ნესის დღემდე ეძებენ
04 ოქტომბერი, 2016
0
print

გიგა გურასაშვილი

საუკუნეების განმავლობაში უჩვეულო არსებაზე ბევრს საუბრობდნენ. მერედამერე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მითადაც გარდაიქმნა. მასზე არაერთი ფილმიც შეიქმნა. გაჩნდა ფოტოგრაფიები და თვითმხილველნიც კი, რომლებიც მის არსებობაში გვარწმუნებენ. მაგრამ ეგაა, აშკარა, უტყუარი სამხილი დღემდე ისეთივე ილუზიად რჩება, როგორც თავად ქმნილება თუ არსება. მითი თუ ლეგენდა იმდენად ლამაზად იყო შეფუთული, რომ მეცნიერებაც საგონებელში ჩააგდო: რამდენად რეალური შეიძლებოდა ყოფილიყო ის, რაშიც თვითმხილველები დაბეჯითებით გვარწმუნებენ? შეიქმნა არაერთი ჯგუფიც, რომელსაც თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით მითიური არსების კვალისთვის უნდა მიეგნო. მაგრამ ფაქტია, დღემდე რაიმე ხელშესახებს ვერ მიაგნეს. საუბარია შოტლანდიის ტბა ლოჰის ზღაპრულ არსება ნესსზე, როგორც მოგვიანებით მოფერებით მონათლეს. 

“1934 წლის მაისის შუა რიცხვებში ნავში ვიჯექი, ხან წყალს ვუყურებდი, ხანაც ცისკენ ვაპყრობდი მზერას. უცაბედად, ჩემგან 200 მეტრის მოშორებით ტბის ზედაპირზე უჩვეულო ტალღები წარმოიშვა და უმალ რაღაც უცნაური ძლიერი ყელი გამოჩნდა. ყელი წყლის ზედაპირიდან დაახლოებით ორ მეტრზე ამოიწვერა პატარა თავის დაბოლოებით, რომელიც, ალბათ არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ მოძრაობდა. ვიფიქრე ეს რა საოცრებაა-მეთქი და თვალები მოვიფშვნიტე, მაგრამ ცხოველი ისევ იქ იყო. ეს არ ყოფილა სიზმარი. როდესაც თევზსაჭერი კატერი გამოჩნდა, რომელიც ნავს უახლოვდებოდა, არსება საოცარი მოძრაობით წყალქვეშ გაუჩინარდა!”

ეს სიტყვები გამოცდილ ინსპექტორს და ადგილობრივ რეპორტიორს ალექს კემპბელს ეკუთვნის, რომელმაც შესაბამისად აღწერა “ლოჰ ნესის ტბის ურჩხული”, მოფერებით “ნესი”. თუ კემპბელს ვენდობით, მან ორმოცი წლის განმავლობაში კიდევ 18-ჯერ ნახა უჩვეულო არსება.

ერთი სიტყვით, 36 კილომეტრზე გადაჭიმული და სიგანეში 2,7-კილომეტრიან ტბაში, რომელიც ჩრდილო შოტლანდიაშია, ზოგიერთთა მტკიცებით არსებობს ნესი. (შოტლანდიურად “ლოჰი” “ტბაა”).

იმ დღიდან მოყოლებული ლოჰ-ნესმა მსოფლიო აღიარება სწორედ მასში მობინადრე “ურჩხულის” დამსახურებით მოიპოვა. ცნობისმოყვარეები, რომლებიც შოტლანდიაში ჩადიან, ეიმედებათ, რომ ერთხელ მაინც მოკრავენ თვალს დიდი ხნის წინათ გადაშენებულ გრძეკლისერა ხვლიკის - პლეზიოზავრთა ოჯახის უკანასკნელ წარმომადგენელს.

ზოოლოგთა ის ჯგუფი, რომელიც “ნესის” არსებობას სკეპტიკურად უყურებს, იქიდან გამოდიან, რომ სახეობის შესანარჩუნებლად აუცილებელია ამა თუ იმ ცხოველის სულ ცოტა ოცი ეგზემპლარის მუდმივი არსებობა. ამ შემთხვევაში, ასეც რომ ყოფილიყო, ეს ისტორიამდელი არსებები ფხიზელ თვალს ვერსად დაიმალებოდნენ. გარდა ამისა, საუკუნეების განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმეს მათი არსებობის რაიმე დამადასტურებელი კვალისთვის მიეგნოს – გვამი იქნებოდა ეს თუ ჩონჩხი. შეუძლებელია მარტოსულს მილიონობით წელი ეცოცხლაო.

თუმცა შესაბამის არგუმენტებს ნესის “მომხრეები” არ იზიარებენ და აცხადებენ, მეცნიერულად განმტკიცებული პასუხების უქონლობის გამო მეცნიერთა და ზოოლოგთა დიდ ნაწილს სჩვევიათ კითხვებისთვის თავის არიდებაო.

ერთი სიტყვით, ნესის “მომხრეები” უკან არ იხევენ და აცხადებენ, რომ ლოჰ-ნესის წყლები ყველაფერს იწოვენ, რაც კი უშუალოდ ქვედა დინებების მეშვეობით ტბაში ხვდება. სწორედ ამიტომაა, რომ ტბაში დამხრჩვალი ადამიანის ნაპირზე გამორიყული გვამი არავის უნახავს.

გადმოცემის თანახმად, პირველი სარწმუნო წყარო, რომელსაც ლოჰ-ნესის ურჩხულთან მივყავართ, ირლანდიელ მისიონერს წმინდა კოლუმბანს უკავშირდება, რომელიც წარმართ შოტლანდიელებს ქრისტიანობას ქადაგებდა. ირლანდიელი მისიონერის გადმოცემით, ქრისტეს შობიდან 565 წელს მან მდინარე ნესში, რომელიც ლოჰს ზღვასთან აკავშირებს, დაინახა უზარმაზარი მონსტრი. ამასთან დაკავშირებით ისტორიამ კიდევ ერთი თვითმხილველის აბატი ადამუსის ნათქვამიც შემოგვინახა., რომლის მიხედვითაც “გაშმაგებულმა ურჩხულმა” ერთი ძლიერი დარტყმით ადამიანი მოკლა და ის იყო მეორე ადამიანიც უნდა ემსხვერპლა, რომ გამოჩნდა ღვთის მოციქული, რომელმაც ღვთის სახელით აღმართა ჯვარი და მონსტრს უბრძანა: “ამაზე არც კი იფიქრო. გაქვავდი ადგილზე და მასთან შეხება არ იფიქრო. უმალ გაქრი!

დამფრთხალი საშინელება გაქრა. ვინც ეს იხილა, ღმერთს დიდება უთხრა და გაოცებისგან ერთ ადგილზე გაირინდნენ”.

აღწერილი მოვლენიდან უჩვეულო ცხოველი მთელი ათასწლეულით დავიწყებას მიეცა. მხოლოდ XVI საუკუნეში “შოტლანდიის ისტორიაში” გვხვდება ახალი ცნობები უჩვეულო არსებაზე. გავიდა კიდევ ოთხი საუკუნე და 1933 წელს მონსტრი კვლავ გაახსენდათ. იქიდან მოყოლებული ნესთან შეხვედრები გახშირდა და მასზე ინფორმაციებმაც ათასებს გადააჭარბა.

...”მშვენიერი დილა იყო, მზე ანათებდა და ტბის ზედაპირიც სარკესავით გლუვი იყო”, - იხსენებს კიდევ ერთი თვითმხილველი მონასტერ ფორტ ავგუსტადან მოძღვარი გრეგორი. – ტბაზე ძლიერი მღელვარება შევნიშნე, რასაც მისი ზედაპირიდან 2-3 მეტრზე ამოშვერილი დაახლოებით 15 სანტიმეტრის დიამეტრის შავი ყელი მოყვა. ყოველივე ჯერ ამოიწვერა და შემდეგ ჩაყურყუმელავდა. ეს არ ჰგავდა არც ნავს, არც ხის ნაჭერს, თევზს. უეჭველია ეს რომელიღაც ცხოველი იყო”.

და საერთოდ, ასეთ ისტორიები მრავლადაა და ყველა თავისებური ინტერპრეტაციით გადმოსცემს უჩვეულო არსებასთან შეხვედრას. თუმცა ერთსულოვანნი არიან იმაში, რომ იდუმალი არსება უზარმაზარია და უჩვეულო ცხოველის ფორმები აქვს. საუბარი ყოველთვის იმით გრძელდებოდა, რომ არსება გველისმაგვარია და რომ აქვს ორი კუზი; ზოგიერთნი აცხადებენ, რომ მათ ნახეს სამი, ოთხი, ხუთი და შვიდი კუზითაც კი. ერთნი ირწმუნებიან, რომ მას აქვს პატარა თავი, მეორენი აცხადებენ რომ აქვს დიდი თავი. ვიღაცამ თქვა, მრგვალი თავი აქვსო. ვიღაცას კი დიდ თვალება არსებად დაამახსოვრდა, ერთმა საცეცებლები დავუნახეო... და ასე გაუთავებლად.

თანამედროვე ხანაში ნესის სახელმა პირველად 1933 წელს გაიჟღერა.

ნესის სახელმა წლეულსაც გაიჟღერა, როდესაც მეცნიერებმა ლოჰ-ნესის პროექტის ფარგლებში საიდუმლოსთვის ფარდის ასახდელად მის გამოკვლევას შეუდგნენ და მალევე მის ფსკერზე მონსტრის ნარჩენებსაც მიაგნეს. ეგაა, ის ნარჩენები სულაც არ იყო ზღაპრული ურჩხულის. საუბარია 1970 წელს კინოეკრანებზე გამოსული ბილი უაილდერის ფილმის „შერლოკ ჰოლმსის პირადი ცხოვრების“ (The Private Life of Sherlock Holmes) გადაღებისთვის გამოყენებულ „ურჩხულზე“, რომლის ნამსხვრევებსაც შემთხვევით გადაეყარნენ (ფილმის გადაღებისას ნესის მოდელი ტბაში ჩაიძირა. მიზეზი კი ის იყო, რომ გადაღებების დასრულების შემდეგ ნესის კონსტრუქციას კუზები მოაჭრეს და ჩაძირეს).

უფრო ადრე კვლევითი სონარის დახმარებით, რომელსაც 1500 მეტრამდე სიღრმის გამოკვლევა შეუძლია (ჩვეულებისამებრ ასეთ აპარატებს ჩამოვარდნილი თვითმფრინავებისა და ჩაძირული გემების მოსაძებნად იყენებენ), დადგინდა, რომ ტბაში, რომლის მაქსიმალური სიღრმეც 227 მეტრამდეა, არ არსებობს არანაირი ეგრეთ წოდებული „ნესის ვარდნილი“ - გიგანტური ნაპრალი, სადაც თითქოსდა იმალებოდა ნესი.

giga gurasashvili
ტეგები