“ვიკილიქსის“ დამაარსებელს ავსტრალიის მთავარმა დიპლომატმა შესთავაზა დახმარება
06 თებერვალი, 2016
496
print

ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯული ბიშოფმა სკანდალური ვებგვერდის „ვიკილიქსის“ დამაარსებელს ჯულიან ასანჟს საკონსულტაციო დახმარება შესთავაზა. 5 თებერვალს გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის მიერ ასანჟისათვის თავისუფლების შეზღუდვა უკანონოდ გამოაცხადა.

„გარდიანის“ ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ასანჟის ადვოკატთა ჯგუფს ლონდონში შეხვდა. ავსტრალიელი მინისტრის განცხადებით, მან ასანჟის ადვოკატებს დაუდასტურა, რომ როგორც ავსტრალიის მოქალაქეს ასანჟს შეუძლია საკონსულტაციო დახმარებით სარგებლობა. თუმცა, ბიშოფის მიდგომას, სავარაუდოდ, არ იზიარებს ავსტრალიის მინისტრთა კაბინეტის ყველა წარმომადგენელი. როგორც მოქმედმა და ყოფილმა ავსტრალიელმა მინისტრებმა ქრისტოფერ პინმა და რიჩარდ მალსმა ცოტა ხნის წინ „Sky News“-ისათვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნეს, ისინი ასანჟს „გმირად“ არ მიიჩნევენ; მათი აზრით, ასანჟის მოქმედებებმა ხალხის სიცოცხლე დააყენა რისკის ქვეშ. თუმცა, ასანჟის მრჩეველ, ადვოკატ გრეგ ბარნსის განცხადებით, არ არსებობს იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ ავღანეთისა და ერაყის ომების შესახებ ასანჟის მიერ გამოქვეყნებულმა მასალებმა საფრთხე შეუქმნა ადამიანთა სიცოცხლეს.

ხუთშაბათს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის შესახებ გაეროს სამუშაო ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში საუბარია, რომ 2010 წლიდან დიდ ბრიტანეთსა და შვედეთს ასანჟი უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული. ავსტრალიელი წარმოშობის 44 წლის ასანჟი ამ დროისათვის ლონდონში, ეკვადორის საელჩოს აფარებს თავს. მოხსენების ავტორების მტკიცებით, ასანჟს უნდა მიეცეს ეკვადორის საელჩოს თავისუფლად დატოვების საშუალება, ასევე უფლება მიიღოს კომპენსაცია დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის ხელისუფლებისაგან. თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის შესახებ გაეროს სამუშაო ჯგუფი, რომელიც 5 იურისტი-ექსპერტისგან შედგება, 1991 წელს შეიქმნა. ჯგუფს ასობით დადგენილება აქვს გამოტანილი დაკავების ან პატიმრობის სამართლიანობის თაობაზე. აღნიშნულმა დადგენილებებმა  არაერთი ქვეყნის მთავრობაზე იქონია ზეგავლენა, რათა მათ არალეგალურად დაპატიმრებულები გაეთავისუფლებინათ-მათ შორის არის „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტი ჯეისონ რეზაიანი, რომელიც ირანში გასულ თვეში გაანთავისუფლეს.

ასანჟი 2010 წელს ლონდონში, შვედეთის მიერ გაცემული დაკავების ევროპული  ორდერის საფუძველზე დააკავეს-შვედეთში მას ძალადობაში სდებენ ბრალს. ორი წლის განმავლობაში იგი შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, მას შემდეგ რაც უზენაესმა სასამართლომ მისი აპელაცია არ დააკმაყოფილა, მან ეკვადორის საელჩოს სთხოვა თავშესაფარი. დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების განცხადებით, გაეროს სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არაფერს ცვლის და საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. მსგავსი განცხადება გააკეთა შვედეთის ხელისუფლებამაც.  

ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, სანამ არსებობს ასანჟის დაკავების ევროპული ორდერი, ქვეყნა იურიდიულად ვალდებულია ასანჟი შვედეთს გადასცეს.

გაეროს სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ასანჟმა შვედეთსა და ბრიტანეთს მოუწოდა მისცენ მას უფლება დატოვოს ეკვადორის საელჩო. ბრიტანეთის მთავარი დიპლომატის ფილიპ ჰამონდის განცხადებით, ასანჟს საელჩოში არავინ აკავებს. ჰამონდის განცხადებით, მას ნებისმიერ დროს შეუძლია დატოვოს საელჩო, თუმცა ამ შემთხვევაში ასანჟს შვედეთის სასამართლოს წინაშე წარდგომა მოუწევს.

როგორც თავად ასანჟი აღნიშნავს, მის წინააღმდეგ არსებული ბრალდება მხოლოდ ხრიკია, სინამდვილეში შვედეთს სურს იგი ამერიკას გადასცეს, სადაც „ვიკილიქსთან“ დაკავშირებით გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. ასანჟი შიშობს, რომ ამერიკისათვის გადაცემის შემთხვევაში მას სიკვდილით დასჯა ელის-2010 წელს ასანჟის ვებგვერდმა „ვიკილიქსმა“ ამერიკის მიერ ავღანეთსა და ერაყში წარმოებული სამხედრო კამპანიის  შესახებ 90 000-ზე მეტი საიდუმლო დოკუმენტი გაასაჯაროვა.

თამთა კახაძე

 

tamta kakhadze
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს