ლაბირინთში მორბენლებს ცეცხლში ხვალიდან გამოცდიან
16 სექტემბერი, 2015
3199
print

რამდენიმე დღის წინ ჩვენი კინოგაქირავების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა: თბილისში IMAX-ის სისტემის კინოთეატრი გაიხსნა. Cavea IMAX ამიერიდან ახალ სავაჭრო ცენტრ „ისთ პოინთის“ სივრცეში გელით, სადაც ფილმებს სრულიად სხვა განზომილებაში ნახავთ. 17 სექტემბრიდან აქ "ევერსტის" ჩვენება დაიწყება, ამავე დღეს კი "რუსთაველსა" და ამირანში", მსოფლიო პრემიერამდე ერთი დღით ადრე, „ლაბირინთში მორბენალი: ცეცხლით გამოცდა" გამოვა. 

ბოლოს წლებში young adult განსაკუთრებით პოპულარული ლიტერატურული ჟანრია. სრულწლოვანებამდე ასაკის მოზარდებისთვის განკუთვნილი ნაწარმოებები წამიერად იქცევიან ბესთსელერად, ამიტომ რა გასაკვირია, რომ მათ მიხედვით ფილმების გადაღებას არა და არ წყვეტენ:. „შიმშილის თამაშები“, „გადამცემი“, „დივერჯენთი“, „ბინდი“, „ძვლების ქალაქი“, „ბედის ვარსკვლავის ბრალია“, „ქაღალდის ქალაქი“ და უამრავი სხვა ჯერ წიგნად, შემდეგ კი ფილმად გამოსვლისთანავე იხვეჭენ პოპულარობასა და თაყვანისმცემელთა არმიას.

„ლაბირინთში მორბენალი“ მორიგი ანტიუტოპიაა. მისი ავტორი ამერიკელი მწერალი ჯეიმს დეშნერი გახლავთ, რომელმაც სერიის პირველი წიგნი 2009 წელს გამოსცა. მოგვიანებით ორი ტომიც მიაყოლა: „ცეცხლით გამოცდა“ და „სიკვდილის წამალი“, შემდეგ კი პრიკველი „სიკვდილის ორდერიც“ დაწერა.

ფილმი „ლაბირინთში მორბენალი“ შარშან გამოვიდა. მას პოპულარობის მოსაპოვებლად საკმაოდ რთული გზის გავლა მოუხდა, რადგან ზემოთ ჩამოთვლილი ნაწარმოებების ეკრანიზაციებიც პარალელურ რეჟიმში, თითქმის ერთმანეთის მიყოლებით გამოდიოდა. თუმცა საკუთარი მომხმარებელი ნებისმიერ პროდუქტს ჰყავს, ჰყავდა „ლაბირინთში მორბენალსაც“ და, დაგვერწმუნეთ, „ცეცხლში გამოცდასაც“ ეყოლება.

ახალ ფილმში მთელი მსოფლიოს მოზარდი მაყურებლის ერთ-ერთი საყვარელი მსახიობის, დილან ო’ბრაიენის გმირი ტომასი მეგობრებთან ერთად ორგანიზაცია W.C.K.D-ის საიდუმლო საქმიანობის გამოაშკარავებას ცდილობს. ამჯერად მეგობრებს გზის გაკვლევა ლაბირინთის ნაცვლად უზარმაზარი ქალაქის ნანგრევებსა და უდაბურ ადგილებში მოუწევთ, გზად კი მეაბმოხეთა არმია „მარჯვენა ხელის“ წევრებსაც გაიცნობენ.

სხვათა შორის, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, როდის გამოვა „სიკვდილის წამალი“. მისი გადაღება დაწყებულიც არაა, მაგრამ ფრენჩაიზის მოყვარულები ნუ დაღონდებით - ტრილოგია აუცილებლად შეიკვრება.

ამასობაში კი IMAX იქოქება! კინოთეატრების ქსელს უკვე აქვს მომდევნო თვეებზე გაწერილი აფიშის მონახაზი, რომელსაც აქვე გაგაცნობთ: 17 სექტემბრიდან „ევერესტი“ გამოვა. ეს გახლავთ მსოფლიოს უმაღლესი წერტილისკენ მიმავალი და თოვლისა და ყინულის ტყვეობაში აღმოჩენილი ადამიანების ისტორია, რომელმაც სექტემბრის დასაწყისში ვენეციის კინოფესტივალი გახსნა. 8 ოქტომბერს ამავე კინოდარბაზში რობერტ ზემეკისის „სიარულის“ ჩვენება დაიწყება, 15 ოქტომბრიდან გილერმო დელ ტოროს „კრიმსონ პიკის“, ნოემბრის დასაწყისში კინობონდიანას მორიგი ფილმი „სპექტრი“ გამოვა, ხოლო 17 დეკემბერს უკანასკნელი წლების უდიდესი კინოპრემიერა გველის - ამ დღეს „ვარსკვლავური ომები: VII ეპიზოდი - ძალის გამოღვიძების“ ჩვენება დაიწყება!!!

 

 ია ვეკუა

ia vekua
ტეგები
სხვა სიახლეები
17 აგვისტო, 2015 ქართული „მამა“ ლოკარნოს რჩეულია
11 აგვისტო, 2015 როგორ ჩავარდა კოსმოსური პორნო
04 აგვისტო, 2015 აგვისტო დიდ ეკრანზე
31 ივლისი, 2015 „სამეფო კარის თამაში“ კიდევ სამ სეზონს გასტანს
30 ივლისი, 2015 ვენეციის კინოფესტივალის პროგრამა
22 ივლისი, 2015 კინო და კინოდისტრიბუცია რეგიონებში
15 ივლისი, 2015 ქართული მოკლემეტრაჟიანი ლოკარნოს კონკურსშია
13 ივლისი, 2015 ლევან გაბრიაძის Unfriended გაქირავებაში გამოდის
03 ივლისი, 2015 სტრიპტიზის დროა!
02 ივლისი, 2015 სამი დაკრძალვა და ერთი ქორწილი