„ასტონ ფოკუსი“? არა, „ფორდ ფოკუსი“
14 მარტი, 2014
1000
print

ჟენევის მოტორ შოუზე, „ფორდის“ სტენდის იმ სეგმენტში, სადაც განახლებული, „ასტონ მარტინის“ მსგავსი „ფოკუსი“ იდგა, ამაყად ეწერა N1 - ეს ავტომობილი ხომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ბესტ სელერია.

ბრიტანულ სუპერ ავტომობილებს მიმსგავსებულ „ფოკუსს“ კი თავისი მოწინავე პოზიციის კიდევ უფრო გამყარების რეალური შანსი აქვს. მართალია, მასში მყიდველი გარეგნობაზე მეტად, საექსპლუატაციო თვისებებს აფასებს, მაგრამ სტილის დახვეწა მას კიდევ უფრო პოპულარულს გახდის. მითუმეტეს, განახლება მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებებით არ შემოფარგლულა...

ჟენევაში ცისფერმა ოვალმა „ფოკუსის“ ჰეჩბეკის და უნივერსალისძარიანი ვარიანტები წარადგინა. მალე კი ცვლილებები სედანზეც აისახება. განახლებულ „ფოკუსზე“ ახალია საჭის რგოლი და ცენტრალური კონსოლი, რომელზეც ნაკლები საკონტროლო და გადასართავი მოწყობილობა მოთავსდა. აქვე ნახავთ ახალი თაობის მულტიმედიურ სისტემა SYNC 2-ს, რომლის ნაწილიცაა მაღალი გარჩევადობის 8-დუიმიანი სენსორული ეკრანი. მისი თავისებურება ისაა, რომ ხმოვანი სიგნალით მართვის ფუნქცია გააჩნია. თანაც, უფრო მარტივი ინტერფეისით გამოირჩევა.

ევროპაში განახლებული „ფორდ ფოკუსი“ ახალი, 1.5-ლიტრიანი ეკობუსტ ტურბო ძრავით აღიჭურვება, რომელიც ფორსირების ორი დონით იქნება ხელმისაწვდომი. ერთის სიმძლავრე 150 ცხენის ძალაა, მეორისა კი - 180 ცხენის ძალა. მყიდველს ასევე ფორსირების ორი დონით შესთავაზებენ დიზელის 1.5-ლიტრიან TDCi ძრავს, რომელიც 95 და 120 ცხენის ძალას ავითარებს. დაიხვეწა დიზელის 2.0-ლიტრიანი TDCi ძრავიც, რომლის სიმძლავრე 150 ცხენის ძალაა და რაც მთავარია, უწინდელზე 14 პროცენტით ეკონომიურია. ძრავების გამაში ყველაზე გამორჩეული იქნება სერია ეკობუსტის სამცილინდრიანი 1.0-ლიტრიანი აგრეგატი, რომელიც ბენზინზე მომუშავე პირველი არაჰიბრიდული აგრეგატია, ყოველ კილომეტრზე ატმოსფეროში 100 გრამზე ნაკლებ ნახშირორჟანგს რომ გამოჰყოფს.

განახლებული „ფოკუსი“ პირველი გლობალური ავტომობილია, რომელიც ეგრეთ წოდებული პერპენდიკულარული პარკირების „ჰენდს ფრი“ ტექნოლოგიით აღიჭურვება. ეს სისტემა, მძღოლს სხვა მანქანებს შორის პარკირებაში დაეხმარება. გარდა ამისა, მყიდველს შესთავაზებენ დახვეწილ ავტომატური დამუხრუჭების სისტემა „ექტივ სიტი სტოპს“, რომელიც 50 კმ/სთ-მდე სიჩქარის დროს მოქმედებს.

ცნობისათვის, „ფორდმა“ კომპაქტური „ფოკუსის“ (რომელმაც ესკორტი შეცვალა) წარმოება 1998 წელს დაიწყო და მას შემდეგ, ის 12 მილიონზე მეტი გაჰყიდა. ყველაზე მეტი პოპულარობით „ფოკუსი“ ევროპაში სარგებლობს, სადაც 6.9 მილიონი ცალია გაყიდული. ანალიტიკურ კომპანია „პოლკის“ მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით, შარშან მთელს მსოფლიოში 1.1 მილიონი „ფორდ ფოკუსი“ გაიყიდა.