იტალიელი ფრანკენშტაინი პირველად ისტორიაში ადამიანის თავის გადანერგვის ოპერაციას გეგმავს
26 სექტემბერი, 2016
0
print

გიგა გურასაშვილი

იტალიელი ნეიროქირურგი სერჯიო კანავერო, რომელიც საკუთარ თავს ფრანკენშტეინს ადარებს, პირველად კაცობრიობის ისტორიაში ადამიანის თავის გადანერგვის ოპერაციის განსახორციელებლად ექსპერიმენტებს მიმართავს. იტალიელ ნეიროქირურგს არამარტო შესაძლებლად მიაჩნია ერთი ადამიანის სხეულიდან მეორეზე თავის გადანერგვა, არამედ დარწმუნებულია მსგავსი ოპერაციის წარმატებაში. კანავერომ ერთგვარ ავანსად ვიდეოც  ატვირთა, სადაც ძაღლზე და თაგვზე ჩატარებული საცდელი ოპერაციებია ასახული.

საგულისხმოა, რომ იტალიელმა ნეიროქირურგმა ძაღლსა თუ თაგვს თავები მთლიანად არ მოკვეთა და მხოლოდ ხერხემალი გადაჭრა, რომლის აღდგენის სირთულეც თავის სრულფასოვანი გადანერგვისკენ წინაღობას წარმოადგენს.

როგორც კანავერო განმარტავს, ცხოველებზე ჩატარებული საცდელი ოპერაციისას მან პოლიეთილენგიკოლი (PEG) გამოიყენა, რომელიც ხერხემლის ტვინის დაზიანებულ მონაკვეთებში შეჰყავდა, რაც თავის მხრივ ათასობით ნეირონებს შორის კავშირის აღდგენას უწყობდა ხელს.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანისთვის თავის წარმატებით გადანერგვის  ოპერაციის გარანტია და არც მისი განხორციელების არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, კანავეროს ჰყავს მოხალისე პაციენტი, რუსი პროგრამისტი ვალერი სპირიდონოვი, რომელიც უკურნებელი სპინალური კუნთოვანი ატროფიით იტანჯება, რომელსაც ახასიათებს ქვედა კიდურების, ასევე კისრისა და თავის განივზოლიანი კუნთების ფუნქციის დარღვევა.

და მაინც, კანავერო დარწმუნებულია ექსპერიმენტის წარმატებაში და აცხადებს, რომ ხერხემლის ტვინის ფუნქციების აღდგენა შესაძლებელია. ამგვარი ოპტიმიზმის საფუძველს კი სამხრეთ კორეის კონკუკის უნივერსიტეტის სპეციალისტებთან ერთად ცხოველებზე ჩატარებული ბოლო ექსპერიმენტების შედეგები აძლევს.

კერძოდ, 16 თაგვს, რომლებსაც ხერხემლის ტვინი გადაუჭრეს, შემდეგ მათ ნახევარს გადაჭრილი ბოლოების ღარში პოლიეთილენგიკოლი შეუყვანეს, დანარჩენ თაგვებს (საკონტროლო ჯგუფი) - ფიზიოლოგიური ხსნარი. შედეგი ის იყო, რომ დაახლოებით ერთ თვეში საცდელი ჯგუფის რვიდან ხუთ მღრღნელს გარკვეული დოზით აღუდგა მოძრაობის უნარი, სამი კი პარალიზებული მოკვდა. რაც შეეხება საკონტროლო ჯგუფს, აქაც უარყოფითი შედეგი მიიღეს.

ტექსასის შტატის რაისის უნივერსიტეტის ამერიკელმა მეცნიერებმა პოლიეთილენგიკოლის ხსნარის გაუმჯობესებული ვერსია შეიმუშავეს - ელექტროგამტარი გრაფენის ნანოლენტებით გაამდიდრეს, რაც თავის მხრივ ნეირონების სწორი მიმართულებით ზრდის ერთგვარი საშენი მასალაა.

ერთი სიტყვით, კორეელმა მკვლევარებმა ახალი ხსნარი ხუთ ვირთხაზე გამოსცადეს (ასევე გადაუჭრეს ხერხემალი). მათ შემთხვევაში გარკვეული დოზით ელექტრონული აქტივობა დაფიქსირდა, რომელიც არ აღენიშნებოდათ საკონტროლო ცხოველებს. ეგაა, მათ შემთხვევაში ექსპერიმენტი ჩაფლავდა - გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო ლაბორატორია დაიტბორა და ექსპერიმენტში მონაწილე ოთხი მღრღნელი დაიხრჩო.

ერთადერთმა გადარჩენილმა ვირთხამ ნელნელა აღიდგინა სხეულზე კონტროლი. ოთხივე კიდურის მოძრაობა თავიდან სუსტი იყო, ერთ კვირაში კი ფეხზე დამოუკიდებლად დგომა შესძლო, მაგრამ წონასწორობის შენარჩუნება უჭირდა. მეცნიერთა თქმით, მღრღნელმა ორ კვირაში ნორმალურად სიარული შესძლო. საკონტროლო ჯგუფში მყოფი ვირთხები კი პარალიზებულები დარჩნენ.

გარდა ამისა, იტალიელმა ნეიროქირურგმა კისრის ტრავმის შედეგად სრულიად პარალიზებულ ძაღლს (ქირურგის მტკიცებით, ხერხემლის ტვინის 90 პროცენტი იყო დაზიანებული)  ჩვეულებრივი PEG-ის შეყვანით ჩაუტარა ოპერაცია. შედეგად,  ოთხფეხა მეგობარმა ორ დღეში წინა თათები აამოძრავა, ორ კვირაში კი გავლაც შესძლო.

და მაინც, ამ ექსპერიმენტსაც ჰქონდა ერთი ნაკლი - იმ მტკიცებულების არარსებობა, რომლის მიხედვითაც ხერხემლის ტვინი მართლაც 90 პროცენტით იყო დაზიანებული.

რა თქმა უნდა, ავანტიურისტ იტალიელს მოწინააღმდეგეებიც ჰყავს ანუ ისინი, ვინც მის ამგვარ წამოწყებას ეჭვით უყურებენ და აკრიტიკებენ. მათი თქმით, კანავეროს დასკვნები არადამაჯერებელია, რადგან ცოტა ცდა აქვს ჩატარებული. გარდა ამისა, ერთნი ეჭვობენ, რომ ექსპერიმენტში მონაწილეებმა ინფორმაციის ნაწილი არ გაასაჯაროვეს. მიუხედავად ამისა, იტალიელი ადამიანზე ასეთი ოპერაციის ჩატარებას 2017 წლის ბოლოსკენ გეგმავს და რომ წარმატების 90-პროცენტიანი შანსი აქვს.

ზოგადად კი თუ ასეთი ოპერაცია შედგა, ასამდე ქირურგის დახმარება და მილიონობით დოლარი იქნება საჭირო.

კანავეროს თქმით, ასეთი ოპერაციის სპონსორად შესაძლოა „ფეისბუქის“ დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი მოგვევლინოს. ამასთან, ოპერაცია შესაძლოა ვიეტნამის ერთ-ერთ კლინიკაში გააკეთონ, რომლის დირექტორმაც მასზე თანხმობა უკვე განაცხადა. 

giga gurasashvili