კაკლის ძირში
27 აპრილი, 2015
5938
print

კაკლის ძირში

აბა, რა მოგახსენოთ, ძვირფასებო? — განა უჩემოდაც ცხადი არ არის, რომ როდესაც გურჯაანის მოვლენებს ეხმაურება ჩვენი პრემიერ მინისტრი და თან ერთიან ნაციონალურ მოძრაობას „ეგრეთ წოდებულ ოპოზიციად“ მოიხსენიებს, ამით იმავე ხელისუფლების ერთ-ერთ შტოს შეურაცხყოფს, რომელსაც თვითონ ხელმძღვანელობს...

მართლაც მძიმე სტილით ვწერ, მგონი. აქამდე რომ მეჩიჩინებოდნენ, ყურსაც არ ვიბერტყავდი, ახლა კი ირაკლი ღარიბაშვილის გახსენებაზე, შევფიქრიანდი — ამის წინა აბზაცი ზედმეტად რთული ხომ არ იქნება მისთვის?

არა, ძველ აღმსარებლობას ვერ ვუღალატებ. სწორედ ეს მადარდებს ახლა...

ან კი რა ხეირი უნდა ნახოს პუბლიცისტმა დღევანდელ საქართველოში. რას უნდა დაახარჯოს ღვთის მოცემული და მერე კი რუდუნებით განვითარებული უნარი? ნუთუ ფრთოსანთა ემბრიოლოგიას უნდა დაეწაფოს, ან სულაც ძაღლყურძენასებრთა ეკოლოგიური სისუფთავის საკითხები იკვლიოს ზღვის დონიდან ვინ იცის რამდენ, ბოდიში მომითხოვია და, მეტროზე.

ესეც რომ შეძლოს საბრალო პუბლიცისტმა, განა დაუფასდება? — განა თვით საყვარელ მკითხველსაც უკვე დავიწყებული არ ექნება, რა ცხოვრებისეულმა პერიპეტიებმა ჩაითრია მწერალი მეცნიერების სიღრმეებში სანავარდოდ? — მართლაც, გაივლის ორი დღე და აღარავის გაახსენდება ის საწყალი კრუხი, რომელსაც საბუდარიდან თითქმის გამოჩეკამდე მიყვანილი კვერცხები მოპარეს გურჯაანში კორუფციის დასაცავად, არც ის ეხსომება ვინმეს, რომ ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა კარტოფილი სტეფანწმინდაში მოჰყავთ — მერე რა, რომ თვით უწმინდესმა და უნეტარესმა ბრძანა ერთ აპოკრიფულ წინასწარმეტყველებაზე დაყრდნობით — მაინც არ ეხსომებათ.

ჰოდა, ვიდრე უარესი არ დაგვემართა, ამ გულმავიწყობის მიზეზია გასარკვევი.

უპირველეს ყოვლისა, გულმავიწყობა ვინმე გამორჩეულს კი არ სჭირს, არამედ ყველას ერთად. ჭეშმარიტად გასაკვირი ამბავია და სხვას ვერაფერს ვუწოდებთ, თუ არა საზოგადო სენს. აქ კი ისიც უნდა გავარკვიოთ, რა არის ისეთი, რაც ყველას ადვილად ავიწყდება და ეს არც არავის აწუხებს. თუ დავფიქრდებით, ასეთ რამეს მხოლოდ ერთს ვიპოვით და ეს ერთი იქნება სიზმარი.

სიზმრად ვცხოვრობთ, ბატონებო! — ოღონდ საკმარისი წყალი არ გვეგულება, მოვუყვეთ და გავთავისუფლდეთ. არ გჯერათ?

ამ საოცარი მოვლენის რამდენიმე დამადასტურებელი საბუთიც მოგვეპოვება. აი, თუნდაც ის გავიხსენოთ, სააკაშვილის მხარდამჭერებმა ერთი ამბავი რომ აუტეხეს ვინმე ნატროშვილს, როგორ თუ ლეპსის (ლეფსის) კონცერტზე მიხვედიო. ეს ნატროშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის პაროდიებს წარმოადგენდა ერთ გასართობ ტელეგადაცემაში. აი, ამის გამო იყო, ყველამ ერთად რომ იფიქრა, თითქოს კომედიანტს თავისი პროტოტიპის ღირებულებებიც უნდა გაეზიარებინა და შინაგან მრწამსად მიეღო. ვიღაცა ამაში თაყვანისცემის ობიექტზე ქართველთა ზერელე რელიგიურობის პროექციას დაინახავს, მაგრამ მე უფრო სხვა მგონია: ნამდვილსა და წარმოდგენილს, ორიგინალსა და ასლს, ცხადსა და სიზმარს ვერ არჩევენ. რატომ? — იმიტომ რომ სიზმრად ცხოვრობენ.

როცა ოცდაოთხი საათი პოზა გიჭირავს, ის უკვე შენი ნამდვილი სახე ხდება... მაგრამ საქართველოში პოზის ნამდვილად მიჩნევა უკვე ეთიკური იმპერატივია. ეს იმპერატივი გვავალდებულებს პოზის შერჩევასაც — პოზის გარეშე, აბა, ხალხს როგორ უნდა დაენახოს პატიოსანი ქართველი?

ჩვენთვის საინტერესო ასპექტში ეს მუდმივი სიზმარი თუ სიზმართა მონაცვლეობა შემდეგნაირად ვლინდება.

ჯერ იყო და პოლიციაში რეკავდნენ, ღამ-ღამობით ნუ სცემთ ხოლმე ეჭვმიტანილებს, დღისით სცემეთ, რადგან ყვირილი ძილს გვიფრთხობსო; სრულიად მშვიდად იტანდნენ ტელევიზორში ონიანსა და რუშაილოს, ცხოვრებაში კი ალავიძესა და მეტრეველს; მზად ჰქონდათ რამდენიმე ლარი ინსპექტორთან შესახვედრად და რამდენიმე ათასი დოლარი — შვილის მოსაწყობად; „სომეხი“ დედის გინებასავით ჟღერდა, „ქურდი“ კი ქათინაური იყო.

მერე იყო და პოლიციაში რეკავდნენ, ეზოში ჭიაკოკონობას ნუ მართავენო; სრულიად მშვიდად იტანდნენ უსაფრთხოების ღვედებსა და მრიცხველის ჩვენებებს; მზად ჰქონდათ ხურდა და ჩეკი მყიდველისათვის; ეწაფებოდნენ კომპიუტერსა და ინგლისურს, არ უკადრისობდნენ უნიფორმას და ამაყობდნენ კაფეებში მიმტანად მომუშავე სტუდენტი შვილებით.

ახლა გაგებით ეკიდებიან საკუთარ ქვეყანაში ბავშვების ცხელი უთოთი წამებას და ლამობენ დევნილი სირიელი ქრისტიანების შვილად აყვანას; არ აწუხებთ საკუთარი ხელფასების დაჩიავება და სიხარულით შესცქერიან ვიღაც შარახვეტიების ნაშოვნ მილიონებს; თავსლაფს ასხამენ სპორტული კერპის წინაშე დამჩოქებელ ყმაწვილს და ვერც კი ამჩნევენ, რომ მათივე მშობლიური ქვეყანა კარგა ხანია დააჩოქეს მტრის წინაშე.

განა ეს ერთი და იგივე ხალხია? — დიახ, ერთი და იგივე ხალხია, რომელსაც ზეზეულად სძინავს და სიზმარს სიზმარზე ხედავს. ზოგჯერ ძილში წამოაბოდებს, რადგან ყოველი პოზა, რაც არ უნდა მოხერხებული გვეჩვენებოდეს დასაწყისში, რამდენიმე ხნის შემდეგ, დამღლელი და მტკივნეულიც კი ხდება. ჰოდა, იცვლის გვერდს ჩვენი ნეტარი ხალხი, შემოიკეცავს ტანზე წაფარებულ ჯვალოს და კვლავ ამოუშვებს ხვრინვას. ვინმეს ისევ სჯერა, რომ ხელისუფლების ცვლილება საქართველოში რაიმე ღირებულებების, იდეური მისწრაფებების ან თუნდაც ეკონომიკური ინტერესების საკითხია? — უბრალოდ, სხეულის ერთი მდგომარეობა მოგვბეზრდა და გვერდი ვიცვალეთ.

ერთი რამ კი უნდა შევამჩნიოთ... ამ გორვა-გორვაში კლდის პირს მივადექით. ჰოდა, სანამ კიდევ მოგვინდა გადაბრუნება, იქნებ თვალი გავახილოთ, მიმოვიხედოთ და გავერკვეთ, საით ჯობია...

ნოდარ ლადარია