ნასამ ასტროლოგიას ადგილი მიუჩინა
23 სექტემბერი, 2016
0
print

გიგა გურასაშვილი

აერონავტიკის და კოსმოსურ სივრცეთა კვლევის ეროვნული სამმართველოს (ნასა) წინადადებით, თითქოსდა საჭიროა ზოდიაქოს წრეში ახალი თანავარსკვლავედის დამატება და, შესაბამისად, ზოდიაქოთა თარიღების გადახედვა, ბოლო დღეების განმავლობაში სოციალური ქსელები წალეკა. გამონაკლისი არც საქართველო ყოფილა, რომელსაც, ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოს, ასტროლოგიით გატაცებულთა უკმაყოფილების ტალღამ გადაუარა. მიზეზი მარტივია: ზოდიაქოს ერთი ნიშნიდან მეორეზე იძულებითი პორტირება.

ერთი სიტყვით, ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მთელი მსოფლიო დღემდე შეცდომით განსაზღვრავდა ზოდიაქოს ნიშნებს, სოციალურ ქსელში ვირუსივით გავრცელდა. მსგავს სიახლეს იუმორითაც განიხილავდნენ და იმათ ბედზე „სწუხდნენ“, რომლებიც პარტნიორს თავსებადი ზოდიაქოს ნიშნით არჩევდნენ.

რეფორმირებული ზოდიაქოს ნიშნების ახალი თარიღების განსაზღვრისას დაბნეულობა იყო იმ ჟურნალ-გაზეთებშიც, რომლებიც კონკრეტულ გვერდს ასტროლოგიურ პროგნოზებს უთმობენ. თავად კოსმოსური სააგენტო კი მათ გასაგონად მრავალგზის შეეცადა განემარტა, რომ ყველაფერი სხვაგვარადაა და არა ისე, როგორც ეს ზოგიერთებმა აღიქვეს. ამასთან, ხაზს უსვამდნენ იმასაც, რომ ასტროლოგია სერიოზულად არც უნდა განიხილებოდეს.

და მაინც,  რა ხდება? რეალურად საქმე გვაქვს ნასას საყმაწვილო გვერდთან, სადაც წლეულს, 13 იანვარს ასტროლოგიის ისტორიაზე იყო საუბარი, რომ ასტრონომიას ასტროლოგიასთან არანაირი კავშირი არ აქვს, რომ ასტროლოგია მეცნიერება არაა... იმავე გვერდზე ნასა იმაზე მიუთითებდა, რომ სამი ათასი წლის წინათ, როდესაც ბაბილონელებს უკვე ჰქონდათ 12-თვიანი კალენდარი, თანავარსკვლავედები 12 თანაბარ ნაწილად დაჰყვეს და მათ შესაბამისი ზოდიაქოს ნიშნები მიაკუთვნეს. არადა, ძველ თქმულებათა თანახმად, ბაბილონელებს 13- თანავარსკვლავედიანი ზოდიაქოთა სისტემა ჰქონდათ შემუშავებული, მაგრამ იმისთვის, რომ თანავარსკვლავედები 12-თვიან კალენდარში ჩაეწერათ, მე-13 ზოდიაქოს ნიშანზე უარი თქვეს (სხვა კულტურები ზოდიაქოს 24 ნიშანსაც აღიარებდნენ), ის ნიშანი კი იყო გველისმჭერი (Ophiúchus - მისი ნიშნის ქვეშ მოხვდებიან 30 ნოემბერი - 18 დეკემბერს შორის დაბადებულები).

ანუ როდესაც ბაბილონელებმა პირველებმა გამოიგონეს 12- ნიშნა ზოდიაქო, 23 ივლისსა და 22 აგვისტოს შორის დაბადებული, ლომის თანავარსკვლავედში დაბადებულს ნიშნავდა, მაგრამ დედამიწის ღერძის პრეცესიამ (მოვლენა, რომლის დროს მბრუნავი ობიექტი იხრება, მაგალითად გარეშე ფაქტორის გავლენით, ამ შემთხვევაში კი მთვარის ზეგავლენით, დედამიწის ღერძის მიმართულების შეცვლაზეა საუბარი) სამი ათასი წლის განმავლობაში თანავარსკვლავედ(ებ)ის ადგილმდებარეობა შეცვალა და აქამდე არსებული თარიღებიც ოდინდელთან შეუსაბამო გახდა. ასე რომ, თუ ვთქვათ 4 აგვისტოს ხართ დაბადებული, მაშინ თქვენი ნიშანი განეკუთვნება არა ლომის, არამედ კირჩხიბის თანავარსკვლავედს (ერთი თანავარსკვლავედით ადრე).

როგორც ნასა მიუთითებს, ისედაც არასანდო ასტროლოგიური კალენდარი უფრო ასცდა სიზუსტეს.

როგორც არ უნდა იყოს, სიზუსტეზე საუბარი მაინც პირობითია, რადგან მაშინაც კი ის ვერ იქნებოდა იდეალურად განსაზღვრული, რადგან ზოდიაქოს თანავარსკვლავედებს განსხვავებული საზღვრები აქვს.

რასაც კოსმოსური სააგენტოს თანამშრომლები არ ელოდნენ, ეს ის იყო, რომ მათ მიერ, ასე ვთქვათ მხილებულ ასტროლოგიურ კალენდარს ასტროლოგიის „სამეცნიერო დანამატად“ აღიქვამენ. ყოველ შემთხვევაში მასმედიაში გავრცელებული მრავალრიცხოვანი პუბლიკაციები ისე გამოიყურებოდა, თითქოს ნასა მეცნიერულად განმარტავდა ასტროლოგიურ უზუსტობებებს და მათში შესწორებების გაკეთება იყო საჭირო.

შედეგად კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენლებს თავის მართლება მოუწიათ იმაზე, რომ სულაც არ ცდილობდნენ ზოდიაქოს ნიშნებში გარდაქმნების შეტანას.

„ზოდიაქოს არანაირი ნიშანი არ შეგვიცვლია, უბრალოდ გამოთვლებს ვასრულებდით, - პორტალ Gizmodo-თან საუბარში განმარტავდა ნასას წარმომადგენელი. - მხოლოდ იმაზე ვსაუბრობდით, რომ ასტროლოგია არა ასტრონომია, არამედ ძველი ისტორიის გადმონაშთია“.

და ბოლოს, მე-13 ზოდიაქოს ნიშანზე პირველად 1995 წელს დაიწყეს საუბარი, უფრო ადრე კი, 1970-იან წლებში, მე-14 ზოდიაქოს - ვეშაპის (Cetus) ნიშნის შემოღებაზეც იყო საუბარი.

giga gurasashvili