ვერ გამოვალთ საკუთარი წარსულიდან, სანამ მეფეს და მეფის გუნდს აირჩევენ ქვეყნის მმართველად
19 თებერვალი, 2015
6882
print

ინტერვიუ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან, 4D კვლევების ინსტიტუტის დირექტორთან, გიგი თევზაძესთან

მაია ჭალაგანიძე

- როგორ შეაფასებთ დღევანდელ მდგომარეობას ქვეყანაში - საგარეო და საშინაო პოლიტიკას, ეკონომიკურ ვითარებას?

- მოსალოდნელი იყო, რომ ქვეყნის განვითარება შეეწირებოდა ყოვლად გაუგებარ პოლიტიკურ შურისძიებას - შეიძლება არ მოგწონდეს პოლიტიკური ოპონენტები, მაგრამ ამით არ უნდა ზარალდებოდეს ეკონომიკა, ინვესტიციები, ინფრასტრუქტურის განვითარება, ტურიზმი და ყველა ის მიმართულება, რომლის შეფერხებამაც დღეს ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. შესაბამისად ის მოხდა, რაც უნდა მოყოლოდა სახელმწიფოს ინდივიდუალური აქტის ინსტრუმენტად ქცევას: შურისძიება ინდივიდუალური აქტია და არა სახლმწიფოებრივი, სხვათა შორის, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ. როდესაც სახელმწიფო იწყებს შურისძიებას, ის კოლექტიური სუბიექტიდან კონკრეტული სუბიექტი ხდება და ძალიან შორდება სახელმწიფო-ერის თანამედროვე გაგებას. შედეგებიც არ აყოვნებს, რადგან თავისთავად არც ვალუტის კურსი მყარდება, არც ტურიზმი ვითარდება და არც ინვესტიციები შემოდის, რომელიც ეკონომიკას ავითარებს. აქამდე მთავრობამ ამ გამოწვევებს თავი ვერ გაართვა. ახლა თითქოს დაიწყეს ლაპარაკი, რომ ყველაფერს გააკეთებენ მდგომარეობის გამოსასწორებლად. შევხედავთ რას გააკეთებენ ორ წელიწადში.

- რესურსს ხედავთ?

- საქართველო, ყველანაირი რესურსის აღწერის მხრივ, ძალიან განუვითარებელი ქვეყანაა, - არ ვიცით რა გვაქვს და როგორც წესი, ყველა სფეროში ასეა. არ ვიცით, რამდენად შესაძლებელია დღეს ეკონომიკა 2 წელიწადში მივიდეს განვითარების იმ დონემდე, როგორიც იყო 2-3 წლის უკან. 2008 წლის ომამდე მდგომარეობაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

თუმცა მეორე მხრივ, თუ რუსეთის ფაქტორი შემცირდა, ან მთლიანად გაქრა, რაც შესაძლებელია დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, ეს ძალიან დიდი იმპულსი იქნება ეკონომიკური განვითარებისთვის რეგიონში და მათ შორის, საქართველოშიც.

- ჩვენ ამ გამოწვევას როგორ ვპასუხობთ?

- ჩვენ იძულებულნი გავხდებით ვუპასუხოთ ამ გამოწვევას ადეკვატურად: რუსეთის, როგორც დიდი მოთამაშის გაქრობა გამოიწვევს ჩვენს იძულებას ეროვნულ კონსენსუსზე. ცხადია, რომ რუსეთის, როგორც გლობალური აქტორის გაქრობის შემთხვევაში, ნებიმიერი პოლიტიკოსი იძულებული იქნება აირჩიოს ან პროამერიკელობა, ან - პროევროპელობა. არა მგონია, ჯერ-ჯერობით პრო-ჩინელობა, ან - პრო-აფრიკელობა დადგეს დღის წესრიგში. ანუ, თუკი რუსეთის ფაქტორი გაქრა, დარჩებიან მხოლოდ პროევროპელი და პროამერიკელი პოლიტიკოსები. არ იქნება რუსეთის ფაქტორი და არც ეროვნული კონსენსუსის პრობლემა გვექნება. შევთანხმდებით ბოლოს და ბოლოს, რა სურს ჩვენს ქვეყანას.

ცხადია, სხვას ხელი არ უნდა შეახოცო, მაგრამ ყოველთვის მოქმედებდა რუსეთის ფაქტორი, რომელიც მთელი ისტორიის მანძილზე უარყოფითი იყო. ქვეყანა კი მაშინ იწყებს სტაბილურ განვითარებას, როდესაც პოლიტიკოსებს შორის კონსენსუსია ბაზისურ ღირებულებებზე. შეიძლება ზოგს ლიბერალური ეკონომიკა უნდა და ზოგს - სოციალისტური, მაგრამ, ბაზისი ერთიანი უნდა იყოს - პიროვნული თავისუფლება, ადამინის უფლებები, სახელმწიფო-ერი. ამაზე ეროვნული თანხმობა საქართველოში აქამდე არ ყოფილა.

- თქვენ სოციუმს სწავლობთ. როგორ ფიქრობთ, რუსეთის უარყოფითი როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში რატომ არ გვიბიძგებდა კონსენსუსისკენ?

- ეს როლი ყველასთვის არ ყოფილა უარყოფითი, არიან ადამიანები, ვინც ამ ფაქტორს დადებითად აფასებს, ვისაც იმედი აქვს, რომ რუსეთში გააკეთებს ბიზნესს, ან უკვე აქვს იქ ბიზნესი, ან სწორედ რუსეთიდან შემოსდის ფული ოჯახისთვის.

მართალია, ეს ხალხი არ არის უმრავლესობაში. შეიძლება სულ 10-15 პროცენტი შეადგინოს, მეტი არა. მაგრამ 10-15 პროცენტი საკმარისი საფუძველია აფიქრებინოს პოლიტიკოსს, რომ ის არამარტო წარმატებული იქნება, თუკი ამ ხალხს დაეყრდნობა, არამედ, კიდევ გაზრდის ამ ხალხის რაოდენობას. საქართველო ისეთი ქვეყანაა, რომელიც ყოველთვის უნდა იყოს თანხმობაში რომელიმე დიდ მოთამაშესთან, სხვაგვარად შეუძლებელია. როცა ეს დიდი მოთამაშე აღარ იქნება, როცა რუსეთის ფაქტორი აღარ იქნება, დარჩება ან ამერიკა, ან - ევროპა. სხვა, ჯერ-ჯერობით, გამორიცხულია.

კონსენსუსს კი იმიტომ ვერ ვაღწევთ, რომ არსებობს ცდუნება ”დიდი მეზობელი”. ეს მეზობელი მუდამ იქნება, მაგრამ, იმედი მაქვს, რომ მალე არ იქნება ერთიანი და დიდი ფინანსური რესურსების მქონე ქვეყანა, რომელიც მსოფლიო ტერორიზმს ავითარებს. ფაქტია - მიუხედავად იმისა, რომ მისი ტერიტორიიის უმეტეს ნაწილში რუსულად ლაპარაკობენ, ეს ძალადობით შენარჩუნებული ერთიანობაა. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ რუსეთში დემოკრატიულმა პროცესებმა გაიმარჯვა, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ამას აუცილებლად მოყვება რუსეთის ნაწილების მზარდი ავტონომია - დამოუკიდებელ ქვეყნებად დაშლამდე. ამიტომ ჩვენ დღეს მოლოდინის რეჟიმში ვართ.

შიდა პოლიტიკას რაც შეეხება, ჯერჯერობით, საქმე იქითკენ მიდის, რომ საქართველოს შემდეგი პარლამენტი და მთავრობა იქნება კოალიციური, ანუ პარლამენტში არჩევნების შემდეგ გაერთიანდებიან კოალიციებად და არა არჩევნებამდე. შედეგად, შეიქმნება კოალიციური მთავრობა. ეს იქნება ნორმალური პოლიტიკური პროცესი. ვფიქრობ, სწორი გზით მივდივართ.

- როგორ აფასებთ პრორუსული პოლიტიკური ძალების შანსებს?

 - მაქსიმუმ, შეიძლება აიღონ 18, ან ნაკლები პროცენტი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხიფათი სულ არსებობს, ჯერჯერობით, ეს ძალები ვერ აიღებენ უმრავლესობას და ვერც ისეთ უმრავლესობას აიღებენ, რომ მთავრობის ფორმირებისას გადამწყვეტი ხმა ჰქონდეთ.

 ძალიან მნიშვნელოვანია საგარეო ფაქტორი, რუსეთის დასუსტება, რომელიც დღეს მსოფლიო ტერორიზმის ძირითად სუბიექტად გვევლინება.

 - მინდა გკითხოთ აზრი იმ სამთავრობო კომისიის შესახებ, რომელსაც ”თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის კონცეფციისა და დაფუძნების საკითხთა შემმუშავებელი კომისია” ქვია და რომელიც აპირებს დაიწყოს აქტიური მუშაობა სიმსივნის ადრონული თერაპიის მეგაპროექტზე. კომისიის შემადგენლობაშია ცნობილი ფიზიკოსი გია დვალი. როგორ აფასებთ ამ წამოწყების მომავალს?

 - ინგლისურად ამას ჰქვია Hadron Therapy. ეს სიტყვათშეთანხმება სწორად რომ ეთარგმნათ, როგორც ის გამოიყენება ინგლისურენოვან სამყაროში, ”ჰადრონის თერაპია” იქნებოდა და არა კალკი რუსულიდან - ”ადრონული თერაპია”. არ მგონია, ამ პროექტმა რამე მოგვცეს მით უმეტეს, რომ იმ კომისიაში, რომელიც ამ საკითხზე იწყებს მუშაობას, არც ერთი ექიმი და რადიოლოგი არ არის. ლომთაძის ვერანაირი კვალი ვერ ვნახე მონაცემთა ბაზებში. შეიძლება, ვიღაც იცნობს, ან შეიძლება გვარს უცნაურად წერს და ამიტომ ვერ ვნახე ვერც ერთი ციტირება... გარდა ამისა, როგორც ვიცი, ძალიან მაღალტექნოლოგიური სხივური თერაპიის აპარატი, რომელიც ამაჩქარებლის გარდა კიდევ მრავალ თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევას აერთიანებს, დგას თოდუას კლინიკაში. როგორც ვიცი, ასეთი აპარატი მსოფლიოში მხოლოდ ათიოდე ცენტრშია. იმისთვის, რომ კარგად გავიგო რა სიახლეს გვთავაზობს დვალი & Co., უნდა ვიცოდე განსხვავება, რისკები, სტრატეგიული და ახლო მომავლის მოსალოდნელი შედეგები.

 გია დვალი თეორეტიკოსია, გამოყენებით ფიზიკაში არ უმუშავია, მაგრამ ვფიქრობ, მისი ჩართვა ამ პროექტში იმის შედეგია, რომ თეორიულ ფიზიკას, როგორც მეცნიერებას, თანამედროვე სამყაროში პრობლემა აქვს. ფიზიკას, როგორც მეთოდს, ბევრი მეცნიერება იყენებს (მაგ. სამედიცინო ფიზიკა), მაგრამ თეორიულ ფიზიკას აქვს პრობლემა. ამ ინტერვიუსთვის მნიშვნელობა არ აქვს, მე რას ვფიქრობ ჰიგსის ბოზონზე და დიდი აფეთქების თეორიის შესახებ, რომელიც თანდათან wishful thinking-ის შედეგს ემსგავსება. რაოდენობრივი მაჩვენებლები ავიღოთ: მსოფლიოში ყველაზე ძველი სამეცნიერო მონაცემების ბაზის, web of science-ის მიხედვით, შარშან ფიზიკაში სულ 12 000 სტატია გამოქვეყნდა მსოფლიოში. 2006 წელს - 20 000. ამბობენ, რომ Web of Science-ის მონაცემები შემცირებულია, ‘რეალურ“ ვითარებასთან შედარებით, მაგრამ ამ შემთხვევაში ამას არ აქვს მნიშვნელობა, ის თანაბრად შემცირებულია ყველა მონაცემის მიმართ. მეცნიერება იცვლება, ვითარდება, იყოფა სხვადასხვა მეცნიერებად, ან ერთიანდება. სტატიები ბიოლოგიაში, ნეირომეცნიერებაში, სამედიცინო მეცნიერებებში იზრდება. პუბლიკაციების რაოდენობა გენეტიკაში, 2006 წლის შემდეგ, თითქმის 2-ჯერ არის გაზრდილი. ეკოლოგიაში სტატიების რაოდენობა სწრაფად იზრდებოდა - ბოლო ორი წლის განმავლობაში ზრდა შეჩერდა - ეს ნიშავს, რომ ეკოლოგიის მკვლევართა რაოდენობამ დღევანდელ მსოფლიოში, ანუ, შეიძლება ასეც ვთარგმნოთ, რომ გლობალურმა ინტერესმა ეკოლოგიის მიმართ, ზღვარს მიაღწია.

 ვფიქრობ, ეს იმპულსური წამოწყება ფიზიკის მეცნიერებაში დაფინანსების შემცირებას უკავშირდება. არ მაქვს სხვა ახსნა, რატომ წავიდა ასეთი მიმართულებით დვალი, ან რატომ არ დაუკავშირდა რადიობიოლოგებს და ექიმებს, თუკი ასეთი ექსპერიმენტი უნდოდა. ვფიქრობ, ძირითადი მიზეზი მაინც ის არის, რომ თანამედროვე მეცნიერებაში ცხადად ჩანს, რომ იცვლება დამოკიდებულება მეცნიერებების მიმართ - მეტი ყურადღება ექცევა იმ დარგებს, რომლებსაც დისციპლინათაშორისი გამოყენების პოტენციალი აქვს. იზრდება პუბლიკაციების რაოდენობა ბიომეცნიერებებში, ხელოვნური ინტელექტის კვლევას დიდი ადგილი ეთმობა, ასევე ვითარდება სამედიცინო მეცნიერებები, რომელიც ნელ-ნელა ყველა მეთოდს ითვისებს და წარმატებით იყენებს. ფაქტობრივად, ძველი მეცნიერებები, რასაც სკოლაში და უნივერსიტეტებში გვასწავლიდნენ, როგორც სამყაროს საიდუმლოებების ამომხსნელებს, უკვე მეთოდებია, რომლებსაც დიდი საკითხების გადასაჭრელად იყენებენ. მაგალითად, ისეთი დიდი სამედიცინო საკითხების გადაჭრაში, როგორიცაა კიბოს მიზეზები, გენეტიკური დაავადებები, ეპიდემიები, მეცნიერები იყენებენ ბიოლოგიის, ფიზიკის, ქიმიის, სოციოლოგიის შიგნით შემუშავებულ მეთოდებს და ასე აღწევენ წარმატებულ შედეგებს. კვლევები ადამიანის ევოლუციის მიმართულებით იყენებს ბიოლოგიის, გენეტიკის, ეკოლოგიის, გეოლოგიის, ფიზიკის, სოციოლოგიის მეთოდებს. დღევანდელი კაცობრიობის წინაშე მდგარი დიდი საკითხები არ იჭრება რომელიმე ერთი მეცნიერებით, ნელ-ნელა ყოველი კონკრეტული მეცნიერება ხდება მეთოდი. ხოლო ის მეცნიერებები, რომლებსაც არ შეუძლიათ განსაკუთრებული მეთოდი შესთავაზონ საზოგადოებას, ასევე ნელ-ნელა, ისტორიაში ინაცვლებენ.

 - მოგემატათ ხელფასი როგორც მეცნიერს?

 - მე უვადო კონტრაქტის პროფესორი ვარ და საკმარისი ხელფასი მაქვს. მოემატათ იმ მკვლევარებს, რომლებიც მუშაობენ აკადემიის სისტემის ყოფილ კვლევით ინსტიტუტებში, რომლებიც უნივერსიტეტებს შეუერთდნენ.

 პრობლემა სხვა რამაა. ჩვენთან არ არის სისტემა, რომელიც ადეკვატური მკვლევარების/პროფესორების შერჩევის გარანტიას გვაძლევს. ამერიკის და კანადის უნივერისტეტების უმრავლესობაში ეს ადვილია: საერთოდ არ განიხილავენ პროფესორობაზე კანდიდატურას, თუკი მას 10 სტატია მაინც არ აქვს გამოქვეყნებული, რომელთაგანაც თითოეული 10-ჯერ მაინცაა ციტირებული. ეს, რა თქმა უნდა, განხილვის დაწყების საფუძველია და შემდეგ, სხვა ინდიკატორების მოშველიებით, უფრო მეტი ციტირების მქონე მეცნიერმა შეიძლება ვერ დაიკავოს სასურველი ადგილი, იმიტომ, რომ მისმა კოლეგამ სხვა ინდიკატორით, მაგალითად, გამოქვეყნებული წიგნების რაოდენობით, ან, დაცული დოქტორანტების რაოდენობით, აჯობა.

 ჩვენთან ამ ინდიკატორს ვერ გამოიყენებ, არამარტო იმიტომ, რომ ასეთი ციტირების ინდექსის მქონე მეცნიერები თითებზე ჩამოსათვლელია, ბოლოს და ბოლოს, მცირე ციტირების რაოდენობის ქონა შეიძლება დაადგინო აუცილებელ ამოსავალ პრინციპად. მაგრამ პრობლემა კანონმდებლობაშია: ჩვენი კანონის მიხედვით, სტუდენტების რაოდენობა პროფესორების რაოდენობაზეა მიბმული. შესაბამისად, თუკი წახვალ ციტირების მქონე პროფესორების შერჩევის გზით, დაკარგავ სტუდენტებს. თუ სტუდენტები დაკარგე, დაკარგავ შემოსავალს და იმ კარგ პროფესორებს, რომლებიც ციტირების მიხედვით შეარჩიე, ფულს ვერ გადაუხდი. ამიტომ, კომპლექსური ცვლილებებია საჭირო. უმაღლესი განათლების სისტემა მართალია, გაჭირვებით, მაგრამ მაინც მიდიოდა სწორი სტრატეგიით, სანამ პრეზიდენტმა მაგველაშვილმა, განათლების მინისტრად მუშაობისას, სახელმწიფო უნივერსიტეტების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად გადაკეთებით, ამ განვითარებას წერტილი დაუსვა. უმაღლესი განათლების და კვლევის რეფორმა განვითარების ინდიკატორების აღიარებით უნდა დაიწყოს. ხაზს ვუსვამ - არა ქართული ინდიკატორების შემუშავებით, არამედ, უმაღლესი განათლების და კვლევის საერთაშორისო ინდიკატორების საქართველოში უმაღლესი განათლების და კვლევის განვითარების კრიტერიუმებად აღიარებით. ეს აღიარება კი, ალბათ, მაშინ დაიწყება, როდესაც ისინი, ვისაც უმაღლესი განათლების მართვა აბარია, იტყვიან, რომ ციტირება მნიშვნელოვანი და აუცილებელია როგორც პიროვნების, ასევე, ინსტიტუციის შეფასებისათვის.

 ახლა კი, რაკი ინდიკატორები არ გვაქვს, არც განვითარება გვაქვს. ერთადერთ საერთაშორისო აკადემიურ რეიტინგში, სადაც საქართველოს უნივერსიტეტებია, ჩვენ არასახარბიელო ადგილები გვიჭირავს. საქართველოს არც ერთი უნივერსიტეტი არ არის მე-2000 ადგილს ზემოთ. ჩვენი საერთო მდგომარეობა უარესდება - 2013 წელს ილიას უნივერსიტეტს 1604-ე ადგილი ეჭირა და პირველი იყო კავკასიაში. დღეს - ჯავახიშვილის უნივერსიტეტია კავკასიაში პირველი, ოღონდ, მისი რიგითი ნომერი 2000-ს ქვემოთაა. ეს რეიტინგი სახელმწიფოს არ აინტერესებს: არც გამიგია, რომ ამ, ან სხვა რეიტინგებით სახელმწიფო დაინტერესებულიყოს: გამოიკვლიოს, რატომ მოხდა სურათის გაუარესება, შეაქოს მაინც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რეიტინგში სერიოზული წინსვლისთვის. ხოლო რაკი ეს არ აინტერესებს, ეს ნიშნავს, რომ საერთოდ არ აინტერესებს უმაღლესი განათლების და კვლევის განვითარება და შესაბამისად, არც ცოდნის ეკონომიკა. ეს მარტო ამ ხელისუფლებას არ ეხება: უმაღლესი განათლების და კვლევის განვითარებისადმი ინტერესი არც წინა ხელისუფლებას გააჩნდა იმიტომ, რომ არც მას ჰქონდა აღიარებული საერთაშორისო ინდიკატორები პროგრესის გასაზომად. ამის დასტურად თუნდაც ის კმარა, რომ რუსთაველის ფონდის სამეცნიერო გრანტებში, მოსალოდნელ შედეგად არ იყო მოთხოვნილი საერთაშორისო პუბლიკაცია. ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (ახლა უკვე - ტექნოლოგიის დარგებში საქართველოში გაცემული ამერიკული დიპლომის) იდეა კარგია, მაგრამ ამ პროექტის გავლენა საქართველოში უმაღლესი განათლების და კვლევის განვითარებაზე - საეჭვოა - თუნდაც იმიტომ, რომ საკმაო ადგილი ვიცი მსოფლიოში, სადაც არის ერთი კარგი ამერიკული უნივერსიტეტი, ხოლო ქვეყნის უმაღლესი განათლება და კვლევა ძალიან დაბალ დონეზეა.

 - გამოსავალი რა არის, ამ პირობებში როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო, რომ განათლება დეკლარირებულიდან რეალურ პრიორიტეტად იქცეს?

 - გამოსავალზე მსჯელობა სხვა ინტერვიუში გადაგვიყვანს. ერთი ფრაზით შემიძლია გითხრათ, რომ უმაღლესი განათლების და კვლევის სწრაფი გაუმჯობესების გზა უნივერსიტეტების და კვლევითი სისტემების პრივატიზაციაზე გადის, რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე, ხარისხის კვლევის და გაუმჯობესების მექანიზმების სახელმწიფოს ხელში დატოვებით. თუმცა, საბოლოოდ, სახელმწიფომ ამაზეც უნდა თქვას უარი და ხარისხის კერძო შემმოწმებლების მააკრედიტირებლად უნდა იქცეს.

 აქვე უნდა დავამატო, ზოგიერთმა მკითხველმა რომ არ დაიწყოს - „ჯავახიშვილის აშენებული შენობის გაყიდვა გინდათ, ხომ?“ - რომ პრივატიზაციის ბევრი ფორმა არსებობს, მათ შორის, უძრავი ქონების საერთო (კერძო-სახელმწიფო) მფლობელობით, ანდა, სულაც უძრავი ქონების ნაწილის კვლავ სახელმწიფო საკუთრებაში დატოვებით. პრივატიზაცია იქნება გზა, რომლის საშუალებით სახელმწიფო მიიღებს დამატებით თანხებს, თუნდაც სოციალური პროგრამების განსახორციელებლად, უნივერსიტეტები მიიღებენ განვითარების ინდიკატორებს, ხოლო საქართველოს მოქალაქეები (არა მარტო) - ხარისხიან უმაღლეს განათლებას და ცოდნის ეკონომიკის განვითარებაზე მიმართულ კვლევას.

 - დაბოლოს - ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი პირი არის მოქალაქე, რომელსაც არანაირი ოფიციალური სტატუსი არ აქვს. ადრე ხელისუფლებები, ავად თუ კარგად, იღებდნენ პასუხისმგებლობას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. რა წყობაა დღეს?

 - ამას ქვია განვითარებადი ქვეყანა. განვითარებადი ქვეყნის ერთ-ერთი, თუ უმთავრესი არა, ნიშანია, რომ მას ჰყავს/სჭირდება ქარიზმატული ლიდერი. ჩვენს გამოცდილებაში საქართველო ყოველთვის ქარიზმით და ქარიზმატული ლიდერებით იმართებოდა, ასე რომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ქარიზმატული მმართველი პრეზიდენტი იქნება თუ სამოქალაქო პირი.

 დააახლოებით 20 წლის წინ, საქართველოში, ალბათ პირველად, დასავლეთ გერმანელი სოციოლოგები ჩამოვიდნენ კონფერენციაზე. ერთ-ერთი თემა ქარიზმა იყო. ყოველ გერმანელ სოციოლოგს სჯეროდა იმის, რომ თანამედროვე სახელმწიფოს იდეა გამორიცხავს ქარიზმატულ ლიდერს. თეორიულად ეს ჩვენც ვიცოდით, წაკითხული გვქონდა შესაბამისი წიგნები, მაგრამ რაკი ამის არანაირი სოციალური და პოლიტიკური გამოცდილება არ გვქონდა, ჩვენი დიალოგი ხშირად ჩიხში შედიოდა. თანამედროვე სამყაროში პოლიტიკური ქარიზმა კოლექტიური, გუნდური მუშაობის შედეგია და არა „მეფის“ თვისება. მანამ, სანამ საქართველოს მოქალაქეები მეფეს და მეფის გუნდს აირჩევენ ქვეყნის მმართველად, ვერ დავცილდებით ქარიზმატულ მმართველზე აწყობილ მოდელს, შესაბამისად, ვერ გამოვალთ საკუთარი წარსულიდან. პირიქით, სულ უფრო და უფრო ჩავიძირებით მასში და ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება ერთადერთი და გარდაუვალი გვეგონება. ამიტომაცაა, რომ თანამედროვე ქართველი დიდ განსხვავებას ვერ ხედავს დიქტატორულ და დემოკრატიულ რეჟიმებს შორის: ის ორივე მათგანს ქარიზმატულობის პრიზმაში ატარებს და მისთვის საბოლოოდ ყველაფერი დადის სამყაროს ძალიან ფარდობით სურათზე, კეთილი და ბოროტი მეფეებით და მათ კარზე თბილად ყოფნის ოცნება/მიზანზე.

 თუმცა იმედი მაქვს, რომ ჩვენი პოლიტიკური სამყაროს განვითარება ძალაუნებურად მიგვიყვანს „არაქარიზმულობამდე“: თუკი შემდეგ პარლამენტში ვერავინ მოიპოვებს აბსოლუტურ უმრავლესობას და მთავრობა კოალიციური იქნება, იძულებულები ვიქნებით გამოვფხიზლდეთ ჩვენთვის უჩვეულო - ქარიზმის გარეშე მართულ - საქართველოში. ეს გამოფხიზლება ყველაფერს შეეხება: მცირე და საშუალო ბიზნესს, განათლებას, განსხვავებული საჭიროების ადამიანებს, ტურიზმს, ქალებს, მოხუცებს, უცხოურ ინვესტიციებს. არ დარჩება არც ერთი სფერო, რომელიც არ იგრძნობს ჯერ შოკს, და შემდეგ სარგებელს, რაც უქარიზმო პოლიტიკას მოაქვს ყოველი მოქალაქისთვის. სწორედ მაშინ გაქრება ცნობიერების ბოლო ბარიერი, რომელიც ჩვენს სწრაფ და შეუქცევად განვითარებას და ჩვენს ევროპაში შეუქცეველ დაბრუნებას უშლის ხელს.

sophio chkhaidze