ტერაქტი სტამბულში
12 იანვარი, 2016
639
print

კახა ფაჩუაშვილი

 

დღეს დილით სტამბულის ცენტრში, სულთან აჰმედის მოედანზე აფეთქება მოხდა. შედეგად დაიღუპა 10 და დაშავდა 15 ადამიანი. ისინი ძირითადად გერმანელი ტურისტები იყვნენ.

სულთან აჰმედის მოედანი ქალაქის ისტორიული ცენტრია. მის გვერდით მდებარეობს წმინდა სოფიის ტაძარი და ცისფერი მეჩეთი. ეს ნაგებობები ქალაქის უმთავრესი ღირსშესანიშნაობებია.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მოედნის გვერდით, ტრამვაის გაჩერებასთან იმ დროს ამოქმედდა, როცა იქ გერმანელი ტურისტების ჯგუფი იმყოფებოდა. ტურისტებს შორის ერთი ნორვეგიელი იყო, ერთი პერუელი, ერთიც სამხრეთ კორეელი.

სულთან აჰმედის მოედანზე პოლიციისა და სასწრაფო დახმარების მანქანებმა მოიყარეს თავი. შემთხვევის ადგილზე პოლიციის კორდონი მოეწყო. დაზარალებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ბოლო მონაცემებით მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ქალაქის ხელმძღვანელობის განცხადებით, ისინი მუშაობენ ასაფეთქებელი ნივთიერების ტიპის დადგენაზე და იმ პირთა გამოვლენაზე, ვინც აფეთქებაში მიიღო მონაწილეობა. ძალოვანი სტრუქტურები შიშობენ, რომ ამ აფეთქებას შეიძლება სხვაც მოჰყვეს, რათა ბოროტმოქმედებმა მსხვერპლის მაქსიმალური ეფექტი მიიღონ. ეს ისლამური სახელმწიფოს ბოევიკების ტიპური ხელწერაა.

”აფეთქებას ძალიან დიდი ხმა ჰქონდა. სახლები შეზანზარდნენ. აფეთქების ხმა სხვა კვარტლებშიც გაისმა. ჩვენ ქუჩაში გამოვცვივდით და ადამიანის სხეულის ფრაგმენტები დავინახეთ”, - სააგენტო Reuters გაუზიარა მოსაზრება ანტიკვარული მაღაზიის გამყიდველმა, რომელიც შემთხვევის ადგილთან ახლოს იმყოფებოდა.

თურქეთისთვის აფეთქებების სერია ახალი ხილი არ არის. 2015 წლის ოქტომბერში აფეთქება მოხდა ქვეყნის დედაქალაქ ანკარაში. მაშინ ბოევიკებმა მოქმედებაში ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა მოიყვანეს. ტერაქტმა 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 23 დეკემბერს კი აფეთქება მოხდა სტამბულის აეროპორტ საბიჰა გეკჩენში, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მაშინ ტერაქტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ქურთული წინააღმდეგობის ერთ-ერთმა დაჯგუფებამ აიღო. მათ განმარტეს, რომ აეროპორტის ტერიტორიაზე ნაღმსატყორცნიდან გამოსროლილი ჭურვი ჩამოვარდა. მანამდე, პირველ დეკემბერს, ხელნაკეთი ბომბი აფეთქდა სტამბულის მეტროშიც. ამ ტერაქტსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

თურქეთის პრემიერ-მინისტრი აჰმედ დავუთოღლუ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრსა და იმ მაღალი რანგის ჩინოვნიკებს შეხვდა, რომელთაც ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა ეხებათ. Reuters-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე ტერაქტის ვერსიას განიხილავდნენ. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ცნობით კი, ეს იყო ტერაქტი, რომელიც ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებმა განახორციელეს.

თურქეთის ხელისუფლებამ მოახერხა კამიკაძის ვინაობის დადგენა: ”დადგენილია, რომ აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. ის არის 1988 წელს დაბადებული სირიის მოქალაქე. შემთხვევის ადგილზე მისი სხეულის ფრაგმენტები იქნა აღმოჩენილი”, - ამის შესახებ განაცხადა თურქეთის ვიცე-პრემიერმა ნუმან ქურთულმუშმა, უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ,.

 

 

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
16 ივლისი, 2016 ღამის პუტჩი
15 ივლისი, 2016 ბასტილიის დღის ტრაგედია
16 ივნისი, 2016 სამართლებრივი სიმართლე და კანიბალური ტყუილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამო
19 აპრილი, 2016 Animal Planet–მა კაცი იპოვა
11 აპრილი, 2016 NDI: „ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა მატულობს“
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
15 მარტი, 2016 ნადეჟდა სავჩენკო – უკრაინელი პატრიკ ჰენრი
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?