ნავთლუღის ღამის საარჩევნო სიზმრები
14 სექტემბერი, 2016
0
print

კახა ფაჩუაშვილი

ნავთლუღის ბაზარი ყველაზე ცოცხალი ორგანიზმია თბილისში. აქ სიცოცხლე წამითაც არ წყდება. ღამით კონტეინერებს ტვირთავენ. „ბარახლოვკის“ საუკუნოვანი ბარაკებიდან ტარაკანებივით ჩნდებიან „ოპტავიკები“ და ეფინებიან არემარეს. ისინი კონტეინერებს თვალის დახამხამებაში ასუფთავებენ და წინასწარ საგულდაგულოდ გამზადებული დახლებისკენ მიიწევენ. შემდეგ ყავას მიირთმევენ, რომელიც მათთვის „ბარახლოვკის“ ბარაკების მეორე ტალღას მოაქვს. ისინი შუახნის, ან მოხუცი ქალბატონები არიან. ჩაის და ყავას ამზადებენ და ამით ვაჭრობენ. სარფიანი საქმეა. ღამეში დაახლოებით 30-40 ლარს გამოიმუშავებენ და დილით შეიძლება ითქვას, დღის ნორმა მოთავებული აქვთ.

ყველა კმაყოფილია. „ოპტავიკებისთვის“, ნავთლუღის „ღამის დედოფლები“ შეუცვლელი ხალხია. ყავის დაგემოვნების შემდეგ, ფუთები იხსნება და დახლიდარები მოლოდინის რეჟიმში გადადიან.

გამთენიისას, სისხამზე პირველი ქორვაჭრები ჩნდებიან და ჩიტების ჟღურტულთან ერთად იწყებენ ხმაურს. ვაჭრობა ნამდვილი ხელოვნებაა, მაგრამ აქ ყველა ერთმანეთს იცნობს და ვაჭრობა-საბუთების გაფორმებაში დროს აღარ კარგავენ. უბრალოდ, ფუთებს იღებენ და შემდეგ, ავლაბრიდან დიღმამდე მამასისხლად გვასყიდიან. თბილისის ბევრი მაღაზია, სწორედ „ნავთლუღის ბრენდით“ ვაჭრობს.

ვინც უფრო ხარბია, „ოპტავიკებს“ შეევაჭრება ხოლმე, მაგრამ განსაკუთრებულ წარმატებას ვერ აღწევს. ამას უფრო საკუთარი თავის დასამშვიდებლად აკეთებენ ხოლმე - მე ჩემი ვცადე, დაახლოებით ამგვარი პასაჟით.

ქორვაჭრებს გარემოვაჭრეები ცვლიან. მათ რიცხვს ბოლო არ უჩანს და იღებენ ყველაფერს, რასაც შესწვდებიან. ყველას საკუთარი „ოპტავიკი“ ჰყავს. უცხო ადამიანისგან „ტავარის“ აღებას ერიდებიან. ეს დაუწერელი კანონია. რაღაც მაფიოზური. ყველაფერი „მხოლოდ ჩვენი“ იყიდება - ასეთია კანონის შინაარსი.

საინტერესოა, რომ მთელი ეს სურსათი აღურიცხავი საქონელია. ვაჭრები ერთმანეთში არავითარ დოკუმენტს არ აფორმებენ, უბრალოდ „ტავარი“ მიაქვთ და ქუჩის ტროტუარებზე ყიდიან. იქაც ვაჭრობის უფლებისთვის არავის არაფერს უხდიან და ამგვარად, სახელმწიფო უამრავ ფულს კარგავს. საინტერესოა, ეს თანხა სადმე თუ აღირიცხება, ცალკეული პიროვნებების ჯიბის გარდა?

ზოია, გარემოვაჭრე (ყველის გამყიდველი): „თუ სადმე ადგილს იპოვნი დახლი უნდა ჩადგა. არავინ გაწუხებს და არც რამე ხარჯია გადასახდელი. ერთადერთი პატრული შეგვაფუცხუნებს ხოლმე, მაგრამ ბოლო თვეებია არავინ გამოჩენილა. ალბათ, არჩევნების მოახლოვების გამო. არჩევნებში ვის მივცემ ხმას ჯერ არ გადამიწყვეტავს.“

გურამი (ხილის გამყიდველი): „ზოია „ქართულ ოცნებას“ მისცემს ხმას ხომ ვიცი? მართალია გეუბნება ჯერ არ ვიციო, მაგრამ ქალი ხომ იცი როგორია? იფიქრებს, იფიქრებს და ბოლოს ისევ იქ დარჩება, სადაც იყო. მე არ ვიცი ვის მივცე ხმა. იქნებ შენ მირჩიო? ვაღიარებ „ქართულ ოცნებას“, უფრო სწორად ბიძინას მივეცი ხმა. ვიფიქრე ძლიერი კაცია, პუტინის რუსეთიდან რომ 7 მილიარდ ქონებას გამოიტან, ძლიერი კაცი ხარ აბა რა? ჰოდა, მეც ვიფიქრე ეს კაცი ბევრს გააკეთებს მეთქი, მაგრამ ისიც ჩვეულებრივი მაფიოზი აღმოჩნდა, როგორებითაც სავსეა რუსეთი“.

სიმონი (კარტოფილის გამყიდველი): „კაცო, ერთი არავინ თქვა, როგორ აპირებს ცხოვრების გაუმჯობესებას. ყველა ბიუჯეტისკენ იქნევს ხელს. ვიფიქრე „პატრიოტთა ალიანსს“ მივცე ხმა მეთქი, მაგრამ ისეთ რამეებს ამბობენ, მგონი ბიძინაზე აბსურდული დაპირებაა. აი მუნიციპალური საავადმყოფოები ყველა რაიონში, სოციალური დახმარებების გაზრდა. რა ვიცი ათას სისულელეს აფრქვევენ. 10 წელია ვვაჭრობ და ერთ რამეს მივხვდი, რომ უფასოდ არაფერი არ ხდება. არც იაფად. კარგით რა? სირცხვილია მართლა. ხანდახან მგონია ამ პოლიტიკოსებს დებილები ვგონივართ. მუნიციპალური საავადმყოფო რომ გახსნა, იმას ტექნიკა არ უნდა, მომსახურე პერსონალი, ექიმების ხელფასები, თუ როგორ არის საქმე? ასეთი საავადმყოფო ყველა რაიონში რომ გახსნა, მაგას რომელი სახელმწიფო ბიუჯეტი ეყოფა, თუ ძმა ხარ?“

დიტო (მომხმარებელი): „ეს იმიტომ ძმაო, რომ მაგათ კომპეტენცია არ ჰყოფნით. ეგენი სუყველა ბიძინამ მოიყვანა, რომ სააკაშვილი გაეგდოთ. ეგ მიზანი ჰქონდათ, თორემ სახელმწიფოს მართვა რა იცოდნენ მაგათ, ერთპროცენტიანმა, ურეიტინგო პოლიტიკანებმა?“

სიმონი: „კომპეტენცია როგორ ექნებათ კაბინეტებიდან ცხვირს ვერ ჰყოფენ. ჩამოდი შე კაი კაცო დაბლა, მიწაზე დადგი ფეხი, იკითხე მაინც რამე, იქნებ ბომბებს ვამზადებთ? მოვიდნენ, გვკითხონ და შეიძლება ისეთი რამე ვუთხრათ, რომ გამოადგეთ ცხოვრებაში. სელექციისთვისაც კარგი იქნება. მთავრობა ვერასდროს ხალხს ვერ ამჩნევდა და ეგ იყო დიდი პრობლემა.“

დიტო: „რუსთავი 2-ში რომ გამოხვალ ჯიგარო მერე შეგამჩნევენ.“

სიმონი: „მაინცდამაინც ტელევიზორში უნდა გამოხვიდე, რომ მოგისმინონ? რისი მთავრობა ხარ, თუ საკუთარ ხალხს არ უსმენ. აქ შეიძლება შეურყვნელი, გონებამახვილი კაცი აღმოაჩინო, ვინც საკუთარ უბანში, საკუთარ რაიონში საქმეს გაუძღვება.“

დიტო: „პატრულის რეფორმა ეგრე არ იყო? გასვრილი პოლიციელები გაყარეს და მათ ადგილზე ახალგაზრდა კადრები მიიყვანეს. არ გაამართლა ძმაო?“

სიმონი: „ჰო, მა რა? ასე უნდა იარონ და ეძებონ. ეგ არის მაგათი საქმე. როგორ? 4 მილიონიან ერში 200 კაცი ვეღარ მოიძებნა, რომ პარლამენტი და მთავრობა ნორმალური, საქმის მკეთებელი გვყავდეს? მაგრამ ჩანს, რომ ძალიან ბრიყვები არიან. მე მაგალითად ჩემი უბნის დეპუტატი ერთხელაც არ მინახავს. ეს არის ამათი პრობლემა და ვერ ხვდებიან. ყველა საკუთარი ბიზნესის ლობირებით არის დაკავებული. არ ვიცი ვის მივცე ხმა. მიშა ამათ ყველას სჯობს, მაგრამ ჩემი აზრით, მაინც ოცნება მოიგებს, რადგან ეს ხალხი უკმაყოფილებას რომ გამოთქვამს, საარჩევნო ყუთთან იმას შემოხაზავენ, ვისაც ეტყვიან. ხომ გაგიგონია - შეჩვეული ჭირი სჯობს, შეუჩვეველ ბედნიერებასო. თანაც, ოცნებაში ისეთი ხალხი შეიყარა, თუ დასჭირდათ გააყალბებენ კიდეც. სინდისი დაუშლით, თუ რა?“

მარიამი (მწვანილის გამყიდველი): „ბაზარში რა მინდა. იქ გადასახადია, ქუჩაში კი არავინ მაწუხებს. ჩემთვის ცხოვრება არ შეცვლილა, როგორც ვიყავი მიშას დროს მწვანილის გამყიდველი, ისე ვარ ეხლაც. ერთია, რომ მიშას დროს გარეთ ასე ადვილად ვერ დადგებოდი. სიმკაცრე იყო უფრო. დღეს კი პატრული თუ აგვყრის ხოლმე ხანდახან, მაგრამ მეორე დღეს ქუჩა მაინც სავსეა. მთელი ზაფხულია არავის ავუწიოკებივართ, ალბათ არჩევნების გამო, ვერ გეტყვი. მე ბევრი არაფერი მესმის პოლიტიკის, მაგრამ ვინც ცხოვრებას გამიუმჯობესებს ხმასაც იმას მივცემ.“

ალეკო (პომიდვრის გამყიდველი): „მე ერთი დახლი ბაზარშიც მაქვს. იქ სოსისებს, ძეხვეულს, ზეთს და ასეთ რამეებს ვყიდი. დღეში 5 ლარს ვიხდი. აქ კი არავინ გვაწუხებს და ასე ვთქვათ, ბიზნესს ვაფართოვებ. პატრული გვყრის ხოლმე, მაგრამ იშვიათად. თუ ჩამოიარეს მივრბივარ ჩემი ურიკით დახლისკენ და იქ ვიმალები. წავლენ და ისევ ჩემ ადგილს ვუბრუნდები. არჩევნებზე არ ვიცი ვის მივემხრობი, მაგრამ ოცნებამ იმის საშუალება მომცა, რასაც მიშა არ მაძლევდა. თუმცა დაპირებები ვერ შეგვისრულა. სხვებზე კონკრეტულს ვერაფერს გეტყვი. თუ სამუშაო ადგილებს შექმნიან, ცხოვრება თვითონ გამოსწორდება. კაცს რომ სამსახური ექნება და სახელმწიფოზე არ იქნება დამოკიდებული, ის თვითონ მიხედავს თავს. დაეზღვევა კიდეც, გადასახადსაც გადაიხდის და ექიმსაც მიაკითხავს, თუ დასჭირდება.“

P.S. კომენტარებში მოყვანილი ტექსტი ბაზრის დიალექტს არ შეესაბამება.

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
09 თებერვალი 03:27 საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს განცხადება
08 თებერვალი, 2016 ქებათა ქება გარდაცვლილ ღმერთებს
15 დეკემბერი, 2015 ფსიქომანია
14 დეკემბერი, 2015 based on a true story - წარმატების ფორმულა საქართველოში
06 დეკემბერი, 2015 ნიკა რურუას ჯაზი
27 ნოემბერი, 2015 უკეთესად შენ თქვი
23 ნოემბერი, 2015 დახმარება შეძლებულებს … ღარიბების ხარჯზე
28 სექტემბერი, 2015 ორი რუსეთი - ორი საქართველო?!
28 სექტემბერი, 2015 ორი პოზიცია
20 ივლისი, 2015 დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა - პრობლემის გადაჭრისთვის აუცილებელია პოლიტიკური ნება