რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016
253
print

გიორგი ფაჩუაშვილი

„ისლამური სახელმწიფო“ ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელსაც შუა საუკუნეების არაბეთის სახალიფოს ტერიტორიებზე აქვს პრეტენზია. „ისლამური სახელმწიფო“ ოფიციალურად 2014 წლის 29 ივნისს გაფორმდა. ის გაერომ არ ცნო და კანონგარეშე ორგანიზაციად გამოაცხადა. ერაყისა და სირიის „ისლამური სახელმწიფო“ სამხედრო ორგანიზაციად მიიჩნევა, მაგრამ „სახელმწიფომ“ ადმინისტრაციული წინსვლა განახორციელა. ორგანიზაციას სათავეში ხალიფა აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადი უდგას. მისი დედაქალაქი მოსულია. ხალიფას ორი მოადგილე ჰყავს, ერთი სირიაში, მეორე ერაყში. ტერიტორია დაიყო 24 ვილაიეთად (სამმართველოდ). 12 სირიაში, 12 ერაყში. დაარსდა „შურას საბჭო“, რომელიც პარლამენტის ფუნქციას ასრულებს. გამოიყო 7 საბჭო (ფინანსთა, სამმართველო, სამხედრო, საკანონმდებლო, სამედიცინო, უშიშროების და საინფორმაციო), რომლებიც სამინისტროების უფლებით არიან აღჭურვილნი. ჩამოყალიბდა სასამართლო ხელისუფლება. აღმასრულებელ ხელისუფლებას „ალ იმარა“ ეწოდა.

სამხედრო თვალსაზრისით „ისლამური სახელმწიფო“ ძლიერია. ოფიციალური მონაცემებით ორგანიზაციის არმია 80 000 მეომარს აერთიანებს, რომელთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. არმიას მოხალისეთა ტალღა ავსებს. მათი ძირითადი აღჭურვილობა ერაყელების მიერ დატოვებულ არსენალს შეადგენს. დაარსებისთანავე ორგანიზაციამ სირიის 40 და ერაყის 60 პროცენტი მიითვისა. ამის მიუხედავად, „ისლამური სახელმწიფო“ ტერიტორიებს ყოველდღიურად კარგავს. ორგანიზაციამ ქალაქ ბაღდადის აღება ვერ შეძლო და მის მფლობელობაში მყოფი ერაყის ტერიტორიის 40% დაკარგა.

ორგანიზაციაში სამედიცინო დახმარებით ძირითადად მეომრები სარგებლობენ. ამ სფეროში რეფორმა გატარდა. სავაქცინაციო პროგრამა გაძლიერდა. ვაქცინის სწრაფად მიწოდების მიზნით, ექიმები მოტოციკლებით აღჭურვეს.

უშიშროების საბჭო ტერორისტული აქტების მოწყობას უწყობს ხელს. ის სხვადასხვა ქვეყნებში მივლენილ დივერსიულ ჯგუფებს აკონტროლებს.

ეკონომიკური თვალსაზრისით „ისლამური სახელმწიფო“ მზარდად ვითარდება. ერაყის უშიშროების ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს“ ბიუჯეტი 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ხელისუფლებაში მოსვლამდეც კი, ორგანიზაცია საკმაოდ მდიდარი იყო. 2014 წელს მათი ბიუჯეტი 875 მილიონ დოლარს შეადგენდა. ფულის დიდი ნაწილი გამოძალვის შედეგად არის ნაშოვნი. „ისლამურმა სახემწიფომ“ თავის ტერიტორიაზე მყოფი ყველა ბანკი გაძარცვა. ამერიკის შეერთებული შტატების ინფორმაციით, ამის შედეგად ორგანიზაციამ მილიარდი დოლარი იშოვა. მხოლოდ მოსულის ბანკიდან ნაძარცვი, 400 მილიონ დოლარს უდრიდა. „ისლამურ სახელმწიფოს“ ხელში ერაყელთა ნავთობჭაბურღლები ჩაუვარდა. 2014 წელს ორგანიზაცია 50 000 ბარელს აწარმოებდა. დღემდე ეს მაჩვენებელი კრიტიკულად შემცირდა და ამჟამად, 34 000-დან 20 000-მდე ჩამოვიდა. ეს, იმიტომ რომ კოალიცია განუწყვეტლივ ბომბავს საწარმოებს. ამ წლის განმავლობაში „ისლამურმა სახელმწიფომ“ 187 ნავთობმომპოვებელი პუნქტი დაკარგა. საინტერესოა, თუ როგორ ახერხებს ორგანიზაცია ნავთობის ბაზარზე გატანას? პასუხი მარტივია, თურქული შავი ბაზრით. თურქეთის საზღვარზე ჩუმად ხდება სურსათის გადატანა. პარადოქსია, რომ ყველაზე დიდი რაოდენობით ნავთობს „ისლამური სახელმწიფოსგან“ მისი მოსისხლე მტერი, სირია ყიდულობს. ომიანობის დროს მათ შორის ვაჭრობა მაინც ძალაშია. გამოდის, რომ სირია მტერს ამდიდრებს. საინტერესო ფაქტია, სირიისა და ერაყის მთავრობა „ისლამური სახელმწიფოს“ მოქალაქეებს ხელფასს თავად უხდის, რადგან მოსახლეობა მათ ოფიციალურ ტერიტორიაზე არის მოქცეული. „ისლამური სახელმწიფოს მოქალაქეებს“ დიდი გადასახადები აქვთ დაწესებული, რომელიც ზაქატის გადასახადის სახელით არის ცნობილი. ის მოქალაქის შემოსავლის 10%-ს იღებს და ბანკიდან კრედიტის აღების შემთხვევაში სესხის მეათედი მთავრობას ერიცხება. წყლის, ელექტროენერგიის და ტელეფონის მოხმარებაზე ცალკე გადასახადებია. „ისლამურ სახელმწიფოში“ დაწესდა ჯიზიას გადასახადი. ეს ტარიფი მხოლოდ ქრისტიანებს ეკისრებათ რელიგიის შესანარჩუნებლად. „თუ ამ შეთავაზებაზე უარს იტყვიან, მაშინ ხმლის მეტს არაფერს მიიღებენ.“ - განაცხადა „ისლამური სახელმწიფოს“ მთავრობამ. ჯიზიას გადასახდელად 2500 დოლარია საჭირო. ორგანიზაციას ტერორისტი ბიზნესმენებიც აფინანსებენ. თუმცა, დონორებზე დაწესებულმა სანქციებმა „ისლამურ სახელმწიფოს“ სერიოზული დარტყმა მიაყენა. ორგანიზაციის უმსხვილესი პრობლემა გადასახადებია. ყოველდღიურად „სახელმწიფოდან“ უამრავი მოქალაქე გარბის, რაც შემოსავალს ამცირებს. იზოლაცია ეკონომიკის განვითარებას სერიოზულად აფერხებს. „ისლამურ სახელმწიფოს“ ხომ სხვა ქვეყნებთან ვაჭრობა არ შეუძლია.

არსებობის მანძილზე „ისლამური სახელმწიფო“ ბიუროკრატიულ ადმინისტრაციად ჩამოყალიბდა, მაგრამ კოლაფსის პირას არის. 2 მილიარდი დოლარი 5 მილიონ მოსახლეს არ ყოფნის. ორგანიზაციას ყველა წამყვან სახელმწიფოსთან აქვს გაჩაღებული ომი, რომელშიც მარცხდება. 

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს
20 თებერვალი, 2016 დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი შეთანხმდნენ