ორი რუსეთი - ორი საქართველო?!
28 სექტემბერი, 2015
3992
print

ქეთევან იგნატოვა

“არსებობს თუ არა ორი რუსეთი?” - ეს შეკითხვა, თითოეულ ჩვენგანს არაერთხელ გაგვიგია, თავად დაგვისვამს, ან ჩვენთვის უკითხავს ვინმეს. პასუხიც, როგორც წესი, მოულოდნელად მარავალმხრივი, სხვადასხვა არგუმენტით გამყარებული მოგვისმენია... “მჯერა, არსებობს! მთელი ჩემი ახალგაზრდობა, სტუდენტური წლები... ჩემი რუსი მეგობრები... დიდ თეატრში ნანახი “გედების ტბა”... მოსკოვის სამზარეულოებში, ჩაით დაწყებული და აუცილებელი არყით დამთავრებული, ლექსების კითხვა, გაცხარებული კამათები, პუშკინის მუზეუმი, რესტორანი “ბელგრადი-2”...

თითოეულ ჩვენგანს და, რა თქმა უნდა მეც, როგორც საბჭოთა და პოსტსაბჭოთა თაობას, ძალიან ბევრი, სასიამოვნო, მხიარული და სრულიად პირადი მოგონებები გვაკავშირებს მოსკოვთან, ლენინგრადთან, იქ გატარებულ ზამთრის არდადეგებთან, “პრაქტიკებთან”, დისერტაციის ხელმძღვანელთან, მივლინებასთან ან, უბრალოდ, სულ რაღაც ორას მანეთად მოწყობილ “პაეზდკასთან”. ახლა უკვე ბუნდოვნად, მაგრამ მაინც გვახსოვს, მოკლე ვადით შეძენილი მეგობრები, გაცნობილი საინტერესო, “ინტელიგენტი” რუსები. ვკითხულობდით “ანა კარენინას”, პუშკინის ლექსებს -“Алина сжалтесь надо мною…» - ზეპირად ვსწავლობდით, მივირთმევდით “მიშკა” კანფეტებს და ზედ გამოსახული ნახატი შედევრი გვეგონა. უამრავმა მოგონებებმა ძალიან შორს შეიძლება წაგვიყვანოს! ჩვენ, ამ “ძმურ” მეგობრობა-მეზობლობაში, “მიშკას” ჭამასა და ლერმონტოვის დეკლამირებაში ხომ ათწლეულები გავატარეთ! ჩემმა და ჩემზე უფროსმა თაობამ კი საკუთარი ცხოვრების საუკეთესო ათწლეულები, მთელი ახალგაზრდობა... უდარდელი, მხიარული, ლაღი ახალგაზრდობა, როდესაც ფიქრისთვის, ოდნავ სიღრმისეული ანალიზისთვის, დისტანცირებული ხედვისთვის, ელემენტარული ობიექტურობისთვის, უბრალოდ არ გცალია, დროს არ იმეტებ, მთელი ცხოვრება წინ გაქვს და ყოველწამიერად ცდილობ, მასში მხოლოდ პოზიტივი დაინახო და მიიღო. საბჭოთა თაობის მეხსიერებაში დაილექა ის სურათი, რომელიც რუსეთის და მით უმეტეს, დიადი საბჭოთა კავშირის მხოლოდ ერთ, ჩვენი ახალგაზრდულ-ზედაპირული ხედვით აღქმულ, შელამაზებულ მხარეს წარმოადგენდა. თითქოს ყველაფერი ვიცოდით. ბებიების და ბაბუების თავს გადატანილი მასობრივი რეპრესიების, ტოტალიტარული რეჟიმის, ტერორის, ბოლშევიზმ-კომუნიზმის ყველაზე დანაშაულებრივი იდეოლოგიის შესახებ ვიცოდით. ყურმოკვრით, უმეტესად, ოჯახებიდან, საბჭოთა რუსეთის მიერ 1921 წელს საქართველოს ანექსიის შესახებაც გაგონილი გვქონდა. სკოლაშიც რომ ფსევდოისტორიას, სრულ სიცრუეს გვასწავლიდნენ, ესეც ვიცოდით. დისიდენტების არსებობისა და მათ წინააღმდეგ რეჟიმის სასტიკი, გაუგონარი მეთოდებით ბრძოლის შესახებაც გაგვეგო. ვიცოდით, რომ არათავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ, მაგრამ თავისუფლების არსი, ამერიკული ჯინსების ქონის, კოკა-კოლის დალევისა და არა პახმუტოვასა და კობზონის, არამედ ბევრად უკეთესი მუსიკის მოსმენის საშუალებაში მდგომარეობდა.

ახალგაზრდები და ახლა რომ ვფიქრობ უმეტესობა, ალბათ, უპატიებლად ზედაპირულები, ზედმეტად ბედნიერები, გადაჭარბებულად ლაღები ვიყავით. გვიყვარდა ჩვენი ქვეყანა. აღფრთოვანებულები ვათვალიერებდით ხუროთმოძღვრების უნიკალურ ქართულ ძეგლებს. საქართველოს მთების, ველების, ტყეებისა და მდინარეების სილამაზით ვტკბებოდით. ვდგებოდით რომელიმე მაღალი მთის წვერზე, თვალწინ გადაშლილ თვალუწვდენელ პეიზაჟს გადავხედავდით, ემოციურად ვყვიროდით და სულგანაბულები ექოს გამოძახილს ველოდით. ახლა, წლების გადმოსახედიდან კი მეჩვენება, რომ ის ექო, სრულიად კონკრეტულს, ყველაზე მნიშვნელოვანს, ყველაზე დიდს, ფასდაუდებელს გვპასუხობდა, ჩვენ კი არ გვესმოდა. ახალგაზრდები ვიყავით, გვიყვარდა ქვეყანა, მაგრამ არ გვიყვარდა და არც კი გვაინტერესებდა საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკა, არ ვამაყობდით დროშით, ჰიმნით. ჩვენი არ გვქონდა და ამიტომაც ალბათ, არ გვიყვარდა ქართული სახელმწიფო, რომლის არარსებობაში რუსულ როლზე დიდად არ დავფიქრებულვართ. ჩვენ ხომ ახალგაზრდები ვიყავით!

მაგრამ ყველა ნორმალური ადამიანის ცხოვრებაში, როგორც წესი, ადერე თუ გვიან დგება ის ეტაპი, როდესაც შენი ქვეყანა, შენი სახელმწიფო თავს გახსენებს, დახმარებას, თანადგომას, თანამონაწილეობას გთხოვს. დგება ეტაპი, როდესაც ქვეყნის, შენი ერის და პირადად შენი, შენი შვილების თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ჯანსაღი მომავალი, შენი მოსაპოვებელ-დასაცავ-შესანარჩუნებელი ხდება და მთავარი ღირებულებები, ფასეულობები, მიზნები სრულიად კონკრეტულ და ურყევ ფორმას იძენს. დგება ეტაპი, როდესაც ოდესღაც სკოლაში ნასწავლი საქართველოს ისტორია ცრუ, შელამაზებულ სახეს კარგავს და მთელი თავისი სიმძიმითა და ტრაგიზმით, სისხლითა და ცრემლით, თავს გეხვევა და საკუთარ სამშობლოს კიდევ უფრო გაყვარებს, მის წინაშე კიდევ უფრო ვალდებულს გხდის. ყველა, ან თითქმის ყველა ქართველის თვალწინ ჩვენი ქვეყნის საუკუნოვანი მტერი, სრულიად კონკრეტულ კონტურს იძენს და ლაღი, ახალგაზრდული მოგონებების მიუხედავად, ვეღარ, აღარ ტყუვდები და იცი, დაზუსტებით იცი, რომ “ორი რუსეთი” არ არსებობს და არასდროს არსებობდა. რუსეთში ყოველთვის არსებობდნენ და დღესაც არსებობენ პროგრესული, განათლებული, ჰუმანური, დემოკრატი ადამიანები, მაგრამ, სამწუხაროდ, მათი რიცხვი ერთეულებით განისაზღვრება. იმპერიული და შემდგომ კი იმპერიულ-ბოლშევიკური საწამლავი, მათ საუკუნეების მანძილზე ისე შეუმჩნევლად, ისე წვეთ-წვეთად წამლავდა, რომ დღეს, სამწუხაროდ და რეალურად, ამ უკიდეგანო ქვეყნის თითქმის უკლებლივ ყველა მოქალაქე “გედების ტბაში” სოლო პარტიის შემსრულებელიც, თქვენი დისერტაციის ხელმძღვანელიც, ნაძვნარში მიმობნეული დათუნიების ავტორი შიშკინიც და საკუთარ პატარა სამზარეულოში, აბაჟურის ქვეშ, ტიციანის თარგმნილი ლექსის მკითხველიც, ტანადი, ქერა, ულამაზესი ტანიაც, ვალიაც... ჩვენი ქვეყნის, დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს გააზრებული ან გაუზრებელი, მაგრამ ერთნაირად დაუძინებელ-დაუნდობელი მტერია. მტერი, რომელიც შენი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, ნებისმიერი ურჩობის შემთხვევაში, საკუთარ შვილს, ქმარს თუ ძმას ყვავილების პატარა, გულისამაჩუყებელი თაიგულით უყოყმანოდ შესვამს ტანკზე ჩვენი მიწა-წყლის წასართმევად, ქალაქების, მინდვრებისა და ტყეების გადასაწვავად, ასიათასობით ქართველის უსახლკაროდ დასატოვებლად, ანწუხელიძის საწამებლად, სულ სიმღერ-სიმღერით გამოაცილებს.

სხვათა შორის, იცით რომელი სიმღერებით? რომლებზეც უკეთესის მოსმენას ახალგაზრდობაში ასე ვლამობდით და რომლებსაც დღეს სრულიად გაუგებარი, ან პირიქით, სრულიად გასაგები მიზნით, მერიის კულტურული პროგრამის ფარგლებში, დედაქალაქის ცენტრში ბოლო ხმაზე დილა-საღამოს გვასმენინებენ.

აი აქ კი, რახან საუბარმა მოიტანა, ვიკითხავ - ამ მითიური “ორი რუსეთის” არსებობა-არარსებობის გარკვევაში, ამაზე უაზრო კამათით ისე დავკავდით, რომ შემთხვევით “ორი საქართველოს” არსებობა ხომ არ გამოგვეპარა? მოღალატეების, მხდალების, გამყიდველების, მოსყიდულების, კონფორმისტების... ”მეორე საქართველო”? თუ ისევე, როგორც ერთიანია რუსეთი, საქართველოც ერთია, რომელსაც უბრალოდ, ლამაზი, ნიჭიერი, პატრიოტი, გონიერი, თავდადებული, თავისუფლებისკენ მსწრაფველი, დასავლური ღირებულებების მქონე შვილების პარალელურად, თითო-ოროლა მახინჯი, მდაბიო, ან თავისი ახალგაზრდული, პრიმიტიულ-ზედაპირული მოგონებების (“პაეზდკების”, “მიშკა”კანფეტების, ქერა ლამაზმანების) რუსოფობი მსხვერპლიც გამოერია? სწორედ შორეული, პროსაბჭოთა-პრორუსული დროიდან ხომ გაგვიგია გამოთქმა - “в семье не без урода.» ალბათ, ჩვენშიც ასეა. უბრალოდ, ამ ბოლო დროს საქართველოში ეს “უროდები” არ ვიცი მომრავლდნენ, არ ვიცი გათამამდნენ, შეგულიანდნენ, მოძლიერდნენ, მაგრამ რაღაც შემაწუხებლები და შემარცხვენელები რომ გახდნენ, ფაქტია.

P.S. პირადად მე კი, სიტყვას გაძლევთ, რომ რა წამს რუსული ჯარი საქართველოს ტერიტორიას დატოვებს, ოკუპირებულ ტერიტორიებს გაეცლება, დევნილები საკუთარ სახლებს დაუბრუნდებიან, “ანა კარენინას” ან თუ გნებავთ, “იდიოტს”, თავიდან გადავიკითხავ, “ევგენი ონეგინს” ზეპირად ჩაგაბარებთ... აი, პახმუტოვას, ან თუნდაც, ალეგროვას მოსმენას კი, გულახდილად ვამბობ, მაინც ვერ დაგპირდებით! ნარმანიამ, დღევანდელივით, იძულებით თუ არ მომასმენინა, რა თქმა უნდა!

სხვა სიახლეები
09 თებერვალი 03:27 საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს განცხადება
14 სექტემბერი, 2016 ნავთლუღის ღამის საარჩევნო სიზმრები
08 თებერვალი, 2016 ქებათა ქება გარდაცვლილ ღმერთებს
15 დეკემბერი, 2015 ფსიქომანია
14 დეკემბერი, 2015 based on a true story - წარმატების ფორმულა საქართველოში
06 დეკემბერი, 2015 ნიკა რურუას ჯაზი
27 ნოემბერი, 2015 უკეთესად შენ თქვი
23 ნოემბერი, 2015 დახმარება შეძლებულებს … ღარიბების ხარჯზე
28 სექტემბერი, 2015 ორი პოზიცია
20 ივლისი, 2015 დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა - პრობლემის გადაჭრისთვის აუცილებელია პოლიტიკური ნება