ნიკა რურუას ჯაზი
06 დეკემბერი, 2015
5407
print

ნიკა რურუას ვაკეში, „ავრორას“ პირდაპირ, „ბიბლუსში“ შევხვდი. ძაან საინტერესო, გაშლილი და ამავე დროს, მყუდრო სიტუაციაა. შენთვის დადიხარ, არჩევ სასურველ ლიტერატურას, არავინ ყურადღებას არ გაქცევს. „ბიბლუსში“ ბაბუა ისტვუდის გამონათქვამი გამახსენდა - ყველამ ყველას თავი დაანებეთ და ბევრი იკითხეთ. არანაირი დიკტოფონი, ჩვენი საუბარი ფურცლებზე ხელწერით გადამაქვს და ათ წუთში ერთხელ, როგორც ასაკში შესულ ჟურნალისტს შეეფერება, დაღლილ მაჯას ვასვენებ და ვაშლის ფრეშს ვწრუპავ.

-         რაზე უკრავთ?

-         ნიკა რურუა: მაგნიტოფონზე. მუსიკა მიყვარს. დავამთავრე შვიდწლედი, ფორტეპიანო. ვცდილობდი ბასზე დაკვრას. ელექტრონულზე, აკუსტიკურზე. საკუთარ თავს უნდა მოერიო, სულ ფორმაში უნდა იყო და შესაბამისად, უნდა გქონდეს თავისუფალი დროც. მე უფრო მსმენელი ვარ.  

-         კალაძე კარგი მინისტრია?

-         ნ.რ: არა. მიახლოებითაც არა.

-         ტანსაცმელში რა ბრენდები მოგწონთ?

-         ნ.რ: ის, რასაც არ აწერია, რომ ბრენდია. ძალიან კარგი სნიკერსები აქვს Common Projects-ს. მომწონს Balenciaga. ამ ბრენდის დამაარსებელი, კრისტობალ ბალენსიაგა, ძალიან საინტერესო ადამიანი იყო, თავისი დროის ნოვატორი. რამდენჯერმე დუელზე დაშნით გავიდა. ძალიან კარგი ბრენდია Brooks Brothers. კლასიკური ამერიკული, მეთვრამეტე საუკუნეში დაარსებული კომპანია. იყო ასეთი შემთხვევა, ხვდებიან ერთმანეთს სტალინი, ჩერჩილი და რუზველტი. სტალინი მისთვის ტრადიციულ, მარშალის ფორმაში გამოცხადდა შეხვედრაზე. ჩერჩილს Custom made ელეგანტური კოსტიუმი ეცვა. რჩება რუზველტი. ამერიკელებმა პრეზიდენტს Brooks Brothers-ის მანტო ჩააცვეს. ფოტოზე რუზველტი ამ მანტოშია.

-         მიხეილ სააკაშვილი კარგი ლიდერია?

-         ნ.რ: კი, ჩვენი ერთად ყოფნის დროს კარგი ლიდერი იყო. ის კარგ ინიციატივებზე რეაგირებდა. მისი პრეზიდენტობის სრული პირველი ვადის და მეორე ვადის პირველ ნახევარში იყო გუნდური მმართველობა, მაგრამ როგორც კი გადაწყვეტილებების მიმღებთა წრე დაპატარავდა, შეცდომებმა იმატა.

-         მოგწონთ იერონიმ ბოსხის ნამუშევრები?

-         ნ.რ: ვერ ვიტყვი, რომ ბოსხი ჩემი საყვარელი მხატვარია, მაგრამ ძალიან მომწონს მისი ნამუშევრები. ნანახი მაქვს ბოსხის ტრიპტიხი Ecce Homo ფრანქფურტის შტადელის მუზეუმში. საოცარი ნამუშევარია.

-         ვისთან ასოცირდება ვესტერნი?

-         ნ.რ: ჯონ ფორდთან, ჯონ უეინთან და იულ ბრინერთან. „შესანიშნავი შვიდეული“ გენიალური ვესტერნია, ჩვენი ბავშვობის მეგობარი. ფორდის ბევრი ფილმი მაქვს ნანახი. უეინი ვესტერნში პირველად მან გადაიღო. ვესტერნებთან ასოცირდება მერაბ მამარდაშვილიც. ჩემთვის ვესტერნი რონალდ რეიგანია. მან იცოდა სხვაობა სიკეთეს და სიბოროტეს შორის.

-         თქვენი ბოლო სურვილი.

-         ნ.რ: ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა იყოს თავისუფალი და გონიერი. და განათლებული. ერთმანეთის გარეშე ეს არ გამოდის.

-         რომელი ფერი უფრო მოგწონთ, წითელი, ცისფერი თუ თეთრი?

-         ნ.რ: თეთრი. და იცით რომელი წითელი? ლოდნონის ფოსტის, როიალური წითელი.

-         ვინ არის თქვენთვის ჩარლზ ბუკოვსკი?

-         ნ.რ: კარგი მწერალი. ცოტა დარტყმული იყო, მაგრამ ჰქონდა წერის გამორჩეული სტილი, ანტიესტაბლიშმენტური, გამორჩეული პერსონა. იყო ძალიან ასოციალური ტიპი და ბევრი ნაკლოვანების მქონე პიროვნება.

-         მოგწონთ ტიმ დანკანი?

-         ნ.რ:  არა. ძალიან დიდი, მაგრამ შედეგზე ზედმეტად ორიენტირებული მოთამაშეა.

-         თქვენი მშობლები თქვენთვის...

-         ნ.რ: ... უფრო და უფრო ახლობლები არიან. მამა აღარ მყავს, დედა მოხუცებულია. არ მჯერა იმ მოცემულობის, მშობელს და შვილს ერთმანეთის ავტომატურად რომ ესმით. შესაბამისად, არ მჯერა მხოლოდ ბიოლოგიური სიახლოვის. შვილს და მშობელს შორის სულიერი სიახლოვეც უნდა იყოს.

-         რატომ გვეშინია ვირთხების?

-         ნ.რ: მე არ მეშინია, მაგრამ მასობრივად ალბათ, იმიტომ, რომ ვირთხა კარგად არ გამოიყურება და თავისი ეშვებით ბაქტერიებს ატარებს. ეს უფრო ირაციონალური შიშია. ალბათ, უფრო ქვეწარმავლების გვეშინია. ვირთხის შიშიც ფობიაა. ერთ-ერთი ფობია. ზოგს აქვს აგორაფობია, ანუ შიში გახსნილი სივრცის მიმართ. არის კიდევ ტრისკაიდეკაფობია, რიცხვი 13-ს შიში. როდესაც სასტუმროში არ შედიხარ მეცამეტე ოთახში, ცხოვრებით ერიდები 13-ს.

-         როგორ არ გინდათ, რომ დაგიმახსოვრონ?

-         ნ.რ: როგორც ამპარტავანი, შურიანი და უგულო ადამიანი. ან, უპრინციპო. ცუდს რა დალევს.

-         კვენტინ ტარანტინო თუ გაი რიჩი?

-         ნ.რ: ცალსახად, ტარანტინო. მას აქვს თავისი ბევრწლიანი პროგრამა, რომელსაც ავითარებს, პერმანენტულად ქმნის რაღაც ახალს, აქვს კულტურის თავისი მიმართულებით წაყვანის გეგმა. რიჩიმ ესთეტიკა ვერ შექმნა. კვენტინი უფრო მასშტაბურია. ტარანტინოს ფილმებში განსაკუთრებული დიალოგებია. ტარანტინო მეავალმხრივი, დახვეწილი მწერალია. რიჩიც კარგია, მაგრამ ცოტა ხელოვნურად გროტესკულია. ტარანტინო ერთხელ კანში, ცარიელ პიცერიაში შეგვხვდა. ვართ მე, ნუცა კუხიანიძე, ნუცას ქმარი გუკა რჩეულიშვილი, საფრანგეთში საქართველოს ელჩი მამუკა კუდავა, მიშო ურუშაძე. ერთმანეთს ვეკითხებით, ტარანტინოს ფიტული აქ რატომ უდევთ და ამ დროს მან, ფიტულმა დაილაპარაკა. პიცერიაში არავინ არ იყო. დავპატიჟეთ ლუდზე, პიცაზე. მაგრად გაგვიკვირდა, რომ სწორედ იქ, ცარიელ პიცერიაში შეგვხვდა სმოკინგში გამოწყობილი კვენტინ ტარანტინო, რომელმაც კანში Inglourious Basterds ჩაიტანა.

-         პასუხის გაცემის დროს ფიქრობთ?

-         ნ.რ: კი, აბა რა. რომ არ ვიფიქრო, რა აზრი აქვს პასუხის გაცემას. აზროვნება რთული ოპერაციაა. საუბრის დროს ვფიქრობ. სატელევიზიო გამოსვლის დროს ვფიქრობ და შესაბამისად, ოდნავ ნელ ტემპში ვსაუბრობ.

-         რას გადაიღებდა თბილისში დარენ არონოვსკი?

-         ნ.რ: ძნელი სათქმელია. ალბათ, თბილისელ ლოთებზე, დილიდან რომ დასალევს ეძებენ. რა იცვლება, რა არ იცვლება მათ ცხოვრებაში.

-         რატომ არის შავი ფერი საქართველოში ასეთი პოპულარული?

-         ნ.რ:  იმიტომ, რომ ჩვენთან ფერების ეშინიათ. შავი სულის მდგომარეობას ასახავს. და იმიტომ, რომ ბევრი რეცხვა არ სჭირდება.

-         ყველაზე კარგი და ყველაზე დაუფასებელი ბასისტი?

-         ნ.რ: ალბათ, ასეთი ორია - კარლეს ბენავენტი (Carles Benavent) და ეიბ ლაბორიელი (Abe Laboriel). ჩემი აზრით, ორივე ძალიან მაგარია. ალბათ, ვიქტორ ბეილიც (Victor Bailey), რომელიც ცუდად არის და სამკურნალო ფული არ გააჩნია. კუნთების ატროფია აქვს და ვერ უკრავს. არის შანსი, რომ დაბრუნდეს, მაგრამ ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. რაღაც თანხას მეც გადავრიცხავ. თვითონ ბეილი ამბობს, კარგი ვაიბები გამომიგზავნეთ, ჩემთვის ეს ძალიან მნიშნელოვანი არისო. ბეილი კომერციულად წარმატებული მუსიკოსია. როგორც სესიური ბასისტი, უკრავდა მადონასთან, სტინგთან, სხვა ცნობილ მუსიკოსებთან. ჩემი აზრით, არ არის დაფასებული ბოლომდე ჯაკო პასტორიუსიც (Jaco Pastorius). ცოტა ხნის წინ გამოვიდა დოკუმენტური ფილმი პასტორიუსზე, რომლის პროდიუსერი არის Metallica-ს  ბასისტი რობერტო ტრუხილიო.  ბევრი დიდი ბასისტი, თუნდაც ფლი (Flea), ჰერბი ჰენკოკი (Herbie Hancock), სხვებიც ამბობენ, რომ ბევრი ისწავლეს პასტორიუსისგან. ის იყო დიდი კომპოზიტორი. როცა კითხეს, რას უკრავო, პასტორიუსმა უპასუხა, Modern American Music.

-         რატომ არ არ იცის საქართველოში ბევრმა Dire Straits?

-         ნ.რ: იმიტომ, რომ არ გვქონდა და სამწუხაროდ, დღესაც არ გვაქვს მუსიკალური მაღაზიები, სადაც იყიდი ვინილს, სიდის, დივიდის, კასეტას. ეს უნდა გაკეთებულიყო და არ გაკეთდა. ჩემ წილ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ. ამერიკაში არის მუსიკალური მაღაზიების ქსელი MARS. შედიხარ, ირჩევ ინსტრუმენტს და იწყებ დაკვრას. იქ ნახავ სასურველ დრამსეთს, გიტარას, საყვირს, მოკლედ, ნებისმიერ ინსტრუმენტს. საჭიროა, რომ ქვეყანაში მუსიკა ვითარდებოდეს. მუსიკა არ უნდა გაცივდეს. უნდა იყვნენ სკოლის ბენდები და ბავშვებს უნდა ჰქონდეთ გარაჟ-ბენდები. ეს ხელს უწყობს მუსიკალური ერუდიციის გაღრმავებას. ყველა საშუალო სკოლაში უნდა იყოს ერთი ოთახი, სადაც მსურველები რომელიმე კონკრეტულ ინსტრუმენტზე დაკვრას ისწავლიან. გიტარა, დრამი, ბასი, კლავიშები. იცით, როგორ გახდა მუსიკოსი ლუი არმსტრონგი? 8 წლის რომ იყო, დაითრია პისტოლეტი და გაისროლა. დააპატიმრეს, ძნელად აღსაზრდელებში გაუშვეს. იქ შემდეგ იყო ვარიანტი, როდესაც ბავშვს უნდა აერჩია ბენდში ინსტრუმენტი. ფორტეპიანო? დაკავებულია. დრამზი? დაკავებულია. ლუიმ აირჩია საყვირი და უკვე ცოტა მერე, დაიწყო ნიუ ორლეანის გასართობ სახლებში დაკვრა. არმსტრონგი მოხვდა იქ, სადაც მას მისცეს საყვირი, რომელიც პატარა ბიჭის მეგობარი გახდა. სამწუხაროდ, ჩვენთან ეს არსად არ არის შესაძლებელი.

-         მიკი რურკი ვარსკვლავია?

-         ნ.რ: ალბათ, ყოფილი. და როგორც ყველა ყოფილი, ძალიან საცოდავი.

-         თამაზ ყურაშვილის ადგილი მუსიკაში?

-         ნ.რ: განსაკუთრებული. თამაზ ყურაშვილი უნიკალური ფენომენია. საბჭოთა უმოძრაობის დროს ის ჩამოყალიბდა კომპოზიტორად. მაშინ ის მუსიკა თუ არ იდევნებოდა, ითვლებოდა დასავლური დეკადენსის გამოვლინებად. თამაზ ყურაშვილს, იგივე თათუზას ეკუთვნის ქართული ჯაზის ერთ-ერთი ლიდერის წოდება.  თამაზ ყურაშვილი, რეზო კიკნაძე, ზურა რამიშვილი, პავლე კვაჭაძე. მათ შექმნეს გარემო, სადაც გაიზარდა ბექა გოჩიაშვილი, ლევან დეისაძე, ნიჭიერი დრამერი გიორგი კაპანაძე. ეს გამოცდილება თაობიდან თაობამდე გადადის. თათუზას დღემდე აქვს ის, ძველი, სამოციანების განცდა და ის ლტოლვა, რომელიც მხოლოდ განსაკუთრებულ მუსიკოსებს რჩებათ. თათუზას დროს იყვნენ კარგი იმპროვიზატორები - ენრი ლოლაშვილი, დათო მასტერანოვი, დათო ჯაფარიძე. არაჩვეულებრივი დრო იყო.

-         კობი ბრაიანტი თუ ლებრონ ჯეიმსი?

-         ნ.რ: კობი. ლებრონი მოჭიდავეა. ფიზიკურად იმდენად ძლიერია, რომ ყველაფერს ზედმეტად იოლად აკეთებს. კობი უფრო დახვეწილია.

-         კლინტ ისტვუდი-მსახიობი მოგწონთ?

-         ნ.რ: კი, მომწონს. ბავშვობაში ძალიან მომწონდა The Good, the Bad and the Ugly, ისტვუდის სხვა სპაგეტი ვესტერნებიც. ისტვუდი ყოველთვის უფრო კარგი action hero იყო, ვიდრე სტალონე და შვარცენეგერი.

-         Metallica-ს უსმენთ?

-         ნ.რ: მაქვს რამდენიმე სიდი, მაგრამ ეს ჯგუფი არ მაღელვებს.

-         მძიმე მუსიკიდან არაფერს არ უსმენთ?

-         ნ.რ: Led Zeppelin.

-         Deep Purple, Black Sabbath?

-         ნ.რ: „ფარფლების“ მომწონს  „Stormbringer“ (რომელიც არ არის ბევრისთვის საინტერესო),  „Machine Head“. Black Sabbath-ს არ ვუსმენ. როკ-მუსიკიდან ძაან მიყვარს Doors, King Crimson, Jethro Tull, Janis Joplin, Jimi Hendrix, Allman Brothers, Steely Dan. ეს მუსიკა არ დაძველდება.

-         გლიასე გიყვართ?

-         ნ.რ: კი, მაგრად. ბავშვობიდან მიყვარს. პრინციპში, იგივე მილქშეიქია. ძალიან მიყვარდა გლიასე, რომელსაც ზემელზე, ერთ-ერთ კაფეში აკეთებდნენ.

„ბიბლუსიდან“ გასვლის დროს გავჩერდი და გავიფიქრე, რომ პირველად დავრჩი კმაყოფილი და უფრო, მადლობელი საუბრით ადამიანთან, რომელმაც თქვა, რომ ტიმ დანკანი არ მოსწონს. უსმინეთ ჯაზს. და გახსოვდეთ, რომ ყველაფერი შავ-თეთრი არ არის. თუმცა, ხანდახან, შავ-თეთრიც აუცილებელია. ფერები რომ მოგვენატროს. აუუ, ერთ ინტერვიუში, რამდენი ჯაზი იყო, აზრზე ხართ? და იცით? გაასწორა. 

zura talakvadze
სხვა სიახლეები
09 თებერვალი 03:27 საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს განცხადება
14 სექტემბერი, 2016 ნავთლუღის ღამის საარჩევნო სიზმრები
08 თებერვალი, 2016 ქებათა ქება გარდაცვლილ ღმერთებს
15 დეკემბერი, 2015 ფსიქომანია
14 დეკემბერი, 2015 based on a true story - წარმატების ფორმულა საქართველოში
27 ნოემბერი, 2015 უკეთესად შენ თქვი
23 ნოემბერი, 2015 დახმარება შეძლებულებს … ღარიბების ხარჯზე
28 სექტემბერი, 2015 ორი რუსეთი - ორი საქართველო?!
28 სექტემბერი, 2015 ორი პოზიცია
20 ივლისი, 2015 დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა - პრობლემის გადაჭრისთვის აუცილებელია პოლიტიკური ნება