გიგი უგულავას ბლოგი
12 აგვისტო, 2015
8862
print

მე და ნარკოტიკი

ვუძღვნი ჩემს მარად ოპტიმისტ მეგობარ გია ბარამიძეს

 "ოქროს ხანის" :) ცხელი, ზაფხულის საღამო - ბათუმში. ახლადგახსნილი სასტუმრო "შერატონის" წინ, ევროპასთან ინტეგრაციის ყოველწლიური კონფერენციის მონაწილეები კოქტეილისთვის იკრიბებიან. მთავარი სტუმარი ევროკავშირის გაფართოების მინისტრი შტეფან ფულეა. მთავარი მასპინძელი - მინისტრი ბარამიძე. მინისტრი ბარამიძე დასვენების დროსაც არ ისვენებს. ცნობილია, რომ ყველა მაღალი თანამდებობის პირი აპარატის საშუალებით უნდა დალაშქრო. მოხიბლო - თუ სამშობლო მოითხოვს ამას. მომქანცველი კონფერენციის და არანაკლები ქართული კერძების შემდეგ, სტუმარიც და მასპინძელიც ღამის გართობისთვის ემზადება. პრეზიდენტის მრჩეველმა რაფაელ გლუკსმანმა სიგარეტს მოუკიდა და ზრდილობის გულისთვის ფულეს აპარატის უფროსს, ქალბატონს, შესთავაზა. რაფაელმა ზრდილობიანი უარი და პასუხად ხუმრობანარევი თხოვნა მიიღო:

- მადლობთ, მე მხოლოდ მარიხუანას ვეწევი.

და, აი, აქ იწყება მინისტრ ბარამიძის ისტორიული გამოსვლა, რომელიც შემდგომში რაფაელმა როგორც ანეკდოტის, ევრობიუროკრატმა - როგორც ადგილობრივი მართვის მორიგი თავისებურება, ხოლო მინისტრმა ბარამიძემ - ყაირათიანი შრომის ნიმუშად მონათლა.

ასე ამბობდა მინისტრი ბარამიძე: ჩვენ ლიბერალური რეფორმების ახალი ტალღისთვის ვემზადებით და მათ შორის, ფაქტიურად გადაწყვეტილია მარიხუანას ლეგალიზაცია. დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე ფორმალობა.

გაკვირვებულ ევრობიუროკრატს ის იყო საქებარი სიტყვები უნდა აღმოხდენოდა, როცა განცვიფრებულმა პრეზიდენტის მრჩეველმა გლუკსმანმა იკითხა:

- მიშა საქმის კურსშია? და რა ფორმალობებია დარჩენილი? მე არაფერი მსმენია.

- ყველა თანახმაა - პრეზიდენტიც, პრემიერიც. ორი მინისტრია მხოლოდ წინააღმდეგი, - სიამაყით წარმოთქვა ვიცე-პრემიერმა ბარამიძემ.

- რომლები? - იკითხა რაფაელმა და ხმაში სიცილი შეეპარა, რადგან გრძნობდა, რომ ჭეშმარიტად ბარამიძისეული ისტორია იბადებოდა.

- მხოლოდ იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებიღა დარჩა დასათანხმებელი, - თქვა ბარამიძემ ისე, რომ ტანით ბოლომდე ევრობიუროკრატისკენ მიტრიალდა. იმ იმედით, რომ აბეზარა გლუკსმანი ვერ გაიგებდა ნათქვამს.

- გუდ ლაქ! - სერიოზული ხმით წარმოთქვა ევრობიუროკრატმა და დასასვენებლად ოთახისკენ გაემართა.

სამაგიეროდ, გლუკსმანს ხუთი წუთი დასჭირდა, რომ ყველასთვის მოედო მარიხუანას ლეგალიზაციის დიად გზაზე ბარამიძის "მხოლოდ ორი უმნიშვნელო ფორმალობის" შესახებ.

- ხო. ალბათ ყველაზე მეტად ეკოლოგიის მინისტრ ხაჩიძის და პრემიერ გილაურის დათანხმება გაგიჭირდა... თუ ეგ გადალახე, იუსტიცია-შსს რაღა პრობლემაა! - უთხრა გლუკსმანმა ისე, რომ სიცილის შესაკავებლად ცდას არ აკლებდა. მინისტრი ბარამიძე ხვდებოდა, რომ მომხდარი იმ საღამოს გართობის თემად იქცეოდა, მაგრამ გამოუსწორებელი ოპტიმისტი იხტიბარს მაინც არ იტეხდა:

- ფორმალურად ეგრეა. მაგ ორის გარდა ყველა თანახმაა,- ბურტყუნებდა ჯიუტად.

ეს ორი "უმნიშვნელო ფორმალობა", როგორც მიხვდით, მერაბიშვილი და ადეიშვილი იყო. როცა ეს კლასიკურად ბარამიძისეული ისტორია პრეზიდენტმა შეიტყო, გიას შესთავაზა:

- სიტყვას გაძლევ - ეგ ორი დაითანხმე და მეც დავთანხმდები.

მშვენივრად იცოდა მიშამ, რომ იმ ორს ვერასდროს დაითანხმებდა. ამიტომაც გულუხვად გასცა საპრეზიდენტო დაპირება.

ეს ამბავი არც უბრალო მხიარული მოგონებისთვის, არც წარსულზე ნოსტალგიისთვის გამხსენებია. ნარკოტიკებთან სახელმწიფოს დამოკიდებულება ურთულეს პრობლემად რჩება. მეტიც, რაც დრო გადის, უფრო მწვავე ხდება, რადგან ნარკოტიკი მსოფლიოს, რეგიონის, ქვეყნის და ადამიანის პრობლემაა. მსოფლიოში დამოკიდებულებები კი იცვლება. შესაბამისად, ჩვენ ამ საკითხში კიდევ უფრო შორს და გაუგებრობაში ვართ, ვიდრე ხუთი ან ათი წლის წინ ვიყავით.

მსოფლიოში პირველი პირდაპირი ომი ნარკოტიკებს პრეზიდენტმა ნიქსონმა 1971 წელს გამოუცხადა, როცა ის საზოგადოებისთვის "პრობლემად ნომერი ერთი" გამოაცხადა. ამერიკის კვალდაკვალ მდიდარმა ქვეყნებმა გაამკაცრეს კანონები და სასჯელები მწარმოებელ-გამსაღებელ-მომხმარებლების მიმართ. მილიარდობით დოლარი დაიხარჯა ლათინური ამერიკის სპეციალური რაზმების გაწვრთნაში. ბრძოლა მიდიოდა მიწაზე, ანდებში, ჰაერში; კოლუმბიასა, პერუსა თუ მექსიკაში. ამ ბრძოლას უამრავი ადამიანი შეეწირა, უამრავი გაუბედურდა, მაგრამ ნარკოტიკი ამერიკისა და მდიდარი ქვეყნების ბაზარზე არ გამქრალა. ბოლო პერიოდში ამერიკამ და ევროპის ბევრმა ქვეყანამ ომის პოლიტიკას გადახედა. დასავლეთის სულ უფრო მეტ ქვეყანაში ხდება მარიხუანას ლეგალიზაცია და, ზოგადად, ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაცია.

მაშინ, როცა დასავლეთმა წარმოებული "ნარკოტიკების ომით" სარგებელი ვერ ნახა და გაეროსთან ერთად ამ პოლიტიკის არსებით გადახედვას აპირებს, ეს ომი პლანეტის მეორე ნახევარსფეროში გაჩაღდა. ერთმანეთის მიყოლებით ჩინეთის, რუსეთის, ირანის, ინდონეზიის, მალაიზიისა, საუდის არაბეთის და მრავალი სხვა აზიური ქვეყნის ლიდერები სიტყვა-სიტყვით იმეორებენ პრეზიდენტ ნიქსონის ნათქვამს და ქმედებებს. რუსეთი ისე შორს წავიდა, რომ მეტადონის პროგრამაც (ნარკოდამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის მეთოდი) კი გააუქმა და შესაბამის ქმედებას მეზობლებისაგანაც აქტიურად ითხოვს. როგორც ხედავთ, სამყარო ამ საკითხში ორადაა გაყოფილი და ის ძირითადად ემთხვევა მსოფლიოს, ერთი მხრივ, დემოკრატიის, თავისუფლების და, მეორე მხრივ,ავტორიტარული, დიქტატორული რეჟიმების დაყოფის საზღვრებს. ეს გეოგრაფიული მონახაზი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. გეოგრაფიულად ჩვენ იმ რეგიონში ვართ, სადაც ნარკოტიკებთან მიმართებაში "მებრძოლი სული" ტრიალებს, ხოლო მისწრაფებით მივდივართ იქით, სადაც ნარკოტიკებს არა ტყვიით, არამედ ტვინით ებრძვიან. რეგიონის თავისებურება, ცხადია, მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან ნარკოტიკები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოგზაური პროდუქტია და მისი წლიური მოცულობა 300 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

თანამედროვე, ანუ დასავლური მიდგომა, განმარტებას საჭიროებს. ის, ძირითადად, ორი მომენტით გამოირჩევა. პირველი: არ ხდება, როგორც ადრე, ყველა ტიპის ნარკოტიკისა და მისი შემცველი მედიკამენტების ერთ ქვაბში ჩაყრა. მაგალითად, მარიხუანა, როგორც სუსტი ნარკოტიკი, ამერიკის ბევრ შტატში უკვე ლეგალურია და სულ რამდენიმე წელიწადში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალური გახდება. ის აქტიურად გამოიყენება, როგორც სამედიცინო პრეპარატი. ასევე, მუდმივად ხდება ნარკოტიკების შემცველი პრეპარატების რევიზია, განსხვავებით, მაგალითად, ჩინეთისაგან, რომელიც კეტამინის აკრძალვას ითხოვს. მეორე არსებითი მომენტია მოხმარების დეკრიმინალიზაცია. დასავლეთის ქვეყნების უმეტესობაში მძიმე ნარკოტიკის მომხმარებლები განიხილებიან ავადმყოფებად და შესაბამისად, მათი სამკურნალო პროგრამების შემუშავება ხდება. ეს სულაც არ ნიშნავს ნარკოტრეფიკთან, გასაღებასთან ბრძოლის შემცირებას. პირიქით, ამ კუთხით კანონმდებლობაც და პრაქტიკაც დასავლურ ქვეყნებში ძალზე მკაცრია. ერთი სიტყვით, ბოლო პერიოდში დასავლეთის ქვეყნების მთავრობებმა გააცნობიერეს, რომ ნარკოტიკების გონივრული მართვა უფრო რეალისტური და ნაკლებად ზარალიანია საზოგადოებისთვის, ვიდრე პირდაპირი მნიშვნელობით გამოცხადებული ომი.

"ნარკოტიკებთან ომის" მონაწილე ქვეყნები, როგორც ხედავთ, ძირითადად ავტორიტარული ქვეყნებია. აქ ნარკოტიკებთან ბრძოლა ხშირად რეჟიმის შენარჩუნების ერთ-ერთი მეთოდია, რადგან ხშირად იგი იფუთება, როგორც მტრების, ანუ დასავლეთის მიერ თავსმოხვეულად. ზოგადად, ავტორირატული მმართველობისთვის აუცილებელი ატრიბუტია მტრის ხატი და მასთან ჯვაროსნული ომი. რუსეთში ხშირად გაიგონებთ, რომ "პიდარასტობის და ნარკომანიის" გავრცელება დასავლური ლიბერალიზმის შედეგია. მართალია, ამ ორი მოვლენის დაწყვილება სწორედ 70-80-იან წლების დასავლური კლიშეა, მაგრამ უკვე დღეს ავტორიტარული რეჟიმები მას აქტიურად იყენებენ. ამასთანავე, სტატისტიკა მოწმობს, რომ ამ ე.წ. მეომარ ქვეყნებში საქმე ნარკოტიკების გავრცელების კუთხით უკეთ არაა; პირიქით, იგივე რუსეთში გაცილებით მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე "გახრწნილ" დასავლეთში.

ზოგადად, მკაცრი და არაგონივრული აკრძალვები მხოლოდ პროდუქტის გაძვირებას იწვევს. შესაბამისად, იზრდება აკრძალული პროდუქტიდან მოგების მარჟა, რაც არალეგალულ ვაჭრობას, რისკის მიუხედავად, მიმზიდველს ხდის. ეს პრინციპი არ ეხება მხოლოდ ნარკოტიკს. იგივე მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში 20-იან წლებში ალკოჰოლზე გამოცხადებული აკრძალვისას. ალკოჰოლით არალეგალურმა ვაჭრობამ არნახულ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. "მშრალი კანონი" იყო საბჭოთა კავშირის კუბოს უკანასკნელი ლურსმანი. ცნობილია, რომ საბჭოეთის გაღარიბება 80-იან წლებში ნავთობის ფასის ვარდნამ და ალკოჰოლური სასმელებისაგან მიუღებელმა შემოსავალმა დააჩქარა. მისი აბსურდულობა 30 წლის დაგვიანებით თავის ყველაზე დიდ შეცდომად აღიარა საბჭოთა კავშირის უკანასკნელმა პრეზიდენტმა მიხეილ გორბაჩოვმა. არალეგალური ვაჭრობა, გარდა სახელმწიფოსთვის მიუღებელი შემოსავლისა, ყოველთვის დაკავშირებულია ძალადობასთან, კორუფციასთან და ის თავისთავად ამძიმებს ქვეყნის სოციალ-ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ სურათს. ერთი სიტყვით, გაუაზრებელი აკრძალვები და რეგულაციები მხოლოდ კორუმპირებულთათვის წარმოადგენს სამოთხეს.

მკაცრი ხელის პოლიტიკა ემყარება ჩვენს სამართალდამცავებში ჩამოყალიბებულ კონკრეტულ, მყარ პოზიციას. მე ეს ხშირად მსმენია ზემოთ ხსენებული "ორი ფორმალობისგან". კერძოდ, ამ პოზიციის მიხედვით, პრაქტიკაში არ არსებობს მხოლოდ მომხმარებელი. მომხმარებელი ადრე თუ გვიან ებმება ერთიან გასაღების ჯაჭვში. მაგალითად, ხშირად მოჰყავთ ე.წ. "ფეხი". "ფეხი" არის "წამლის ამღები"პირი, რომელიც უბანში შეაგროვებს ფულს სხვა მომხმარებლებისგან, წავა "მარნეულში" და იყიდის წამალს, ნაწილს საკუთარი მოხმარებისთვის იტოვებს, ხოლო დანარჩენს ურიგებს ფულის მიმცემთ. ისმის კითხვა: ასეთი "ფეხი" გამსაღებელია თუ მომხმარებელი? ერთის მხრივ, ის გამსაღებელია, რადგან ყიდულობს და ყიდის ნარკოტიკს. მეორე მხრივ, გაუბედურებული მომხმარებელია, რომელიც ამ რისკზე იმიტომ მიდის, რომ არ გააჩნია საკუთარი სახსრები ნარკოტიკის შესაძენად. ეს ერთი და, შეიძლება ითქვას, ყველაზე მარტივი სიტუაციის აღწერაა. სწორედ ამიტომ, მათ შორის საქართველოს სამართალდამცავ სისტემაშიც, დამკვიდრებულია აზრი, რომ თუ არ დევნე მომხმარებელი, შეუძლებელია აღმოფხვრა გასაღება. ეს მოსაზრება ერთგვარად საბაზრო ეკონომიკის პრინციპს ეფუძნება. თუ არის ბაზარზე მოთხოვნა, აუცილებლად იარსებებს მიწოდება. ამიტომ უნდა მოსპო მოთხოვნა და გაქრება მიწოდებაც. თითქოს ლოგიკური მსჯელობაა.თუმცა, ეშმაკი აქაც დეტალებშია. ნარკომანი არ არის უბრალოდ "სიღარიბისგან გატანჯული" ადამიანი, რომლის მორალურ სტამინაზეა დამოკიდებული, შიმშილის გამო მოიპარავს თუ არა ძეხვს. ნარკომანი არის ავადმყოფი, რომელიც ნარკოტიკისთვის იზამს ყველაფერს. ის ყოველგვარი მორალური შეზღუდვების მიღმაა. ის ყველა დადგენილი ცხოვრებისეული სტანდარტისა და ღირებულების მიღმაა. ამიტომ, თუ ნარკოტიკის მიწოდების აღმოფხვრას დრაკონული მეთოდებით შეეცდები, მოხმარებას მაინც ვერ აღმოფხვრი. და რადგან ბოლომდე ვერ აღმოფხვრი მოხმარებას, ამით მხოლოდ ასტრონომიულად აძვირებ ნარკოტიკს, რითიც ისევ გასაღების სტიმულირებას ახდენ. რადგან, იგივე საბაზრო პრინციპის მიხედვით, გაათმაგებული მოგების მარჟის მიზიდულობა აღემატება ყველანაირი სასჯელის მიმართ შიშს. ამასთანავე, ცნობილია - 2011-12 წლებში საქართველო პრაქტიკულად, ჩაკეტილი იყო ყოველგვარი ნარკოტიკისთვის. შედეგად არა ნარკოტიკგადაგდებული ადამიანი ვიხილეთ, არამედ ისეთი საზიზღარი ინოვაციური შედევრები, როგორებიცაა "ვინტი", "კრაკადილი" და ასე შემდეგ (იაფი და ჯანმრთელობის მთლიანად დამანგრეველი, ხელოვნური, ქიმიური ნარკოტიკის ჩამნაცვლებლები). სახელმწიფო ნარკომომხმარებელს გამოსწორების (და არა განკურნების) ერთადერთ გზას სთავაზობდა - პატიმრობას. თანაც, ციხე თავისი სიმკაცრით არა პრევენციულ ხასიათს ატარებდა, არამედ მან პირდაპირ სამკურნალო დაწესებულების მნიშვნელობა შეიძინა. არასდროს დამავიწყდება შოკი, როცა ჩემი მეგობრის დედამ მთხოვა - იქნებ 6 თვით ჩემი შვილი დაიჭიროთო. რადგან ეს შვილის გადარჩენის ერთადერთ შესაძლებლობად მიაჩნდა. და ეს არ იყო ერთეული შემთხვევა. ნარკოტიკებთან მკაცრი ბრძოლის პერიოდში (2009-2012) საქართველომაც თითქოს მიაღწია ხელშესახებ, თუმცა მოკლევადიან შედეგებს. გაქრა ქუჩებში ნარკოტიკები, უკიდურეს შემთხვევაში, არნახულად გაძვირდა და ის არ იყო ფართოდ ხელმისაწვდომი. ქუჩაში "კაიფში" მყოფ ადამიანს ვეღარ ნახავდი. ნარკომანი, როგორც 90-იან წლებში, აღარ იყო მოდაში. თუმცა,მაშინაც გვქონდა განცდა, რომ ეს საშინელება, როგორც ალბერ კამიუს შავი ჭირის ბაცილა, კი არ გაქრა, არამედ დაიმალა, სადღაც ჩაგუბდა. ოღონდ იქ, სადაც უკვე მას პოლიცია ვეღარ მიწვდებოდა - სადღაც ადამიანების ცნობიერების ლაბირინთში, ტვინის საკუჭნაოში. ამასთანავე იყო მოლოდინიც, რომ თუ ასეთ რეჟიმს დიდი ხანი შეინარჩუნებდი, რაოდენობრივიდან ხარისხობრივ შედეგს მიიღებდი. სამწუხაროდ, შედეგად ჩვენც მივიღეთ ის, რაც ამერიკამ თავის დროზე: ბომბავდნენ კოლუმბიაში პლანტაციებს, გადადიოდა პერუში. პერუს შემდეგ - ვენესუელაში და შემდეგ ბრუნდებოდა ისევ კოლუმბიაში.

აქ აღარ წავალ ფუჭ სპეკულაციაში - ჩვენ რომ დავრჩენილიყავით ხელისუფლებაში, ეს ბრძოლა წარმატებით დამთავრდებოდა და ასე შემდეგ. ცხადია, ეს ასე არ არის. არც "ოცნების" ხელისუფლების კრიტიკას მივყოფ ხელს. მითუმეტეს, ღარიბაშვილმა უკვე გაახმოვანა ივანიშვილის სურვილი, რომ არ აპირებს მთავრობა მოხმარების დეკრიმინალიზაციას. ხოლო, მოხმარებისთვის სასჯელის ერთი მესამედით შემცირება მექანიკური და არაფრის მომცემი ღონისძიებაა. თვით ყველაზე მკაცრ პერიოდშიც კი მოხმარებაზე მისჯილ პირებს, როგორც წესი, არ უწევდათ კანონით გათვალისწინებული ასტრონომიული წლების მოხდა და ეს ყველა ნარკომანმა წინასწარ იცოდა.ამიტომ, მას პრევენციული ფუნქციაც კი დაკარგული ჰქონდა. არადა, საზოგადოებაში მართლაც არსებობდა მოლოდინი, რომ ამ საკითხში მაინც ხელისუფლებაში მოსული "ამერიკაში მოღვაწე რეპერის მამა" ახალ მოდგომებს აირჩევდა. ერთი სიტყვით, როგორც ბევრ სხვა საკითხში, "ოცნების" მთავრობამ ყველაფერი, რაც არ ვარგოდა, გააგრძელა, ხოლო კარგი - გააჩერა. მეტიც, ახლა ამ კუთხით განუკითხაობაა, რაც ნელ-ნელა შევარდნაძის პერიოდის სიტუაციამდე მიგვიყვანს, როცა ნარკოტიკი პოლიციასთან კორუფციული გარიგების საგანს წარმოადგენდა.

ჩემი აზრით, ფუნდამენტურ და პოლიტიკური კლასისთვის გადაულახავ რუბიკონს წარმოადგენს ის, რომ ამ პრობლემის მართვის სტრატეგიის ჩამოყალიბებისას აზრს მხოლოდ პოლიციას ეკითხებიან. მეტიც, სწორედ სამართალდამცავთა აზრია განმსაზღვრელი. პოლიციას კი არანაირად არ უნდა ზედმეტად თავის ატკივება. ყველა ოპერთანამშრომელი გეტყვის, რომ მომხმარებელი უმოკლესი და უადვილესი გზაა გამსაღებელზე გასასვლელად. ნარკომანებით მანიპულირება ადვილია. ის ადვილად გემორჩილება, ასრულებს შენს დავალებებს, წამსვლელია ყველაფერზე, ოღონდ კი მის სისუსტეზე პოლიციამ თვალი დახუჭოს და ციხეში არ უკრას თავი. ამიტომაა პოლიცია ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის ასე სასტიკად წინააღმდეგი. ერთი სიტყვით, ნარკომანი პოლიციელის შრომითი ფანტაზიისთვის და მიღწევებისთვის საუკეთესო საშუალებაა. აღარ ვსაუბრობ ნარკოტიკის "ჩადების" მსგავს "სიკეთეებზე". თანაც, არანაირი სინდისის ქეჯნა არაა, რადგან პოლიციაში გავრცელებული სტერეოტიპის მიხედვით, ნარკომანი ადამიანებშიც ნაკლებად სწერია. ცნობილია ასევე, რომ ნარკომანიის მუხლით კრიმინალის "სტატისტიკის გაკეთებაც" შეიძლება.

ერთი მხრივ, ჩვენი სამართალდამცველების, ხოლო მეორე მხრივ, ნარკომანების დემონიზება რომ არ გამომივიდეს, ამ მხრივ საკულტო წიგნის, ამერიკელი მწერლის, თავად ნარკოდამოკიდებული უილიამ ბეროუზის ავტობიოგრაფიული ტექსტის "ჯანქი-გამოუსწორებელი ნარკომანის აღსარება" წაკითხვას გირჩევთ. წიგნი 53 წელს გამოვიდა. 1976 წელს მას წინათქმა ალენ გინზბერგმა დაურთო. რომანში კარგად ჩანს, რომ არც პოლიციური სიხისტე და არც ნარკომანის იმორალიზმი არაა მხოლოდ ჩვენთვის დამახასიათებელი:

"იმ დროს (50-იან წლებში) არსებობდა საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი თუ ცრურწმენა, რომ თუ ავტობუსში ან მეტროში პლანს ახსენებდი, დაგაპატიმრებდნენ და არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომ მხოლოდ კანონში შეტანილ ცვლილებებზე ლაპარაკობდი (ნარკოტიკების ბიუროს მიერ კულტივირებული პარანოიის ვიბრაციები დღესაც იგრძნობა). ნარკოტიკებზე ლაპარაკი კანონით იკრძალებოდა."

იმას, რასაც 76 წელს გინზბერგი "წარსული პარანოიის ვიბრაციად" გრძნობდა, ნიქსონის ნარკოტიკებთან ომი ერქვა. დღეს ეს "მარადიული ცეცხლი" ავტორიტარულმა რეჟიმებმა გადაიბარეს, თუმცა სრულიად უშედეგოდ. ნარკოტიკი სულ უფრო მრავალფეროვანი და გავრცელებადი ხდება.

როგორც, ალბათ, მიხვდით, მე თავად ნარკოპოლიტიკის არსებითი გადახედვის მომხრე ვარ. პირველ ეტაპზე მოხმარების სრული დეკრიმინალიზაცია, ხოლო შემდეგ მარიხუანას ლეგალიზაცია (მათ შორის სამედიცინო დანიშნულებით გამოყენება) დროის საკითხად მიმაჩნია. ამასთანავე, ეს ვერ იქნება მექანიკური პროცესი და მას ბევრი გვერდითი ღონისძიება დასჭირდება - პირველ რიგში, პოლიციელთა ტრენინგი და გადაწყობა. ამასთანავე, მინდოდა ამეხსნა, რომ ჩვენს მიერ გასულ წლებში წარმოებული მკაცრი პოლიტიკა არ იყო ვინმეს აკვიატება ან მსოფლიო გლობალური კონტექსტიდან ამოვარდნილი მოვლენა. კონტექსტიდან სწორედ ახლა ვართ ამოვარდნილი - როცა არანაირი პოლიტიკა არ გაგვაჩნია. ასევე, არ მაქვს ილუზია, რომ ეს პროცესი მალე დაიწყება. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებიც არ იქნება საგნობრივი დისკუსიებით დიდად დატვირთული.

ამასთანავე, 2016 წლის აპრილისთვის დანიშნულია გაეროს ასამბლეაზე ნარკოტიკებთან ახალი მიდგომის კონცეფციის განხილვა, რომელსაც, წინა წლებისგან განსხვავებით, დასავლეთის ქვეყნებთან ერთად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც უჭერს მხარს. ამდენად, სწორედ გაისად გამოჩნდება გეზი - მიიღებს მსოფლიო ახალ მიდგომებს, თუ განაგრძობს ომს, რომელსაც ვერასდროს მოიგებს.

P.S. შესაძლოა ამ ბლოგს სათაურად უფრო "სად მე და სად ნარკოტიკი" შეეფერება :). არ მაქვს ამ საკითხში საექსპერტო ცოდნაზე პრეტენზია. მე მხოლოდ ამ თემაზე პოლიტიკოსების დისკუსიაში ჩართვის სტიმულირება მსურს, რადგან აქამდე მას ყველანი ფარისევლურად გავურბოდით.

P.P.S. ეს ბლოგი 2 ივნისის თარიღის გარშემო დისკუსიის ნაწილად დაიწერა. უბრალოდ, აქამდე ვერ მოხერხდა მისი გამოქვეყნება

სხვა სიახლეები
19 სექტემბერი, 2016 არჩევნებზე, როგორც ზოოპარკში
16 სექტემბერი, 2016 ეს მართლა ჩვენ გვეხება!
16 აპრილი, 2016 აჩრდილი
11 თებერვალი, 2016 ”თვალები გაქვთ და ვერ ხედავთ, ყურები გაქვთ და არ გესმით!..”
01 თებერვალი, 2016 გიგი უგულავას ბლოგი
04 დეკემბერი, 2015 ელდარ რიაზანოვის უკანასკნელი დუბლი
25 სექტემბერი, 2015 “ღმერთმანი, რაღაც ჯოჯოხეთში მოვხვდი“
18 სექტემბერი, 2015 ”ქართული ოცნება” და გიგი უგულავა განაჩენის მოლოდინში
17 აგვისტო, 2015 როცა შეცდომებზე ვერ/არ სწავლობენ
21 ივლისი, 2015 გიგი უგულავას ბლოგი