თბილისის ჯაზფესტივალის პროგრამა და სხვა დეტალები
18 აგვისტო, 2015
4345
print

მიუხედავად იმისა, რომ სამიოდე კვირის წინ დასრულებული შავი ზღვის ჯაზფესტივალის აკორდების ხმა ჯერ კიდევ ჩაგვესმის, „ისტერნ პრომოუშენი“ ოქტომბერში დაგეგმილი თბილისის ჯაზფესტივალისთვის მზადებას ასრულებს. უკვე ცნობილია ერთკვირიანი ფესტივალის პროგრამის ძირითადი ნაწილი, დაგეგმილია კონცერტები, ბილეთების გაყიდვა კი უკვე დაიწყო.

წელს ფესტივალი 23-29 ოქტომბერს გაიმართება და, როგორც თბილისის ჯაზფესტივალს სჩვევია, ბათუმისგან განსხვავებით აკადემიური და მის მსგავსად მრავალფეროვანი იქნება. მსმენელი მოუსმენს როგორ კლასიკურ ინსტრუმენტალურ ჯაზს, ისე ვოკალურსა და ჯაზისთვის ყველაზე უჩვეულო ინსტრუმენტსაც. ხუთიდან სამ არტისტს თბილისში უახლესი პროექტი ჩამოაქვს, ერთ-ერთი კი 25 წლიანი სასცენო მოღვაწეობას სწორედ აქ აღნიშნავს.

ფესტივალს თანამედროვე ჯაზის, ტრადიციული პოპისა და ბოსა ნოვას ვარსკვლავი დაიანა კროლი გახსნის, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში გამოსულ ალბომ Wallflower-ს წარმოგვიდგენს. კანადელი მუსიკოსი სწორედ ამ ალბომის მხარდასაჭერ ტურნეში იმყოფება: ამჟამად ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე მოგზაურობს, სექტემბრის მიწურულს კი ევროპაში გადაინაცვლებს და პორტუგალიის, საფრანგეთის, გერმანიის, ავსტრიისა და პოლონეთის გავლით ჩვენამდეც ჩამოვა. მასთან ერთად გვეწვევა ხუთკაციანი ჯგუფიც, რომელიც დაიანა კროლს უკანასკნელი თვეების განმავლობაში მუდამ თან ახლავს. შესაბამისად, მუსიკოსები იდეალურად არიან შეთამაშებულები, რაც ჩვენს მსმენელს საუკეთესო საღამოს გარანტიას აძლევს.

25 ოქტომბერს სრულიად განსხვავებული საღამო გველის, რადგან ამ დღეს სცენაზე ამერიკელი ჯაზშემსრულებელი, მულტიინსტრუმენტალისტი, საოცარი ხმისა და მუსიკალური ქარიზმის მქონე ესპერანცა სპოლდინგი წარსდგება. ის თბილისში პროექტ Emily’s D+Evolution-ით ჩამოდის. ემილი მისი მეორე სახელია, რომელსაც პირველად აცოცხლებს და გამოჰყავს აუდიტორიის წინაშე. როგორც მუსიკოსი ამბობს, სწორედ ამგვარად ცდილობს საკუთარ გონებაში ახალი მიმართულებების აღმოჩენას, შემდეგ კი ამატებს, რომ ყოველი სიმღერა კონკეტული ისტორიის გარშემო იშლება, ყველა მათგანს ჰყავს პერსონაჟები, გამოსახულება, სუნი, გემო და სხვა შეგრძნებები.

მომდევნო დღეს დიდი დარბაზიდან ივენთ ჰოლში გადმოვინაცვლებთ, სადაც დრამერ ჯეფ ბალარდის ტრიოს მუსიკას მოვუსმენთ. რეი ჩარლზთან და პეტ მეტენისთან დაოსტატებული ბალარდი გიტარისტ ლიონელ ლუკთან და საქსოფონისტ კრის ჩიკთან ერთად ჩამოდის. ტრომბონისტთან და დრამერთან ერთად გვეწვევა არფისტი ედმარ კასტანედაც. მისი კონცერტი სრულიად გამორჩეული იქნება, რადგან ის ფაქტობრივად ერთადერთი მუსიკოსია, ვინც ჯაზს არფაზე ასრულებს. ეს თითქოსდა ჩუმი და უპრეტენზიო ინსტრუმენტი კოლუმბიელმა მუსიკოსმა დომინანტად აქცია, ახალი ფუნქცია შემატა და სცენის მოწინავე ადგილზე გადმოანაცვლა. ედმარ კასტანედას დიდად აფასებს მარკუს მილერი, რომელმაც ამ საოცარ მუსიკოსს პირველად რამდენიმე წლის წინ მოუსმინა და მას შემდეგ ყველანაირად ცდილობს, დიდ სცენაზე დამკვიდრებაში დაეხმაროს. თბილისშიც სწორედ მისი რეკომენდაციით ჩამოჰყავთ, მარკუს მილერის რჩეული კი შეუძლებელია საუკეთესო არ იყოს. კასტანედას კონცერტი ივენთ ჰოლში 28 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

პიანისტი ბობ ჯეიმსი, ბასისტი ნათან ისტი, დრამერი ჰარვი მეისონი და გიტარისტი ჩაკ ლოები - ამგვარი გახლავთ ჯგუფ Fourplay-ს ამჟამინდელი შემადგენლობა, რომელიც თბილისში სასცენო მოღვაწეობის 25 წლის იუბილეს აღსანიშნავი ტურნეს ფარგლებში ჩამოდის. ეს გახლავთ ე.წ. სუპერჯგუფი, რომელიც მეოთხედი საუკუნის წინ უკვე შემდგარმა და ცნობილმა მუსიკოსებმა შექმნეს. ამრიგად ჯგუფი თანაბარი დონის პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული, რომლებსაც იმასე მეტი აქვთ მოსაყოლი, ვიდრე Fourplay-ს მიერ განვლილი გზაა. 29 ოქტომბერს თბილისის მთავარ სცენაზე დაგეგმილი კონცერტი წლევანდელ ჯაზფესტივალს დახურავს, თუმცა, როგორც გითხარით, ამჯერად მხოლოდ აფიშის ძირითადი ნაწილი გაგაცანით - ერთკვირიანი ფესტივალის ცარიელი დღეები ჯერ კიდევ ივსება.

საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელებული ფესტივალის მთავარი სპონსორი ისევ და ისევ თიბისი სტატუსია. ყველამ კარგად იცით, რომ ბილეთების TBC Platinum-ის, TBC PrimeCard-ისა და TBC Status-ის ბარათებით შეძენისას მოქმედებს ექსკლუზიური ფასი - 15-20%-იანი ფასდაკლება. აღსანიშნავია, რომ ამჯერად ფასდაკლება მოქმედებს ბილეთების ონლაინ შეძენისასაც (tkt.ge-ზე), რისი გაკეთებაც ახლავე შეგიძლიათ. თავად ბილეთების გაყიდვა თბილისის საკონცერტო დარბაზის სალაროებში სექტემბრის დადგომისთანავე დაიწყება, ხოლო აბონიმენტების შეძენას რამდენიმე დღეში შეძლებთ (ფასდაკლება მათი შეძენის შემთხვევაშიც მოქმედებს). პროგრამისა და ბილეთებთან დაკავშირებული სხვა სიახლეების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე tbilisijazz.com.

 

 

ია ვეკუა

 

ia vekua
სხვა სიახლეები
13 აგვისტო, 2015 საუკეთესო ქალების ოცეული
28 ივლისი, 2015 შავი ზღვის ჯაზფესტივალი - ფანკის მეფიდან სნუპიმდე
10 ივლისი, 2015 კარგი მუსიკა უფრო კარგი მოხალისეებისთვის
07 ივლისი, 2015 შავი ზღვის ჯაზფესტივალის ვარსკვლავები ფესტივალის მოლოდინში
10 ივნისი, 2015 Kazantip-ის ალტერნატივა Befooz და Befooz-ის ალტერნატივა GEM Fest
04 ივნისი, 2015 კავკასიური ჯაზი
29 მაისი, 2015 რატომ ვიქეცით შვედებად
15 მაისი, 2015 ბიბი კინგი გარდაიცვალა
11 მაისი, 2015 „მანჰეტენ ტრანსფერი“ მაისის ფესტივალს გახსნის
05 მაისი, 2015 გრაფიკული ჯაზი