ილონ მასკმა მარსზე ადამიანთა კოლონიის გაშენების პროგრამა წარმოადგინა
29 სექტემბერი, 2016
0
print

გიგა გურასაშვილი

ილონ მასკის მიერ დაარსებული ამერიკული კორპორაცია SpaceX, რომლის უმთავრესი მიზანი კოსმოსში ფრენების ხარჯების შემცირება და მარსის კოლონიზაციისკენ გზების მოძიებაა, წითელ პლანეტაზე ადამიანთა კოლონიის გაშენების პროგრამა წარმოადგინა. იქამდე კი ისეთი კოსმოსური ხომალდის აგება განუზრახავს, რომელიც მარსამდე სამ თვეში მიფრინდება და მასზე ბაზის ასაგებად საკმარის საშენ მასალას გადაზიდავს.

გვადალაჰარაში (მექსიკა), ასტრონავტიკის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესზე, სადაც ილონ მასკმა საკუთარ ამბიციურ გეგმებს ფარდა ახადა, განაცხადა, რომ დაზვერვითი მისიებიდან მარსზე სრულფასოვანი ქალაქის მშენებლობაზე გადასვლის დროა.

ამერიკელი გამომგონებელის, ინჟინრისა და ინვესტორის გეგმა უზარმაზარი კოსმოსური ხომალდის აგებაა. ამასთან, თითოეული მისი საფეხური მრავალჯერადი გამოყენების იქნება, რაც თავის მხრივ მომავალ კოლონიზატორთა ფრენის ღირებულებას კაცზე 200- ათასამდე შეამცირებს (კოსმოსურ მოგზაურობათა ბრუნვის ზრდის შემთხვევაში ბილეთის შემდგომი ღირებულება შესაძლოა 100-ათასამდე შემცირდეს).

რაკეტა-მატარებელსა და სატრანსპორტო ხომალდს, რომელსაც ერთობლიობაში საპლანეტთაშორისო სატრანსპორტო სისტემა (Interplanetary Transportation System - ITS) ჰქვია, სიმაღლეში 122 მეტრს შეადგენს და რაკეტა-მატარებელ „სატურნ 5“-ზე მაღალია („აპოლოს“ მთვარის პროგრამისთვის იყენებდნენ. სხვათა შორის, ასაფრენ მოედანსაც „აპოლონთან“ მივყავართ. კანავერალის კონცხი, 39A კომპლექსი, საიდანაც მთვარისკენ  აფრინდა „აპოლონ 11“). მასკის განმარტებით ასეთ რაკეტას დედამიწის ნებისმიერ წერტილში ტვირთის მაქსიმუმ 45 წუთში გადატანა შეეძლება.

შორეული მისიის განსახორციელებლად ილონ მასკი ახალ სარაკეტო ძრავს  Raptor-ს ამუშავებს. ეგაა, ჯერ მხოლოდ საწვავის ავზია შექმნილი, რომელიც თხევადი მეთანით შეივსება.

SpaceX-ში ფიქრობენ, რომ პირველი პილოტირებული ფრენა (ადამიანებით ბორტზე) შესაძლოა 2022 წელს შედგეს. მანამადე - 2018 წელს, როდესაც მარსი დედამიწას 57,6 მილიონი კოლომეტრით მოუახლოვდება, ამერიკულ კორპორაციას წითელ პლანეტაზე უპილოტო ზონდის გაშვება განუზრახავს (დედამიწიდან მარსამდე ყველაზე შორეული მანძილი დაახლოებით 400 მილიონი კილომეტრია).

მასკის ვარაუდით ასეთი ხომალდი 100-მდე მგზავრს დაიტევს (შემდგომი გაუმჯობესებული ვერსია კი 200-მდე).

იმისთვის, რომ დახურულ სივრცეში სამთვიანი მოგზაურობა დამთრგუნველი არ აღმოჩნდეს, დროის მოსაკლავად გათვალისწინებული იქნება ფილმების ჩვენება, ლექციები და ისეთი თამაშები, რომლებიც უწონადობის პირობებთან იქნება ადაპტირებული. მერე და მერე, როგორც ეს ილონ მასკის ჩანაფიქრშია, მარსული კოლონიის მოსახლეობა შესაძლოა მილიონამდე გაიზარდოს, რომლებიც დამოუკიდებლად შეძლებენ წითელ პლანეტაზე არსებობას. მასკისვე გათვლებით კეთილმოწყობის მთელ ამ პროცესს შესაძლოა 100 წელიწადი დასჭირდეს.

პროტოტიპის პირველი საცდელი სუბორბიტალური გაფრენა ოთხ წელიწადში იგეგმება (გარკვეულ სიმაღლეზე აფრინდება, მაგრამ დედამიწის მახლობელ ორბიტაზე არ გავა).

დღევანდელი შეფასებით, მარსზე ადამიანის გამგზავრება 10 მილიარდი დოლარი ღირს. მასკი ფიქრობს, რომ საამისოდ 10 მილიონიც ძალიან ბევრია.

ამერიკელ გამომგონებელს მარსის კოლონიზაციის პროგრამისთვის ფინანსების მოძიება კომპანია SpaceX-ის მოგებიდან, ასევე პირადი ქონებიდან განუზრახავს (2015 წელს „ფორბსმა“ მისი ქონება 12 მილიარდ დოლარად შეაფასა). მისი თქმით, ასეთი პროექტის განხორციელება მხოლოდ საზოგადოებრივი და კერძო ინტერესების სახსრების შერწყმით იქნება შესაძლებელი.

პირველ ხომალდს, რომელიც ისტორიულ ფრენას განახორციელებს, ილონ მასკმა სახელიც შეურჩია „ოქროს გული“ - ასე ეწოდება ხომალდს ინგლისელი მწერლის დუგლას ადამსის ცნობილი რომანიდან „ჰიჩ-ჰაიკერის გზამკვლევი გალაქტიკიდან“ (ასევე ცნობილი, როგორც “ავტოსტოპით გალაქტიკაში“).

მარსის ტერაფორმირებას, ანუ მასზე დედამიწასთან მაქსიმალურად მიახლოებული კლიმატის შექმნას მასკისეული ხედვით, შესაძლოა რამდენიმე ასეული წელიწადი დასჭირდეს. ამერიკელი გამომგონებელი იმ მეცნიერებს ეთანხმება, რომლებსაც შესაძლებლად მიაჩნიათ წითელი პლანეტისთვის ადრეული მდგომარეობის დაბრუნება (მასკი ფიქრობს, რომ ადრე წითელ პლანეტას მკვრივი ატმოსფერო ჰქონდა, მის ზედაპირზე კი მდინარეები მოედინებოდა). მდგომარეობის, როდესაც მარსი მიწათმოქმედებისთვის იქნება ხელსაყრელი, როდესაც საჭირო არ იქნება სათბურების გაშენება. 

giga gurasashvili