სისხლისმღვრელი ბრძოლა ალეპოსთვის
08 თებერვალი, 2016
655
print

გიორგი ფაჩუაშვილი

მეხუთე წელია, რაც სირიის სამოქალაქო ომი დაიწყო. ბევრი სისხლისმღვრელი ბრძოლა მოხდა, მაგრამ ექსპერტების ვარაუდით ალეპოში ყველაზე დიდი ტრაგედია დატრიალდება. სირიის სამთავრობო ძალებმა ქალაქს ალყა უკვე შემოარტყეს. ჰაერიდან რუსეთის ავიაცია აგრძელებს ალეპოს განადგურებას. ოფიციალური მონაცემებით ქალაქში 320 000 ადამიანი ისევ ცხოვრობს. მოსახლეობის ეს ნაწილი არ აპირებს მშობლიური მიწა-წყლის დატოვებას. ზოგს არ აქვს საშუალება. CNN-ის ინფორმაციით, ერთმა სირიელმა მოქალაქემ თქვა: „ჩვენ საკუთარ სახლებში დავიხოცებით, რა საჭიროა გაქცევა და სხვაგან სიკვდილი.“

ომამდე ალეპო სირიის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი იყო, - 2 132 100 მოქალაქით. ეს უძველესი ქალაქი სირიის კომერციულ ცენტრად მიიჩნეოდა. უამრავი ტურისტით სავსე. ქალაქს ბევრი განსაცდელი გადაუტანია (მიწისძვრა 1138 წელს), მაგრამ დღევანდელი ომის მსგავსი არაფერი უნახავს.

ბაშარ ალ-ასადს ასეთი მასშტაბური შეტევის საშუალება ამ წლის განმავლობაში არ ჰქონია. სამთავრობო ძალები ძირითადად თავდაცვით ომს აწარმოებდნენ. თავიდან ამბოხებულები სასტიკად ამარცხებდნენ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს. ამის გამო, სექტემბრიდან რუსეთმა ახლო აღმოსავლეთში თავისი ბოლო საყრდენის დაცვა დაიწყო. მისი საჰაერო ძალების წყალობით ბევრი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. რუსეთის ფედერაციამ განაცხადა, თითქოს ავიაცია „ისლამური სახელმწიფოს“ დასაბომბად შეჰყავდა, მაგრამ მალე გამოჩნდა, რომ ამ ოპერაციას სულ სხვა მიზანი ჰქონდა. სამთავრობო ძალების მხარდამხარ ასევე იბრძვიან ირანელი მოხალისეები. ამ ომმა სამი მოკავშირე უფრო დააახლოვა. სწორედ ეს ფაქტორები მოქმედებენ ბაშარ ალ-ასადის პოზიციების გაძლიერებაზე.

„ქალაქი თუ დაეცემა, ამბოხებულთა ოცნებაც დასრულდება. ალეპოს დაკარგვა ბაშარ ალ-ასადის ტრაგიკული გამარჯვება იქნება“, - ამბობს სირიელი ექსპერტი ემილე ჰოკაიემი.

ომის ხელოვნების შემსწავლელი ინსტიტუტის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ალეპოს დაცემა ამბოხებულების მორალურ მდგომარეობას უკიდურესად დააკნინებს.

მეამბოხეების რამდენიმე დაჯგუფება ერთად შეიკრიბა ქალაქის დასაცავად. მათ შორის ყველაზე ძლიერი აჰრარ ალ შამის დანაყოფია. მისმა ლიდერმა CNN-თან საუბარში განაცხადა: “ჩვენ ყველა დანაყოფს შევკრებთ ... მანამდე ამბოხებულები ცალ-ცალკე იბრძოდნენ, მაგრამ ალეპოს ალყამ ყველა გაგვაერთიანა“. თუმცა, როგორც არ უნდა გაერთიანდნენ, სამწუხაროდ მათ რუსული ავიაციის და T-90 ტანკების განადგურება არ შეუძლიათ. ოპოზიციურ ძალებს მხოლოდ კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური იარაღი და ხელყუმბარები აქვთ. მათივე განცხადებით, ისინი ღვთის შეწევნის იმედად არიან. ხუთი წლის განმავლობაში ამბოხებულებმა ბევრი მეთაური დაკარგეს. გასულ კვირას ირანელმა მოხალისეებმა დაიკავეს კორიდორი, რომელიც ალეპოს თურქეთთან აკავშირებდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალაქი გარე სამყაროსგან სრულიად იზოლირებულია.

რუსეთის მიერ წაქეზებული ქურთი სეპარატისტები, კი სამთავრობო ძალებს უჭერენ მხარს. მათ ფაქტობრივად მეორე ფრონტი გახსნეს.

დასავლეთი ამ ომს ჩეჩნეთის 1999 წლის ტრაგედიას ადარებს. ამ გენოციდის დროს რუსებმა ქალაქი გროზნო მიწასთან გაასწორეს და მისი მოსახლეობის 80 % გაანადგურეს. პუტინის გადმოსახედიდან ყველა სირიელი ამბოხებული ტერორისტია. ოპოზიციის აზრით, ამერიკის შეერთებული შტატები არაეფექტურად მოქმედებს. სწორედ აშშ-ს აბრალებენ რუსეთის ასეთ მოქმედებას და ასადის გაძლიერებას.

მეამბოხეთა დემონსტრაციაზე ასეთი პოსტერი გამოფინეს: “ბრიტანეთო, ბევრს საუბრობ და ცოტას აკეთებ“. „ისლამური სახელმწიფო“, კი მშვიდად აკვირდება მოვლენებს. ის სიხარულით შესცქერის, თუ როგორ ხოცავენ თანამემამულეები ერთმანეთს და ამით, ფანატიკოსთა ინტერესებს აკმაყოფილებენ.

ალეპოს ალყა ევროპასაც შეეხო. პარასკევს გაერომ განაცხადა, რომ 40 000 მიგრანტი ევროპის ტერიტორიაზე შევიდა. მალე ეს რიცხვი 120 000-მდე გაიზარდა. დღესდღეობით 30 000 მიგრანტი ცდილობს თურქეთის საზღვრის გადაკვეთას, მაგრამ ამაოდ. ისინი დაბანაკდნენ საზღვართან და თურქეთის მთავრობის მიერ მარაგდებიან. თუმცა, უკმაყოფილება იზრდება, რადგან სირიის ბევრი მოქალაქე ლტოლვილთა ბანაკში მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად იმყოფება. ერთ-ერთმა ლტოლვილმა CNN-თან საუბარში განაცხადა: „ჩვენ არ გვინდა საჭმელ-სასმელი, როცა ჩვენი შვილები საფრთხეში არიან. შეგვიშვით!“ თურქეთის რესპუბლიკას მიგრანტების მიღება უჭირს. ამ ქვეყნის ტერიტორიაზე 2.5 მილიონი ემიგრანტი უკვე განთავსდა.

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს