უფსკრული
20 დეკემბერი, 2016
0
print

 DAVID DEPHY•

სახვითი ხელოვნება, გნებავთ კინო და ხელოვნების სხვა დარგები ყველაფერს ბრწყინვალედ გამოხატავენ და მოიცავენ, საერთოდ ყველაფერს თუ კი რამ ადამიანში და მის თავს ხდება, მაგრამ ისინი ვერ მოიცავენ ომს.

ომი და მით უმეტეს ასეთი სიმახინჯე რაც ახლა ალეპოში ხდება, ბესლანში ხდებოდა და თუ გნებავთ ქრისტეს დაბადებისას ბეთლემში, როცა მეფე ჰეროდემ ორ წლამდე ასაკის ყრმათა ჟლეტა დაიწყო - ზოგადად ხელოვნების ვერც ერთ დარგში ეტავა. ხელოვნება ამ კატასტროფას ვერ იტევს.

გენიალური დიდოსტატი ან ვინმე სხვა, სახვითი ხელოვნების ვერც ერთი საშუალებით მოიცავს ომსა და ბავშვების ჟლეტვას. ყალბია ყველაფერი ამ სამყაროში ომზე გადაღებული, მილონ-დოლარიანი ბიუჯეტებით გადაღებული ფილმები თუ ფერწერული ტილოები თუ ქანდაკებები ყალბია და არააქტუალური და მომავალი თაობებისათვის ყალბად-ჰეროიკული გზავნილის მატარებელია. ადამიანის ტანჯვის მიმიკაში გამოხატვა მისი და მისი განსაცდელის დაცინვაა და სხვა არაფერი.

ხომ არ შეიძლება ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკში ან საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკებში ან ალეპოსა და ხომსში ან ბესლანში თუ აფრიკაში ნაწამებ ადამიანებსა და განსაკუთრებით ბავშვების ტანჯვას - ძეგლი ედგას გამოხატული მიმიკაში. რა თქმა უნდა არა.

მხოლოდ სიმბოლოებით შეიძლება ბოლომდე მოიცვა მომხდარი ამბავი ან ამბავის მიზეზი განაცდევინო სხვას. ვერც პაციფიზმი უპირისპირდება ომის მიზეზებს და ბავშვების ხოცვას.

მხოლოდ ლიტერატურა, პროზა და პოეზია, ისიც სურათის ამსახველი ან წინათგრძნობის გამომხატველი ტექსტი და დოკუმრენტური ჟურნალისტიკა, მოიცავს ამ კატასტროფას ბოლომდე, რადგან აქ არ არიან მსახიობები, სპეც-ეფექტები, აქ არაა თავს მოხვეული ემოციები. აქაა მკითხველი და მისი შინაგანი განსაცდელი, ყველანაირი სახვითი საშუალების მიღმა და მათ გარეშე. ის კითხვის დროს თავშივე იტევს ომს და სიკვდილს. მას კითხვის დროს, თავთან მარტოდ დარჩენილს, თავისივე შიშებით ეშინია. ის სწორედ ასეთ დროს ხვდება რომ მისივე შიშია მისივე ხსნაც და რომანს ან ლექსს ვერ წყდება სანამ ბოლომდე არ ჩაამთავრებს. მას სურს ტექსტის ბოლოს იმედი იხილოს და თავთან მარტოდ დარჩენილს, სადაც არ უნდა იყოს, ძალიან ეშინია.

...

და ისევ ბავშვები. სირიასა, ბესლანსა თუ პაკისტანშიც. ნებისმიერ წამს, ნებისმიერ დღეს, აღდგომის დღეს. ისევ ბავშვები. ღმერთს ყველაფერი მოუყევით პატარებო. ყველაფერი. უთხარით ისევ, ისევ და ისევ როგორ გაგწირეთ მთელმა კაცობრიობამ და ჩვეულებრივად გავაგრძელეთ ცხოვრება ვითომც არაფერი. ისიც უთხარით ზოგი ეცადა მაინც რაიმე შეეცვალა, ზოგმა თავიც გაწირა, ზოგიც წინ გაუძღვა სხვებს, ზოგმა შექმნა, მაგრამ არაფერმა შეაჩერა ასე ჩვეულებრივად, მთელი თავისი სიყალბით გაგრძელებული ცხოვრება და ის მაინც არ გახდა არაჩვეულებრივი და საოცარი. უთხარით ღმერთს გმირებისა და ლაჩრების შესახებ, უთხარით სიმართლე ჩვენზე ყველაზე.

...

უფსკრულის ფსკერიდან მიწები აფეთქდნენ. ასე შენ თვალწინ მსოფლიო კვდება.

ბავშვთა სიჩუმე გიგლიჯავს საფეთქელს. მტვერსა და სისხლში ვარსკვლავთა კრებას,

 

აჰყურებ უაზროდ, გაყინულ ღამეში. არავინ გელის. არავინ გეძებს.

გამოშიგნული, სიცოცხლის გარეშე, ასე უმწეოდ აცეცებ ხელებს.

 

ნანგრევებს შორის მტვერსა და სისხლში, ბავშვების სიჩუმე ღვთის სათქმელს ამბობს

და გული შენი გიდუღს და იწვის და რჩები ასე, შენ თავთან მარტოდ.

 

დ ♔ სიახLOVE

18 დეკემბერი 2016