საუდის არაბეთის შემდეგ, ირანთან დიპლომატიური ურთიერთობა ბაჰრეინმა და სუდანმაც გაწყვიტეს
05 იანვარი, 2016
942
print

გასულ კვირას, საუდის არაბეთში შიიტი სასულიერო პირის ნიმრ ალ-ნიმრის სიკვდილით დასჯას, ირანსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობის სწრაფი გაუარესება მოჰყვა- სიკვდილით დასჯიდან რამდენიმე საათში, თეირანში საუდის არაბეთის საელჩოსთან გამართული საპროტესტო გამოსვლის დროს მოხდა საელჩოზე თავდასხმა. ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ საუდის  არაბეთი უდანაშაულო სასულიერო პირის სიკვდილით დასჯაში დაადანაშაულა, რასაც ხამენეის თქმით, თავისი შედეგები მოჰყვება.

ამ ინციდენტის შემდეგ საუდის არაბეთმა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. ქვეყანამ ირანის მიმართულებით ფრენებიც შეაჩერა. საუდის არაბეთის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოსადმი გაგზავნილ წერილში საუბარია, რომ ირანის ხელისუფლებამ საელჩოს დასაცავად შესაფერისი ზომები არ მიიღო. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჯაბერი ანსარიმ კი  განაცხადა, რომ მისი ქვეყანა იცავს დიპლომატიურ მისიებს და საპროტესტო გამოსვლებისას საუდის არაბეთის დიპლომატები არ დაშავებულან. ანსარიმ საუდის არაბეთი რეგიონში დაძაბულობის შექმნაში დაადანაშაულა.

ორშაბათს ირანთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ განაცხადეს ბაჰრეინმა და სუდანმაც. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანიდან ელჩი გაიწვია, თუმცა დიპლომატიური ურთიერთობა არ გაუწყვეტია. საუდის არაბეთს მხარდაჭერა გამოუცხადეს ქუვეითმა, ეგვიპტემ და იემენმაც. დღეს ცნობილი გახდა, რომ ირანიდან ელჩი გამოიწვია ქუვეითმაც.

ნიმრ ალ-ნიმრი ტერორიზმში იქნა დადანაშაულებული, მასთან ერთად საუდის არაბეთმა კიდევ 46 ადამიანი დასაჯა სიკვდილით. საუდის არაბეთის ხელისუფლების მტკიცებით, ალ-ნიმრი არ ემორჩილებოდა ადგილობრივ ხელისუფლებას და უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ იარაღიც გამოიყენა. ნიმრის ნათესავების თქმით, მას არავითარი კავშირი არ ჰქონდა ტერორიზმთან და მხოლოდ მშვიდობიან საპროტესტო გამოსვლებს უჭერდა მხარს. ნიმრი 2011 წელს საუდის არაბეთში მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლებს უჭერდა მხარს, იგი 2012 წელს დააპატიმრეს.

ირანმა და ჩინეთმა უკვე მოუწოდეს ირანსა და საუდის არაბეთს თავშეკავებისკენ:“მოსკოვი შეშფოთებულია ახლო აღმოსავლეთში, რეგიონის ორი უმსხვილეს სახელმწიფოს შორის არსებული დაძაბული ვითარების გამო. რუსეთი მოუწოდებს ორივე ქვეყანას თავი შეიკავონ ისეთი ნაბიჯების გადადგმისაგან, რომელიც ვითარების ესკალაციას და დაძაბულობის ზრდას გამოიწვევს.“-საუარია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ყურადღებით აკვირდებიან მოვლენების განვითარებას და იმედი აქვთ, რომ „ორივე მხარე გამოიჩენს სიმშვიდეს, მიმართავს დიალოგისა და მოლაპარაკებების გზას უთანხმოების აღმოსაფხვრლად, ამასთან ერთობლივად იმუშავებენ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისათვის.“

როგორც ლონდონის ეკონომიკის სკოლის ახლო აღმოსავლეთის კვლევების ხელმძღვანელი ფავეზ გერჯესი აღნიშნავს, საპროტესტო გამოსვლები, შესაძლოა, დიდხანს გაგრძელდეს:“სპარსეთის ყურის ორ უძლიერეს სახელმწიფოს შორის არსებული ურთიერთობა ძალიან არამყარია, მომდევნო კვირებისა და თვეების განმავლობაში შესაძლოა ვითარება უფრო საშიში გახდეს.“

„სი-ენ-ენის“ სამხედრო ანალიტიკოსი მარკ ჰერთლინგი კი საუდის არაბეთსა და ირანს შორის პირდაპირი სამხედრო კონფლიქტის შესაძლებლობასაც უშვებს. სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორი მოჰსენ მილანის აზრით, იმაში რომ ამ ორი ქვეყანის თვალთახედვა ერთმანეთს არ ემთხვევა ახალი არაფერია:“ირანი და საუდის არაბეთი არ არიან არც ბუნებრივი მოკავშირეები და არც ბუნებრივი მტრები..ისინი წარმოადგენენ ორ მეტოქე ქვეყანას, რომლებიც დიდი ხანია ერთმანეთს ეჯიბრებიან როგორც  ნავთობის უმსხვილესი მწარმოებლები და სუნიტური და შიიტური ისლამის თვითგამოცხადებული დამცველები....რასაც ახლა ვხედავთ ეს წარმოადგენს ცივ ომს ორ ქვეყანას შორის. ეს არის ომი გეოპოლიტიკის, ძალის და გავლენის გამო.“

თამთა კახაძე

tamta kakhadze
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს