საუკეთესო ქალების ოცეული
13 აგვისტო, 2015
3695
print

„ის საკუთარ თავში ყველა საწყისს აერთიანებს: არის ქალი, დივა, მეძავი, ცოლი, დედა, წმინდანი, სატანა, თავხედი ბავშვი და კდემამოსილი დედოფალი“ - წერს გაზეთი The Telegraph-ი 56 წლის მადონას შესახებ. გაზეთმა ყველა დროის საუკეთესო პოპ მომღერალ ქალთა ოცეული გამოაქვეყნა, პირველ ადგილზე კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ქალბატონი მადონა განათავსა.

მეოცეზე Spice Girls-ის მთელი შემადგენლობა მოხვდა, რომლებსაც გაზეთი 90-იანი წლების ერთ-ერთ უდიდეს მოვლენას უწოდებს, გოგონებს კი ქალის განსხვავებული იმჯის, მისი სექსუალობისა და ლიდერობის შეთავსებისთვის აქებს. კრისი ჰაიდნის, ჯონი მიტჩელისა და დოლი პარტონის შემდეგ „ტელეგრაფი“ 80-იანი წლების დისკო დივა გრეისი ჯონსს ასახელებს და ხაზს უსვამს, რომ მან არა მხოლოდ რასობრივი და გენდერული ბარიერები მოანგრია, არამედ სრულიად უნიკალური შესრულების მანერაც დაამკვიდრა.

მხოლოდ მე-15 ადგილზეა განთავსებული უიტნი ჰიუსტონი. გაზეთი მას უდიდესი ეპითეტებით ამკობს, თუმცა იქვე ამატებს, რომ ბოლო წლებში მიშვებული კარიერა რომ არა, უიტნი აუცილებლად დაიკავებდა ადგილს პირველ ხუთეულში. ასევე გასაკვირია, რომ თანამედროვე სცენის ერთმნიშვნელოვნად უმაღლესი სინჯის ვარსკვლავი ლედი გაგა მე-12 ადგილზე მოხვდა. გამოცემა მას მადონას აგრესიულად დარეკლამებულ ვერსიას უწოდებს, მის მუსიკას ელტონ ჯონის გადამღერებად აფასებს და დევიდ ბოუის მსგავსი კულტურული შოკის მოხდენის მცდელობისთვის აკრიტიკებს.

ჯენის ჯოპლინი მე-11 ადგილს იკავებს. კლუბ 27-ის პირველი ქალი წევრი „ტელეგრაფს“ ძალიან ესიმპატიურება, უწონებს ბლუზისა და სოულის შესრულების უნიკალურ მანერას, მაგრამ ვერაფრით პატიობს, რომ 60-იანი წლების უმანკოება ნარკოტიკებითა და ალკოჰოლით წაბილწა. მეათე ადგილზე განთავსებულ პატი სმიტს ადელი მოსდევს, რადგან მას ძალიან ლამაზი და მაგიური ხმა აქვს, მერვეზე გასულ ბიონსეს კი გამოცემა პოპ დივას უწოდებს და წუნს ვერაფერში სდებს. სამაგიეროდ არ ერიდება მეშვიდე ადგილისანი ემი უაინჰაუზის კრიტიკას, რომელსაც ვერაფრით პატიობს საკუთარი თავის ასეთ გაწირვას.

მე-6-ე ადგილი „ტელეგრაფმა“ არეტა ფრანკლინს მიაკუთვნა, სოულის ნომერ პირველი დედოფალი უწოდა და ღრმა პატივისცემასაც გამოხატავს. ABBA-ს წევრ აგნეტა და ანნა-ფრიდს კი გაზეთი ყინულის დედოფლებს უწოდებს და ამატებს, რომ რაც უნდა გასაოცარი კოსტუმები სცმოდათ და რაც უნდა სულელური სასცენო დადგმები ჰქონოდათ, „აბბას“ გოგონები მუდამ ქმნიდნენ საოცარ დუეტს, რაშიც, ძნელია, არ დაეთანხმო.

მეოთხე ადგილზე „ბლონდის“ ვოკალისტი დები ჰარია დასახელებული, მას სრულიად შესანიშნავი კეიტ ბუში მოსდევს, მეორე დაგილზე ტინა ტერნერი გავიდა, პირველზე კი, როგორც უკვე გითხარით, შეუდარებელი მადონა.

 

ia vekua
სხვა სიახლეები
18 აგვისტო, 2015 თბილისის ჯაზფესტივალის პროგრამა და სხვა დეტალები
28 ივლისი, 2015 შავი ზღვის ჯაზფესტივალი - ფანკის მეფიდან სნუპიმდე
10 ივლისი, 2015 კარგი მუსიკა უფრო კარგი მოხალისეებისთვის
07 ივლისი, 2015 შავი ზღვის ჯაზფესტივალის ვარსკვლავები ფესტივალის მოლოდინში
10 ივნისი, 2015 Kazantip-ის ალტერნატივა Befooz და Befooz-ის ალტერნატივა GEM Fest
04 ივნისი, 2015 კავკასიური ჯაზი
29 მაისი, 2015 რატომ ვიქეცით შვედებად
15 მაისი, 2015 ბიბი კინგი გარდაიცვალა
11 მაისი, 2015 „მანჰეტენ ტრანსფერი“ მაისის ფესტივალს გახსნის
05 მაისი, 2015 გრაფიკული ჯაზი