აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის რეაბილიტაციის მესამე პროექტი
14 სექტემბერი, 2009
1969
print

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის 147 მილიონი აშშ დოლარის სესხი, რომელიც მოხმარდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მესამე პროექტის განხორციელებას საქართველოში. ეს E-60 საავტომობილო გზის - საქართველოს მთავარი სატრანსპორტო დერეფნის - რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი ინვესტიციებიდან რიგით მესამეა.

პროექტი ითვალისწინებს E-60 გზის სვენეთი-რუისის მონაკვეთის რეაბილიტაციასა და მის ჩქაროსნულ ოთხზოლიან გზად გადაკეთებას. იგი ასევე დაეხმარება მთავრობას სატრანსპორტო სექტორში რეფორმების გატარებაში, რომლებიც საავტომობილო გზების დეპარტამენტის გაძლიერებას, საავტომობილო გზების ეფექტური ტექნიკური მომსახურებისა და ექსპლუატაციის წესის შემოღებას, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და საინჟინრო-ტექნიკური განათლების უზრუნველყოფას მოიცავს. მოსალოდნელია, რომ სამ წელიწადში, პროექტის დასრულების შემდეგ, მიღწეული იქნება საგზაო ტრანსპორტის ხარჯების შემცირება და მისაწვდომობის გაუმჯობესება, ტრანზიტის გამარტივება, საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის ცენტრალურ ნაწილში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდა. საავტომობილო გზების სისტემის დაგეგმვის და მართვის უზრუნველსაყოფად და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ასევე გაძლიერდება საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და შესაბამისი სამთავრობო უწყებების შესაძლებლობები.

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში ასად ალამი აღნიშნავს, რომ “პროექტი საქართველოსთვის თანამშრომლობის ახალი სტრატეგიის (CPS) ძირითადი ელემენტია. იგი არა მხოლოდ გააძლიერებს ქვეყნის კონკურენტუნარიანობას, ეკონომიკურ ზრდასა და დასაქმების შესაძლებლობებს საშუალოვადიან პერსპექტივაში, არამედ ასევე ხელს შეუწყობს ეკონომიკური აღორძინების პროცესის სტიმულირებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უახლოეს მომავალში. “

პროექტის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელ ქრისტოფერ ბენეტის განცხადებით, “საქართველოს გზებზე საგარეო ვაჭრობის მთლიანი ნაკადის 60 პროცენტზე მეტი სწორედ E-60 საავტომობილო გზაზე გადის. აღმოსავლეთ-დასავლეთის საავტომობილო მაგისტრალის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც მთავარი სატრანსპორტო დერეფნის, პოზიციის განმტკიცებას. მთავრობის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია E-60 მაგისტრალის მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების საქმეში, ვინაიდან ამ გზის რეაბილიტაციის პროგრამის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.”

აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის საავტომობილო მაგისტრალის რეაბილიტაციის მესამე პროექტი ითვალისწინებს საავტომობილო გზების სექტორში მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარების მნიშვნელოვნად გაზრდას. 19 მილიონი აშშ დოლარი უკვე გამოყოფილია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის რეაბილიტაციის პირველი პროექტისთვის, რომლის განხორციელებაც 2006 წელს დაიწყო, და 35 მილიონი აშშ დოლარი - აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის რეაბილიტაციის მეორე პროექტის განსახორციელებლად, რომლისთვისაც დამატებითი დაფინანსების სახით 2008 წელს კიდევ 20 მილიონი აშშ დოლარი იქნა გამოყოფილი. ეს საავტომობილო გზების რეაბილიტაციის უფრო ვრცელი პროგრამის ნაწილია, რომელიც მოიცავს ასევე ადგილობრივი და შიდასახელმწიფოებრივი დანიშნულების გზების რეაბილიტაციაში მიმდინარე ინვესტიციებს.1

სხვა სიახლეები
03 სექტემბერი, 2010 ვენეციის არქიტექტურის ბიენალე 2010
29 სექტემბერი, 2009 მერიის ახალი ინიციატივა სამშენებლო ბაზარს სტაბილურს გახდის
23 სექტემბერი, 2009 სამშენებლო ბაზრის 10 პროცენტი გაცოცხლდა