უკეთესად შენ თქვი
27 ნოემბერი, 2015
2225
print

პარიზი გმირების ქალაქია. და თბილისი?!

თაკო სალთხუციშვილი

 „პარიზი გმირების ქალაქია...“ - ეს ფრაზა ფეისბუქის ერთ-ერთ გვერდზე - „მე ვარ დონორი“ - გამოჩნდა.ჩვენს ქვეყანაში სისხლის უანგარო დონაცია არცთუ ისეთი პოპულარულია, თუმცა, მაშინ, როდესაც პარიზის საავადმყოფოებთან სისხლის უანგარო დონორების რიგები დადგა, თითქმის ყველა ქართულმა საინფორმაციო პორტალმა ამას ცალკე ნიუსი მიუძღვნეს და ეს ინფორმაცია საკუთარ ფეისბუქის გვერდებზეც აქტიურად აზიარეს, თუმცა იმაზე, რომ საქართველოში სისხლის უანგარო დონორების რაოდენობა ფაქტიურად მინიმუმს ქვემოთ არის და იმაზე, რომ ამ თემის პოპულარიზაციაში მედიას საკუთარი მინიმალური წვლილიც კი არ შეაქვს ფაქტია!

საზოგადოებაში ელემენტარული ინფორმაცის ნაკლებობაა. უმრავლესობამ არც კი იცის, რამდენად მნიშვნელოვანია უანგარო დონორების რაოდენობა, რამდენი ადამიანის გადარჩენა შეუძლია ერთი ადამიანის მიერ ერთხელ გაღებულ სისხლს, რა შემთხვევებშია სისხლი საჭირო, რამდენად უსაფრთხოა მისი ჩაბარება და რომ სისხლი და სისხლის პროდუქტების შემცველი ხელოვნური ხსნარები არ არსებობს!

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრი და არასამთავრობო ორგანიზაცია „არტინფო საქართველო“ ის გამონაკლისები არიან, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში, სოციალური ქსელის საშუალებით, სხვადასხვა უნივერსიტეტში სისხლის უანგარო დონაციის აქციების მოწყობით და ბიზნეს და მედია წარმომადგენლებისთვის, თუ სტუდენტებისთვის ყოველთვიურად რამდენიმე პრეზენტაციის ჩატარებით, უანგარო დონაციის პოპულარიზაციას და ამ თემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ცდილობენ.

აღნიშნულ თემაზე დღეს სწორედ „არტინფო საქართველოს“ დირექტორ ეკა ზედელაშვილს ვესაუბრეთ.

 - ეკა, როგორც ვიცი, ტრაგედიიდან რამდენიმე დღით ადრე პარიზში ბრძანდებოდით, საკმაოდ კარგად იცნობთ საფრანგეთის მოქალაქეებს, იქნებ გვითხრათ, თქვენი აზრით, რა განასხვავებს საფრანგეთის მოსახლეობას ქართველი მოსახლეობისგან?

 - დიახ, პარიზის შემზარავ ტერაქტს სულ ორი დღით ავცდი (გამოვასწარი), არ ვიქნები ალბათ გამონაკლისი თუ ვიტყვი, რომ ეს ჩემთვის, ისევე, როგორც ყველა ნორმალური ადამიანისთვის, დიდი სტრესი იყო, თუმცა ვთვლი, რომ საფრანგეთმა და ფრანგმა ერმა კიდევ ერთელ დაანახა მსოფლიოს, რა ღირებულებები უნდა დაუპირისპირო ძალადობას და სიბოროტეს. განმასხვავებელ ნიშანს რაც შეეხება, სწორედ ამ კუთხით მინდა ვისაუბრო. მსოფლიოს წამყვანი ტელევიზიები (CNN, BBC და ა.შ) გადმოსცემდნენ კადრებს, სადაც ჩანდა თუ როგორ იდგნენ ადამიანები სისხლის გასაღებად რიგში, ისიც ხაზგასმით იყო ნათქვამი სხვადასხვა საინფორმაციო გამოცემებში, რომ სწორედ ასეთი რაოდენობის უანგარო დონაციამ განაპირობა დაჭრილების და დაშავებულების გადარჩენა, ჩემი აზრით, მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მაინც ის არის, რომ იქ ბევრად მეტი ინფრომაცია აქვთ ადამიანებს სისხლის უანგარო დონაციის მნიშვნელობის შესახებ, ამისთვის მთელი მექანიზმი მუშაობს, როგროც სამთავრობო სექტორი, ასევე მასმედია და არასამთავრობო ორგანიზაციები. შემიძლია გითხრათ, რომ იქ დონორი ანუ ადამიანი ვინც პირდაპირი მნიშვნელობით, სხვა ადამიანის სიცოცხლის გადამრჩენელია, უპირობო გმირი და ძალიან საპატივსაცემო ადამიანია! ამას სწორედ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილი საინფრომაციო კამპანიები განაპირობებს, შედეგი კი არის ასეთი მაღალი სამოქალაქო ცნობიერების დონე. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ბევრად ჩამორჩება საფრანგეთს ამ კუთხით, მოსახლების ძალიან დიდ ნაწილს არც კი სმენია უნგარო დონაციის მნიშვნელობის შესახებ.

 - საქართველოში თქვენ ხართ ერთ-ერთი, ვინც უანგარო დონაციის თემის აქტიურ პოპულარიზაციას ეწევა, რამდენად დაბალია ამ კუთხით ჩვენი მოქალაქეების ცნობიერება?

- ჩვენი ორგანიზაცია ამ საქმიანობას საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დაფინანსებითა და მხარდაჭერით ახორციელებს, ეს არის უდიდესი საქმე ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, მინდა თქვენი მეშვეობით მადლობა გადავუხადო მათ ამისთვის. სწორედ მათი ხელშეწყობით და მხარდაჭერით ვახორციელებთ ყოველთვიურად საქართველოს მთელს ტერიტორიაზე თემის პუპულარიზაციის მიზნით სხვადსხვა ღონისძიებებს (სისხლის უანგარო დონაციის აქციები, საინფორმაციო შეხვედრები, პრეზენტაციები და ა.შ). სამწუხაროდ, ცნობიერების დონე ჯერ კიდევ ძალიან დაბალია, თუმცა მას შემდეგ, რაც ადამიანები იგებენ თემის შესახებ მათთვის უცნობ დეტალებს, ცნობიერების და ნდობის ფაქტორიც იზრდება და დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ამ თემას და სისხლსაც დიდ სიხარულით აბარებენ უანგაროდ.

- როგორია სტატისტიკა უკანასკნელ წლებში, მოსახლეობის რამდენი პროცენტია უანგარო დონორი?

- წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა უანგარო დონორების რიცხვი, ეს სწორედ ისეთი კამპანიების შედეგია, როგორსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ახორციელებს. ზოგადად დონაციების რაოდენობა 2011 წლიდან 2014 წლის ბოლომდე გაორმაგდა. 2011 წელს - 25982 და 2014-ში კი 57559 დონაცია მოხდა! უანგარო დონორთა ციფრი კი 8%-დან 28%მდე გაიზარდა. ჩემი აზრით, ეს მაინც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ვთვლი, რომ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას სისხლის უანგარო დონაციასთან დაკავშირებით ხანგრძლივი და ინტენისური მუშაობა სჭირდება და კარგი იქნება თუ სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის გარდა მასმედიაც შეიტანს თავის წვლილს. სამწუხაროდ, მათ დონაცია უმნიშვნელოდ მიაჩნიათ და ხშირ შემთხვევაში არ აშუქებენ ჩვენს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს, მოვერიდები დაკონკრეტებას, მაგრამ ერთი ქართული ტელეარხი საერთოდ ღიად აცხადებს, რომ ეს თემა მისი პრიორიტეტი არ არის.

 - ფულის სანაცვლოდ რამდენი აბარებს სისხლს?

- ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, რადგან ჩვენი მიზანი სწორედ უანგარო დონაციის პოპულარიზაციაა და არა პირიქით. მე მესმის იმ ადამიანების მოტივაციაც ვინც ამას ფულის სანაცვლოდ აკეთებს, ეს ხომ უკიდურესი ნაბიჯია ფინანსური გაჭირვების დროს. მაგრამ ჩვენი მიზანი არის სწორედ უანგარო დონაციის პოპულარიზაცია, აქვე მინდა ავღნიშნო ის, რომ ფასიანი დონორისგან განსსვავებით უანგარო დონორი უსაფრთო სისხლის გარანტიაა, რადგან მისი მოტივაცია არა ფინანსური სარგებელი, არამედ სხვისი სიცოცხლის გადარჩენაა, შესაბამისად ის არ მალავს ინორმაციას გადატანილი დაავადებებისა თუ ინფექციების შესახებ.

 - რა ღონისძიებები უნდა გატარდეს იმისთვის, რომ ეს ციფრები შეიცვალოს?

 - კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ გადამწყვეტი ინფორმაციის მიწოდებაა, ადამიანი უბრალოდ ვერ გააკეთებს იმას რაც არ იცის, ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ რა არის სისხლის უანგარო დონაცია, რამდენად მნიშვნელოვანია ის თითოეული ჩვენთაგანისთვის და სად შეიძლება გავიღოთ სისხლი უანგაროდ. სწორედ ამიტომ, ჩვენმა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,არტინფო საქართველომ’’ უანგარო დონაციის საერთაშორისო დღეს საქართველოს დაავადებათა კოტროლის ეროვნულ ცენტრს საჩუქრად გადასცა ვებგვერდი donori.ncdc.ge,  სადაც ნებისმიერ ადამინს შეუძლია შევიდეს და მიიღოს შეკითხვებზე პასუხი. ასევე აღნიშნულ ვებგვერდზე მომხმარებელს შეუძლია დარეგისტრირდეს, აირჩიოს სასურველი სისხლის ბანკი და მისთვის სასურველ დროს ჩააბაროს სისხლი. ასევე ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური ფეისბუქ გვერდი ,,მე ვარ დონორი’’. გარდა ამისა, კარგი იქნება სხვადსხვა ტელევიზიები და რადიო შოუები თუ ცოტა დროს მაინც დაუთმობენ ამ თემას პერიოდულად.

 -  როგორია ახალგაზრდა თაობის როლი ასეთ საქმეებში?

- ახალგაზრდა თაობა ძალიან აქტიური და გულისხმიერია, როცა საქმე სხვა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას ეხება და ეს ძალიან სასიხარულო ფაქტია. უანგარო დონორების უმეტესობა სტუდენტები არიან, მართლაც აბსოლიტურად სხვა მენტალიტეტი აქვს ,,მდინარე ვერეს თაობას“, როგორც მათ 13 ივლისის ტრაგედიის შემდეგ უწოდეს.

 - „პარიზი გმირების ქალაქია“. და თბილისი?

- თბილისი რომ გმირების ქალაქია ეს ასიათასმა მორწმუნემ ერთ დღეში დაამტკიცა, ზოგადად ქართველს სხვისი დახმარება გენში გვაქვს. მე ვთვლი, რომ თბილისი ყოველთვის იყო და იქნება გმირების ქალაქი, უბრალოდ თბილისელებს მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ სისხლის უანგარო დონაციაზე.

თაკო სალთხუციშვილი
სხვა სიახლეები
09 თებერვალი 03:27 საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს განცხადება
14 სექტემბერი, 2016 ნავთლუღის ღამის საარჩევნო სიზმრები
08 თებერვალი, 2016 ქებათა ქება გარდაცვლილ ღმერთებს
15 დეკემბერი, 2015 ფსიქომანია
14 დეკემბერი, 2015 based on a true story - წარმატების ფორმულა საქართველოში
06 დეკემბერი, 2015 ნიკა რურუას ჯაზი
23 ნოემბერი, 2015 დახმარება შეძლებულებს … ღარიბების ხარჯზე
28 სექტემბერი, 2015 ორი რუსეთი - ორი საქართველო?!
28 სექტემბერი, 2015 ორი პოზიცია
20 ივლისი, 2015 დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა - პრობლემის გადაჭრისთვის აუცილებელია პოლიტიკური ნება