ბრიტანეთის მთავარი დიპლომატის ვიზიტი თურქეთში
16 იანვარი, 2016
820
print

14 იანვარს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ფილიპ ჰამონდი თურქეთს ორდღიანი ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი თურქეთის პრეზიდენტს, პრემიერის, ასევე, მის თურქ კოლეგას შეხვდა.

ნატო-ს წევრ ქვეყანაში ყოფნის დროს მინისტრმა სხვა საკითხებთან ერთად, მიგრანტების კრიზისზე, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის გზებსა და სირიაში რუსეთის მიერ დაწყებული ავიაიერიშებზეც გააკეთა განცხადებები.

მინისტრის განცხადებით, 2012 წლიდან მოყოლებული ბრიტანეთის 600 მოქალაქე იქნა გამოვლენილი, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოსა“ და სხვა ისლამისტური დაჯგუფებების რიგებში გაწევრიანებას გეგმავდნენ. მისი თქმით, ბრიტანეთის მოქალაქეების დასაკავებლად, რომელთაც რადიკალური დაჯგუფებების რიგებში გაწევრიანება სურდათ, დიდი ბრიტანეთისა და თურქეთის სადაზვერვო სამსახურები ერთად მუშაობდნენ.

ჰამონდის თქმით, უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში  ბრიტანეთის 800-მა მოქალაქემ სირიაში შეღწევა მოახერხა, აქედან ნახევარი ამ დრომდე სირიაში იმყოფება. დიდი ბრიტანეთი და თურქეთი, ამერიკის ხელმძღვანელობით შექმნილი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის კოალიციის წევრები არიან. ამერიკამ ერაყსა და სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე ავიაიერიშების განხორციელება 2014 წლის შემოდგომაზე დაიწყო. ზუსტად ერთი წლის შემდეგ ტერორისტული დაჯგუფების პოზიციებზე ავიაიერიშების მიტანა რუსეთმაც დაიწყო, რომელსაც დასავლეთი ადანაშაულებს, რომ სუნიტური დაჯგუფების შეიარაღებული მებრძოლების გარდა, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მოწინააღმდეგებსაც უტევს. ბრიტანელმა მინისტრმა გააკრიტიკა სირიაში რუსეთის მიერ წარმოებული ავიაიერიშები და რუსეთი სკოლებსა და საავადმყოფოებზე იერიშების განზრახ განხორციელებაში დაადანაშაულა. „გარდიანის“ თანახმად, ჰამონდი ამ საკითხზე საუბარს მის რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან უახლოესი დღეების განმავლობაში გეგმავს.

სირიაში რუსეთის მიერ დაწყებული სამხედრო მოქმედებების შემდეგ, ნატო-მ უკვე განაცხადა, რომ თურქეთის საჰაერო სივრცის გაძლიერებაზე იზრუნებს. როგორც ჰამონდმა თურქულ გამოცემა „ჰურიეთს“ განუცხადა:”დიდი ბრიტანეთი კვლავ ძალიან არის მოწადინებული დაიცვას  ალიანსის უსაფრთხოების პრინციპები და თურქეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოება. ჩვენ მზად ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ თურქეთის დასაცავად ნატო-ს საჰაერო პატრულირების მისიაში.”

24 ნოემბერს თურქეთმა რუსული ბომბდამშმენი ჩამოაგდო, რომელმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია. რუსულმა თვითმფრინავებმა მანამდეც რამდენჯერმე დაარღვიეს თურქეთის საჰაერო სივრცე, რასაც თურქეთის გაფრთხილებები მოჰყვა. თურქეთის მიერ რუსული ბომბდამშენის ჩამოგდებას ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების მკვეთრი გაუარესება მოჰყვა.

„გარდიანის“ თანახმად, ადანას ლტოლვილთა ბანაკში ყონფისას, რომელიც სირიის საზღვართან ახლოს მდებარეობს, ჰამონდმა ეროკავშირიც გააკრიტიკა, რომელიც გასული წლის ოქტომბერში თურქეთს მიგრანტთა კრიზისის გასამკლავებლად 3 მილიარდ ევროს დაჰპირდა, თუმცა აქამდე მინისტრის თქმით,  ერთი ევროც არ გადაურიცხავს. მინისტრის თქმით, დიდი ბრიტანეთი დღესვე მზადაა თავის წილი გადაიხადოს ამ საქმისათვის. ჰამონდი ამ საკითხის წამოყენებას ორშაბათს, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გეგმავს.

ბრიტანელი მინისტრის ვიზიტის წინა დღეებში თურქეთში ორი ტერორისტული თავდასხმა მოხდა. სტამბოლის თავდასხმის უკან, რასაც უცხოელი ტურისტებიც შეეწირნენ, სავარაუდოდ „ისლამური სახელმწიფო“ იდგა. თურქულ გამოცემა „ჰურიეთთან“ ინტერვიუში მინისტრმა აღნიშნა, რომ სტამბოლის თავდასხმის შემდეგ, კიდევ უფრო ნათელი გახდა,  თუ რაოდენ მნიშვნელოვანია „დაეშის“(ისლამური სახელმწიფო) დასამარცხებლად შექმნილი კოალიციის წევრებმა ერთმანეთთან მჭიდროდ ითანამშრომლონ.

სირიაში სამოქალაქო ომი, რომელმაც გარკვეულწილად ხელი შეუწყო „ისლამური სახელმწიფოს“ გააქტიურებას,  2011 წლიდან მიმდინარეობს. რამდენიმე თვის წინ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის უმნიშვნელოვანესი მოკავშირე რუსეთი, რომელიც წლების განმავლობაში გაეროს უშიშროების საბჭოში სირიის წინააღმდეგ რეზოლუციის მიღებას ბლოკავდა, დათანხმდა რეგიონის ქვეყნებსა და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან ერთად  მონაწილეობა მიიღოს სამშვიდობო, ე.წ „ჟენევის“ პროცესში. აღნიშნულთან დაკავშირებით ჰამონდმა განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია ამ პროცესში მხარდამჭერი როლის შესრულება, თუ ის  მხოლოდ „დაეშის“ წინააღმდეგ დარტყმებზე მოახდენს კონცენტრირებას, ამასთან „რუსეთმა პატივი უნდა სცეს სხვა ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის თურქეთის.“

თამთა კახაძე

 

 

 

 

 

tamta kakhadze
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს