დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა - პრობლემის გადაჭრისთვის აუცილებელია პოლიტიკური ნება
20 ივლისი, 2015
2886
print

აკაკი ბაქრაძე

მედიცინის დოქტორი საქართველოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი, მეან-გინეკოლოგი

 დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლები უმთავრესია ჯანმრთელობის დაცვის და ზოგადად ქვეყნის დონის განსაზღვრაში. მსოფლიოში აღინიშნა დედათა სიკვდილიანობის გლობალური შემცირება. 1990-2013 წწ ეს მაჩვენებელი თითქმის 50% შემცირდა. გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს. 2006 წლის მონაცემებთან შედარებით 2012 წელს კლება 40%-ს შეადგენდა, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ მდგომარეობა არასახარბიელოა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი (ორსულობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გარდაცვლილი დედათა რიცხვი 100 000 ცოცხალშობილზე) საქართველოში 2013 წელს 41 იყო. მდგომარეობა კარდინალურად არც მომდევნო წლებში არის შეცვლილი.

შედარებისთვის, ბელარუსის რესპუბლიკაში ეს მაჩვენებელი 2013 წ. 1-ს ტოლი იყო, რითაც მსოფლიოში ამ მაჩვენებლით წამყვან ქვეყნებს შორის დაიმკვიდრა ადგილი. ეს პროგრესი დიდად განაპირობა რესპუბლიკაში მიღებულმა კანონმა დემოგრაფიული უსაფრთხოების შესახებ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ბელარუსი შეიყვანა ”ა”, ხოლო საქართველო ”ბ” ჯგუფის ქვეყნებში, რაც იმას შეესაბამება, რომ ”ა” ჯგუფის ბინადრებში მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაცია მაღალ დონეზეა და არის სარწმუნო, შესაბამისად ნაკლებად დამაჯერებელია დედის სიკვდილიანობის სტატისტიკა და ზოგადად სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ხარისხი ”ბ” ჯგუფის ქვეყნებში. სტატისტიკური სხვაობის მაგალითისთვის 2008 წლის ანგარიში სახასიათოა, როდესაც ოფიციალურმა სტატისტიკამ 11 გარდაცვლილი დედა აჩვენა, ხოლო რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის კვლევა ”RAMOS”-მა კი 31. დედათა სიკვდილიანობის შესახებ სარწმუნო მონაცემების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებლის დინამიკის შესაფასებლად და ხარისხიანი მიზნობრივი პროგრამების დასაგეგმად. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემია ახალშობილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი (გარდაცვლილ ახალშობილთა რიცხვი 1000 ცოცხალშობილზე). მსოფლიო ბანკის მონაცემებით 2013 წელს საქართველოში ეს მაჩვენებელი 10-ს ტოლი იყო, მაშინ როდესაც ბელარუსში ხუთჯერ ნაკლები-2 (შედარებისთვის საფრანგეთში და გერმანიაში ასევე 2). დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის მდგომარეობა, საქართველოს დემოგრაფიული სიტუაციისა და პერსპექტივის გათვალისწინებით, ცალსახად არადამაკმაყოფილებლად უნდა შეფასდეს. ფაქტია, რომ ათწლეულების მანძილზე ამ საკითხის მხოლოდ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროზე გადაბარებამ შედეგი პრაქტიკულად არ გამოიღო და დედათა სიკვდილიანობის კლების დინამიკა არასახარბიელოა. ეს, ჩემი აზრით, გამოწვეულია იმით, რომ ჯანდაცვის სისტემაში ესოდენ საჭირო სტრუქტურული და სისტემური ცვლილებებისთვის აუცილებელი გადაწყვეტილების მიღება უსაშველოდ ჭიანურდება. ხანგრძლივი განხილვის რეჟიმშია მნიშვნელოვანი პროექტები. ეს პროექტები უცხოელ კოლეგებთან ერთადაა შემუშავებული, კოლეგებთან, რომელთა ქვეყნებში წარმატებით განხორციელდა რეფორმები და დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი მინიმიზირებული აქვთ. გაჭიანურებულია ძალზე მნიშვნელოვანი პროტოკოლების მიღება, როგორიცაა, მაგალითად მშობიარობისშემდგომი სისხლის დენა.

მისასალმებელია, რომ როგორც იქნა, დაიწყო რეგიონალიზაციის პროცესი, რაც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სამედიცინო მომსახურების გადანაწილებას მოიცავს და ჯონ სნოუს კორპორაციის დაფინანსებით მიმდინარეობს. ეს პროცესი უაღრესად მნიშვნელოვანია უსაფრთხო დედობისა და განსაკუთრებით პერინატალური დახმარების კუთხით. სამწუხაროდ, როგორც ამ პროექტის საკოორდინაციო ჯგუფის წევრმა უნდა აღვნიშნო, რომ არის შესაძლებლობა პროცესის არასწორი მიმართულებით განვითარებისა. ნაცვლად იმისა, რომ მიღებულ იქნეს აუცილებელი, შესაძლო მტკივნეული გადაწყვეტილებები, ანგარიში ეწევა გარეშე ფაქტორებს, როგორიცაა სხვადასხვა პოლიტიკური ფიგურის თუ რაიონის დეპუტატის აზრი. მდგომარეობა კი კვლავ საგანგაშოა. სასწაული არ მოხდება და მაჩვენებლები არ გამოსწორდება კარდინალური ცვლილებების გარეშე. წელს, იანვრიდან მაისის თვის ჩათვლით, საქართველოში 9 ორსულია დაღუპული. ჩემი აზრით, აუცილებელია შეიქმნას საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების საბჭო, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირი უნდა ჩაუდგეს სათავეში. საბჭო განსაკუთრებული უფლებებით უნდა იყოს აღჭურვილი და მისი გადაწყვეტილებები, ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე, გაუჭიანურებლად უნდა ტარდებოდეს ცხოვრებაში. საკვანძო დემოგრაფიულ პრობლემებთან ერთად საბჭოს მეურვეობის ქვეშ უნდა გადავიდეს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის საკითხიც, რათა უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდეს ევროკავშირში შემავალი ქვეყნების მაჩვენებლებს მივუახლოვდეთ. ბევრი ქვეყნის მაგალითი გვარწმუნებს იმაში, რომ შესაძლებელია დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის მნიშვნელოვნად შემცირება, როდესაც არსებობს პოლიტიკური ნება და როდესაც ჯანდაცვის სისტემა ადეკვატურად რეაგირებს არსებულ გამოწვევებზე. სამწუხაროდ ასეთ ნებას ვერ ვხედავდი და ვერც ახლა ვხედავ.

უსაფრთხო დედობა პრიორიტეტული უნდა იყოს ქვეყანაში. სამწუხაროდ, თვითონ უწყებაშიც არ არის ეს საკითხი პირველხარისხოვანი. კი, ბატონო, საქებარია ჯანმრთელობის სამინისტროს მიერ განხორციელებული ინიციატივები ჰეპატიტ “C”-ს პროგრამასა და პენიტენციურ სისტემაში, მაგრამ როდემდე უნდა იყოს უსაფრთხო დედობის პროგრამა კონკიას როლში? რა პრიორიტეტულობაზეა საუბარი, როდესაც ანტენატალური მეთვალყურეობის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ორსულობის მთელ პერიოდში 4 მშობიარობამდელ ვიზიტსა და შესაბამის გამოკვლევებს, ისევე როგორც 2010 წ. ახლაც სახელმწიფო 55 ლარით (!) აფინანსებს. საგანგაშო დემოგრაფიული სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოში ხელისუფლების ეფექტური მუშაობის ზუსტი ინდიკატორები დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლები უნდა გახდეს. ეს იქნება მაჩვენებელი, თუ რამდენად სჯერა მთავრობას სახელმწიფოს შორსმიმავალი პერსპექტივის და არ არის მედღეხვალიე ფილოსოფიის.

 

სხვა სიახლეები
09 თებერვალი 03:27 საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს განცხადება
14 სექტემბერი, 2016 ნავთლუღის ღამის საარჩევნო სიზმრები
08 თებერვალი, 2016 ქებათა ქება გარდაცვლილ ღმერთებს
15 დეკემბერი, 2015 ფსიქომანია
14 დეკემბერი, 2015 based on a true story - წარმატების ფორმულა საქართველოში
06 დეკემბერი, 2015 ნიკა რურუას ჯაზი
27 ნოემბერი, 2015 უკეთესად შენ თქვი
23 ნოემბერი, 2015 დახმარება შეძლებულებს … ღარიბების ხარჯზე
28 სექტემბერი, 2015 ორი რუსეთი - ორი საქართველო?!
28 სექტემბერი, 2015 ორი პოზიცია