რის მიღწევას ცდილობს რუსეთი სირიაში?
03 თებერვალი, 2016
827
print

ცოტა ხნის წინ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილიპ ჰამონდმა რუსეთი სირიაში, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადისათვის, “ალავიტური მინი-სახელმწიფოს” შექმნის მცდელობაში დაადანაშაულა.

რუსეთმა სირიაში, ოფიციალური მოსკოვის განცხადებით „ისლამური სახელმწიფოს“ შეიარაღებულ მებრძოლების წინააღმდეგ, ავიაიერშების განხორციელება გასული წლის სექტემბერში დაიწყო. ავიადარტყმების დაწყებისათანავე, დასავლეთმა რუსეთი, შეიარაღებულ მებრძოლებთან ერთად, ასადის ოპონენტების წინააღმდეგ ავიაიერიშების განხორციელებაშიც  დაადანაშაულა. ორშაბათს „როიტერს“ ჰამონდმა განუცხადა, რომ მისი აზრით, რუსეთი „ისლამური სახელმწიფოს“ ოპონენტების წინააღმდეგ ავიაიერიშებით სირიაში არსებულ ვითარებას  მხოლოდ აუარესებს. ამ სიტყვების შემდეგ ბრიტანეთის მთავარი დიპლომატი მოსკოვში „საშიში დეზინფორმაციის“ გავრცელებაში დაადანაშაულეს. კრემლის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, მინისტრის განაცხადებების სერიოზულად აღქმა შეუძლებელია:“მსგავსი ბრალის წაყენება არ არის ლოგიკური, არ არის კორექტული. ის ეწინააღმდეგება იმ ყველაფერს, რასაც რუსეთი სირიისათვის აკეთებს.“

ფილიპ ჰამონდის განცხადებით, ასადის მოწინააღმდგეების დაბომბვით, რუსეთი „ისლამური სახელმწიფოს“ შეიარაღებული მებრძოლების გაძლიერებას უწყობს ხელს. გასული წლის დეკემბერში საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „Amnesty International“-მა  სირიაში რუსეთის მიერ წარმოებული ავიაიერიშების შესახებ მოხსენება გამოაქვეყნა, სადაც საუბარია, რომ რუსეთი სირიაში, შესაძლოა, ომის დანაშაულს ჩადის, ვინაიდან ამ ავიაიერიშებს არაერთი სამოქალაქო პირი შეეწირა. ცოტა ხნის წინ რომში 23 ქვეყნის ლიდერი შეიკრიბა, რომლებაც „ისლამური სახლემწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის გზები განიხილეს. ამ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვაზე ჩადის თუ არა რუსეთი სირიაში ომის დანაშაულს, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა:“ამ შემთხვევაში, აღნიშნული საკითხი დეტალურად უნდა იქნეს გამოძიებული. თუმცა, განურჩეველი იერიშები დასახლებულ პუნქტებში კვლავ გრძელდება, ეს კი საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას წარმოადგენს.”

რამდენიმე დღის წინ ჟენევაში სირიის 5-წლიანი კონფლიქტის დასრულების მიზნით მორიგი სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყო, სადაც, შესაძლოა,  მონაწილეობა სირიის ოპოზიციის წარმომადგენლებმაც მიიღონ. სირიაში გაეროს სპეციალური წარმომადგენელი სტეფან დე მისტურა სირიის სამთავრობო დელეგაციას გუშინ შეხვდა. გუშინ საღამოს დე მისტურა სირიის ოპოზიციის წარმომადგენლებსაც უნდა შეხვედროდა, თუმცა, ოპოზიციური ჯგუფის წარმომადგენლის თქმით, მათი მოთხოვნაა მოლაპარაკებების დაწყებამდე შეწყდეს ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე იერიშების მიტანა. „გარდიანის“ თანახმად, ოპოზიციურმა ჯგუფმა საერთაშორისო საზოგადოებას ჩარევისაკენ მოუწოდა, რათა რუსეთმა შეწყვიტოს „განურჩეველი იერიშები“, მათ შორის ალეპოსა და ჰომსში მდებარე საავადმყოფოებზე. ე.წ სირიის ზომიერი ოპოზიციური ჯგუფის წარმომადგენლები, ავიაიერიშების შეწყვეტასთან ერთად პატიმრების გათავისუფლებასაც მოითხოვენ. როგორც ჯგუფის განცხადებაშია საუბარი, სირიის რეჟიმი და რუსეთის მოქმედებები მოლაპარაკებების საწყის ეტაპზევე საფრთხეს უქმნიან პოლიტიკურ პროცესს.

სირიის სამთავრობო დელეგაციის წარმომადგენელი ბაშარ ალ-ჯაფარი კი აცხადებს, რომ ოპოზიცია მოლაპარაკებებს „სერიოზულად“ არ უდგება და მათი მოთხოვნები მოლაპარაკების ჩაშლისათვის არის გამიზნული.

სირიაში სამოქალქო ომი, რასაც შემდგომ სუნიტური რადიკალური დაჯგუფებების გაძლიერებაც მოჰყვა, 2011 წლის მარტში დაიწყო. გაეროს ბოლო მონაცემებით, კონფლიქტს 250 000 ადამიანი შეეწირა; სირიის 11 მილიონი მოქალაქე კი იძულებული გახდა საკუთარი საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა.

თამთა კახაძე 

 

 

tamta kakhadze
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს