ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე უპირატესობას გოს თამაშში ავლენს
09 მარტი, 2016
541
print

გიგა გურასაშვილი

ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები ძალას რომ იკრებს, ამის მორიგი და უფრო თვალსაჩინო მაგალითად თუ დასტურად შეგვიძლია მოვიშველიოთ კომპანია DeepMind–ის მეცნიერთა ჯგუფის მიერ შექმნილი კომპიუტერული პროგრამა AlphaGo. მისი უნიკალურობა იმაშია, რომ გოს პროფესიონალ მოთამაშეს ამარცხებს. მეტი შთაბეჭდილებისთვის დავძენთ, რომ იანვრის ბოლოს ამავე პროგრამამ ევროპის სამგზის ჩემპიონს ფან ხუეიას ხუთმატჩიანი დაპირისპირება მშრალად მოუგო, დღეს კი დაპირისპირებათა მორიგ სერიაში ერთ–ერთ უძლიერეს მოთამაშეს 9 დანის მფლობელ (გოს მოთამაშეთა შორის მიღებული კლასიფიკაციაა) და ტიტულების მხრივ მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერ კორეელ ლი სედოლს გაუმკლავდა.

DeepMind–ის თანამშრომელთა სიტყვებით, AlphaGo–ს პროგრამამ, მიუხედავად დაშვებული პატარა შეცდომებისა, ჩემპიონს დამაჯერებლად მოუგო.

კორეელ დიდოსტატს ხელოვნურ ინტელექტთან რევანშის აღების საშუალება ხვალაც ექნება, ზეგაც, მაზეგაც და საერთოდ, 13 მარტის ჩათვლით ყოველდღიურად – დღეში ერთხელ. იმ შემთხვევაში თუ კორეელი პარტიათა უმეტესობას მოიგებს, კომპანია Google, რომლის დაქვემდებარებაშიც შედის DeepMind, მას ერთ მილიონ დოლარს გადაუხდის, ხოლო თუ წარმატება AlphaGo–ს დარჩება, მაშინ აღნიშნული თანხა ქველმოქმედებაში დაიხარჯება.

მატჩამდელ პრესკონფერენციაზე სედოლი აღნიშნავდა, რომ პროგრამასთან თამაშის საშუალების მიცემით გაკვირვებული იყო, რადგან არ ელოდა თუ კომპიუტერი უახლოეს ათ წელიწადში პროფესიული მოთამაშის დონეს მიაღწევდა. ამასთან, საკუთარ შესაძლებლობებშიც ბოლომდე დარწმუნებულიც არ ჩანდა, რადგან დარწმუნებული არ იყო თუ ხელოვნურ ინტელექტს მშრალად მოუგებდა.

საუბარია უძველეს ჩინურ სამაგიდო ლოგიკურ თამაშზე, რომელიც ხელოვნური ინტელექტისთვის დღემდე „კერკეტ კაკლად“ მიიჩნეოდა დაფის დიდი ზომისა და სვლების პროგნოზირების მხრივ. თუ უფრო ჩავუღრმავდებით, თამაშის მიზანი შესაბამისი ქვებით სათამაშო მოედნის, ამ შემთხვევაში კი დაფის დიდი ფართობის დაკავებაშია. თუ შავი ქვით თამაშობთ, უნდა შეეცადოთ, რომ დაფაზე თქვენივე ქვებით მოწინააღმდეგეზე დიდი ტერიტორია აითვისოთ. მიუხედავად იმისა, რომ წესები ძალზე მარტივია, შესაძლო პოზიციების რაოდენობითა და პარტიებით, თამაში ჭადრაკს აჭარბებს. ამიტომაც, დღემდე ეს უძველესი ჩინური თამაში ხელოვნური ინტელექტისთვის ნამდვილ გამოწვევას წარმოადგენდა. დღემდე მიიჩნეოდა ისიც, რომ მაღალი გამოთვლითი სიმძლავრის მქონე კომპიუტერს პროფესიონალ მოთამაშესთან თანასწორად თამაშის უნარი არ შესწევდა. ამის ერთ–ერთი მიზეზად სახელდებოდა ისიც, რომ გოს დაფაზე დასაშვებ კომბინაციათა ზუსტი რიცხვი ხილულ სამყაროში ატომების რიცხვს აჭარბებდა.

ფაქტია, დღემდე საუკეთესო პროგრამები მხოლოდ მოყვარულის დონეს აკმაყოფილებდა.

ერთი სიტყვით,  წინამორბედებთან შედარებით მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ შექმნილი პროგრამის AlphaGo განსაკუთრებულობა ისაა, რომ მუდმივად ვითარდება, სხვადასხვა პარტიებიდან მიღებული ინფორმაციებზე დაყრდნობით სწავლობს, ასევე აანალიზებს და ხვეწს საკუთარ თამაშს და მუდმივად ვითარდება.

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
15 თებერვალი 18:04 ქარის ენერგიით ჰოლანდიურ ლიანდაგებზე
13 სექტემბერი, 2016 ხელოვნური ინტელექტი რასიზმსა და ნეონაცისტურ შეხედულებებში დაადანაშაულეს
25 თებერვალი, 2016 ნასამ მთვარეზე დაჭერილ უჩვეულო ხმებს ფარდა ახადა
10 თებერვალი, 2016 აშშ–ის საპრეზიდენტო მარათონს ახალი კანდიდატი ჰყავს – სუპერკომპიუტერი
08 თებერვალი, 2016 არამიწიერ ცივილიზაციათა დუმილი
02 თებერვალი, 2016 ილონ მასკის მარსზე გაფრენის გეგმა ნასას უსწრებს
27 იანვარი, 2016 კოსმოსურმა ნაგავმა შესაძლოა პოლიტიკური კრიზისი წარმოშვას
15 დეკემბერი, 2015 მასკისთვის მარსისკენ მიმავალ გზაზე დამაბრკოლებელი გარემოება მესამე მსოფლიო ომის შესაძლო დაწყებაშია
02 დეკემბერი, 2015 მარკ ცუკერბერგი "ფეისბუქის" აქციათა 99 პროცენტს ქველმოქმედებას მოახმარს
09 ოქტომბერი, 2015 ილონ მასკი მარსის ათვისებას მის პოლუსებზე წყალბადის ბომბის აფეთქებაში ხედავს