Fifth Season Fest
16 სექტემბერი, 2016
0
print

ნანა ლომიძე

ჯუთაში ღამე ჩავედით. Fifth Season Fest-ის ფარგლებში დოღი იმართებოდა. (მთის სახლის, “მეხუთე სეზონი” ამშენებლის, გუჯა არაბულის სახელობის ხევსურული დოღი). ემოციური სანახაობა იყო, ამინდმაც გაამართლა. ისმოდა ყიჟინა - აეეეე! მოდიააან, ვინაა პირველი? აუუ რომელია ნეტა?.. დურბინდი ჩქარა! ნახეთ რომელია, აბა გაიხედეთ ვინ მოდის პირველი?.. მხედრები სხვადასხვა სოფლიდან მონაწილეობენ, ზოგი არხოტიდანაა ზოგი ხევიდან. ჯუთიდან 12 წლის დაჩი მონაწილეობს, გუჯა არაბულის შთამომავალია. მისთვის ეს გამარჯვება მნიშვნელოვანია. სოფელს უნდა, რომ გუჯას თოფი აქ, ჯუთაში დარჩეს...

პირველი პრიზი გუჯა ხევსურის ნაქონი თოფი არხოტელ ახალგაზრდა მხედარს ხვდა წილად. მონაწილეებს პრიზები გადაეცათ.

იმავე დღეს (10 სექტემბერს), Fifth Season Fest გაიხსნა. ნამდვილი ფესტივალი. მოწვეულმა სტუმრებმა ჯუთადან „მეხუთე სეზონში“ გადაინაცვლეს. გელა არაბულის ჩანაფიქრი თავიდანვე სწორედ ეს იყო - „მეხუთე სეზონში“ ჩატარებულიყო ასეთი ფესტივალები.

ფესტივალი ახალგაზრდა მუსიკოსმა ანრი ღუდუშაურმა გახსნა. მთის ფერდობებს და მინდორს საოცრად მოუხდა მხატვარ ქეთი დავლიანიძის ტილოები და კახი ერაძის გამჭირვალე ქანდაკებები. იქ, ჭიუხების ქვეშ , „მეხუთე სეზონში“, ფესტივალი ნამდვილი ზდღესასწაულია. გაოცებს ეს გარემო თავის ექსპოზიციით, ქანდაკებებით და გრაფიკული კომპოზიციებით. ამ ყველაფერს ფონად მიყვება ანრი ღუდუშაურის მუსიკა, ახალგაზრდა მუსიკოსისთვის ეს გარემო და განწყობა საკმარისია, რომ ის ემოციური მელოდია აჟღერდეს, რასაც უკრავს.. მუსიკა ანრი ღუდუშაურისთვის საურთიერთო ენაა ნაცნობთან თუ უცნობთან. ქანდაკება, ნახატი, მუსიკა, პოეზია... ფესტივალი ორ დღეს გაგრძელდა. გვიან ღამით კოცონთან პოეზიის საღამო გაიმართა, ამ ყველაფერთან ერთად გამახალისებელი იყო მსახიობ იმედა არაბულის თავისებური, ჩარჩოებიდან ამოვარდნილი პერფომანსები. მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ მოწვეულ მხატვრებთან ერთად ხევსურებიც იყვნენ. ყველაზე მთავარი - გულრწფელი ურთიერთობა - უცხო ადამიანებთან ახლოს მისვლა... და ხვდები, რომ “უცხო” არავინაა - თორღვა არხოტიდან, ბერდო, მინდია ცხენით გადმოსული.... რამდენი ვინმე ან რამდენი რამე შეგიძლია იქ ჩასულმა აღმოაჩინო.

ნათია ჭინჭარაული, პოეტი: ამ ფესტივალმა და დოღმა მთელი სოფელი გააცოცხლა, დიდი ხანია ამ სოფელში ეს არ მომხდარა, ფესტივალი აქ პირველად შედგა, უამრავი ხალხი იყო. დოღის მერე ტრადიციულად, რა თქმა უნდა, სეფა გაიშალა. დოღი ცალკე მოვლენა იყო... სულის ცხენი და მთელი თავის ტრადიციებით. შემდეგ ამოვედით „მეხუთე სეზონში“ სადაც გაიხსნა ფესტივალი, იყო მუსიკა, კოცონი, ქანდაკებები და ტილოები... და იყო ლექსები, პოეზია.. წელს პირველად ჩაეყარა საფუძველი ამ ფესტივალს და ყოველ წელს, ალბათ, უფრო და უფრო განვითარდება. სასიამოვნო და საინტერესო იყო ნიჭიერ ადამიანებთან უერთიერთობა..

თამაზ წიკლაური, პოეტი: მივესალმები ასეთ ფესტივალს. ჩვენი წესი უძველესია, ტრადიციისამებრ, დოღი მიცვალებულის სულისთვის იმართებოდა. ხევსურებს სწამთ საიქიოს არსებობა, რომ სული გადადის მარადიულობაში , ეს ჩვენთვის უხილავია, მაგრამ ის ქვეყანა ახლოსაა ჩვენთან. ცხენის სულის დალოცვა უძველესი ხევსურული ტრადიციაა. ეს ადგილი, მეხუთე სეზონი, ხელოვნების ცენტრი უნდა გახდეს, ხელოვნების მოყვარულთა თავშეყრის ადგილი. პოეზიის საღამოებიც უნდა გაიმართოს, შემოქმედი ხალხი უნდა იყოს ძალიან ბევრი,თანაც ისეთი გარემოა... ეს ადგილი მუზათა საუფლოა. მომავალ წელსაც ბევრი სტუმარი ეწვევა ფესტივალს.. გურამ რჩეულიშვილი ხშირად დადიოდა აქ ჯუთაში, აქედან არხოტში გადადიოდა, როშკაში... ვალერიან საღლიანიც... ბევრ პოეტსა და მწერალს უყვარდა აქაურობა. მთიელი ხალხი ხელოვნების მოყვარულია, გენეტიკაში აქვთ, კარგია რომ აქ ყოველ წელს გაიმართება ასეთი ფესტივალი.’’

ფესტივალის კურატორი, მაკა სახეჩიძე: წელს ჯუთაში პირველად ჩატარდა ასეთი ფესტივალი. ფესტივალის იდეა ყოველთვის აქტუალური იყო, ხევსურული მასპინძლობა გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე დაპატიჟო ადამიანი. ეს არ მოხდა მანამ, სანამ „მეხუთე სეზონი“ არ დადგა ფეხზე და არ გაშალა მხრები. „მეხუთე სეზონი“ მხოლოდ 2 წელია რაც არსებობს, წინა წელი შესწავლის წელი იყო და ამიტომ ეს ვერ მოხდებოდა. ფესტივალის ფარგლებში დოღიც ჩატარდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მივიღეთ იმ რაოდენობის სტუმარი, რომელიც შეგვეძლო იქვე დაგვეტოვებინა, გვემასპინძლა და ყველანაირად პატივი გვეცა მათთვის. პოეზიით და მუსიკით ხევსურეთში ვერავის გააკვირვებ, ეს ორი ჟანრი ერთმანეთის გვერდით მიდის ყოველთვის, მაგრამ წლევანდელი ფესტივალის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მომენტი იყო მხატვრების, კახი ერაძისა და ქეთი დავლიანიძის შემოქმედება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ სირთულესთან იყო ეს დაკავშირებული, იმიტომ რომ სოფელ ჯუთადან ზემოთ ტრანსპორტი არ არსებობს, სკულპტურების, ნახატების, საღებავების ატანა ფეხით რთულია, ჩვენ შევძელით ეს. ამ ორი არტისტის გამოფენა ახლახან „რუმსში“ შედგა. მიუხედავად იმისა, რომ გადასარევი სივრცე იყო „რუმსის“ საგამოფენო დარბაზი, ეს ნამუშევრები რაღაც სხვა, ღია სივრცეს ითხოვდა. სწორედ მაშინ მოუვიდა გელა არაბულს იდეა, რომ ეს ორი ავტორი წაგვეღო და აქ, ამ უკიდეგანო სივრცეში მოგვეწყო ექსპოზიცია. უკეთესი ეზო სად არის, ვიდრე „მეხუთე სეზონია“. ავდექით და წავიღეთ. რთული იყო ბევრი რაღაცის გამო. შედეგით ყველა გაოცებული დარჩა.

ფესტივალის ეს ტრადიცია, რა თქმა უნდა, ყოველ წელიწადს ჩატარდება. ჯუთა, „მეხუთე სეზონი“ პირდება ხელოვნების მოყვარულებს საოცარ აღმოჩენებს, ნოვაციებს., ეს ყველაფერი იმდენად მოუხდა მთას, იმდენად მოიხდინეს ამ სკულპტურებმა და ტილოებმა ეს უკიდეგანო სივრცე და ეს მთების მკაცრი ბუნება, იმდენად მოიხდინეს, რომ, ჩვენ კიდევ დიდხანს გავანებივრებთ ადამიანებს მსგავსი რამეებით - ეს იქნება კინო, ინსტალაცია თუ ფოტო გამოფენა.

ჭიუხის ეს მკაცრი მთების სილუეტები მოარბილა და გაათბო ჩვენმა ექსპონატებმა, თითქოს უფრო მეტად ახლობელი და გასაგები გახდა მთის სიმკაცრე. კახი ერაძის სკულპტურები იმდენად გამჭირვალეა, იმდენად ჰაეროვანია და ისე შეერწყა ამ პეიზაჟს, თითქოს ამ გარემოსთვის იყო დაბადებული.

რაც შეეხება დოღს - დოღში მონაწილეობდნენ მრავალგზის გამარჯვებული ცხენები არხოტიდან, ბარისახოდან, ხევიდან. მთიულეთიდან, ჯუთადან. ძალიან ლამაზი საპრიზო ფონდი გვქონდა , ეს გაკეთდა ყოველგვარი დახმარების გარეშე, ხარჯები „მეხუთე სეზონმა“ თავის თავზე აიღო. გუჯა ხევსური (ვისი სახელობისაც იყო ეს დოღი), იყო ცნობილი მონადირე, ამიტომ პირველ ადგილზე გასულს ერგო გუჯა ხევსურის თოფი. ის იყო ერთ-ერთი წარმატებული და დაფასებული მონადირე ხევსურეთში. ასეთი ინტრიგაც იყო, რომ ეს თოფი აუცილებლად ჯუთშივე უნდა დარჩენილიყო. მაგრამ ყველა შეჯიბრებას თავის გამარჯვებული ჰყავს და გუჯა ხევსურის თოფი ერგო ხევის ახალგაზრდა მხედარს. დანარჩენი პრიზები და სამახსოვრო საჩუქრები დიდხანს გაახსენებთ მათ ამ სიხარულს, რაც ამ დოღთან და ფესტივალთან იყო დაკავშირებული.

გუჯა ხევსურის წყაროსთან შევჩერდით. ყველა სტუმარმა სათითაოდ ისროლა. ხეობა თოფის ხმით აივსო, თითქოს ხმა მივაწვდინეთ. მოდიხარ და უკან რაღაც ძალიან ახლობელს ტოვებ, ამას აშკარად გრძნობ... იქიდან კი, ადამიანური სითბო და იმედი მოგყვება, რომელსაც ადვილად ეჩვევი იქ, მთაში, ურომლისოდაც ძალზე ძნელია ცხოვრება.

 

ნანა ლომიძე