ქებათა ქება გარდაცვლილ ღმერთებს
08 თებერვალი, 2016
781
print

დავით დეფი

2010. გარდაიცვალა რონი ჯეიმზ დიო. როკ ენ როლში მართლაც სასწაულებრივად განსხეულებული და განმღერებული იესო ქრისტე სუპერსტარი - იან გილანისა და მუსიკის წარმოუდგენლად დიდი და უბადლო წინასწარმეტყველის, პოლ მაქქარტნის ფავორიტის, მის მიერვე გენიოსად მიჩნეული უკეთილშობილესი როჯერ გლოვერის აღმოჩენა. რადგან თვითონაც ღმერთივით მღეროდა მისი სახელი რონი ჯეიმზ პადავონა სამუდამოდ შეცვალა ლათინურმა დიომ, როკ ენ როლის უნიკალურმა ინიციაციამ.

2012 წელს კი გარდაიცვალა, კლასიკური ორღანის, ჰემონდის ვირტუოზი, მწვერვალის დიდებულებით დამშვენებული, ძლევამოსილი უფალი ჯონ ლორდი. ორმა უნიკალურმა ლეგენდამ პლანეტა დატოვა.

2013 წელს ლუ რიდი ეწვია ზეცას. ნიუ იორკის ანდერგრაუნდის ჩუმმა მეფემ ანდერძად მშვენიერი დღე დატოვა. ულამაზესი სიმღერა მშვენიერი დღე. ჰო, ერთ მშვენიერ დღეს, უკეთეს სამყაროში შეხვედრის იმედი. ის სანატრელი სიმშვიდე.

2015 წლის გაზაფხულზე გარდაიცვალა მისისიპისა და ჰადსონის მდინარეების წყლებით გარშემორტყმული, გიტარის ყოველ სიმსა და აკორდში ბიბლიური მასშტაბების განცდებისა და ისტორიის გამაცოცხლებელი, თავისუფალ ხალხთა უთავმდაბლესი მეფე ბი ბი კინგი.

ამავე 2015 წლის მიწურულს კი, დეკემბერში, წავიდა ლემი ქილმისტერი. მძიმე ხვედრით მომთაბარე დიდი ბატონი. მოხეტიალე მეკობრეთა უმამაცესი წინამძღოლი. ყველასგან მივიწყებული. თავის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ამაყი. თავისუფალი. მოუშინაურებელი, მაგრამ ყველასთვის უძვირფასესი და განსაკუთრებულად ახლობელი.

და დაიწყო შოკისმომგვრელი 2016 წელი. ლეგენდარული როკ ვარსკვლავების, მუსიკის გარდა, ზოგადად ორი საუკუნის კულტურაში ფენომენალური მოვლენების, გიჟებისა და გენიოსების გარდაცვალების დიდი მოულოდნელობები.

თავის დაბადების დღიდან, რომელიც როკ ენ როლის უპირველესი მეფის, როკ ენ როლის საკაცობრიო გვირგვინის, ღვთაებრივი ელვისის დაბადების დღეა და უახლესი, ძალზედ უცნაური და საიდუმლოებით სავსე ალბომის გამოსვლიდან სულ ცოტა ხანში, გარდაიცვალა ვარსკვლავეთის მისტიური შავი მეფე დევიდ ბოუი. პლანეტას დიდმა სევდამ გადაუარა. სამყარო დაცარიელდა. დრო შენელდა და შემდეგ საერთოდ გაქრა. სევდამ ყველგან შეაღწია. ადამიანები ერთმანეთს უხმოდ უყურებდნენ. დევიდის მუსიკა ტელეარხებსა და რადიოების გარდა, ტაძრებსა და ქუჩებში ისმოდა. მსოფლიოს დედაქალაქებში, შენობების კედლებზე იხატებოდა მისი სახება და მოედნებსა და ბაღებში, მომლოცველების, ამ მართლაც ყველა თაობიდან ამონათებული მგრძნობიარე სულების, დევიდის ვარსკვლავით სხივებათრთოლვილი პილიგრიმების დინება, დღე და ღამე ერთვოდა თავად დედამიწის ბრუნვას.

მისი გარდაცვალებიდან ასევე რამდენიმე დღეში, ასეთივე მისტიური ჯადოქარი, უილიამ შექსპირისა და ჯოან როულინგის უსიერი ტყეების საშიში ჩრდილი, ბრიტანული არისტოკრატიის კეთილშობილება ალან რიქმანი გარდაიცვალა. ლონდონის სცენაზე, სიჩუმის მტვერი, დიდი შუაღამის იდუმალებით მოინუსხა. ამავე დროს, ასეთივე მხეცი ფრენკ ფაინლი, აუხსნელი და გამაოგნებელი მოვლენა, ასევე ულიამ შექსპირის გმირთა ცოცხალი სცენური რეინკარნაცია ეწვია მიღმა სამყაროს და იმავე დროს, იმავე დღეებში, იანვარში გარდაიცვალნენ: თინ ლიზის, დიოსა და რეინბოუს გიტარისტი, ბასისტი და კომპოზიტორი, სქოტლანდიელი მთიელი ჯიმი ბეინი. თავისუფლებისთვის, ზეცისა და მთლიანად სამყაროს კიდეებზე ფრენისთვის დაბადებული, ამერიკელ თეთრთავიან არწივთა, ეპოქალური ჰიტის შემქნელი იგლზის, დამფუძნებელი, კომპოზიტორი და გიტარისტი, ყოველთვის ჯინსისა და ორმაგი ბურბონის მოტრფიალე გლენ ფრეი, ამერიკული თავისუფლებისა, სიმამაცის, თანაგრძნობისა და სიყვარულის განსაკუთრებული სიმბოლო ჯეფერსონ ეარფლენის უნიჭიერესი და ულამაზესი ვოკალისტი საინი თოლი ანდერსონი და ამავე ჯგუფის დამფუძნებელი, ასევე უნიკალური კომპოზიტორი და გიტარისტი პოლ ქენთნერი. თანაც გარდაიცვალნენ ერთ დღეს.

გიორგი გომელსკი. იგივე გიორგიო ან ჯორჯიო გომელსკი. ამავე იანვარში გადაფრინდა მიღმა ქვეყნისკენ. როლინგ სთოუნზის და იერდბერდზის მენეჯერი და შორსმჭვრეტელი პროდიუსერი. როკ ენ როლის ნათელმხილველი გოლიათი სული, ვინც თორმეტი, თექვსმეტი წლის ბიჭებში კაცობრიობისთვის სიკეთისმომტანი პოტენციალი დაინახა. ვინც სთოუნზს და იარდბერდზს გამძლეობის, დაუნებებლობის და გამარჯვების იდეა შთააგონა. საოცარიც ესაა - გიორგი თბილისში დაიბადა! და თბილისშივე გაატარა ბავშვობის გარკვეული დრო. ღმერთო ჩემო.

იანვრის მომაკვდინებელი მისტერია კი დიჯეი ედ სტიუარტის და სერ ტერი უოგანის გარდაცვალებამ დაასრულა. ირლანდიელი და ბრიტანელი რადიო - და ტელეფენომენები. ვინც მუსიკისა და ღვთისგან ნაბოძები ყველა სიკეთის ეთერში ტრანსლირებით, თაობები გადაარჩინეს და ბიბისის მანათობელ ლეგენდებად იქცნენ.

იანვარი დასრულდა. ასაკით ყველა ერთნაირად 68/69-74/75 წლის ლეგენდებმა პროექტი სახელად “სიცოცხლე ორ საუკუნეში” დატოვეს და თებერვალიც ასევე საგანგებო ამბებით დაიწყო. პროექტი დატოვა ჯაზ-როკის ქურუმთა უშველებელი ქარავანის, მზეებით გაბრწყინებული და დედამიწაზე ქარისა და ცეცხლის მადლით შემკობილი ეართ უინდ ენდ ფაიას გენიოსმა მორის უაითმა.

ყველანი ისინი მულტიინსტრუმენტალისტები იყვნენ. მუსიკისა და პოეზიის უნივერსალისტები. ჩვენს ცივილიზაციაში ბუნებრივად გაჩენილი მოვლენები და არა ხელოვნურად შექმნილი პროექტები. სულიერი დეენემით უსასრულობისა და მარადიულობის განსახიერებანი. თავისუფალი ინდივიდუალისტები. დიდება მათ სახელს. მადლობა მათ. ისინი ადამიანები იყვნენ და არავინ სხვა. სწორედ ამიტომ აჯობეს დროს და ყველაფერს, რაც დროის მიღმაა. ქებათა ქება გარდაცვლილ ღმერთებს, გარდაცვლილ მეფეებს, გარდაცვლილ გიჟებს. ქებათა ქება როკ ენ როლს.

ეს თაობა ერთად მოვიდა, ერთადვე მიდის და როგორც ყველაფერ დანარჩენს, ამ საქმესაც მართლაც ღვთაებრივი ჩანაფიქრის იერი აქვს - ამდენი ლეგენდის ერთად დაბადება და ერთად გარდაცვალება, ერთ წელიწადში, ერთ თვეს, ნიშანია - ღმერთმა თავისი გეგმა აამოქმედა. ზეცაში რაღაც უდიდესი კონცერტი მიმდინარეობს. მან რაღაც ზეჯგუფი შეკრა, ზუსტად ისე როგორი ზეჯგუფიც მან გააკეთა 1970-1971 წლებში, სადაც ყველა იქ გადაბარგებულს კლუბი 27-ის წევრობა მოუწია, ჯენიზს, ჯიმის, ჯიმის, ბრაიანს და ა.შ კურტამდე და ემიმდე და ამ კლუბის წევრობას გადარჩენილი ჯონისა და ფრედის, ჯონის, მაიკისა და ბონის გავლით დღევანდელ დღემდე.

ზეცაში წვეულება გრძელდება და მადლობა განგებას, რომ ეს ზეიმი, დიდი ზეიმი ზეცაში, არ დამთავრდება არასდროს.

დავით დეფი ♔ სიახLOVE

5 თებერვალი 2016

ფოტოზე დავით დეფი და ლორი ანდერსონი. ნიუ იორკი. ანთერბერგის პოეზიის დარბაზი. ლექსინგტონ ავენიუ. მანჰეტენი. ფოტო გადაღებულია ბეოვულფ შიჰანის მიერ. 2011 წლის 29 აპრილს ნიუ იორკში მსოფლიო პენ ხმათა წლიური ღონისძიებები ჩატარდა, სადაც ლორი ანდერსონმა და დავით დეფიმ ერთობლივი (პოეზიისა და მუსიკის) ცოცხალი წარმოდგენა გამართეს. ივენთის სახელწოდება იყო "მეორე კანი". მონაწილეობდნენ, სალმან რუშდი, იუზეფ კომუნიაკა, ჯონ ბერნსაიდი, პია თავდროფი და სხვ.

 

 

სხვა სიახლეები
09 თებერვალი 03:27 საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს განცხადება
14 სექტემბერი, 2016 ნავთლუღის ღამის საარჩევნო სიზმრები
15 დეკემბერი, 2015 ფსიქომანია
14 დეკემბერი, 2015 based on a true story - წარმატების ფორმულა საქართველოში
06 დეკემბერი, 2015 ნიკა რურუას ჯაზი
27 ნოემბერი, 2015 უკეთესად შენ თქვი
23 ნოემბერი, 2015 დახმარება შეძლებულებს … ღარიბების ხარჯზე
28 სექტემბერი, 2015 ორი რუსეთი - ორი საქართველო?!
28 სექტემბერი, 2015 ორი პოზიცია
20 ივლისი, 2015 დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა - პრობლემის გადაჭრისთვის აუცილებელია პოლიტიკური ნება