based on a true story - წარმატების ფორმულა საქართველოში
14 დეკემბერი, 2015
1459
print

უკეთესად შენ თქვი

თაკო სალთხუციშვილი

 წარდგენა

მე ვარ მარიამ კვარაცხელია-ზირაქაშვილი, ფსიქოლოგი. 18 წლიდან დავიწყე მუშაობა და გამოვცადე საკუთარი თავი სხვადასხვა სფეროში. 2 წლის მანძილზე ვმუშაობდი კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებით, შემდეგ დავიწყე მუშაობა კვლევით ინსტიტუტში. დავაარსე ჩემი პირველი ორგანიზაცია და ვიმუშავე სხვადასხვა პროექტებზე საგანმანათლებლო დაწესებულებებში. კვლევით და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით 2015 წლის ივნისში მრავალპროფილიანი კომპანია - „ჰედვაისი“ჩამოვაყალიბე, რომელიც მოიცავს კვლევით ცენტრს, სატრენინგო და სახელოვნებო სივრცეებს. სახელოვნებო სივრცეში თავის მხრივ გაიხსნა საკვირაო სკოლა ბავშვებისთვის, სადაც მუშაობს მულტი დისციპლინარული გუნდი ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის.

ფსიქოლოგიის მიმართ ჩემი ინტერესი14 წლის ასაკიდან მახსოვს, როდესაც პირველად შევეხე გუსტავ იუნგისანალიზურ ფსიქოლოგიას. მას შემდეგ ეს სფერო ჩემთვის თვით რეფლექსიის, ინტროსპექციის და საკუთარი რესურსების გაცნობიერების საშუალებაგახდა. ფსიქოლოგია ჩემთვის ადამიანებთან და საკუთარ თავთან ღრმა კომუნიკაციაა, რომელიც ამოუწურავ ინფორმაციას მაწვდის დღემდე და ჩემს პროფესიულ თუ პიროვნულ განვითარებაში უდიდეს როლს თამაშობს. ხელს მიწყობს საქმის წარმართვასა და ადამიანური რესურსების მართვაში.

წარმატება არის...

წარმატება პირობითი ცნებაა. მას არ აქვს ერთი საზომი ერთეული, არ აქვს დასაწყისი და დასასრული, ეს არის განუწყვეტელი სწრაფვის პროცესი, რომელიც ცალსახად სასიამოვნოა. ამ რაკურსით თუ შევხედავთ წარმატებას, და არა როგორც ცხოვრებისეულიმიზნის მიღწევას, დიახ, მე წარმატებული ვარ! მაქვს საყვარელი საქმე, სადაც შემიძლია ვიყო შემოქმედი, სადაც ყოველ დღე შემიძლია სიახლე შევიტანო და ქმნადობის პროცესით ვისიამოვნო. ვიმეორებ, პროცესი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე შედეგი, რადგან შედეგი მხოლოდ ხარისხიანი პროცესუალური მუშაობით მიიღწევა.რა თქმა უნდა სასურველი მიზნები ჯერ კიდევ ძალიან ბევრია და მზად ვარ ისინი საინტერესო პროცესის შედეგად ეტაპობრივად მივიღო.

წარმატებისთვის აუცილებელი პირობები

ყველა ადამიანისთვის ალბათ სხვადასხვა სახის წარმატება არსებობს: წარმატებული მეუღლე, წარმატებული დედა, წარმატებული მშობელი და სხვა, თუმცა თუ ავიღებთ კარიერულ წარმატებას, შეგვიძლია ზოგად ობიექტურ ნაბიჯებზე ვისაუბროთ, რაც წარმატების გზაზე აუცილებელია!

პოზიტიური აზროვნება და დამოკიდებულება მოვლენების მიმართ

წარმატების გზაზე ბევრი დაბრკოლება გხვდება. აქ ჩვენი დამოკიდებულება უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს, რადგან ნებისმიერი პრობლემა, დაბრკოლება, ბარიერის სიმძაფრე თუ ზომა მათ მიმართ ჩვენი სუბიექტური ხედვითგანისაზღვრება. ცალკე პრობლემა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ჩვენი სუბიექტური აღქმა ამ პრობლემისა. პოზიტიური აზროვნება გვეხმარება ყველა პრობლემას შევხედოთ როგორც განვითარების კიდევ ერთ საფეხურს და ახალ გამოწვევას.

კრეატიული აზროვნება

ეს არის კრეატიული აზროვნება, შემოქმედებითი მიდგომით უკვე არსებული პროდუქტი თავიდან შეიძლება გახდეს განუმეორებელი და ყველაზე მოთხოვნადი. ხშირად უფრო მნიშვნელოვანია მიწოდების ფორმა ვიდრე შინაარსი, რადგან მიწოდების ფორმა ემოციური კონტაქტია- კომუნიკაციაა, რომელიც ყველაზე ეფექტურად იყიდება 21-ე საუკუნეში.

ემოციური ინტელექტი

ემოციური ინტელექტი კომუნიკაციას უკავშირდება და კვლევებმა აჩვენა, რომ ემოციური ინტელექტი წარმატებას უფრო მეტად განსაზღვრავს, ვიდრე მაღალი IQ მაჩვენებელი. მაღალი ემოციური ინტელექტი საშუალებას გვაძლევს ჩავწვდეთ სხვა ადამიანების ემოციებს, გავიგოთ მათი სურვილების შესახებ და მივცეთ მათთვის საჭირო უკუკავშირი.

ფოკუსირება

ფოკუსირება კიდევ ერთიკომპონენტია. ის გულისხმობს ფსიქიკური ენერგიის კონცენტრირებულად მიმართვას რაიმე ობიექტზე, ამ შემთხვევაში პროცესზე და არა (მიზანზე) „გამარჯვებაზე“, რადგან თუკი ფოკუსირება მოხდა საბოლოო წარმატებულ შედეგზე, მთელი ენერგია მიმართულია ჯერ არ არსებული მომავლისკენ, რომელიც უნდა შეიქმნას აწმყო აქტიური პროცესისგან, ასეთ შემთხვევაში პროცესს აკლდება ყურადღება და შედეგიც წარუმატებელი ხდება.

წარმატება და გენდერი

წარმატებას ჩემი აზრით გენდერი არ აქვს, ქალისთვისაც და მამაკაცისთვისაც უნდა არსებობდეს საყვარელი საქმე, სადაც მთავარი მოტივატორი შინაგანი ინტერესი იქნება.არ უნდა იყოს არსებითი განსხვავება ქალისა და მამაკაცის წარმატების ფორმულას შორის.

საქართველო და წარმატება

საქართველოში არსებული მძიმე ეკონომიკურ ფონზე არსებობს გადარჩენის ინსტინქტი, რომელიც ნაკლებად მომდინარეობს შინაგანი მოტივაციიდან. არსებობს გარემოდან მოწოდებული „ტრენდული“ მიმართულებები, რომელიც ხელოვნურად გიქმნის გარანტიას, რომ გადაურჩები კრიზისს. ასეთი საზოგადოებრივი შთაგონებაა „პერსპექტიული პროფესია“

ახალგაზრობა წარმატებისთვის ირჩევს პერსპექტიულად აღიარებულ პროფესიას და არა იმას რაც გულით უნდა და რაშიც გააჩნია პიროვნული რესურსები. საბოლოო ჯამში, სწორედ ამგვარად არჩეულ პროფესიას მივყავართ ღრმა წარუმატებლობამდე.თუმცა, რესურსების კუთხით, საქართველოში უკვე აქტიურად არის დაწყებული არაფორმალური განათლების პროექტები, სადაც ახალგაზრდას შეუძლია საკუთარი უნარები და ძალები პრაქტიკულად მოსინჯოს, შეხედულებები ამა თუ იმ პროფესიულ მიმართულებაზე გადააფასოს და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთოს არჩევანი!

რჩევა პირადი გამოცდილებით

არ ეძებოთ პერსპექტიული სამსახური, ეძებეთ საყვარელი საქმე და ის აუცილებლად გახდება პერსპექტიული!

 

თაკო სალთხუციშვილი
სხვა სიახლეები
09 თებერვალი 03:27 საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს განცხადება
14 სექტემბერი, 2016 ნავთლუღის ღამის საარჩევნო სიზმრები
08 თებერვალი, 2016 ქებათა ქება გარდაცვლილ ღმერთებს
15 დეკემბერი, 2015 ფსიქომანია
06 დეკემბერი, 2015 ნიკა რურუას ჯაზი
27 ნოემბერი, 2015 უკეთესად შენ თქვი
23 ნოემბერი, 2015 დახმარება შეძლებულებს … ღარიბების ხარჯზე
28 სექტემბერი, 2015 ორი რუსეთი - ორი საქართველო?!
28 სექტემბერი, 2015 ორი პოზიცია
20 ივლისი, 2015 დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა - პრობლემის გადაჭრისთვის აუცილებელია პოლიტიკური ნება