„ისლამური სახელმწიფოს“ გარშემო მარყუჟი იკვრება
25 იანვარი, 2016
732
print

კახა ფაჩუაშვილი

ამერიკის შეერთებული შტატები უახლოეს მომავალში ერაყში გადაისვრის ელიტურ, 101-ე სამხედრო-საჰაერო დივიზიას, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაებმება. ამის შესახებ ნათქვამია, აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ეშტონ კარტერის სტატიაში, რომელიც მან გამოცემა Politico-ში გამოაქვეყნა.  

„სახელოვანი 101-ე დივიზიის ჯარისკაცები მალე ერაყის ტერიტორიაზე განთავსდებიან და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთვებიან. ისინი მთელი ამერიკელი ხალხის მხარდაჭერას იგრძნობენ და იმოქმედებენ, მკვეთრად განსაზღვრული კამპანიის მიხედვით, რათა გადამწყვეტი დარტყმა მიაყენონ ამ ბარბაროსულ ორგანიზაციას“, - განაცხადა კარტერმა. მან აღნიშნა, რომ გეგმა უკვე განხილულია აშშ-ის უმაღლესი სამეთაურო შტაბის წევრებთან და შეთანხმებულია მოკავშირეებთან პარიზში შეხვედრის დროს. შეხვედრას ესწრებოდნენ საფრანგეთის, ავსტრალიის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების და ბრიტანეთის წარმომადგენლები.

კარტერმა განმარტა, რომ ისლამისტების წინააღმდეგ ბრძოლაში ამერიკელი ჯარისკაცები ვერ შეძლებენ ჩაანაცვლონ ერაყის სამთავრობო ჯარები. „მხოლოდ ადგილობრივ ძალებს შეუძლიათ გადამწყვეტი დარტყმა მიაყენონ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებს. დაიკავონ და უზრუნველყონ კონტროლი ტერიტორიებზე, მოიპოვონ ადგილობრივი მოსახლეობის ნდობა მათ მიერ გათავისუფლებულ რეგიონებში“, - ხაზგასმით აღნიშნა მინისტრმა. კარტერის თქმით, ბოლო დროს ისლამისტები სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს განიცდიან. აღსანიშნავია, რომ დეკემბრის თვეში პენტაგონმა დადო ანგარიში, სადაც ნათქვამია ათი მაღალი თანამდებობის მქონე ჯიჰადისტის ლიკვიდირების შესახებ.

ეშტონ კარტერმა თავი სტატიაში იმაზეც ისაუბრა, რომ ამერიკელმა ჯარისკაცებმა მოსულსა და რაქაში (მოსული ერაყის ქალაქია, რაქა კი სირიის) უნდა იმოქმედონ. ქალაქებში, რომლებიც ისლამისტების მთავარ დასაყრდენს წარმოადგენენ. კარტერის ამ განცხადებას მკვეთრი რეაქცია მოჰყვა სირიის, რუსეთისა და ერაყის მაღალჩინოსანთა მხრიდან.

„სირიის საქმეებში ნებისმიერი ჩარევა ქვეყნის მთავრობის თანხმობის გარეშე, განხილული იქნება, როგორც საგარეო აგრესია“, - ამის შესახებ განაცხადა სირიის ელჩმა რუსეთში რიად ჰადადმა.

რუსეთის სახელმწიფო დუმაში საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსეი პუშკოვმა აღნიშნა, რომ კარტერის განცხადება ერაყსა და სირიაში სახმელეთო ოპერაციების შესახებ, ამერიკელთა მხრიდან არის მცდელობა „მოიპოვონ ინიციატივა ახლო აღმოსავლეთში ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში“.

პუშკოვის აზრით, - სახმელეთო ოპერაცია,რომელზეც ამჟამად მიდის საუბარი - ეს ჯერჯერობით პიარ-პოლიტიკური ყაიდის ოპერაციაა. მისი თქმით, „ეშტონ კარტერი იმის ნაცვლად, რომ მოამზადოს დივიზია, მოახდინოს სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების მობილიზაცია, საჯარო განცხადებებს აკეთებს. ანუ მოქმედების მაგივრად ლაპარაკობს. ამერიკელებს სურთ მოიპოვონ ინიციატივა,რადგან სირია ის ადგილია, სადაც ირკვევა ვინ იქნება თანამედროვე სამყაროს ლიდერი“, - ამბობს პუშკოვი.

„ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ტერორისტებთან ბრძოლა მხოლოდ ერაყელთა ხელით, უცხოელთა ჩარევის გარეშე მოხდება“, - ეს სიტყვები ეკუთვნის ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრ იბრაჰიმ ალ-ჯააფარის. მინისტრმა განცხადება ბაჰრეინის დედაქალაქ მანამეში გააკეთა, სადაც არაბეთი-ინდოეთის პირველი ფორუმის შეხვედრები მიმდინარეობს.   

მინისტრის რწმენით, ერაყის ტერიტორიაზე სახმელეთო, თუ სხვა სახის ოპერაციების მართვა მხოლოდ ერაყის სამხედრო ძალების პრეროგატივაა. უცხოელები კი ამ საქმეში შეიძლებაკონსულტანტების რანგში ჩაერთონ.

„ერაყი სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც არავის მისცემს უფლებას ეს სუვერენიტეტი დაარღვიოს“, - განაცხადა ალ-ჯააფარიმ. ერაყელი მინისტრი იმედოვნებს, რომ წელს ქვეყანა შესძლებს ისლამისტებს ბოლო მოუღოს ერაყის მთელ ტერიტორიაზე.  

ამასობაში საერთაშორისო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სახმელეთო ოპერაციის გარეშე „ისლამური სახელმწიფოს“ საბოლოო განადგურება ვერ მოხდება. ისლამისტებში ხალიფატის აღორძინების იდეა უფრო რომანტიზმს იწვევს. მას ბევრი მიმდევარი ჰყავს მთელ მსოფლიოში. ამერიკიდან დაწყებული შორეული აღმოსავლეთით დამთავრებული. შესაბამისად, ისლამისტების რიგებს ეს ხალხი ყოველთვის შეავსებს, ამიტომ სახმელეთო ოპერაციის გარეშე ამ ორგანიზაციის საბოლოო განადგურება შეუძლებელი იქნება, - მიიჩნევენ ექსპერტები.  

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს