ოპტიმიზმი
17 აპრილი, 2015
5040
print

ნოდარ ლადარია

რა თქმა უნდა, სირიელ ლტოლვილებს საქართველოში არავინ შეიფარებს. ამაზე ლაპარაკი დროებითი აღგზნება მგონია, აი ისეთი, პირველივე კონკრეტულ დაბრკოლებაზე რომ ჩერდება და აღარ იძვრის. ჩემი აზრით, ბევრად მნიშვნელოვანია დასავლეთით „იმედგაცრუების“ ფონი, რომელზედაც ვითარდება ეს აღგზნება... ამგვარი იმედგაცრუების გამოწვევა ძალიან ადვილია საზოგადოებაში, სადაც ყოფითი პარაზიტიზმი ჩვეულებრივი ამბავია. რამდენიმე გავლენის აგენტია საკმარისი იმისათვის, რომ ხსენებული პარაზიტიზმის პროეცირება მოახდინოს საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებზე — საქართველოში ხომ დასავლეთისგან იმავეს ელიან, რასაც ოჯახის მარჩენალი მზრუნველი მამისაგან: ბიარიცზე ორკვირიან ტურს დაგიფინანსებს, თვითონ კი მოკრძალებულად გაატარებს ხანმოკლე შვებულებას ქვიშხეთში.

ერთი სიტყვით, მოცლილთა ფანტაზიების განხილვა აქ არ ეგების. სხვა რამეზე ვილაპარაკოთ.

ცოტა ხნის წინათ ტელევიზორიდან გვახარეს, ისლამური სახელმწიფო არ არის პასუხი კოლონიალიზმზე, ეს პირწმინდად შუასაუკუნეობრივი მოვლენააო. ჯერ ვიფიქრე, რატომ არ შეიძლება, შუასაუკუნეობრივი მოვლენა იყოს პასუხი კოლონიალიზმზე? მაგრამ მერე რაღაც-რაღაცების ჩხრეკა დავიწყე... ვაღიარებ, ბევრი არაფერი ამომიჩხრეკია, მაგრამ ერთმა დეტალმა მაშინვე მიიპყრო ყურადღება.

ისლამური სახელმწიფოს სტრუქტურა და მოქმედების წესი ძალიან ჰგავს რევოლუციური საქმიანობის პრინციპებს, რომლებიც 1860-იან წლების რუსეთში ჩამოაყალიბა სერგეი ნეჩაევმა. მის მიერ დაწერილი „კატეხიზმოს“ თანახმად, რევოლუციონერმა „თავისი არსის სიღრმეში და არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც, გაწყვიტა ყოველგვარი კავშირი სამოქალაქო წესრიგთან და მთელ განათლებულ სამყაროსთან, ყველა კანონთან, წესიერებასთან, საყოველთაოდ მიღებულ პირობითობებთან, ამა სოფლის ზნეობასთან. ესე სოფელი მისთვის დაუძინებელი მტერია და თუ რევოლუციონერი მასში ცხოვრებას განაგრძობს, მხოლოდ იმისთვის, რომ უფრო საიმედოდ გაანადგუროს ის“.

მაგრამ არა მარტო ამ ზოგადი პრინციპის გამო შეინიშნება ეს პარალელი. ისლამური სახელმწიფოს შინაგანი ორგანიზაცია, სტრატეგია და ტაქტიკა, მოქმედების შინაარსი და მის შესახებ ინფორმაციის გავრცელება — ეს ყველაფერი პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, თუ როგორ იქცა მე-19 საუკუნის რუსეთში ცალკეული ჯგუფების მიერ დაწყებული ტერორიზმი ერთიან სახელმწიფო ტერორად.

ნეჩაევისნაირი პერსონაჟების გარემო და დასაყრდენი განათლებული რუსები იყვნენ. ეს ის ხალხია, ვისზედაც რომელიღაც ტარკოვსკი — არ მახსოვს არსენი (მამა) თუ ანდრეი (შვილი) — სიამაყით ამბობდა, რომ ბრიტანეთის ენციკლოპედიაში ცალკე სტატიად არის აღნიშნული „რუსული ინტელიგენცია“. საამაყო კი არაფერი იყო. დასავლეთმა უბრალოდ ვერ გაიგო, რისთვის არსებობდა ეს ხალხი: ამ ნასწავლმა რაზნოჩინცებმა ჯერ ერთი, მეთოდურად მოწოდებული დასავლური განათლება ვერ გაიგეს (მარქსის „კაპიტალში“ აპოკალიფსურ წინასწარმეტყველებას ხედავდნენ და არა მეცნიერულ ნაშრომს), მეორეც, ვერ გამოიყენეს (სოციალურ-ეკონომიკური კონტექსტი არ იყო მზად ამდენი განათლებულისთვის ადეკვატური დასაქმება მიეცა). პირველი ხალხოსნური წამოწყება, ახალგაზრდა ინტელიგენტების მასობრივი შეტევა რუსულ სოფელზე, მარცხით დასრულდა. ორთქლის გამოსაშვებად ერთადერთი გზა დარჩა: ბომბების სროლა...

აღმოჩნდა, რომ ამ უკმაყოფილო ახალგაზრდებით მანიპულირება ძალიან ნაყოფიერი რამეა. ასე დაიწყო რუსეთში რევოლუციურ ეთნუზიასტებსა და საგანგებო სამსახურებს შორის სიმბიოზის ისტორია. ამ ისტორიის ბოლოს, ერთი მხრივ, ნორჩი რევოლუციონერების რისკი და თავგანწირვა, მათი ემოციური მხურვალება, მეორე მხრივ კი ოხრანკის ცინიზმი და გამოცდილება საბოლოოდ შეერთდა და აყვავდა არნახული მასშტაბის სახელმწიფო ტერორად.

ნებსით თუ უნებლიეთ, შეგნებული მართვის თუ სპონტანური განვითარების შედეგად, ასეთივე გზას გადის ისლამური ტერორიზმიც. მხოლოდ კალაშნიკოვის ავტომატები არ აიარაღებს მას, არამედ საბჭოთა სამხედრო მრჩევლებისა და საბჭოთა არმიის წიაღში აღზრდილი საველე მეთაურებისგან მიღებული ინდოქტრინაცია.

ამ უზეო და უწესო მანქანის წინაშე დგას დღეს დასავლეთი. ამ წინააღმდეგობაში კი მნიშვნელოვანია იმის შეგნებაც, რომ ცივილიზაციის წიაღში ჩამოყალიბებული საომარი პოტენციალი — როგორც შეიარაღება, ასევე ომის წარმოების ტექნოლოგია — გათვალისწინებულია სახელმწიფოებს შორის ომისთვის. ოდესღაც ჩინგის ყაენმა რუსი სამღვდელოება გადასახადებისაგან გაათავისუფლა, რადგან ადვილად გაბატონდებოდა ტერიტორიაზე, სადაც მაორგანიზებელი ძალა არსებობს.

სწორედ ეს ათბობს ოპტიმიზმს: სიტყვები, „სახელმწიფო“, „ხალიფატი“... ისლამური ტერორიზმის სწრაფვა მიწისა და ორგანიზაციისკენ, მისი დაუოკებელი სურვილი, ბოლოს და ბოლოს გარდაიქმნას ტერორად, ღრმა შინაგანი კრიზისის მაჩვენებელია. ბოროტება იზრდება, მაგრამ მას ჩვენს თვალწინ, როგორც იტყვიან, რეალურ დროში უყალიბდება ერთი თავი და, რაც მთავარია, ერთი კისერი. ეს კი მისი დამარცხების ყველაზე საიმედო საფუძველია. ამ დამარცხების მთავარი შემოქმედი კი, არა იმდენად დასავლური იარაღი იქნება, რამდენად იმ მრავალტანჯულ მიწებზე მცხოვრები ადამიანების შეცვლილი და მსხვერპლით განწმენდილი შეგნება.

ნოდარ ლადარია