"ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
15 თებერვალი, 2016
621
print

ია მერკვილაძე, ნიუ იორკი, აშშ

ამას წინათ ნიუ იორკში მოღვაწე კამერული მუსიკის ორკესტრმა "ორფეუსი" (1972), რომლის ანგარიშზე სამოცდაათზე მეტი ალბომია, "კარნეგი ჰოლში" ქართველ პიანისტ ხათია ბუნიათიშვილთან ერთად კონცერტი გამართა. "გრემის" მფლობელი გუნდი იმითაა ცნობილი, რომ მას დირიჟორი არა ჰყავს, ხოლო დაარსება იმ ახალაგაზრდა მუსიკოსების ინიციატივას უკავშირდება, რომლებსაც კამერული მუსიკის სიყვარული აერთიანებდათ. "ორფეუსთან", რომელიც თავისი რეპერტუარის მრვალფეროვნებითაა ცნობილი, თანამშრომლობდნენ ფაზილ საი, პიტერ სერკინი, გიდონ კრემერი, მარიო დავიდოვსკი, რადუ ლუპუ, იო იო მა, გიუნტერ შულერი, ალისია დე ლაროჩა, ჰორაციო გუტიერესი, რენე ფლემინგი და პიტერ შრეიერი. ორკესტრის ძირითად შემადგენლობაში ოცდაათი მუსიკოსია, რომლებიც ასწავლიან ჯულიარდში, მანჰეტენის სამუსიკო სკოლაში, ნიუ ინგლენდის კონსერვატორიაში, მონტკლეირის, კოლუმბიისა და იელის უნივერსიტეტებში. "ორფეუსის" საბრენდო ნიშანია ე.წ. ორფეუსის პროცესი – ორკესტრის ფუნქციონირების ორიგინალური მეთოდი, რომელიც ამგვარი გაერთიანებისთვის უჩვეულო პრინციპს – დემოკრატიას ეფუძნება. Orpheus Chamber Orchestra, ალბათ, ბევრ ახალგზარდა მუსიკოსს სწორედ ამიტომაც იზიდავს. გარდა ამისა, ორკესტრს აქვს საგანმანათლებლო და თანამშრომლობაზე ორიენტირებული ორი პროგრამა – "ორფეუსის ხელმისაწვდომობა" და "ორფეუსის ინსტიტუტი". პირველი ნიუ იორკის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ორკესტრისა და მუსიკის შექმნის პროცესს აზიარებს. ამგვარი პროგრამის შექმნის მიზეზი კი ისაა, რომ ბევრ საჯარო სკოლაში საკმარისი რაოდენობით ხელოვნების მასწავლებლები არა ჰყავთ. გარდა ამისა, ბავშვებს რეპეტიციის გარდა შეუძლიათ უფასოდ "კარნეგი ჰოლის" კონცერტებსაც დაესწრონ. "ორფეუსის ინსტიტუტის" ფარგლებში კი ორკესტრის მუსიკოსებს შეუძლიათ თავად შეარჩიონ კოლეჯი, უნივერსიტეტი, კონსერვატორია თუ სხვა ბიზნესი, სადაც მომავლის ლიდერებთან იმუშავებენ. კორპორატიული მოსამსახურეები და სტუდენტები "ორფეუსისგან" სწავლობენ შემოქმედებითი პროცესის არსს, პერფორმანსის პრაქტიკებს და კომუნიკაციურ უნარ–ჩვევებს, პრობლემების გადაწყვეტასა და ლიდერობის მეთოდებს. გარდა ამისა, Orpheus Chamber Orchestra–ს ჰყავს "მთავრი მუსიკოსი", რომელიც აირჩევა ორკესტრის წევრებისგან, რათა ამა თუ იმ კომპოზიციის შესრულებას წარუძღვეს, სხვა მუსიკოსებთან ერთად დაგეგმოს რეპეტიცია და ნაწარმოების ინტერპრეტაციის სტილი. ის ერთგვარი კოორდინატორია, რომელიც მართავს რეპეტიციის პროცესს და ორკესტრის წევრებს ახალ იდეებს წარუდგენს.

"სტერნ აუდიტორიაში" ხატია ბუნიათიშვილთან ერთად გამართულ კონცერტზე, "ორფეუსმა" შეასრულა ჰაიდნის, მოცარტის, არენსკის, ჩაიკოვსკის, რახმანინოვის ნაწარმოებები. კონცერტის პროგრამა გვამცნობს, რომ "კარნეგი ჰოლში" ბრიტანული ჩამწერი კომპანია "გრამაფონის" (1897) შეფასებით "დღევანდელობის ტექნიკურად ერთ–ერთი ყველაზე ნიჭიერი პიანისტის" ხატია ბუნიათიშვილისა და "ორფეუსის" დებიუტი შედგა, რომელზეც პიანისტი დაუკრავს ანტონ არენსკის ვარიაციებს მისი მასწავლებლის, პეტრე ჩაიკოვსკის ნაწარმოებების თემებზე და სერგეი რახმანინოვის "სუიტა N2"–ს, რომელიც შემსრულებლისგან გარდა ვიზრტუოზობისა, "ხელის სიძლიერეს" მოითხოვს.

***

ხატია ბუნიათიშვილი ამბობს, რომ მან "ორფეუსიდან" მოწვევა მიიღო და ისიც ამ შემოთავაზებას სიამოვნებით დათანხმდა. საგასტროლო პროგრამა ფლორიდით დაიწყო (უესტ პალმ ბიჩი, სარასოტა), შემდეგ გაგრძელდა ნიუ იორკის შტატში (ნიუ იორკი, ისტონი და ფურჩასი) და ამატებს, რომ საქართველოშიც აპირებს კონცერტების გამართვას.

– 2008 წელს შედგა ჩემი პირველი კონცერტი Carnegie-ს Zankel Hall-ში – ამბობს პიანისტი.– რამდენიმე წლის შემდეგ სოლო კონცერტით Carnegie-ს Weil Recital Hall-ში წარვსდექი, წელს კი შედგა ჩემი დებიუტი Carnegie-ს Stern Auditorium-ში, რომელიც ლეგენდარული დარბაზია არა მხოლოდ პოპულარობის, არამედ იმ განსაკუთრებული ატმოსფეროს გამო, რომელიც განპირობებულია ოკეანის გაღმა მხრიდან ემიგრანტების, თუ დროებით ჩამოსულების ჩამოტანილი ისტორიებით. თითოეულმა მუსიკოსმა შთაბერა საკუთარი სული, თითოეულმა ნაწილობრივ მაინც აისრულა ოცნება და საკუთარი ანაბეჭდი დატოვა.

– ამერიკელი მსმენელისგან როგორ უკუკავშირს გრძნობთ?

– ძალიან მიყვარს ამერიკა თავისი თავისუფალი ჰაერითა და ამერიკული ოცნების რეალურობით. ამერიკელი მაყურებელი ერთმანეთისგან საოცრად განსხვავებული ინდივიდებისგან შედგება, რაც მას გასაოცარ შარმს სძენს. ამა წლის თორმეტ დეკემბერს მე Carnegie-ს Zankel Hall-ში კვლავ დავბრუნდები, ოღონდ ამჯერად სოლო პროგრამით.

– ახალი ალბომის ჩაწერას ხომ არ აპირებთ?

– თებერვალში ევროპასა და აზიაში უკვე გამოვიდა ჩემი ახალი ალბომი "Kaleidoscope". ამერიკაში კი მარტში გამოდის. პროგრამაშია მუსორგსკის "სურათები გამოფენიდან", რაველის ვალსი და სტრავინსკის "პეტრუშკა". საერთო ამ ნაწარმოებებში კალეიდოსკოპის მეშვეობით გაფერადებული, რთული, კომპლექსური და ხშირ შემთხვევაში ტრაგიკული ფონია.

– როგორია პარიზი, სადაც თქვენ ცხოვრობთ, ტერაქტის შემდეგ?

– პარიზი ძალიან მიყვარს. ეს ქალაქი ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. ტერაქტის შემდეგ ცვლილებები, ბუნებრივია, იგრძნობა, მაგრამ ვერავინ შეძლებს წაართვას პარიზს და პარიზელებს სიცოცხლის სიყვარული.

ia merkviladze
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
15 სექტემბერი, 2015 APPARAT-ის ახალი ლაივითბილისს! Save the date...
30 აგვისტო, 2015 SCORPIONS დელუქს-გამოცემებში