ობამას ბოლო ანგარიში
13 იანვარი, 2016
1002
print

გუშინ საღამოს აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა კონგრესის წინაშე მისი ბოლო მიმართვით წარდგა, სადაც ტრადიციულად ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საშინაო და საგარეო გამოწვევებზე ისაუბრა.

როგორც ამერიკის პრეზიდენტმა გამოსვლის დასაწყისში აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მისი საპრეზიდენტო ვადა იწურება,  ის არ შეწყვეტს ბრძოლას საიმიგრაციო სისტემის მოსაწესრიგებლად, ბავშვების იარაღით ძალადობისაგან დასაცავად, თანასწორი ანაზღაურებისა და მინიმალური ხელფასის ზღვარის გასაზრდელად.

ამერიკის პრეზიდენტმა გააკრიტიკა ის ამერიკელი პოლიტიკოსები, რომელთა ანტიმუსლიმური რიტორიკაც  ობამას თქმით, ამერიკის ღირებულებების ღალატს წარმოადგენს:“როდესაც შენ შეურაცხყოფ მუსლიმებს...ეს ჩვენს ქვეყანას უფრო უსაფრთხოს ვერ გახდის...ეს მსოფლიოს თვალში ჩვენ მხოლოდ დაგვამცირებს და ჩვენი მიზნების მიღწევას მხოლოდ გაართულებს.“

ობამამ  ამ შემთხვევაში იგულისხმა ამერიკელი მილიარდერი დონალდ ტრამპი, რომელიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის იბრძვის-ტრამპმა ადრე განაცხადა, რომ დროებით საჭიროა ამერიკაში მუსლიმების შესვლაზე აკრძალვა დაწესდეს.

ობამამ ის პოლიტიკოსები და ანალიტიკოსებიც გააკრიტიკა, რომლებიც ამერიკის ეკონომიკის დასუსტებაზე საუბრობენ, პრეზიდენტის თქმით, „ამერიკის ეკონომიკა ყველაზე ძლიერი და მყარია მსოფლიოში.“

პრეზიდენტის თქმით, დღეისათვის მსოფლიოში შექმნილი ვითარება, ამერიკის ძლიერების შესუსტებაზე არ მიუთითებს:“როგორც ადამიანმა,  რომელიც ყოველ დილას „დაზვერვის ბრიფინგით“ იწყებს, ვიცი რომ საშიში დროა. დღევანდელ დღეს „ბოროტების იმპერიებზე“ მეტ საფრთხეს არშემდგარი ქვეყნები წარმოადგენენ.“

ობამას განცხადებით, დღეს რუსეთი, ეკონომიკური მდგოამრეობის მიუხედავად, განაგრძობს საკუთარი რესურსების ხარჯვას სირიისა და უკრაინაზე-იმ ქვეყნებზე, რომლებიც მიუხედავად მოსკოვის მცდელობისა, გადიან რუსეთის გავლენის ორბიტიდან.

ამერიკის პრეზიდენტმა გამოსვლაში საკმაოდ ვრცლად ისაუბრა სუნიტური რადიკალური დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფოს“ შესახებ. როგორც ცნობილია, ობამას ოპონენტები ხშირად აკრიტიკებენ, რომ ამერიკის აქამდე არ აქვს ტერორისტული დაჯგუფების დასამარცხებლად შესაფერისი სტრატეგია.

ობამას თქმით, ამერიკის პირველ პრიორიტეტს წარმოადგენს მოსახლეობის დაცვა ტერორისტთა ქსელებისაგან:“ორივე „ალ ქაიდა“ და ახლა „ისლამური სახელმწიფო“ პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისათვის, ვინაიდან დღეს ტერორისტს, რომლისთვისაც ადამიანის სიცოცხლე ღირებული არ არის, დიდი ზიანის მოტანა შეუძლია. ისინი იყენებენ ინტერნეტს ჩვენი ქვეყნის შიგნით ადამიანების გონების მოსაწამლად, ისინი საფრთხეს უქმნიან ჩვენს ღირებულებებს...საჭიროა შესაფერისი სახელი ვუწოდოთ მათ, რომ ისინი არიან-მკვლელები, ფანატიკოსები, რომელთა განადგურებაც აუცილებელია.“

ობამას თქმით, სწორედ ამ მიზნისათვის იბრძვის ახლა აშშ:“ამერიკის ხელმძღვანელობით შექმნილმა კოალიციამ 10 000 ავიაიერიში განახორციელა „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე-დაჯგუფების ლიდერებზე, ნავთობზე, საწვრთნელ ბანაკებზე და მათ შეიარაღებაზე.“

ობამამ კონგრესს მოუწოდა საბოლოოდ დაუჭიროს მხარი ამ დაჯგუფების გასანადგურებლად სამხედრო ძალების გამოყენებას.

კონგრესისადმი ობამას ბოლო მიმართვას, ცხადია, მოჰყვა შეფასებებიც. რესპუბლიკელმა სენატორმა ტედ კრუზმა ამერიკის პრეზიდენტის გამოსვლა „ბაკარ ობამას სისუსტის ბოლო მანიფესტად“ შეაფასა. რესპუბლიკელმა სენატორმა კორი გარდნერმა კი „სი-ენ-ენს“ განუცხადა, რომ ობამას თავისი გამოსვლა”ირანის ინციდენტის” ახსნით უნდა დაეწყო. ცოტა ხნის წინ სპარსეთის ყურეში ირანელმა სამხედროებმა ორი ამერიკული ხომალდი დააკავეს. ხომალდებზე ათი ამერიკელი მეზღვაური იმყოფებოდა, რომლებიც  ირანული მედიის თანახმად ახლა დაკითხვაზე იმოფებიან. ამერიკის თავდაცვის უწყების წარმომადგენლების თქმით, ამერიკული ხომალდები ირანის ტერიტორიულ წყლებში შესვლის დროს დააკავეს. ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებით, მეზღვაურები „მალე გათავისუფლდებიან.“

როგორც რესპუბლიკელმა სენატორმა მარკო რუბიომ აღნიშნა, რომელიც ამერიკის პრეზიდენტობისათვის იბრძვის, ირანის პროვოკაციები იმის შედეგია, რომ ოვალურ ოფისში „სუსტი პრეზიდენტი“ იმყოფება.

თამთა კახაძე

tamta kakhadze
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს