოც, ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამოც.

ნისლებზე მოტივტივე მათი ბრილიანტივით უმდიდრესი საუნდი, ბროლივით გამჭვირვალე ყოველი ბგერა, შენი სხეულის ყოველი ატომით გაჯადოებს. ყოველ ჯერზე ისეთ რამეს გრძნობ, ისეთ რამეს ხედავ და ისმენ რაც მანამდე არასდროს გიგრძვნია, გინახავს და მოგისმენია, თუნდაც ათასჯერ გადაღეჭილი გქონდეს მათი რომელიმე ალბომი.

რიჩარდ რაიტი - ფორტეპიანოს გენიალური წესიერება და დიდოსტატი, თავისი ანგელოზური იერით, ყოველი აკორდით წნავს კაცის მწუხარებას. რა ბგერებია, რა სევდაა, ოქროს ნისლებში მძიმედ მოტივტივე რა დიდებულებაა და როგორი სიმსუბუქით აკრთობენ ისინი მთლიან სამყაროს.

ნიკ მეისონი - ასეთივე ყოვლისმნახველი და ყოვლისშემძლე გენიალური მედოლე, უზუსტესი, უმკვეთრესი დრამერი, რვაფეხა, ისიც ასე თავისი უსიტყვო ანგელოზური იერით, ასეთივე უმძიმესი ერთი მკვეთრი დარტყმით ასევე რომ შეამსუბუქებს და შეატივტივებს ამ უშველებელ ხომალდს, მთელი თავისი აფრებითა თუ ფრთებად გაშლილი მზის ბატერეებით, ლაზერის სხივებითა და ატომური ენერგიებით, შორეული სამყაროებისკენ რომ აუღია გეზი და მთელი ჩვენი მოდგმაც თან მიყავს.

დევიდ გილმორი - ცხადია ასევე ანგელოზური თუ მთავარანგელოზური მაგნეტური იერის მქონე კეთილშობილი გენიოსი, უდახვეწილესი და ვირტუოზულად დაკრული სოლოების, რიფების, სიმღერების, კომპოზიციების, ჰარმონიების, თემის და ასეთივე კეთილშობილური ვოკალის მეფე და როჯერ უოტერსი, იდეების ამოუწურავი გენერატორი, პოეზიის და მუსიკის საიდუმლო გზაჯვარედინების დიდი მცოდნე. დემონურიც და ბავშვურად ალალიც, სასოწარკვეთის ქარების დიდი მწვრთნელი, უკვდავიც და მოკვდავიც, როგორც ჯგუფის ნებისმიერი წევრი, უბადლო და გიგანტური. ჯგუფის ოთხივე წევრი მაგიური სამეფოს ბატონპატრონია, ოთხივე წევრი მისტიური შინაარსის გვირგვინოსანია, სწორედ იმ სიღრმეების და სიმაღლეების შინაარსისა სადაც შენს სმენას, ყველა შენს შეგრძნებას ანტიკური ფრესკებიდან თუ კელტური რიტუალებიდან აღმოცენებული მტვერითა და გულის ძგერით უსასრულოდ აიტაცებენ, სადაც მათივე საიდუმლო ექოებით, მთელი სამყაროს ნისლეულებისა და თანავარსკვლავედების გავლით, ყოველ ახალ თაობას იმედისა და თანაგრძნობის დიდი ენერგიით დაუბრუნდებიან და სადაც მელოდია, თემა, ალბომის მთლიანი კონცეფცია იდეებისა და მრწამსის მონუმენტური თაღებია. სწორედ ფლოიდის ამ ტრიუმფალურ თაღებში, თუ მათივე ობსერვატორიათა აშლილ თაღებში გაედინებიან ჩვენი ცივილიზაციის მისწრაფებებიც.

ახლა ავყურებ ჩემ კედელზე ვაჟა ფშაველას, ედგარ ალან პოს და ჯონ მაკლაფინის პოსტერების გვერდით ფლოიდის დარკ საიდის დროინდელ პოსტერს, ჩემ გადაღებულ და ჩარჩოში გულდასმით ჩასმულ ფოტოებს როჯერის ლაივიდან და მახსენდება სასამართლოში თუ როგორ უჩივლა თავის ძმაკაცებს დევიდს, რიჩარდს და ნიკს ჯგუფის სახელწოდება რომ მას დარჩენოდა Pink Floyd.

ინგლისის სასამართლომ კი მისთვის არასანატრელი განაჩენი გამოიტანა და როჯერს უთხრა: „არა მისტერ უოტერს, სახელწოდება პინკ ფლოიდ დარჩებათ დევიდ გილმორს, ნიკ მეისონს და რიჩარდ რაითს, თქვენ სოლო კარიერას ჯგუფისგან ცალკე, თქვენი საკუთარი სახელითა და გვარით გააგრძელებთ.“

კი, მერე ეს საქმე მან ძალიან ინანა. ძალიან ინანა თავისი გადაწყვეტილება. მან მსოფლიოს თავისი გული ისევ დაანახა და მთელმა პლანეტამ ისევ მიიღო ის.

ჰო, მეგობრებო, ალბათ ასე გამოიყურება ცხოვრების ნათელი და ბნელი მხარეები. ადამიანის არჩევანისა და მისი გზის მთლიანი არსიც.

ფლოიდი დიადი არქიტექტურაა, რომლის ყველაზე მაღალ სართულებში ღია კოსმოსი ირეკლება, ხოლო თავის საძირკველით კაცობრიობის საბედისწერო დრამასა და უიმედობის სანაცვლოდ გაჩენილ რწმენაში ჩადის. ამ ჯგუფს ბადალი არ ჰყავს, ის ყოველთვის უსწრებს ყველა დროის მსოფლიოს, ის გენიალურის გარდა წინასწარმეტყველურია, ის არაა მხოლოდ მუსიკალური ფენომენი, ამ ჯგუფმა ცივილიზაციის განვითარებაში შეიტანა წვლილი. ფლოიდზე საუბარიც უსასრულოდ შეიძლება, ისევე როგორც ჯგუფის მუსიკის მოსმენა, ამიტომ ახლა ასე დავასრულებ -

 

მთვარის გარშემო სიზმარი ბრუნავს.

ისევ შევხვდებით ლხინის სუფრაზე,

როცა ბგერების არქიტექტურა,

მთელ სამყაროში მოიგუმბათებს.

ახლა შენ ირგვლივ დიდ კედლებს დგამენ.

შენ წიგნებს ფურცლავ ძველსა თუ ახალს.

მნიშვნელობა აქვს ერთადერთ რამეს,

მიზანი რა გაქვს - რა გზებით წახვალ.

 

დეფი ♔ სიახLOVE

14 თებერვალი 2017

ტეგები