ელდარ რიაზანოვის უკანასკნელი დუბლი
04 დეკემბერი, 2015
900
print

პაატა ვეშაპიძე

 3 დეკემბრს, მოსკოვის ნოვოდევიჩის სასაფლაოზე დაკრძალეს ელდარ რიაზანოვი. იგი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. 30 წელს გადაცილებულთაგან უთუოდ ყველასთვის ცნობილია ეს სახელი და გვარი. რუსი კინორეჟისორის „ბედის ირონია, ანუ გაამოთ“ ყოველი საბჭოთა ახალი წლის განუყოფელი ატრიბუტი იყო.

ელდარ რიაზანოვის ერთ-ერთ ფილმში, პერსონაჟები ერთმანეთს ეცნობიან და ბუნებრივად ჩნდება შეკითხვა - რას საქმიანობთო; პასუხი - სატირას ვსწავლობო. „ეს საინტერესოა, სწავლობთ იმას, რაც არ არსებობს,“ - წარმოთქვამს შეკითხვის დამსმელი. ეს ირონიული, მახვილი ფრაზა, შესაძლოა, მთავარი ლაიტმოტივიც იყო რეჟისორის აზროვნებისა. მისი ფილმები, მისი ტიპაჟები იყო ის იშვიათი გამონაკლისი, რომელთა საშუალებითაც სატირა კი არ ამხელდა ან სჯიდა(როგორც ეს ჩვეულებრივ ხდებოდა საბჭოთა სინამდვილეში), არამედ ის იყო სარკე, რომელშიც ადამიანებს უნდა დაენახათ საკუთარი თავი, გარემოცვა და საზოგადოება, რომელშიც ცხოვრობდნენ; უნდა დაფიქრებულიყვნენ, თუ რაოდენ მშვენიერი იქნებოდა მათი საარსებო გარემო, თუკი ჩამოაცილებდი ადამიანურ სისტუტეებად წოდებულ მახინჯ მისწრაფებებს - სიხარბეს, ამპარტავნებას, სიძულვილს და ა.შ. და ყოველთვის, ყველა ფილმში, ეს მახინჯი მისწრაფებები უკავშირდებოდა გარკვეულ საზოგადოებრივ წყობას, ამ წყობით შექმნილი ურთიერთობების ტრენდს. ალბათ, ამიტომაა, რომ არასაბჭოელებისთვის ამ ფილმების ნიუანსები ძნელადაღსაქმელი იყო, შესაბამისი გამოცდილება არ ჰქონდათ.

 ელდარ რიაზანოვი ცხოვრების ბოლომდე დარჩა იმ მცირერიცხოვან რუს მოღვაწეთა შორის, რომლებიც „დერჟავა“ სამშობლოს მხარდასაჭერად კომპრომისზე არ წასულან. 2014 წლის მარტში ის იყო ინიციატორი რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის წერილისა, რომლითაც დაიგმო ინტერვენცია უკრაინაში. გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე კი, ხელი მოაწერა მიმართვას, რომელიც მიზანად ისახავდა რუსეთის ინტელიგენციის კონგრესის მოწვევას „ომის წინააღმდეგ, რუსეთის თვითიზოლაციის წინააღმდეგ, ტოტალიტარიზმის რესტავრაციის წინააღმდეგ“.

 ალბათ, უინტერესო არ იქნება მცირე კოლაჟი ელდარ რიაზანოვის გამონათქვამებისა და შეფასებებისა, რომლებიც ამოკრებილია მისი ბოლო პერიოდის ინტერვიუებიდან, სხვადასხვა დროს მიცემული „ეხო მოსკვისთვის“, „სობესედნიკისთვის“ და სხვა მედიასაშუალებებისთვის.

 „თუკი ფოლკლორს გადავიკითხავთ, რუსებს ყოველთვის სურდათ, ყველაფერი მიეღოთ დაუყოვნებლივ და რაც შეიძლება ბევრი და, თანაც, არ ემუშავათ. რუსული ზღპრები, სამწუხაროდ, სწორედაც რომ ნაციონალური იდეაა. ესაა მენტალიტეტი, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, სიმპათიას არ იწვევს. საუკეთესო რუსი ადამიანები ყოველთვის ამის საპირისპიროდ არსებობენ“.

 „ღმერთი არ მწამს, რადგან იმ დროს მისი რწმენა არ შეიძლებოდა. დავიბადე 1927 წელს, როცა ეკლესიებს ანგრევდნენ, ღვთისმსახურებს ხვრეტდნენ. მორწმუნე არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ყოველთვის პატივისცემით ვეკიდებოდი მორწმუნეებს; თუმცა, მათი გამოკლებით, ვინც რწმენას ტყუილისთვის იყენებს“.

 „იყო დრო, მეც ვიღებდი ფილმებს, სადაც მოქმედება სანაგვეზე ვითარდება. ახლა კი, ყველაფერი სანაგავეა და ადამიანები, რომლებიც იქ მოქმედებენ, ისინიც ნაგვები არიან. გესმით, რა დავიწყებული ცნებებია ღირსება, სინდისი, კეთილშობილება, გულწრფელობა, სინაზე - ყველაფერი დავიწყებულია. იმიტომ, რომ რაღაც საშინელი პითეკანთროპები გაჩნდნენ, რომელთა ყურებაც შეუძლებელია, არ მსურს“.

 „ელცინის ბევრ ნაბიჯს ვემხრობოდი. მაგრამ ერთადერთი, რის პატიებაც არ შემიძლია, ისაა, რომ ასეთი მემკვიდრე დაგვინიშნა, რომელმაც, ჯერ ერთი, კვლავ წამოაყელყელავა, ასე ვთქვათ, ის, რაც ისტორიამ ჩააჩოჩა - ამ საშინელი, ხარბი, ბნელი ადამიანების ფენა, რომელიც განასახიერებდა ჩვენთან საშიშ, ბოროტ ძალას. მათ უკან დგას სიკვდილით დასჯილთა, სისხლში ჩამხვრჩალთა ჯგრო, და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ. აი, რის პატიება არ შემიძლია, სამწუხაროდ“.

 „ნარკოტიკი არასოდეს გამისინჯავს, მაგრამ ბევრი წამიკითხავს ამის შესახებ. კინო ყველა ნარკოტიკზე უფრო საშინელია. ვისაც კინოსთვის გემო გაუსინჯავს, ნებაყოფლობით არ მიატოვებს მას. არსებობს მხოლოდ ერთეული შემთხვევები“.

 „როდესაც ფილმს ვიღებ, ავადმყოფობისთვის არ მცალია. როგორც კი ფილმი დამთავრდება, ავადმყოფობა და უქეიფობა ყველა ნაპრალიდან მოძვრება. ამიტომ ჩემთვის - და ეს რეცეპტია მხოლოდ ჩემთვის - აუცილებელია მუდმივად მუშაობა“.

 „შეიძლება ითვას, რომ მხოლოდ ემას (რიაზანოვის მეუღლე ემა აბაიდულინა) წყალობით ვცოცხლობ. ჩემი წიგნის ბოლო თავში ჩვენზე დავწერე ასეთი ფრაზა: „ჩვენ ცხენებივით ვართ, ერთი მეორეს ქედზე თავს რომ ჩამოადებენ.“ და ამას ვერაფერს დავუმატებ. იგი ხშირად მეუბნება: „მთავარია, მე ჩამეჭიდო.“ ჰოდა, მეც ვეჭიდები...

 

paata veshapidze
სხვა სიახლეები
19 სექტემბერი, 2016 არჩევნებზე, როგორც ზოოპარკში
16 სექტემბერი, 2016 ეს მართლა ჩვენ გვეხება!
16 აპრილი, 2016 აჩრდილი
11 თებერვალი, 2016 ”თვალები გაქვთ და ვერ ხედავთ, ყურები გაქვთ და არ გესმით!..”
01 თებერვალი, 2016 გიგი უგულავას ბლოგი
25 სექტემბერი, 2015 “ღმერთმანი, რაღაც ჯოჯოხეთში მოვხვდი“
18 სექტემბერი, 2015 ”ქართული ოცნება” და გიგი უგულავა განაჩენის მოლოდინში
17 აგვისტო, 2015 როცა შეცდომებზე ვერ/არ სწავლობენ
12 აგვისტო, 2015 გიგი უგულავას ბლოგი
21 ივლისი, 2015 გიგი უგულავას ბლოგი