გიგი უგულავას ბლოგი
21 ივლისი, 2015
4813
print

"დავუშვათ, რომ კავკასიონის იქით არის ზღვა..."

ეძღვნება კახა ბენდუქიძის ხსოვნას

2006 წელს, როცა რუსეთმა ქართულ პროდუქტებზე ცალმხრივად გამოაცხადა ემბარგო და საქართველოს მოქალაქეების გამოძევება დაიწყო, დაღონებულმა კახა ბენდუქიძემ თქვა: დავუშვათ, რომ კავკასიონის იქით არის ზღვა! არაფერი! და ჩვენი ეკონომიკურ-პოლიტიკური სტრატეგია ასე ავაწყოთ. საოცარი ოპტიმიზმი გამოსჭვიოდა მისი სახისაგან, რაც თითქოს არსებულ სიტუაციას არ შეესაბამებოდა.

დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა, რომ ეკონომიკური ლიბერალიზაციის, თავისუფლების და დერეგულირების რეფორმები სწორედ ამ ემბარგომ დააჩქარა, გააუმჯობესა ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქტების (განსაკუთრებით ღვინის) ხარისხი, მოხდა ეკონომიკისა და იმპორტ-ექსპორტის ქვეყნების დივერსიფიკაცია. ბიძგი მისცა ტურიზმის რეალური პოტენციალის გამოყენებისათვის გადასადგმელ ნაბიჯებს (ტურიზმი მანამდე სუფრის, სტუმარ-მასპინძლობის სადღეგრძელოს დონეზე განიხილებოდა პოზიტიურ მოვლენად. ეკონომიკურად კი რესტორნებში და სასტუმროებში ქართველი ქალის დამამცირებელ დასაქმებად მიიჩნეოდა). ასევე, შიდა პოლიტიკური და გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანა განაგრძობდა განვითარებას. მეტიც, ეს სწორედ ის ფუნდამენტი იყო, რაზეც დღემდე დგას ქვეყანა. ივანიშვილის გაუაზრებელი, ურიცხვი მავნებლობების მიუხედავად, მან ვერ მოახერხა ამ ძირითადი კალაპოტიდან ქვეყნის ამოგდება. ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით მაინც.

ეს ყველაფერი შესაძლებელი გახადა სიტყვამ: დავუშვათ, რომ ჩვენს იქით ზღვაა .... აქ არ შევუდგები საქართველოსათვის ზღვის, როგორც დასაზღვრულობის, ზღვარის, საზღვრის, პარადიგმულობას. რომ საქართველო არ და ვერ ჩამოყალიბდა საზღვაო ქვეყნად, რომ არა თუ გემი, ისტორიულად ერთი ნაფოტიც არ გვქონია; რომ ზღვას (სიტყვებსაც კი საზღვარი, ზღვა ერთი საწყისი აქვს. ამით ბევრი რამე გასაგები ხდება) არა როგორც უსაზღვროებას (ძიების, მოგზაურობის) შესაძლებლობას განვიხილავთ, არამედ როგორც საზღვარს, საიდანაც ოქროს საწმისს გვპარავენ. ანუ მარტივად, განვიხილავთ - საშიშ მტრად. ეს ჩვენი ისტორიული, გნებავთ, მისტიური თუ მითოსური გამოცდილებაა. აი ამ პარადიგმაში კი, კახას სიტყვა - დავუშვათ, რომ კავკასიონის იქით ზღვაა - სულ სხვა წონას იძენს (ამჯერად, სიტყვა და არა თავად კახა). ჩვენ მართლაც ხუთი წელი ვიცხოვრეთ ამ პარადიგმაში და, როგორც აღვნიშნე, სახელმწიფოს ჩამოყალიბების მხრივ მნიშვნელოვან წარმატებსაც მივაღწიეთ.

მეტად აბსტრაქტული რომ არ გამომივიდეს, განვმარტავ რას ნიშნავს - ჩვენს იქით არის ზღვა. ცხადია, რუსეთი არსად არ გამქრალა. არ გამქრალა, როგორც გარედან შიგნით მომართული ფაქტორი. როგორც ზღვის ტალღები სიღრმიდან ჩვენსკენ მოემართებიან, რუსეთიდან ასევე ხორციელდებოდა გადმორიცხვები, ხორციელდებოდა ინვესტიციები, იზრდებოდა ტურიზმი (სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმებით). ქართულ ეკონომიკაში რუსეთს არანაირი შეზღუდვა არ ჰქონია, პირიქით, მისასალმებელი იყო, რადგან იგი 1) დივერსიფიცირებული იყო; 2) რუსული კაპიტალი ქართულ პოლიტიკაზე ვერ ზემოქმედებდა (მაგალითად, "თელასი" პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენას ვერ ახდენდა). ამასთანავე, როგორც ბობოქარი სტიქია, ზღვა შიგადაშიგ ფიზიკურადაც გვიტევდა, მაგრამ ისევ ლიტერატურული მითოსი რომ მოვიშველიო, ზღვა ჩვენგან ადრე თუ გვიან უკან იხევს. დიახ, ალბათ გაგახსენდათ ოთარ ჭილაძის "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა". როცა ზღვამ უკან დახევა და გაქრობა დაიწყო, ხოლო "ჩვენ" - "მიწა ურმებით მიგვქონდა", რომ შეგვეკავებინა, მაგრამ ვერაფერი ვუშველეთ - ზღვამ უკან დაიხია. ამ ტექსტიდანაც კი კარგად სჩანს, რომ ზღვის მიმართ სულ მცირე გულუბრყვილო დამოკიდებულება გვაქვს. ამიტომ, ისევ კახას დავესესხები, დავუშვათ, რომ კავკასიონს იქით ზღვაა... აშკარად ასეთი დაშვებით ცხოვრება უკეთ გამოგვდის. ისევ ლიტერატურულ ალუზიებში წავედი. ალბათ, ციხის ბრალია.

ერთი სიტყვით, თამაშის წესები რუსეთთან მიმართებაში იყო მკაფიო. რუსული კაპიტალი, ტურისტი იყო მისასალმებელი. ხოლო, ემბარგო რუსულ შემდეგ აქტივობებს ედო: 1) პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობოების დაფინანსება. 2) შინაარსით რუსული ქართულენოვანი და რუსულენოვანი პროპაგანდისტული მედია საშუალებების გავრცელების პრევენცია (აქ იგულისხმება ასევე რუსული სახელმწიფო არხების შეზღუდვა). 3) აქტიური ბრძოლა რუსეთის სადაზვერვო (განსაკუთრებით სამხედრო დაზვერვა) საქმიანობის წინააღმდეგ (კარგად გვახსოვს გამოვლენილი ჯაშუშების რაოდენობა და მათი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. სამხედრო ნაწილებში ამბოხის მცდელობები. ეს ხალხი ახლა პოლიტპატიმრის სტატუსით თბილისის ავტობუსსა და მეტროპოლიტენში სახელმწიფოს ხარჯზე ფასდაკლებით მგზავრობს).

მოგეხსენებათ, ყველაფერს აქვს თავის ფასი და ამ ფასს ადრე თუ გვიან გადახდა ჭირდება. ბუნებისა და ლაუაზიეს კანონია. მთავარია, ხელისუფლება (სუბიექტი, ვინც ფასს აწესებს) იქცეოდეს პატიოსნად და გვეუბნებოდეს, რაში რას ვცვლით და რაში რა ფასს ვიხდით, - გვაძლევდეს ცნობიერი არჩევანის შესაძლებლობას. აბა ერთი წუთით დაფიქრდით, გაიხსენეთ, დაგუგლეთ და მოიძიეთ ამ სამი წლის განმავლობაში პრემიერის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში წარმომადგენლის ბატონ ზურაბ აბაშიძის ურიცხვი ინტერვიუები. მარტივად, თვალი გადაავლეთ აბაშიძე-კარასინის ჭუკჭუკის ისტორიას. კარასინისგან ვიცით მხოლოდ ზოგადად, რომ ეს პოზიტიური პროცესია. მეტი არაფერი. აბაშიძისა და მთავრობისაგან კი ვიცით, რომ ამ საუბარს "უამრავი სასიკეთო რამე" მოჰყვა: ქართული აგროპროდუქტებისათვის გაიხსნა რუსული ბაზარი, აღდგა რეგულარული რეისები რუსეთსა და საქართველოს შორის და ა.შ. ერთი სიტყვით, დააკვირდით, თითქოს მხოლოდ რაღაცებს ვიღებთ, თითქოს უფასოდ - სანაცვლოდ არაფერს არ გავცემთ ან თითქოს არაფერს გავცემთ. და გეკითხებით: არის რაიმე ლოგიკა იმაში, რომ ვივარაუდოთ და ვენდოთ რუსეთის ასეთ ალტრუიზმს? ეს დაუჯერებელია. ვინც ბოლო ორი საუკუნის რუსეთის დიპლომატიის ისტორიას იცნობს - რუსეთი ყოველთვის "რწყილსაც კი ატყავებდა" და ასე ცალმხრივი, დიდსულოვანი არასდროს არავისთან არ ყოფილა. მაშ რას ვიხდით საფასურად?

პასუხი ცხადია და ის ზემოთ აბზაცშია ჩამოყალიბებული. აბაშიძე-კარასინის ჭუკჭუკის შედეგად, ჩვენ გავათავისუფლეთ რუსეთის ჯაშუშები (ისე რომ რუსეთისგან იგივე ბრალდებით დაკავებული ჩვენი თანამოქალაქეები არც კი გაგვხსენებია. მხოლოდ ახლა, სამი წლის თავზე დავიწყეთ ამ თემაზე ჯერ-ჯერობით უშედეგო საუბარი). გავათავისუფლეთ მუხროვანის ამბოხებაში მსჯავრდებულები. სრული თავისუფლება მივანიჭეთ ღიად პრორუსული პარტიების რუსეთიდან არალეგალურ დაფინანსებას, მეტიც, ბატონმა ივანიშვილმა ბურჯანაძე და ინაშვილი სანიმუშო ოპოზიცად დაგვისახა. ამასობაში მიმდინარეობს პროდასავლური პარტიების (ენმ, თავისუფალი დემოკრატები) დევნა-დისკრედიტაცია. სოკოებივით მომრავლდნენ რუსეთის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, საინფორმაციო პორტალები თუ სააგენტოები, მეტიც, ქართულენოვანი, მაგრამ პირწმინდად ქსენოფობიური და რუსული ნარატივის გაზეთი "ასავალ-დასავალი" ბატონმა ივანიშვილმა თავის საყვარელ გაზეთად გამოაცხადა. ამის შემდეგ ის სახელმწიფოს ოფიციალურ ორგანოდ იქცა, ისე როგორც გაზეთი "კომუნისტი" თავის დროზე. ყველა ახლად დანიშნული თანამდებობის პირი (მაგალითად, თბილისის მერი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, პირველ ექსკლუზიურ ინტერვიუს სწორედ მას აძლევენ). თუ გინდა გაიგო, რას ფიქრობს ივანიშვილი მარგველაშვილზე, ალასანიასა თუ "რესპუბლიკელებზე", სწორედ ამ პერიოდულ გამოცემას უნდა დაეწაფო. ღიად მიმდინარეობს თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრუქტურებში ჯაშუშების ინფილტრაცია, ხოლო კონტრდაზვერვა აბსოლუტურად დისფუნქციურია. მათ პირდაპირ აუკრძალეს რუსეთის ჯაშუშების გამოვლენისაკენ რაიმე ნაბიჯების გადადგმა. ცნობილია, რომ კონტრდაზვერვა ყველაზე მეტად "მემკვიდრეობითი" საქმიანობაა. ის, როგორც წესი, მთავრობებთან ერთად არ იცვლება. ჩვენთან მთლიანად მოხდა ამ ძაფის გაწყვეტა. მეტიც, დავაპატიმრეთ კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე ბატონი ტაბიძე, რომელიც პირადად კურირებდა რუსი ჯაშუშების საქმიანობის პრევენციის მიმართულებას.

აი ეს არის ის მოკლე ჩამონათვალი, რაც აბაშიძის კარასინთან კურკურის "ჩრდილოვან" მხარეს წარმოადგენს და რომლის შესახებ საზოგადოებამ არაფერი იცის. ცხადია, შეხვედრას არავინ დასწრებია. არც, როგორც ამას საგარეო საქმეთა პროტოკოლი მოითხოვს, რაიმე ცნობები არსებობს, თუმცა, მე 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთის მხრიდან ეს საქმეები ზუსტად ისეთივე დეტალური ფორმით იქნებოდა მოთხოვნილი, როგორც ჩვენი მხრიდან მწვანილის, პრასის, რქაწითელისა თუ საფერავის საკითხები. ამას, უბრალოდ, საქმის პროფესიონალიზმი მოითხოვს, რაც შტატსეკრეტარ კარასინს ნამდვილად აქვს.

ამ ყველაფრის პირდაპირი შედეგია ის 31 პროცენტი, რომელიც NDI-ს კვლევის მიხედვით "ევრაზიულ კავშირში" გაწევრიანების მომხრეა. განსაკუთრებული როლი ამ კუთხით რუსული სახელმწიფო მედიის დაბრუნებას უკავია. აქ საუბარი არაა მხოლოდ რუსულ საინფორმაციო გამოშვებებზე, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჟურნალისტიკასთან. მთლიანად მთელი პროდაქშენი, განსაკუთრებით სერიალები, გაჟღენთილია პროპაგანდით. ამ არხების მაყურებელ ადამიანს, განსაკუთრებით საქართველოში, ეკონომიკური უკუსვლის ფონზე, ნამდვილად მოუნდება რუსეთთან ყოფნა - ისეთ ვარდისფერ ფერებშია გადაწყვეტილი რუსული რეალობა. ამ არხების მაყურებელმა, მაგალითად, არც კი იცის, რომ რუსეთის ეკონომიკა შარშან რეცესიაში შევიდა, ხოლო წელს ზრდა -3 პროცენტი ექნება. სამაგიეროდ, აქტიურად შუქდება ევროკავშირსა თუ აშშ-ში ეკონომიკური პრობლემები. ზუსტად ისე, როგორც ეს დიადი საბჭოეთის დროს იყო, როცა "რონალდ რეიგანს ავიწყდებოდა ქართული ხალხური ანდაზა: რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო" (80-იან წლებში "მოამბის" საერთაშორისო მიმომხილველ აბონ ციციაშვილის ცნობილი გამოთქმა).

როგორც ზემოთ აღვნიშნე, უბრალოდ პატიოსნების საკითხია ვიცოდეთ, რა დევს სასწორის ორივე პინაზე. რომ თუნდაც კახელმა გლეხმა იცოდეს, რაში რა ფასს ვიხდით და შემდეგ აბაშიძე-კარასინის თითქოს მხოლოდ ღვინოზე და მწვანილზე ჭუკჭუკის შესახებ დაღვინებული არჩევანი გააკეთოს. ტელევიზიით ყოველ მათ გამოჩენაზე სულ 1924 წლის აჯანყება მახსენდება. თურმე, ქაქუცა დაჟინებით ითხოვდა, რომ ამბოხი აგვისტოს დასაწყისშივე დავიწყოთო. "მე ვიცნობ აღმოსავლეთ საქართველოს გლეხის შეგნებას, - ამბობდა იგი, - თუ დროზე არ დავიწყეთ: სანამ მოსავალს არ აიღებს, სანამ ყურძენს არ დაკრეფს, სანამ ღვინოს არ მიხედავს არ გამოვა." (რთველი აგვისტოს ბოლოს იწყება). ეს აჯანყება, როგორც მოგეხსენებათ, ძალიან უთავბოლო, სევდიანი და საბრალო გამოდგა. ქუდზე კაცი არ გამოვიდა. "უბრალოდ, დრო იყო ცუდი და ქართველებმაც გადაწყვიტეს, რომ ჯერ ღვინო დაებინავებინათ და სამშობლოსთვის შემდეგ მიეხედათ". (აკა მორჩილაძე. "ქართულის რვეულები. XIX საუკუნის სურათები").

საშინლად მართალი სიტყვებია .....

დროებით.

P.S. მითებსა და ცრურწმენებს ყველაზე უკეთ ციფრები აქარწყლებენ.

• საქართველოს ათ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორში რუსეთი მე-4 ადგილზეა თურქეთის, აზერბაიჯანის და ჩინეთის შემდეგ.

• ათ უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებს შორის რუსეთი 2014-2015 წ.წ. იანვარ-აპრილში მე-6 ადგილზეა. მას აზერბაიჯანი, ბულგარეთი, თურქეთი, სომხეთი და აშშ უსწრებენ. ამასთან, თუ 2014 იანვარ-აპრილში რუსეთის წილი ექსპორტში 9.3 პროცენტი იყო, 2015 იგივე პერიოდში 5.2 პროცენტი საერთო ექსპორტის მოცულობაში.

• ექსპორტის უმსხვილეს სასაქონლო ნიშნებში ყურძნის ნატურალურ ღვინოებს 2014 წელს 6.3 პროცენტი, ხოლო 2015 იანვარ-აპრილში 3.3 პროცენტით ბოლოდან მესამე ადგილი უკავია.

• პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის მიხედვით 2015 წლის I კვარტლის მიხედვით, რუსეთის წილი 13 პროცენტია.

ეს საქსტატის მონაცემებია. "უკეთესი, მესამე, რუსეთთან დალაგებული ურთიერთობის" ეს წარმატებული წელიწადი ციფრებში დიდად არ განსხვავდება "ცხრა წლის" ანალოგიური მონაცემებისაგან. (2014 წელს 9.3 პროცენტამდე გაიზარდა რუსეთის წილი ექსპორტში მხოლოდ). ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ჩვენ პოლიტიკურად დავიხიეთ უკან რაიმე განსაკუთრებული, ხელშესახები ეკონომიკური სარგებლის გარეშე.

ახლა კი ნამდვილად დროებით.

maia chalaganidze
სხვა სიახლეები
19 სექტემბერი, 2016 არჩევნებზე, როგორც ზოოპარკში
16 სექტემბერი, 2016 ეს მართლა ჩვენ გვეხება!
16 აპრილი, 2016 აჩრდილი
11 თებერვალი, 2016 ”თვალები გაქვთ და ვერ ხედავთ, ყურები გაქვთ და არ გესმით!..”
01 თებერვალი, 2016 გიგი უგულავას ბლოგი
04 დეკემბერი, 2015 ელდარ რიაზანოვის უკანასკნელი დუბლი
25 სექტემბერი, 2015 “ღმერთმანი, რაღაც ჯოჯოხეთში მოვხვდი“
18 სექტემბერი, 2015 ”ქართული ოცნება” და გიგი უგულავა განაჩენის მოლოდინში
17 აგვისტო, 2015 როცა შეცდომებზე ვერ/არ სწავლობენ
12 აგვისტო, 2015 გიგი უგულავას ბლოგი