ვენეციის კინოფესტივალის პროგრამა
30 ივლისი, 2015
4058
print

ვენეციის 72-ე საერთაშორისო კინოფესტივალთან დაკავშირებით გამარჯვებულების ვინაობის, მის პროგრამაში წარმოდგენილი ფილმების ხარისხისა და სხვა გლამურული წვრილმანების გარდა ყველაფერი ცნობილია: სამიოდე დღის წინ ფესტივალის ორგანიზატორებმა ჟიურის საბოლოო შემადგენლობა დაასახელეს, გუშინ კი სრული საკონკურსო პროგრამა გახდა ცნობილი. სია 21 ფილმს აერთიანებს, მათ შორის კი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების გარდა, დოკუმენტურისა და ანიმაციურის სახელწოდებებიც იკითხება.

წლევანდელი ფესტივალის ჟიური საკმაოდ წარმომადგენლობითია და თანამედროვე კინოს საუკეთესო სახელებს აერთიანებს. ტრადიციისამებრ, ჟიურის თავმჯდომარის ვინაობა გაცილებით ადრე გახდა ცნობილი - ამ საპატიო მისიას წელს რეჟისორი ალფონსო კუარონი იტვირთავს, მასთან ერთად კი იმუშავებენ: პოლონელი რეჟისორი, წლევანდელი „ოსკარის“ ლაურეატი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში, პაველ პავლიკოვსკი, შარშანდელი კანის ფესტივალის გამარჯვებული ფილმის, „ზამთრის ძილის“ ავტორი, თურქი რეჟისორი ნური ბილგე ჯეილანი, ფრანგი მწერალი ემანუელ კარერი, იტალიელი რეჟისორი ფრანჩესკო მუნცი, ბრიტანელი რეჟისორი ლინ რემსი, გერმანელი მსახიობი დაიან კრუგერი და მისი ამერიკელი კოლეგა ელიზაბეტ ბენქსი.

ფესტივალის გახსნა 2 სექტემბერს იგეგმება, გახსნის ფილმი კი სამგანზომილებიანი „ევერესტი“ გახლავთ. ეს არის ბალთაზარ კორმაკურის დრამა, რომელიც, როგორც სათაურიდან ხვდებით, დედამიწის უმაღლესი მსწვერვალისკენ მიმავალი ადამიანების თავგადასავალი გახლავთ. ფილმი ვარსკვლავებითაა დახუნძლული: ჯეიკ გილენჰოლი, კირა ნაიტლი, რობინ რაიტი, ჯეისონ კლარკი, ჯოშ ბროლინი, სემ უორტინგტონი, ემილი უოტსონი და სხვები. „ევერესტში“ 1996 წელს რეალურად მომხდარი ამბავია ასახული, როდესაც მთაზე ზვავი ჩამოწვა და რამდენიმე მთამსვლელი დაიღუპა.

მას შემდეგ, რაც „ევერესტის“ ჩვენება დასრულდება, ფესტივალი სამუშაო რეჟიმზე გადაერთვება, ჟიურის წევრები კი ჩანიშვნების კეთებას დაიწყებენ. მათ მიერ გამოტანილი ვერდიქტის შესახებ 12 სექტემბერს გახდება ცნობილი, გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალიც ამ დღესაა დაგეგმილი.

გაგაცნობთ საერთაშორისო კონკურსში მოხვედრილ ფილმებსა და მათ ავტორებს: ამინ ალპერის „სიგიჟე“ (თურქეთი), ლორი ანდერსონის „ძაღლის გული“ (აშშ), მარკო ბელოკიოს „ჩემი სისხლის სისხლი“ (იტალია), სიუ ბრუქსის „გრეისის ძიებაში“ (ავსტრალია), დრეი დერემუსის „თანაბარნი“ (აშშ), ტომ ჰუპერის „დანიელი გოგონები“ (დიდი ბრიტანეთი), ატომ ეგოიანის „გახსოვდეს“ (კანადა), კერი ფუკუნაგას „უჯიშო მხეცები“ (აშშ), ჯუზეპე გაუდინოს „შენს გამო“ (იტალია), ქსავიე ჯანოლის „მარგარიტა“ (საფრანგეთი), ამოს გიტაის „რაბინი, უკანასკნელი დღე“ (ისრაელი), ლუკა გუადანინიოს „დიდი შხეფი“ (იტალია), ოლივერ ერმანუსის „დაუსრულებელი მდინარე“ (სამხრეთ აფრიკა), ჩარლი კაუფმანისა და დიუკ ჯონსონის ანიმაცია „ანომალიზა“ (აშშ), პიერო მესინას „ლოდინი“ (იტალია), ჟაო ლანის დოკუმენტური „ბეჰემოტი“ (ჩინეთი), ირჟი სკოლიმოვსკის „11 წუთი“ (პოლონეთი), პაბლო ტრაპერას „კლანი“ (არგენტინა), ალექსანდრე სოკუროვის „ფრანკოფონია“ (რუსეთი), კრისტიან ვენსანის „ყარყუმი“ (საფრანგეთი) და ლორენცო ვიგასის „გარედან“ (ვენესუელა).

 

ია ვეკუა

 

 

ia vekua
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
16 სექტემბერი, 2015 ლაბირინთში მორბენლებს ცეცხლში ხვალიდან გამოცდიან