ნუ დაუჯერებთ რასაც ხედავთ, ეს კინოა!
11 აგვისტო, 2015
6697
print

გიგა გურასაშვილი

ტექნოლოგიათა განვითარებამ შესაძლოა იქამდე მიგვიყვანოს, რომ კინოვარსკვლავები კინოკამერის წინ აღარ გაშიშვლდნენ, მათი სიშიშვლე კი მაინც სრულად იყოს წარმოჩენილი, წარმოჩენილი კომპიუტერული ხრიკებით, რომელიც ეკრანზე ერთგვარი ჯადოსნური ჯოხით ნებისმიერ მსახიობს სასურველ ფორმას მისცემს, გააცოცხლებს და შემდეგ სურვილისამებრ გააშიშვლებს. ყოველ შემთხვევაში, გამოცემა The Verge კინოს დაბადებიდან დღემდე მისი განვითარების ისტორიას აანალიზებს და მომავლის შესაბამის სურათს ხატავს.

ერთნი მიიჩნევენ, რომ თამამ სცენებში კომპიუტერული გრაფიკის გამოყენების მოდა კინოეკრან დამახსოვრებაებზე 2010 წელს გამოსული ”მაჩეტედან” (რეჟისორები: რობერტ როდრიგესი და ეთან მანიკისი) დაიწყო. სპეცეფექტების დიდოსტატებმა ფილმში ჯესიკა ალბას სიშიშვლე ხელოვნურად შექმნეს, მაგრამ მასზე მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ დედიშობილა არცერთ ფილმში არ უთამაშია.

რა თქმა უნდა, ”მაჩეტე” ერთადერთი ასეთი ფილმი არაა, სადაც კომპიუტერის დახმარებით მსახიობი ”გაშიშვლებულა”.

სპეცეფექტებს მიმართეს სერიალის -  ”სამეფო კარის თამაშების” ბოლო სეზონის გადაღებისასაც, როდესაც ლენა ჰიდის გმირს სერსეი ლანისტერს სასჯელის სახით ქალაქის ქუჩებში დედიშობილას უნდა გაევლო. ირკვევა, რომ ასეთი სცენისთვის კომბინირებული გადაღება გამოიყენეს: თავდაპირველად ნაწილობრივ გახდილი და ახლო ხედით უშუალოდ ჰიდი გადაიღეს, ხოლო საერთო ხედით და სრულიად შიშველი - 27 წლის მსახიობი რებეკა ვან კლივი (მოგვიანებით ლენა ჰიდი განმარტავს, რომ კონკრეტული სცენისას სერსეის როლზე კონცენტრირებისთვის მიმართა დუბლიორს).

კინოეკრანებზე ”მაჩეტეს” გამოსვლიდან ხუთი წლის შემდეგ რამდენიმე ისეთ ვერსიაზე საუბრობდნენ თუ რატომ იმატა შიშველის სხეულის ასე ვთქვათ, დასურათხატებამ. ერთნი მიიჩნევენ, რომ ასეთი გზით შესაძლებელი ხდება გვერდი აუარონ მსახიობთა ხელშეკრულებებში გათვალისწინებულ საკამათო მუხლებს. არის მეორე ვარიანტიც, როდესაც ვარსკვლავები დამღლელ ვარჯიშებს თავს არიდებენ, ფორმიდან ამოვარდნილებს კი სხვათა დახმარებით სურთ ეკრანზე ბევრისთვის სასურველად გამოიყურებოდნენ.  

თავის მხრივ გამოცემა ასკვნის, იმის გათვალისწინებით, რომ ციფრული ეფექტები კინოწარმოების განუყოფელი ნაწილი ხდება და რომ ტექნოლოგიები დახვეწასთან ერთად იაფდება, არსებობს ალბათობა, რომ მსგავსი ”გაშიშვლების” პრაქტიკა ჩვეულებრივი და ბუნებრივი რამ იქნება.

ამასთან, The Verge მიიჩნევს, რომ ლამაზ კადრებზე დევნას შესაძლოა, საპირისპირო ეფექტიც მოჰყვეს. ანუ არსებობს ალბათობა, რომ კინო პრიალა ჟურნალებს დაემსგავსოს, რომელიც არარსებული სილამაზის იდეალებს გვთავაზობს.

და მაინც, გამოცემა ფიქრობს, რომ დახატული სხეულის მიმართ ისეთივე დამოკიდებულება უნდა გვქონდეს, როგორიც სხვა სპეცეფექტების მიმართ. მაგალითისთვის, განა ვინმეს სჯერა, რომ ”გალაქტიკის მცველებიდან” ზოი სალდანას გმირს მწვანე კანი აქვს?

როგორც არ უნდა იყოს, რთულია ზუსტად დასახელდეს იმ ფილმების რაოდენობა, რომელთა გადაღებისასაც კომპიუტერულ გრაფიკას მიმართეს. ამასთან, სპეცეფექტებში გაწაფულ სტუდიებს უფლება აქვთ, ფილმის ავტორთა თხოვნით, მსგავსი ინფორმაცია არ გაასაჯაროვონ.

და ბოლოს, როგორც ერთ-ერთი ექსპერტი აღნიშნავს, ”საუკეთესო სპეცეფექტები ისაა, რომელსაც ვერ შეამჩნევთ”. 

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
15 თებერვალი 18:04 ქარის ენერგიით ჰოლანდიურ ლიანდაგებზე
13 სექტემბერი, 2016 ხელოვნური ინტელექტი რასიზმსა და ნეონაცისტურ შეხედულებებში დაადანაშაულეს
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
09 მარტი, 2016 ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე უპირატესობას გოს თამაშში ავლენს
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
25 თებერვალი, 2016 ნასამ მთვარეზე დაჭერილ უჩვეულო ხმებს ფარდა ახადა
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
10 თებერვალი, 2016 აშშ–ის საპრეზიდენტო მარათონს ახალი კანდიდატი ჰყავს – სუპერკომპიუტერი
08 თებერვალი, 2016 არამიწიერ ცივილიზაციათა დუმილი