რომან გოცირიძე: გაზპრომი პოლიტიკური იარაღია რუსეთის ხელში
26 იანვარი, 2016
636
print

მაია ჭალაგანიძე

- სატრანზიტო ხელშეკრულების გადახედვას და მისთვის ხელსაყრელი ხელშეკრულების გაფორმებას, რუსეთი საქართველოს ყველა მთავრობის დროს ცდილობდა. მოლაპარაკებებში ენერგეტიკის მინისტრ და ვიცეპრემიერ კალაძის მონაწილეობა რა დამატებით პოლიტიკურ საფრთხეებზე მიუთითებს?

- ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გავლით, რუსეთიდან სომხეთისათვის გაზის მიწოდების სატრანზიტო ხელშეკრულებით, რომელიც ორი ათწლეულია მოქმედებს, საქართველო გატარებული გაზის მოცულობის 10 პროცენტს სატრანზიტო გადასახადის სახით იღებს. რუსეთმა არაერთხელ და უშედეგოდ სცადა ამ ხელშეკრულების შეცვლა სატრანზიტო გადასახადის ნაღდი ანგარიშსწორებით ჩანაცვლების მიზნით. მსგავსი ცვლილება, საქართველოსათვის, რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ოდენობის ყოველწლიურ ზარალს ნიშნავს. რუსეთის არგუმენტი, რომ საერთაშორისო სტანდარტებით, ტრანზიტის მომსახურება ნატურის ნაცვლად მონეტარულად უნდა ანაზღაურდეს, არ შეესაბამება სიმართლეს.

მსგავსი პრეცედენტი მრავალად მოიძებნება პრაქტიკაში, მაგალითად, აზერბაიჯანი ნახიჭევანისათვის გაზის მიწოდების სანაცვლოდ, ირანს უტოვებს უპრეცედენტოდ დიდ მოცულობას - გატარებული გაზის 15 პროცენტს. ორ მხარეს შორის შეთანხმება ყოველთვის სპეციფიკურია და იგი არანაირ საერთაშორისო სავალდებულო სტანდარტებს არ ექვემდებარება.

საქართველო შაჰდენიზის შეთანხმებითაც იღებს გაზს ტრანსპორტირებული მოცულობის 5 პროცენტის ოდენობით. ამას ემატება გაზის ერთი ნაწილის მნიშვნელოვანი შეღავათით შეძენა, მეორე ნაწილის სპეციალური, ასევე შეღავათიან ფასში შესყიდავა. გარდა ამისა, განსხვავებით ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალისა, რომლის საექსპლოატაციო ხარჯები საქართველოს აწვება, შახდენიზის ოპერატორი უცხოური კომპანიაა და ამ სახის დანახარჯებისაგანაც თავისუფალია ქვეყანა. აქედან გამომდინარე, შაჰდენიზის გაზის ტრანსპორტირებიდან მიღებული შემოსავალი, ფაქტობრივად, იმაზე მეტია, ვიდრე ტრანზიტის ხუთპროცენტიანი გადასახადი.

 აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ გაზპრომი პოლიტიკური იარაღია რუსეთის ხელში. იგი ბევრჯერ გამოუყენებიათ მეზობელ ქვეყნებზე ზეგავლენის მოსახდენად. ამ იარაღის მსხვერპლი, საქართველოს მსგავსად, სხვადასხვა დროს, არამხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის, არამედ - აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიც გამხდარან. სწორედ ამიტომ, ევროკავშირს მიზნად აქვს დასახული გაზპრომის გაზზე დამოკიდებულების მინიმუმამდე დაყვანა და შესაბამისად, რუსეთისათვის ევროპულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეზე ზეგავლენის შეზღუდვა. ბოლო პერიოდში, გაზპრომი, როგორც კრემლის პოლიტიკური იარაღი, საკმაოდ მოსუსტდა. ამ ფონზე საქართველოს მცირე ბაზარი გაზპრომისთვის ეკონომიკურად უმნიშვნელო, პოლიტიკური თვალსაზრისით კი, რეგიონალური გავლენის შენარჩუნების მნიშვნელოვანი ბერკეტია.

- მთავრობა აცხადებს, რომ რუსული გაზის წილი 20 პროცენტზე მეტი არ იქნება (ახლა 12 პროცენტია). ექსპერტები 30 პროცენტიან დამოკიდებულებას ვარაუდობენ. პოლიტიკურ შემადგენელს თუ გავითვალისწინებთ, რა დამატებით ბერკეტს იძენს გაზპრომი საქართველოზე ზეგავლენისთვის?

- მინისტრი აცხადებს, რომ მხოლოდ 400-500 მილიონ კუბურ მეტრს შევისყიდით გაზპრომისგან. ყველას დაგვავიწყდა თბილისის გაზის საკითხი. ის ყაზტრანსგაზს ეკუთვნის და დავალიანების გამო, დროებითი მმართველობის ქვეშ იმყოფება. როგორც კი ყაზახებს დაუბრუნდება, მომენტალურად აპირებენ მის გაყიდვას. რა თქმა უნდა, რუსებზე. ამაზე ბევრი რამ მეტყველებს, მათ შორის, მათი წინა განცხადებები. კალაძის ყაზახეთში ვიზიტისას ისიც კი ითქვა, რომ ყაზახური გაზი შემოვა თბილისშიო. ანუ - ყაზახები მიაწვდიან ციმბირში რუსებს, გაზპრომი დაგვიტოვებს აქ მათი ტრანზიტიდან. დაახლოებით იმ სქემით, რასაც ირანზე ამბობდნენ ახლა. მოკლედ, რას ხლართავენ, თვითონაც არ იციან.

 საბოლოოდ მაინც გაზპრომამდე მივდივართ. ჰოდა, თბილისის ყველა საწარმოში და ოჯახში, შეიძლება გაზპრომმა მოგვაკითხოს. შეიძლება, მთლად სუფთა სახით არა. აბა ისე როგორ იქნება, რომ ვიღაცები წილში არ ჩაუჯდნენ. ამის მერე რუსული გაზის მოცულობა ერთ მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. ცნობისთვის: დღეისათვის ჩვენი მთლიანი მოხმარება 2,4 მილიარდი კუბური მეტრია.

 ერთი წელია მთავრობაში წვალობენ თბილისში ყაზახების დაბრუნებაზე. ერთი წელია, ვალების გაქვითვის სქემაზე მუშაობენ: ყაზახები არ დაგვიბრუნებენ გაზის ვალს, ჩვენ არ დავუბრუნებთ ყაზახეთს სახელმწიფო ვალს. ენერგეტიკის სამინისტროს მცდელობის მიუხედავად, საკითხი სადღაც გაიჭედა. ყაზახების სახელმწიფო ვალის გადახდა 2021 წელს უნდა დავიწყოთ. ყაზტრანსგაზმა დღესვე უნდა დაფაროს ფული განსაზღვრული გრაფიკით. ცოტ-ცოტა ასეც ხდება. 80 მილიონიანი დავალიანება ნაწილობრივ, შემცირებულია და პროცესი ნელი ტემპით, მაგრამ მაინც მიდის. როგორც ჩანს, ან სავალუტო ფონდი უშლის ხელს ვალების გაქვითვის მექანიზმის გამოყენებაში, ან სხვა რამეშია საქმე. ამაზეც, როგორც ყოველთვის, ღიად არავინ საუბრობს მთავრობაში. ბოლო პერიოდში ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ უკვე არც ქართული მხარე აჩქარებს მოვლენებს. ვერ რისკავენ. როგორია წინასაარჩევნოდ ინტერრაოს, ან გაზპრომის შემოსვლა თბილისში?!

 ყაზტრანსაგაზ-თბილისის დროებით ადმინისტრაციაში, ისევე როგორც საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში, რომელიც რუსეთიდან გაზის სომხეთში, ასევე რუსული გაზის საქართველოში მიწოდებას ოპერირებს, შეიცვალა ხელმძღვანელობა და იგი მთავრობის წევრების სანათესაო-სამეგობროთი დაკომპლექტდა. ესეც ბევრ ეჭვს აჩენს საგაზო ბატალიებში.

- როგორც კალაძე აცხადებს, ირანიდან სომხეთისთვის 1 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის მიწოდება ახლავე შეუძლიათ, ხოლო ინვესტიციების ჩადების შემთხვევაში, ამ მილიდან სრული მოცულობით დააკმაყოფილებს გაზპრომი სომხეთს საქართველოს გვერდის ავლით, რაც ჩვენ დაგვაზარალებს.

- ირანიდან საქართველოში სომხეთის გავლით გაზის შემოტანა შეუძლებელია. მილსადენები სომხეთში ეკუთვნის გაზპრომს. რომც დავაპიროთ, ჩვენს მილში სომხეთისკენ მიმავალი რუსული გაზია და როგორ გამოდევნის მას ირანული?! თეორიულად შეიძლება მხოლოდ გაცვლა, ე.წ. სვოპი. ირანი აწვდის გაზს რუსულ თბოსადგურებს სომხეთში. ფულს ჩვენ ვუხდით. რუსები, სანაცვლოდ, აქ გვიტოვებენ დამატებით გაზს. ამას სვოპი ჰქვია. და რა მიზანს ემსახურება ამგვარი ჩახლართულობა?

როცა ევროპაში ძალიან მაღალი იყო გაზის ფასი, რუსეთს მართლაც შეეძლო ირანიდან ეყიდა გაზი სომხეთისათვის და თავისი ევროპისთვის დაეზოგა. მაგრამ, ირანული გაზი საშინლად ძვირია და მას ვერ იყიდიდა სომხეთის ქსელში გასაშვებად. ირანი თურქეთს 400 დოლარად აწდის ათას კუბურ მეტრს. სომხეთს, ანუ უფრო ზუსტად, სომხეთში განლაგებულ რუსულ თბოელექტროსადგურებს ირანი იმიტომ აწვდის და გაზპრომიც იმიტომ თანხმდება, რომ ეს ფაქტობრივად ბარტერია. სქემა -გაზი ელექტროენერგიის სანაცვლოდ, მომგებიანი გამოდგა ორივე მხარისათვის. ირანს ჭირდება ელექტროენერგია სომხეთის მომიჯნავე რეგიონში და იგი უფრო იაფი უჯდება სომხეთში წარმოებული და გაზში გაცვლილი, ვიდრე საკუთარ ტერიტორიაზე გენერირებული. თანაც, ირანმა ახალი სიმძლავრეებიც უნდა შეიყვანოს ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად საკუთარ ქვეყანაში, რაც საკმაოდ ძვირია.

ირანულ გაზს სომხეთის მოსახლეობისათვის და კომერციული სექტორისათვის, სულ სხვა ფასი იქნება. ამიტომ, ამ სექტორის გაზზე მოთხოვნას მთლიანად რუსეთი აკმაყოფილებს საქართველოს გავლით. მისი ჩანაცვლება ირანულით არის სრული ბლეფი და თუ ამის სჯერა ქართულ მხარეს რუსეთთან მოლაპარაკებისას, მაშინ ძალიან ცუდად ყოფილა საქმე. გაზპრომს ეს უზარმაზარი ზარალის ფასად დაუჯდება. წარმოვიდგინოთ მარტივი მაგალითი: გაზპრომი წელს სომხეთს აწვდის გაზს 160 დოლარად. მანამდე 190 დოლარად აწვდიდა. ასეთი იაფი იმიტომ იყო, რომ სომხეთმა დათმო თავისი გაზის ტრანსპორტირებისა და დისტრიბუციის, ასევე სხვა ენერგეტიკული აქტივები. მას შემდეგ, რაც სომხეთი ძალით შეათრიეს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში და შანტაჟის გზით ხელი ააღებინეს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე, რუსეთმა ამის სანაცვლოდ კიდევ შეუმცირა გაზის ფასი. თანაც, ამ გაზს სომხეთში ისევ საკუთარ კომპანიებს აწვდის და მოგება იქაც რჩება. საქართველოს გავლით სომხეთისათვის მიწოდებული გაზის რეალიზებით გაზპრომი ათეულობით მილიონობით მოგებას იღებს და ამაზე იტყვის უარს და შეცვლის სომხეთის მომარაგების სქემას?

სასაცილოა. მაგრამ, პრობლემა კიდევ უფრო რთულდება რუსული გაზის ირანულით ჩანაცვლების შემთხვევაში. წარმოვიდგინოთ, ირანული გაზი იყიდა გაზპრომმა სომხეთისთვის 200 დოლარად (რაც ზღაპარია, რა თქმა უნდა.) მან 160 დოლარად უნდა გაყიდოს შიდა ბაზარზე. აგებს 40 დოლარს ყოველ ათას კუბურ მეტრზე. სომხეთს, დაახლოებით, 2,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი ჭირდება, ანუ სუფთა ზარალი 100 მილიონი დოლარი გამოდის წელიწადში. ეს კიდევ არაფერი, ირანიდან მილსადენი არის მცირე გამტარობის და ის სომხეთის თბოელექტროსადგურებისთვისაა განკუთვნილი. რუსეთი კიდევ ორ თბოსადგურს აშენებს სომხეთში ირანისათვის ელექტროენერგიის მისაწოდებლად და ირანიდან ამ ვიწრო მილით მთელი იმპორტირებული გაზი მათთვის არის განკუთვნილი. მოსახლეობას და კომერციულ სექტორს ირანული გაზი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არ მიეწოდება. ირანულ გაზზე გადასვლისათვის საჭირო უფრო დიდი გამტარობის ახალი მილსადენის, ან მსგავსი პარალელურის გაყვანა და სხვა უამრავი საინჟინრო სამუშაოების ჩატარება, რასაც სულ მცირე ოთხი წელი და ასეულობით მილიონი დოლარის დანახარჯების გაწევა დაჭირდება. ამასობაში, შაჰდენიზ 2-ის გაზიც წამოგვეშველება (2018-2019 წელს) და რუსულ გაზზე უკვე არ ვიქნებით არანაირად დამოკიდებული. ცოტაც უნდა გავძლოთ.

ენერგეტიკის მინისტრი ამბობს, რომ რუსეთმა შეიძლება ჩვენს ჯინაზე ირანული გაზი მიაწოდოს სომხეთს. ფეისბუკზე რომ ვწერდე, აქ დიდ, პირდაღებულ სმაილიკს დავსვამდი.

რუსეთის მიერ საქართველოს ჩათრევის მცდელობა ახალ ენერგეტიკულ ალიანსში და ”მოსკოვი-თბილისი-ერევანი-თეირანის” ენერგოღერძის შექმნის შესახებ ახლახან გაკეთებული უცნაური და პოლიტიკურად წამგებიანი განცხადებები, აშკარად მიმართულია ენერგეტიკის სფეროში ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორების - თურქეთისა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ. წამოწყებული უსაგნო მსჯელობებიც ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღეისთვის ამ იდეის ხორცშესხმის არავითარი ტექნიკური შესაძლებლობა არ არსებობს და ამ თემის წამოწევა და დისკუსიაში საქართველოს ჩათრევა, კიდევ ერთი ხრიკია რუსეთის მიერ აზერბაიჯანის გასაღიზიანებლად და მასზე პოლიტიკური ზეწოლის გასაძლიერებლად. თუმცა, აზერბაიჯანზე ზემოქმედების მთავარ იარაღად რუსეთი მაინც აფხაზეთის რკინიგზის აღდგენით სომხეთში განლაგებულ სამხედრო ბაზებთან პირდაპირი სახმელეთო კავშირების დამყარებას განიხილავს.

საკითხის არაპოპულარობის მიუხედავად, ხელისუფლება ჯიუტად და საეჭვოდ აგრძელებს აღებულ კურსს. ასეთ შემთხვევაში, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ პროცესებში არის ან კერძო პირების კორუფციული ინტერესები, ან რუსული ფაქტორის გამოყენების მცდელობა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც რუსეთის დახმარებით ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტად უნდა განვიხილოთ. არ არის გამორიცხული, არსებობდეს აგრეთვე, ქვეყნის რეალურ მმართველზე ზემოქმედების ჩვენთვის უცნობი ეკონომიკური თუ სხვა სახის ზემოქმედების ბერკეტები. ამიტომ არის საჭირო საზოგადოების მხრიდან ხელისუფლებაზე ზეწოლის გაძლიერება, რათა არ დავუშვათ ქვეყნისათვის საზიანო ხელშეკრულების მიღება.

 ყოველივე ამის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ არ უნდა დათმოს პოზიციები გაზპრომთან მოლაპარაკებებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, გრძელვადიანი და გამოუსწორებელი ზიანი მიადგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.

- ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ, ერთ-ერთ სატელევიზიო დებატებში, რომელშიც თქვენც მონაწილეობდით განაცხადა, რომ გარდაბნის ახალი თბოელექტროსადგური მუშაობს და ძველი თბოელექტროსადგურების (რომელიც ახლა გაჩერებულია) რაოდენობის დანახარჯებით, 35 პროცენტით მეტ ენერგიას გამოიმუშავებენ. იყო საუბარი იმის შესახებაც რომ სწორედ ამ ახალი თბოელექტროსადგურს ჭირდება მეტი მოცულობის ბუნებრივი აირი. რა ინფორმაცია გაქვთ ამის შესახებ?

- ამ ახალი ელექტროსადგურის დაპროექტება ხუთი წლის წინათ დაიწყო. სამი წლის განმავლობაში შენდებოდა და ახლა, ზამთარში გაახსენდათ, რომ გაზი სჭირდება? მანამდე უნდა დაეჭირათ თადარიგი. ემუშავათ აზერბაიჯანელებთან. ამ თბოსადგურის სიმძლავრეზე გაცილებით მეტი უნდა ყოფილიყო შესული დღეისათვის ექსპლუატაციაში ჰიდროელექტროსადგურების სახით, მაგრამ ტარიფების შემცირების სანაცვლოდ, ენერგოკომპანიებს გაუუქმეს საინვესტიციო ვალდებულებები. დღეს მართლაც იმდენი გაზის მოცულობა გვაკლდება, რაც ამ თბოსადგურს უნდა, მაგრამ მისი ხვედრითი წილი უმნიშვნელოა ელექტროენერგიის გამომუშავებაში და ისე ნუ წარმოვაჩენთ, რომ ამით რაღაც განსაკუთრებული ხდება.

იმასაც ამბობენ, გაზის ომპორტზე ვიქნებით დამოკიდებული თუ რუსულ ელექტროენერგიაზე, სულერთი არ არისო. სრული დემაგოგიაა ეს. არაა ნამდვილად სულერთი. ელექტროენერგიის დეფიციტის მართვა ადვილია. სხვა ქვეყნიდანაც შემოიტან. ბოლოს და ბოლოს, გრაფიკს დააწესებ. გაზის გათიშვა კი უალტერნატივო სიამოვნებაა.

- ამავე დებატებში მინისტრმა განაცხადა, რომ ის მზადაა ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების ექსპერტს გააცნოს დეტალები საკითხის შესახებ , რათა ამ ექსპერტებმა აღარ გაავრცელონ ცრუ ინფორმაცია. თქვენ, პირადად, გამოეხმაურეთ მინისტრის შეთავაზებას?

- საზოგადოებაც და ექსპერტებიც მას შემდეგ გაახსენდათ, რაც მთავრობას პრობლემები წარმოექმნა. თუ წინათ სადღაც ჩუმად ხვდებოდნენ გაზპრომელებს, ახლა წინასწარ აანონსებენ შეხვედრებს და სპეციალისტებთან საუბარიც იკადრეს. ეს არაა საკმარისი. როცა საქმე ქვეყნის მომავლისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხს ეხება, იგი თავიდანვე უნდა იყოს ცნობილი ყველასათვის. ისეთი შთაბეჭდილება იყო შექმნილი, რომ მთავრობა საერთოდ განზე იდგა პროცესებისაგან. ვერც ერთი მინისტრი ვერ ბედავდა თამამი კომენტარის გაკეთებას და აშკარად ეტყობოდათ, რომ არ იცოდნენ, თუ რა ხდებოდა და ვისი სცენარით მოქმედებდა ენერგეტიკის სამინისტრო. საერთოდ იზოლირებული იყო მოვლენებისგან საგარეო უწყება. რუსეთმა შეიტყუა ქართული, დიპლომატიაში გამოუცდელი მხარე დიალოგში და ეკონომიკური ხასიათის სიძნელეების გარდა, პოლიტიკურად წამგებიან ხათაბალაში გაახვია. მარტო მოსკოვი-ირანი-ერევანი-თბილისის რაღაც ენერგოღერძის თემის წამოწევა რად ღირს, რომელიც აშკარად ანტითურქულ და ანტიაზერბაიჯანულ გზავნილებს შეიცავდა.

თუ ირანთან საჭირო გახდება თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში, ამას ურუსეთოდაც მოვახერხებთ როგორმე. ეს მთავრობა რუსეთს განიხილავს ისე, თითქოს მოძმე რესპუბლიკა ყოფილიყოს. ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი გვაქვს, ესენი კი მას რეგიონში მთავარ პარტნიორად წარმოაჩენენ სხვა ქვეყნების თვალში.

- ექსპერტთა ნაწილი აცხადებს, რომ გაზპრომთან ხელშეკრულების გაფორმების გაჭიანურებამ შეიძლება უაროფითად იმოქმედოს ქვეყნის გაზით მომარაგების პერსპექტივაზე. ეს შესაძლებელია?

 - ამ აზრს მთავრობის მიერ დაქირავებული გაზპრომის დამცველი ექსპერტები ავრცელებენ. მათ ახალი შემაშინებელი არგუმენტები გამოიგონეს, რომელსაც, როგორც წესი, ენერგეტიკის სამინისტრო აუბამს ხოლმე მხარს. თურმე, რადგან გაზპრომთან ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა და ჯერ კიდევ არ განახლებულა, საქართველო უკანონოდ ეწევა " გაზის არასანქცირებულ აღებას" და ამისთვის დავისჯებით, თუ გაზპრომმა სადღაც გვიჩივლა. მაგრამ, რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ ხელშეკრულების არარსებობის გამო გაზპრომი არასანქცირებულად იყენებს ჩვენს მილსადენს სომხეთში გაზის მისაწოდებლად? თუ არ უნდა ხელშეკრულების გაფორმება და თუ არ მიაჩნია იგი ხელსაყრელად, ვინ უშლის ალტერნატიული გზის გამოყენებას? ნეტუ! როგორც ფრუნზიკ მკრტიჩიანი იტყოდა „არ დაიდარდოში“. არაა ალტერნატივა. ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე წლის განმავლობაში.

 ვერ გავიგე, ეს ხალხი ჩვენს მხარესაა, თუ დათვის მხარეს?

 

maia chalaganidze
სხვა სიახლეები
22 ოქტომბერი, 2016 ნიკა რურუა: ამ ბრძოლით ხელისუფლებას საკუთარი სიბრიყვისგან და მომავალი შეცდომებისგან ვიცავთ
01 მარტი, 2016 აკადემიური წერის კულტურა, ნაფიცი მსაჯულები და გენდერული კვოტირება
18 თებერვალი, 2016 ევროპა იბრუნებს ვაჟა ფშაველას
11 ნოემბერი, 2015 გიგი თევზაძე: ჩვენ ახლა არა უუნარო, არამედ ანტიუნარების მქონე საზოგადოება ვართ
01 ივლისი, 2015 მთავრობა არის უუნარო, წარუმატებელი, არაეფექტური და უკვე ძალზე არაპოპულარულიც
15 მაისი, 2015 დღეს სახელმწიფო ღარიბი ხალხის სურვილებზე დგას
28 აპრილი, 2015 ”შესაძლოა, გვიან შემოდგომაზე დამძიმდეს მდგომარეობა”
24 აპრილი, 2015 ”თუ ტარიფი არ გაიზარდა, მომავალი ზამთარი იქნება ბნელი და ცივი”
17 აპრილი, 2015 პროკურატურის უგუნურება, რომლითაც სახელმწიფო ზარალდება
07 აპრილი, 2015 ზურაბ ჭიაბერაშვილი: ”სერგეენკომ შემოგვაპარა, რომ ჯანდაცვის საყოველთაო სისტემა უნდა შეიცვალოს”