ნატო-ს რუსეთთან კომუნიკაციის გაზრდა სურს, რუსეთი ახალ დივიზიებს აყალიბებს
23 იანვარი, 2016
970
print

როგორც ცოტა ხნის წინ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ გენერალმა პეტრ პაველმა განაცხადა, ალიანსის სურვილი რუსეთთან კომუნიკაციის გაზრდაა, რაზეც ამ დრომდე მოსკოვი უარს ამბობს.

ამ კვირაში ბრიუსელში გამართულ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე, სხვა საფრთხეებთან ერთად, რუსეთისგან მომდინარე საფრთხის შესახებაც იმსჯელეს. ნატოს შტაბ-ბინაში გამართული სხდომის მონაწილეებმა განიხილეს რუსეთის აგრესიის შეკავებისა და რუსეთთან „უნებლიე“ სამხედრო კონფრონტაციის თავიდან ასაცილებლად დიალოგის საჭიროების გზები.

როგორც “Wall Street Journal”-თან ინტერვიუში ჩეხმა გენერალმა პეტრ პაველმა აღნიშნა, რომელიც ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეა, მართალია ალიანსი განიხილავს პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში ნატო-ს ყოფნის გაძლიერების გზებს, თუმცა ნატო-ს წევრი ქვეყნების უმრავლესობას რუსეთთან კომუნიკაციის გაზრდა სურს:“ისეთ ქვეყანასთან როგორიც რუსეთია, რომელიც ძალას სცემს პატივს, ჩვენ სიძლიერე ჩვენი დამოკიდებულების მისაღწევად გვჭირდება.“-განაცხადა გენერალმა.

პეტრ პაველის თქმით, ამ დრომდე სამხედრო დიალოგის გამართვასთან დაკავშირებულ ნატოს მცდელობას, რუსეთი არ პასუხობს. როგორც ადრე, რუსმა მაღალჩინოსნებმა აღნიშნეს, მათ ალიანსთან პირდაპირ საუბარს, წევრ ქვეყნებთან ორმხრივი დიალოგის გამართვა ურჩევნიათ. ჩეხი გენერლის თქმით, გასულ წელს თურქეთის მიერ რუსული ბომბდამშენის ჩამოგდებამ, რუსეთთან სამხედრო დიალოგის გამართვის აუცილებლობა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა:“ჩვენ გვსურს რუსეთთან რისკების შემცირების, გამჭვირვალობის თაობაზე დისკუსია, რაც გაუგებრობებსა და ინციდენტებს აგვაცილებს თავიდან.“

თუმცა, ალიანსთან დიალოგის ნაცვლად, რუსეთი საკუთარ შეიარაღებული ძალებს ოთხი ახალი დივიზიით ზრდის. რუსული მედიის თანახმად, 2016 წელს ახალი დივიზიების დამატება ნატოს წვრთნებზე პასუხს წარმოადგენს. რუსეთის სახმელეთო ჯარების მეთაურის გენერალ-პოლკოვნიკ ოლეგ სალიუკოვის განცხადებით, „2016 წელს სამი ახალი დივიზია ჩამოყალიბდება დასავლეთის მიმართულებით და ერთი დივიზია ცენტრალურ ნაწილში.“

სალიუკოვოს განცხადებით, ახალი დივიზიების ფორმირება, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ნატოს მიერ გახშირებულ წვრთნებზე საპასუხოდ, რუსეთის მიერ გადადგმულ ერთ-ერთ ნაბიჯს წარმოადგენს. ნატო რომ რუსეთისათვის საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის 2015 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაშიც არის დაფიქსირებული-როგორც დოკუმენტშია მითითებულია „ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება ნატო-ს გაფართოება და ალიანსის რუსეთის საზღვრებთან მიახლოება.“

ალიანსის გაფართოებას და ანტისარაკეტო სისტემის აღმოსავლეთ ევროპაში განთავსებას რუსეთი დიდი ხანია ეწინააღმდეგება. როგორც იანვრის დასაწყისში, ჩრდილოეთ კორეის მიერ წყალბადის ბომბის გამოცდის შემდეგ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე საფრთხიდან გამომდინარე, ნატო ვერ დაეთანხმება რუსეთის მოთხოვნას სარაკეტო თავდაცვის შეზღუდვის თაობაზე.

„ჩვენ არ ვაპირებთ საკუთარი თავდაცვითი სისტემების შეზღუდვას, ვინაიდან გვესაჭიროება მოქნილობა დინამიური და განვითარებული საფრთხეების წინ აღსადგომად,“-განაცხადა შეიარაღების კონტროლის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ფრენკ როუზმა.

„როიტერის“ თანახმად, გასულ წელს რუსეთი დაიმუქრა, რომ  ნატოს ანტისარაკეტო ფარის მიერთების შემთხვევაში, დანიურ სამხედრო ხომალდებს ამოიღებდა მიზანში, ვინაიდან დანიის ანტისარაკეტო სისტემაში ჩართვა, რუსეთის ბირთვული არსენალის ეფექტიანობის შესუსტებას ნიშნავს. როგორც ცნობილია, რუმინეთი უკვე დათანხმდა ქვეყანაში ნატოს თავდაცვითი სისტემის განლაგებას. ამისათვის მზად არის პოლონეთიც, სადაც ამ მიზნით ერთი მოედნის კონსტრუქცია ამ წელს დაიწყება:“ეს ყველაფერი საჭიროა, რათა ნატო-მ ევროპა დაიცვას ევროატლანტიკური არეალის გარედან მომდინარე საფრთხისაგან. ეს მიმართული არ არის რუსეთის წინააღმდეგ.“-აღნიშნა როუზმა.

თამთა კახაძე

tamta kakhadze
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს