"ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
23 მარტი, 2016
0
print

ია მერკვილაძე, ნიუ იორკი, აშშ

წელს "მეტროპოლიტენ ოპერის" ზამთრის სეზონის განსაკუთრებულ მოვლენას "ჯამბაზების" 721–ე დადგმა წარმოადგენდა. თუნდაც იმიტომ, რომ ერთად სცენაზე მსოფლიოში სახელგანთქმული ორი მომღერალი, ორი მეგობარი – იტალიელი ტენორი რობერტო ალანია და ქართველი ბარიტონი გიორგი გაგნიძე – მღეროდა. წარმოდგენაში, რომლის რეჟისორი შოტლანდიელი დეივიდ მაკვიკარია, ორი სპექტაკლი – პიეტრო მასკანის "სოფლის პატიოსნება" და რუჯერო ლეონკავალოს "ჯამბაზები" გაერთიანდა. შარშან ქართველი მომღერალი ერთ დადგმად წარდენილ ამ ორ ოპერაში მონაწილეობდა, წელს კი გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მხოლოდ "ჯამბაზებში" ემღერა. ეს არაა ამ ორი მეგობარი ხელოვანის პირველი ერთობლივი ნამუშევარი. 2010 წელს პარიზში რიკარდო ცანდონაის ოპერა "ფრანჩესკა და რიმინი" დაიდგა, რომლის დროსაც ისინი დამეგობრდნენ. თუმცა "შუალედში", 2014 წელს ფრანგულმა ტელეარხმა "ფრანს 2" პოპულარულ მუსიკალურ გადაცემაში რობერტოსა და გიორგის დუეტი აჩვენა. ტენორმა და ბარიტონმა სერენადა "და მე მთვარის შუქზე" (A la Luz de la Luna) იმღერეს.

რობერტო ალანიამ მომითხრო თუ როგორ აღმოჩნდა გიორგი "მთვარიანი ღამის სერენადის" შემსრულებელი: "პარიზში მე და ჯორჯიო (ასე ვეძახი გიორგის) "ტოსკაში" ვმღეროდით. ერთ დღეს ტელეგადაცემაში მიმიწვიეს, რათა ჩემს ცოლთან, სოპრანო ალექსანდრა კურზაკთან ერთად "და მე მთვარის შუქზე" შემესრულებინა. მე და ჩემს მეუღლეს ეს ესპანური სიმღერა "სიდიზე" გვაქვს ჩაწერილი. თუმცა, როგორც წესი, A la Luz de la Luna ბარიტონთან ერთად იმღერება. მაგალითად, როგორც ამას ტენორი ენრიკო კარუზო და ბარიტონი ემილიო დე გოგორზა ანდა ტენორი ტიტო სკიპა და გოგორზა ასრულებდნენ. იმ მომენტისთვის ალექსანდრა არ იყო თავისუფალი და გადაცემის წამყვანებს ვუთხარი, რომ მე და გაგნიძე ვიმღერებთ–მეთქი. დავურეკე ჯორჯიოს და ვკითხე: "გინდა ერთად ვიმღეროთ – მეთქი?" დამთანხმდა, ოღონდ სიმღერა უნდა მასწავლოო. რამდენიმე დღეში ისწავლა კიდეც. ძალიან თბილი, ხალისიანი გადაცემა გამოვიდა, ჯორჯიო ბედნიერი იყო. იგი ერთ ღამეში ცნობილი ადამიანი გახდა, რადგანაც ამ გადაცემას მილიონობით მაყურებელი ჰყავს. ამ დუეტიდან ჩანს ჩვენი თბილი მეგობრობაც და ისიც, თუ სცენაზე ერთმანეთს როგორი მხარდამჭერები ვართ. ჯორჯიო მარტო მეგობარი არაა ჩემი, ჯორჯიო ძმასავით მიყვარს. ძალიან ბუნებრივი, კარგი, მგრძნობიარე, თბილი ადამიანია და რასაც აკეთებს, ყველაფერს – გულით. როცა სცენაზე ერთად ვართ, თანამშრომლობა ძალიან კარგად გამოგვდის, სცენის გარეთ კი ყოველთვის ქართულ რესტორანში მეპატიჟება და არა მარტო რესტორანში, არამედ – საქართველოშიც. ადვილი სულაც არაა ასეთი ნამდვილი მეგობარი და კარგი კოლეგა იპოვო, თანაც ისეთი, რომელიც მხოლოდ ბიზნესზე ანდა კარიერაზე არ ფიქრობს. ჯორჯიო კარგი პიროვნებაა და როცა მას ვუყურებ, მის უკან საქართველოს კულტურას ვხედავ. რაც შეეხება მის ხმას: მხოლოდ ერთს ვიტყვი. ჯორჯიოს იშვიათი ხმა აქვს."

"რობერტო ალანია ჩემთვის (ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ იგი ჩემი მეგობარია) გამორჩეულად ნათელი პიროვნება და დიდი მომღერალია. – ამობს გიორგი გაგნიძე. – იგი არაჩეულებრივად თბილი ტენორის პატრონია, მსოფლიო მნიშვნელობის ხმაა და ეს არ არის მხოლოდ ჩემი პირადი აზრი. რობერტო ძალიან კარგი მეგობარია, არაა მლიქვნელი ადამიანი და სცენაზეც შესანიშნავია პარტნიორია. გული მწყდება, რომ დროის სიმცირის გამო საქართველოში ვერ ჩამოვიდა".

***

ლეონკავალომ "ჯამბაზები", რომლის პრემიერა 1892 წელს მილანში, "ლა სკალაში" შედგა და რომელსაც არტურო ტოსკანინი დირიჟორობდა, კომპოზიტორმა "სოფლის პატიოსნების" შთაგონებით დაწერა. ტონიოს როლს, რომელსაც დღეს გიორგი გაგნიძე მღეროდა, თითქმის ასოცდაათი წლის წინათ ფრანგი ბარიტონი ვიქტორ მორელი ასრულებდა. ერთი წლის თავზე კი დადგმა, რომლის ლიბრეტოს ავტორი თავად ლეონკავალო იყო, ამერიკელმა მსმენელმაც იხილა. ოპერაში, რომელიც ცნობილია თავისი არიით «Recitar/Vesti la giubba» (გამოსვლის დროა. კოსტუმების ჩაცმის დროა) მღეროდნენ ბენიამინო ჯილი და მარიო დელ მონაკო, ფრანკო კორელი და ლუჩიანო პავაროტი, ადელინა შტელე და ნელი მელბა, ტერეზა სტრატასი და დიანა სოვიერო; ენრიკო კარუზომ "ჯამბაზებში" კანიოს არიები ასჯერ შეასრულა და იგი საოპერო ისტორიაშიც კანიოს "ბრენდით" შევიდა. ცნობილია ოპერის არაერთი ეკრანიზაციაც, მათ შორის, რეჟისორ მარიო კოსტას "ჯამბაზები" (1948), რომელშიც სამი მამაკაცის სიყვარულს – ნედას ჯინა ლოლობრიჯიდა (ვოკალი – ონელია ფინესკი) თამაშობს, ხოლო ტონიოს – ტიტო გობი. "მეტოპერა" იყო პირველი თეატრი, რომელმაც 1893 წელს "სოფლის პატიოსნება" და "ჯამბაზები" (Cavaleria Rusticana/Pagliacci. შემოკლებით Cav/Pag) ერთად წარადგინა. მოგვიანებით კი ამგვარი კომბინაცია ერთგვარი საოპერო სტანდარტიც კი გახდა. 1970 წელს ფრანკო ძეფირელის რეჟისურით დადგმულ "სოფლის პატიოსნებასა" და "ჯამბაზებს" ლეონარდ ბერნსტაინი დირიჟორობდა.

***

"ჯამბაზების" ორკესტრირების (დირიჟორი ფაბიო ლუიზი) შესავლის დაწყებისთანავე, ჩამოშვებული ფარდის წინ კომედიური პერსონაჟის - ტონიოს გამოჩენამ, გიორგი გაგნიძის ჭრელა–ჭრულა ტანსაცმელმა, მასხარას გრიმმა და იუმორისტული მიზანსცენის ორმა მსახიობმა "სოფლის პატიოსნების" შავი, ძაძებით შემოსილი, ტრაგიკული სცენების შემდეგ ერთგვარი მაცოცხლებელი დისონანსი შემოიტანა. ლიბრეტოს მიხედვით ტონიო გვიყვება იმაზე, თუ როგორ დაიწერა ეს ოპერა; რომ მსახიობებს ისეთივე გრძნობები, ვნებები აქვთ, როგორიც სხვა დანარჩენებს... სიცილიის ერთი სოფლის ერთი ოჯახის ეპიზოდები ამჯერად ნახევარი საუკუნის მოგვიანებით თამაშდება: მეორე მსოფლიო ომის შემდგომი იტალია, პროვინციული ნეორეალიზმი; ისევ სიყვარული, სექსი, ღალატი, ვნება, ეჭვიანობა, სასოწარკვეთა, სასიყვარულო სამკუთხედი, სიძულვილი და მკვლელობა.

სატვირთო მანქანის საბარგულზე დადგმული კომედია, რომელიც ფარსსა და რეალობას შორის მერყეობს, ომისშემდგომი იტალიის რემინისცენციაა. დეკორატორის რეი სმითისა და კოსტუმების დიზაინერის მორის ჯანგლის ნამუშევრები ინტონაციურად მაშინდელი "სოფლის ორღობის" ჩანახატებს აღწერს. პირველი სპექტაკლის ("სოფლის პატიოსნება") გაწელილი სცენები და კლიშეებისგან ვერდაცლილი ანტურაჟი უფრო ცოცხალ, ეროტიკულ "ჯამბაზეში" მდორედ გადადის; იქ, სადაც დრო და მოქმედება უფრო შემჭიდროვებულია და რომელსაც სიცილიელი ტონიოს ტრაგიკული La Commedia è Finita აგვირგვინებს. მსმენელი უყურებს პროფესიონალ მასხარებსა და სოფლის მაცხოვრებლებს; ისენი კი თავის მხრივ, სატვირთოს მანქანის "სცენაზე" გათამაშებული ტრაგიკომედიის აუდიტორიაა.

– რატომ გადაწყვიტეთ მხოლოდ "ჯამბაზებში" გემღერათ? ამ დადგმაში რა იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი? – ვკითხე გიორგი გაგნიძეს.

– "სოფლის პატიოსნებასა" და "ჯამბაზებში" ორი ფსიქოლოგიურად, სტილისტურად განსხვავებული როლი უნდა შემესრულებინა. მარტივი არ იყო დროის მცირედ მონაკვეთში მეორე როლზე სწრაფი გადართვა და თან ვოკალისა და არტისტიზმის იმ დონის შენარჩუნება, რომელსაც შეჩვეული ვარ. რაც შეეხება "ჯამბაზებს": ფრანკო ძეფირელი, როცა თავის სპექტაკლებს დგამს, მათ შორის, ლეონკავალოს ამ ოპერასაც, ყოველთვის ცდილობს, რომ სცენაზე ეპოქის მახასიათებელი ბევრი ელემენტი შემოიტანოს; იგი ეპოქას მისდევს, რაც, მართლაც, კარგად გამოსდის. სცენები ლამაზი და საინტერესოა. ისეთი თანამედროვე რეჟისორები კი, რომლებსაც შეუძლიათ ოპერის არსი მსმენელამდე ჯეროვნად მიიტანონ, არც ისე ბევრია. მითუმეტეს, როცა სცენები ისტორიულ ეპიზოდებს ეხება.

– კრიტიკა ძეფირელის სცენებს ხშირად პომპეზურსა და კიჩურს უწოდებს . . .

– ვერავინ იტყვის, რომ ოპერას სიმდიდრე არ უხდება. ოპერაში არაფერია გადაჭარბებული. მითუმეტეს, სასცენო გარემოს შემქმნელი დეკორაციები. მაგრამ დღეს ცხოვრება შეიცვალა და რეჟისორს თანადეროვე ადამიანის გემოვნება სხვაგვარ გამოწვევბს უსახავს. ასი თუ მეტიწლისწინანდელ ეპოქაში ოპერას კონკურენტი არ ჰყავდა, ახლა კი კლასიკა, ცხადია, კლასიკად რჩება, მაგრამ ოპერას მაყურებელი აკლდება, რადგანაც გარშემო უამრავი როკ – ვარსკვლავი და მუსიკალური შოუა. "ჯამბაზების" ორივე რეჟისორი, ძეფირელიცა და მაკვიკარიც მომწონს, ორივეს დადგმაში მიმღერია და მათ ერთმანეთს არ ვადარებ. თანამედროვე დადგმები მინიმალისტური დეკორაციებითა და ასეთივე კოსტუმებით შემოიფარგლება. თუმცა ერთი რამ ცხადია: ოპერის გათანამედროვება რთულია და თან ისიც უნდა გაითვალისწინო, რომ მთელი დარბაზი, მსმენელი თეატრში იმ დონეზე მუსიკალურად გათვითცნობიერებული ვერ იქნება, რომ კარგად გაიგოს თუ რა ხდება რეალურად. ამიტომაც საჭიროა ძალიან კარგი დადგმა; ისეთი. რომელიც ყველასთვის საინტერესო იქნება. საოპერო სცენები ვერ დაიკვეხნის ძალიან კარგი დადგმებით, ბევრი უბრალოდ უგემოვნო კიჩია და მხოლოდ იმისთვისაა შექმნილი, რომ თვალი გადაღალოს. ოპერა კი სინთეზური ხელოვნებაა და მისი არასინთეზურობა თვალში საცემია ხოლმე....

– რახან საოპერო მომღერალს სრულყოფილი სამსახიობო პროფესიონალიზმი არ მოეთხოვება, იყო თუ არა შემთხვევები, როცა რეჟისორი რომელიმე კინომსახიობის როლის მორგებას გთავაზობდათ?

– არიან ასეთი რეჟისორებიცა და მომღერლებიც, მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს არასწორი მიდგომაა. ვისთანაც მიმუშავია, ამგვარი რამ არავის შემოუთავაზებია. თუმცა "ტოსკაზე" მუშაობისას რეჟისორმა ლუკ ბონდმა მიმითითა, რომ სკარპია დიქტატორის სახასიათო ინტონაციით (მაგალითად, ლავრენტი ბერიას იმიჯით) უნდა შემესრულებინა და ეს მართლაც სასარგებლო რჩევა იყო.

ia merkviladze
სხვა სიახლეები
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
15 სექტემბერი, 2015 APPARAT-ის ახალი ლაივითბილისს! Save the date...
30 აგვისტო, 2015 SCORPIONS დელუქს-გამოცემებში