ეს მართლა ჩვენ გვეხება!
16 სექტემბერი, 2016
0
print

ეს მართლა ჩვენ გვეხება!

ხომ ვამბობდი, ბურჭულაძე მართლა ნაცების პროექტი ყოფილა; რა ნაცები, ქოცები აჩალიჩებენ, რომ ნაცებს ხმები აართვას, აბა, „გირჩების“ ფულს რატომ შეჭამდა?! რა საშინელებაა, ქართველ მინისტრებს სექსი ჰქონიათ, თანაც არა მარტო მამაკაცებს და არა მარტო მეუღლეებთან; როდის, მიშას დროს? არა, „აბსტანოვკა“ ისეთია, ახალი უნდა იყოს; მიშა რომ გადატრიალებას ამზადებდა, ახლა მაინც ხომ გაიგეთ?! და მაინც ვერ გავიგე, გვარამიას და მიშას ლაპარაკში გამოსაქვეყნებელი რა იყო; ტელეფონში ვიდეო მაქვს, განახო? ჩანაწერი აგერ მაქვს, არ მოისმენ?

და ნახულობენ, და ისმენენ, და ამბობენ ისე, რომ წამიერადაც არ ფიქრობენ, რომ ამით ერთი, მავანთა მიერ მოქსოვილი, მსხვილი ჯაჭვის ნაწილი ხდებიან, რომელსაც სიმკვრივე თითოეული მსმენელით, მნახველით, ამბის მთქმელით ემატება.

ორიოდ დღის წინ, ინტერნეტით „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და კოალიცია „ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი გავრცელდა. ჩანაწერის მიხედვით, “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ “გირჩის” წევრების მიერ გაკეთებული განცხადებების გამო “ნირწამხდარია.”

ნიკა გვარამია: თქვენი “გირჩელები” დღეს გამოდგნენ და სათითაოდ დაწერეს, რომ „ოცნებასთა“ აპირებენ კოალიციაში ყოფნას.

პაატა ბურჭულაძე: ვინ თქვა ეგ?

ნიკა გვარამია : ვახტანგ მეგრელიშვილმა და აყვა მთელი “გირჩი”, ძალიან დიდი ბოდიში და, თუ ეს არის გეგმები ამ კოალიციის, ძალიან ვწუხვარ მართლა. ოღონდ ჩვენი დამოკიდებულებაც ვერ იქნება იგივე, რაც იყო.

საუბრის დროს პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ ის საქართველოში არ იმყოფება და ვაშინგტონიდან ორ დღეში აპირებს დაბრუნებას. გვარამია მას სთხოვს სიტუაციის გარკვევას და აქვე ამბობს, რომ გამაოგნებელია, როგორ შეიძლება დათო ჯანდიერი თეა წულუკიანთან ერთად იყოს მთავრობაში, ან – „ვახტანგ მეგრელიშვილი ბენდუქიძის მკვლელთან ერთად“.

რაც მართალი მართალია, ამ ფარულ ჩანაწერს, რომელიც ქართულმა, ყველასათვის ნაცნობი პირის მფლობელობაში მყოფმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა, ნაციონალების მმართველობის პერიოდს ვერავინ დააბრალებს. ისიც ფაქტია, რომ მოსმენების ძალიან ძვირიანი ფუფუნება სხვას არავის აქვს, თუ არა სახელმწიფო სტრუქტურებს, რომელიც მოპოვებულის გამოქვეყნების პირველ სიამოვნებას მხოლოდ სასურველსა და თავისთვის სანდოს ანდობს. და ყოველივე ამის გამო აღშფოთების ნაცვლად, ხალხმა ამ უკანონოდ მოპოვებული საუბრის ჩანაწერის განხილვა, მოსაუბრეთა პოლიტიკური კუთვნილების გარკვევა და სხვადასხვა დასკვნების გამოტანა დაიწყო. და ეს იმიტომ, რომ მავან, ჭორების მოყვარულ ობივატელს მიაჩნია, რომ უსმენენ და იწერენ მხოლოდ პოლიტიკოსებს, საჯარო მოხელეებს ან ცნობად სახეებს...

შესაბამისად, ასეთი ჩანაწერებიც ქვეყნდება და ეს რიგით, თუნდაც ძალიან კანონმორჩილ, მეტიც, დაუწერელ, მორალური კანონების დამცველ მოქალაქეებზეა გათვლილი, მათზე, ვინც სრულიად დარწმუნებულია, რომ ფარულად ჩასაწერი და შემდეგ გამოსაქვეყნებელი არაფერი აქვს და, შესაბამისად, საშიშროებაც არ ემუქრება.

არადა, რომ გაიხსენონ, რამდენჯერ ჩაუდენიათ სრულიად უვნებელი ქმედება, ვთქვათ, დაუნიშნავთ, თუნდაც, საქმიანი პაემანი ტელეფონით, უსაუბრიათ საკუთარ ავადმყოფობაზე, რისი საიდუმლოდ შენახვის გამოც ყველა ექიმი ფიცს სდებს და რამდენჯერ უკარნახიათ ახლობლისთვის საკუთარი საკრედიტო ბარათის ნომერი, რაც საზოგადოდ დადგენილი საბანკო საიდუმლოა ....

მოკლედ, პოლიტიკოსისთვის, საჯარო მოხელისთვის, ცნობადი სახისთვის თუ უბრალო, რიგითი მოქალაქისთვის ფაქტია, რომ სახელმწიფო სტრუქტურები თავიანთი ამჟამინდელი მმართველებით სულაც არ მალავენ და მათივე მაამებელ-დაფინანსებული საინფორმაციო საშუალებებით ირიბად გვამცნობენ, რომ გვისმენენ და გვითვალთვალებენ. და ამ დროს მნიშვნელობა ეკარგება საკუთარ უმწიკვლოებას და შესაბამისად, რწმენას, რომ ვერავინ შეგეხება, ან არ ხარ არავისთვის საინტერესო.

ფარულად გადაღებულ კადრებში ვინ რომელ პოზაში ვის ჰგავდა, ვისი ხმა იყო აუდიოჩანაწერში დამაჯერებელი და ვისი ითხოვს ავთენტურობის ექსპერტიზით დადგენას, ვინ ვის რა უთხრა, ვინ რა გამოაშკარავა, რომელ პოლიტიკოსს ჩაუსაფრდნენ, რომელი ცნობილი სახის მიდრეკილებებზე როდის რა გახდება ცნობილი - საზოგადოება, რომელიც ასეთ ინტერესს იჩენს, შესაბამის დიაგნოზსაც საჭიროებს.

გამოსავალი ერთია: არ მოისმინოთ! არ უყუროთ! არ იჭორაოთ! რადგან -„ეს შენ გეხება“? არა! ეს მარტო შენ არ გეხება! ეს მე მეხება! ეს ჩვენ გვეხება! ეს გვეხება ყველას!

სოფიკო ჩხაიძე

 

სხვა სიახლეები
19 სექტემბერი, 2016 არჩევნებზე, როგორც ზოოპარკში
16 აპრილი, 2016 აჩრდილი
11 თებერვალი, 2016 ”თვალები გაქვთ და ვერ ხედავთ, ყურები გაქვთ და არ გესმით!..”
01 თებერვალი, 2016 გიგი უგულავას ბლოგი
04 დეკემბერი, 2015 ელდარ რიაზანოვის უკანასკნელი დუბლი
25 სექტემბერი, 2015 “ღმერთმანი, რაღაც ჯოჯოხეთში მოვხვდი“
18 სექტემბერი, 2015 ”ქართული ოცნება” და გიგი უგულავა განაჩენის მოლოდინში
17 აგვისტო, 2015 როცა შეცდომებზე ვერ/არ სწავლობენ
12 აგვისტო, 2015 გიგი უგულავას ბლოგი
21 ივლისი, 2015 გიგი უგულავას ბლოგი