აჩრდილი
16 აპრილი, 2016
0
print

კახა ფაჩუაშვილი

ამ მოტყუებულ საქართველოში სტალინის აჩრდილი ისევ დაგელაობს. გორის თავზე მოუკალათებია. განწმენდა სურს პროლეტარიატის დიდ ბელადს და გორელებსაც ხატი შეუქმნიათ - უნდა ვილოცოთო.

ავანტიურისტული ომები - საქართველოში, შუა აზიაში, ფინეთსა და ბალტიისპირეთში. მილიონობით დახვრეტილი, თუ განადგურებული ადამიანი სტალინის ბანაკებში. თუ ეს კაცი წმინდანია, მაშინ სიწმინდე რა არის? მიკვირს საპატრიარქო ამაზე რატომ არაფერს ამბობს? თუ მხოლოდ „ლგბტ“-ის აქციებია მკრეხელობა ამ ქვეყანაში?

არგუმენტებიც რკინის შეურჩევიათ გორელებს - დიდი ქართველი იყო და ამიტომაც იმსახურებს ძეგლსო. სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ბევრი დიდი ქართველი მოღვაწეობდა უცხო ერების სასიკეთოდ, გნებავთ სულთნები, შაჰები, თუ ხალიფები, რომლებსაც ქართული სისხლი უჩქეფდათ ძარღვებში და საკუთარი ეპოქა შემქნეს ამ ქვეყნების ისტორიაში.

ჯონ-მალხაზ შალიკაშვილი კი საერთოდ ნატოს გაერთიანებული ჯარების მთავარსარდალი იყო. ანუ მსოფლიოს უძლიერესი არმიების სარდალი. ამაზე დიდი სამხედრო თანამდებობა კი თანამედროვე მსოფლიოში არ არსებობს.

ჰოდა, გორელების ლოგიკას თუ მივყვებით, მაშინ, რატომ მაინცდამაინც სტალინის? ყველა ამ მოღვაწის ძეგლი უნდა დავდგათ საქართველოში. გორი სამუზეუმო ქალაქად ვაქციოთ და მივყვეთ ლოგიკურად.

მაგალითად, ქალაქის აღმოსავლეთით შაჰ-აბას პირველის ძეგლი დავდგათ. მას ბებია ჰყავდა ქართველი და თავისი მასშტაბებით, ირანისთვის იმავე დონის ფიგურა იყო, როგორც ჩვენთვის დავით აღმაშენებელია (თუ შაჰმა 4-ჯერ ააოხრა ქართლ-კახეთი, სტალინმა სრულიად საქართველოს ანექსია მოახდინა).

ქალაქის ჩრდილოეთით პუტინის ძეგლს დავუდოთ დასაბამი. ამბობენ, ის საქართველოში გაიზარდა და აქ შეიძინა თვისებები, რომლითაც ახლა მოდერნიზებული საბჭოთა კავშირის აღდგენას ცდილობს. პატივსაცემი კაცია. თანაც, მას თურმე ჩვენი ქვეყნის მხოლოდ 20 პროცენტის ოკუპაცია მოუხდენია, დანარჩენი ტერიტორიების უბედურება კი ამერიკელების კისერზე ყოფილა. პუტინის ძეგლის გვერდით, ცხინვალის მხარეს პრიმაკოვის, ივანოვისა და ლავროვის ძეგლუკებიც შეგვიძლია დავდგათ. მოუხდებიან ერთმანეთს. ისინიც ხომ საქართველოში დაიბადნენ და მათი დავიწყება დიდი უმადურობა იქნებოდა (მადლიერი შთამომავლობა არ გვაპატიებს).

ქალაქის სამხრეთი ნაწილი სტალინის დიდი ძეგლით შევამკოთ. სიმბოლური იქნება. პირდაპირ ვლადიმირ ვლადიმიროვიჩს გახედავს. იმ პუტინს, ვინც ცდილობს დიდი ბელადის საქმის ღირსეული გამგრძელებელი გახდეს.

დასავლეთით კი ჯონ-მალხაზ შალიკაშვილის ბიუსტიც გავხსნათ. უხერხულია მაინც. ისიც ქართველი იყო, თანაც მის ცივილურ დასავლეთს ჩვენი ქვეყნის 80 პროცენტი ჰქონია ოკუპირებული.

ქალაქის შუაგული კი შეგვიძლია იმ ქართველი სულთნების, თუ ხალიფების მონუმენტებით მოვფინოთ, ვინც თავის დროზე დიდი წვლილი შეიტანა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების განვითარებაში.

და გახდება გორი ვით ახალი იერუსალიმი - მსოფლიო ხალხთა კულტურის კერა. აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაგასაყარი, თანამედროვე სამყაროს ცისქვეშეთი. მერე კი, თოფაძის თქმის არ იყოს, ზოგს შეუძლია სტალინის პორტრეტი ჩამოიკიდოს, ზოგს პუტინის და ზოგს შაჰ-აბასისა - „ავშენდებით!!!“

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
19 სექტემბერი, 2016 არჩევნებზე, როგორც ზოოპარკში
16 სექტემბერი, 2016 ეს მართლა ჩვენ გვეხება!
11 თებერვალი, 2016 ”თვალები გაქვთ და ვერ ხედავთ, ყურები გაქვთ და არ გესმით!..”
01 თებერვალი, 2016 გიგი უგულავას ბლოგი
04 დეკემბერი, 2015 ელდარ რიაზანოვის უკანასკნელი დუბლი
25 სექტემბერი, 2015 “ღმერთმანი, რაღაც ჯოჯოხეთში მოვხვდი“
18 სექტემბერი, 2015 ”ქართული ოცნება” და გიგი უგულავა განაჩენის მოლოდინში
17 აგვისტო, 2015 როცა შეცდომებზე ვერ/არ სწავლობენ
12 აგვისტო, 2015 გიგი უგულავას ბლოგი
21 ივლისი, 2015 გიგი უგულავას ბლოგი