„ალ-ქაიდა“ ძალას იკრებს
22 იანვარი, 2016
555
print

კახა ფაჩუაშვილი

ტერორისტულმა ორგანიზაცია „ალ-ქაიდამ“ აღადგინა თავისი გავლენა ავღანეთში. ამის შესახებ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ განი აჰმადზაიმ.

„2015 წლის დასაწყისში ოპტიმისტური პროგნოზები იყო იმის თაობაზე, რომ ამ ორგანიზაციის ძალა საგრძნობლად შემცირდა, მაგრამ ახლა ეს ასე არ არის“, - აღნიშნა ავღანეთის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ტერორისტები ავღანეთში ბევრი ქვეყნიდან ჩადიან. კერძოდ - რუსეთიდან, ჩინეთიდან, უზბეკეთიდან, ტაჯიკეთიდან და ახლო აღმოსავლეთის არაბული სახელმწიფოებიდან.

„ამ ხალხს ავღანელ ხალხთან გასაყოფი არაფერი აქვს, მაგრამ ისინი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას იყენებენ“ - განმარტა აჰმადზაიმ. ამასთან დაკავშირებით, ავღანელთა ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა ცივილური სამყაროსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია და მოუწოდა დასავლელ მოკავშირეებს ავღანეთის სპეცდანიშნულების რაზმებს დამატებითი დახმარება აღმოუჩინონ ჰაერიდან.  

თავის მხრივ, „ალ-ქაიდამ“ ავღანეთში მოქმედ ისლამისტურ ჯგუფებს მოუწოდა შეწყვიტონ შიდა დაპირისპირება და ერთობლივი ძალებით ებრძოლონ დასავლეთსა და რუსეთს.

ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდა“ 1988 წლიდან არის ცნობილი. ის ავღანეთის ტერიტორიაზე, პატარ-პატარა ტერორისტული ჯგუფებისგან ჩამოყალიბდა და მისი მიზანი იყო საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მებრძოლი ავღანელი მოჯაჰედების დახმარება. საბჭოთა ჯარების ავღანეთიდან გასვლის შემდეგ კი, „ალ-ქაიდა“ ძირითადად ამერიკის შეერთებულ შტატებს ებრძოდა.

1998 წელს აშშ-ის საელჩოების აფეთქების შემდეგ კენიასა და ტანზანიაში, „ალ-ქაიდა“ ნომერ პირველ საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა. სწორედ მან გაუკეთა ორგანიზება და მოაწყო უდიდესი ტერორისტული აქტი ჩრდილოეთ ამერიკის ისტორიაში, 2001 წლის 11 სექტემბერს.

 

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს