ორი პოზიცია
28 სექტემბერი, 2015
4481
print

 „მაშინ არის ადამიანის უფლებები მნიშვნელოვანი, როცა ხელისუფლებაში აღარ ხარ და ხელისუფლებაში როცა ხარ, მოსულა ადამიანის დაჩაგვრა?“- ასე გამოეხმაურა დათო ტურაშვილი გადაცემა „მაესტროს ფაქტორში“ გიგი უგულავას განთავისუფლებას და მეორე დღეს ისევ დაჭერას:

„ადამიანები სახელმწიფოსთან დაპირისპირებაში სასამართლო პროცესში იმარჯვებენ, ასეთი რამ წინა ხელისუფლების დროს წარმოუდგენელი იყო. 99.9 % იყო გამამტყუნებელი განაჩენი. ასეთი რამ აღარ ხდება და ეს კარგია, მაგრამ ადამიანებს ყველაფერი სწრაფად გვინდა, ის აღარ გვაკმაყოფილებს, რომ წინას დღევანდელი ვითარება სჯობს. მე მაგალითად, მინდა აღარავინ ერეოდეს სასამართლოს საქმიანობაში და საერთოდ დამოუკიდებელი იყოს სასამართლო, თუნდაც უგულავასთან დაკავშირებით. უგულავა როცა იყო ხელისუფლებაში, იმ ხელისუფლებას საერთოდ არ აინტერესებდა ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა საერთოდ არ არსებობდა. მხოლოდ იმ გადაწყვეტილებას იღებდა სასამართლო, რომელიც ხელისუფლებას სურდა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენც ასევე უნდა გავაკეთოთ და იმ ხელისუფლების წარმომადგენელს პატიმარი იქნება, თუ არაპატიმარი მოვექცეთ ისე, როგორც თავად იქცეოდნენ.

ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, სახელმწიფოს შექმნა გვინდა თუ შურისძიება. თუ სახელმწიფოს შექმნა გვინდა, იმ ადამიანებსაც კი, რომლებიც ჩვენ ან სხვებს ცუდად გვექცეოდნენ, იმათაც უნდა მოვექცეთ მხოლოდ სამართლებრივი გზითა და კანონის ფარგლებში. არ მინდა ვიყო შურისმაძიებელი, თორემ ძალიან კარგად მახსოვს, როგორ იქცეოდა წინა ხელისუფლება, არა მხოლოდ ოპოზიციის, ან პატიმრების, ზოგადად განსხვავებულად მოაზროვნის მიმართ, ნებისმიერი განსხვავებული აზრის წინააღმდეგ იყენებდნენ მხოლოდ ძალას. მე იმ ადამიანებისაც მესმის, ვინც საშინელებები გამოიარა და ასეთი ბევრია, რადგან ათეული ათასობით უკანონო პატიმარი გვყავდა, ადამიანებს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე აძლევდნენ საშინელ სასჯელებს.

ახლა გოგა ხაჩიძისგან ძალიან ხშირად მესმის, რომ მარიხუანის დეკრიმინალიზებას ითხოვს. ეს არის აბსოლუტურად სამართლიანი მოთხოვნა, რადგან ველურებივით ვცხოვრობთ, შეიძლება ერთი ნაფაზისთვის 10 წელის მიცემა? მაგრამ ძალიან მიკვირს, თვითონ რომ იყვნენ ხელისუფლებაში, რატომ არ იცავდნენ ადამიანის უფლებას, სად იყვნენ მაშინ? თვითონ აძლევდნენ საშინელ სასჯელს. ახლა კი მომწონს, რომ აქტიურობენ, რადგან ოპოზიცია რომ არ აქტიურობდეს, ხელისუფლება უარესს ჩაიდენდა, ეს ჩვეულებრივი ამბავია. აბა, თუ მიუშვი, ვინ დაგაცდის კაი ცხოვრებას? იგივე დაემართებათ, რაც წინა ხელისუფლებას. მომწონს ახლა ოპოზიციის აქტიურობა, მაგრამ წინათ რატომ არ უჩნდებოდათ ეს პროტესტი, მაშინ არის ადამიანის უფლებები მნიშვნელოვანი, როცა ხელისუფლებაში აღარ ხარ და ხელისუფლებაში როცა ხარ, მოსულა ადამიანის დაჩაგვრა?“ - აღნიშნა დათო ტურაშვილმა.

 

აქვე გთავაზობთ მწერალ მამუკა ხერხეულიძის გამოხმაურებას დათო ტურაშვილის ამ ინტერვიუზე.

                                                            ტურიკ!

ნერვები რომ დავზოგოთ, ერთმანეთს არ ვუღრიალოთ, რასაც ბოლო ათი წელია ვაკეთებთ, არც საკუთარი თავი შევაწუხოთ და არც სხვები, საჯაროდ მოგმართავ.

ბოლო დროს ძალიან გახშირდა ცხრიანების ტყვეობა და შიში; უწყინარი თემისა თუ მოვლენის ახსნის დროს ერთი ცხრიანი მაინც უნდა გამოერიოს, რომ ყველაფერი გაცილებით დამაჯერებელი გახდეს. ციფრებით გატაცებას ნუმეროლოგია ჰქვია და საკმაოდ უნაყოფო გასართობია, თანაც საშინელი ჩათრევა იცის, პირადობის მოწმობის ექვსიანებისა არ იყოს. თუ ციფრებზე მიდგა საქმე, საქართველოს ისტორიაში გაცილებით ტრაგიკული და ჰეროიკული ამბები მომხდარა, რომელიც ცხრიანს უკავშირდება, ცხრა ძმა ხერხეულიძე, ცხრა მარტი, ცხრა აპრილი, ეს ლექსიც გემახსოვრება, ცხრა ლახვარი რომ დამარტყან ცხრაჯერ გულში..., ზვიად გამსახურდიაც ცხრა თვეში გადაიქცა ჩაუშესკუდ, ზუსტად ლიბერალური ღირებულებების ფეხქვეშ გათელვისთვის, ამას მოყვა სამოქალაქო ომი, ცხინვალი და სოხუმი, სისხლი, ათი ათასობით დაღუპული და ასი ათასობით დევნილი ქართველი, უშუქობა, შიმშილი, ,,დე-სე-თე-ში” შესვლა, დაკანონებული სამხედრო ბაზები და საოკუპაციო ჯარი მთელს საქართველოში. კრემლის გავლენა ძალოვან უწყებებზე.

ზვიადის რეაბილიტაციასაც ცხრა წელი დასჭირდა, ჯერ ანდერგრაუნდის ლიბერალებმა დაიწყეს, "რომელთა მამებმაც" შეარქვეს ჩაუშესკუ, მერე კი ყველამ აიტაცა და ახლა მისი მსუბუქი კრიტიკაც კი წარმოუდგენელია. ასე რომ, განაჩენი მხოლოდ დროს გამოაქვს.

რაც ჩვენ ქართული პოლიტიკა გვახსოვს, არჩევანი მუდამ ორია: ქართველი გიჟები და ქართველი მოღალატეები, მე გიჟების მხარეს ვარ, შენც გიჟების მხარეს მახსოვხარ, ოთხმოციანებში, როდესაც არავის სჯეროდა საქართველოს დამოუკიდებლობა. რა თქმა უნდა, გიჟების, ფარისევლურად ხომ არ ვადიდებთ ორ მთავარ წიგნს - ვეფხისტყაოსანს და დონ კიხოტს - დონ კიხოტეს, როგორც შენ შემისწორებ ხოლმე.

ყველაზე მეტად, ქართულ ნიუსებში შეწყალების აქტი მახარებს. ძმა პატიმარი მყავდა და ვიცი, ეს რასაც ნიშნავს. კომუნისტების და ნეოკომუნისტების დროს გამამართლებელი განაჩენის ციფრებს არავინ ითვლიდა, ის უბრალოდ არ არსებობდა.

ნუმეროლოგიის მოყვარულებს კი მინდა ვუთხრა:

2012 წელს გამამართლებელი განაჩენი იყო მხოლოდ შვიდი პროცენტი.

2013 წელს - ორი.

2014 წელს - ერთი.

ცხრიანი არსად ურევია და რომ შეკრიბო, მაინც არ გამოდის.

P.S. რაშიც სრულიად გეთანხმები, ხაჩიძეა, ფარისეველი ქეში. ჩვენ მაგ დეპუტატის იმუნიტეტით დაცული გაუგებრობისგან განსხვავებით, ნაფაზის გულისთვის მთელი ახალგაზრდობა გვაკავებდნენ და გვირტყამდნენ მილიციებში, მერე, მეგობრები ფულს აგროვებდნენ, ქრთამს იხდიდნენ და გამოვყავდით. მე იმ ოპერების არსებობა არც გამხსენებია 2003 წლის მერე. თუმცა, ყველას სახელი და გვარი ვიცი დღესაც.

შენი ტექსტი, ხალხის გახლეჩვის და დაპირისპირების მუხტს შეიცავს. და მანდელა, რომელსაც ხშირად ვციტირებთ ორივე, ნამდვილად დაგადეპორტებდა კეიპტაუნიდან ამ ტექსტის გამო.

 

მამუკა ხერხეულიძე

 

სხვა სიახლეები
09 თებერვალი 03:27 საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს განცხადება
14 სექტემბერი, 2016 ნავთლუღის ღამის საარჩევნო სიზმრები
08 თებერვალი, 2016 ქებათა ქება გარდაცვლილ ღმერთებს
15 დეკემბერი, 2015 ფსიქომანია
14 დეკემბერი, 2015 based on a true story - წარმატების ფორმულა საქართველოში
06 დეკემბერი, 2015 ნიკა რურუას ჯაზი
27 ნოემბერი, 2015 უკეთესად შენ თქვი
23 ნოემბერი, 2015 დახმარება შეძლებულებს … ღარიბების ხარჯზე
28 სექტემბერი, 2015 ორი რუსეთი - ორი საქართველო?!
20 ივლისი, 2015 დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა - პრობლემის გადაჭრისთვის აუცილებელია პოლიტიკური ნება