ლევან გაბრიაძის Unfriended გაქირავებაში გამოდის
13 ივლისი, 2015
4318
print

ყველაფერი ლორა ბარნსის თვითმკვლელობით იწყება. წვეულებაზე გადაღებული უსიამოვნო ვიდეოს ინტერნეტში დადების შემდეგ, გოგონა სირცხვილისგან თავის დაღწევას სწორედ ამ გზით ამჯობინებს. ლორა თავს საჯაროდ, დღის სინათლეზე, თანატოლების თანდასწრებით იკლავს. ვიღაც კი ამ ფაქტს ტელეფონით აღბეჭდავს და ინტერნეტში დადებს. ეს ფილმის სიუჟეტის მოკლე აღწერილობაა, ფილმს „მეგობრებიდან წაშლა“ (Unfriended) ჰქვია, მისი რეჟისორი ლევან გაბრიაძეა, ჩვენს გაქირავებაში კი 16 ივლისიდან გამოდის.

რეჟისორს ქართული სახელი და გვარი აქვს, თუმცა ფილმი ჰოლივუდის პროდუქტი გახლავთ. მისი პროდუსერი თემურ ბეკმამბეტოვია, ადამიანი, რომელმაც წლების წინ „ღამის გუშაგი“ გადაიღო, შემდეგ Wanted-ი, კიდევ რამდენიმე არც თუ პოპულარული ფილმი, ამჟამად კი არც მეტი არც ნაკლები „ბენ ჰურის“ ახალ ეკრანიზაციაზე მუშაობს. ლევან გაბრიაძესთან მეორედ იმუშავა. რამდენიმე წლის წინ გაბრიაძემ სწორედ ბეკმამბეტოვის პროდუსირებით გადაიღო „ვიკრუტასები“ (ქართულ გაქირავებაში „ვიკრუტასები ანუ იღბლიანი ხრიკები“ :/ ), ჩვენი „ფეოლას“თითქმის ასლი კომედია, რომელმაც, თავის დროზე, საკმაოდ უღიმღამო შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა მაყურებელი მაინც ჰყავდა.

გავიდა წლები და გაბრიაძემ კომედიის ჟანრიდან თინეიჯერულ ჰოროროში გადმოინაცვლა და „მეგობრებიდან წაშლა“ გადაიღო. პირველ რიგში, ფილმი იმ მხრივ გახლავთ განსაკუთრებული, რომ მთლიანად Screen Capture Movie-ს წარმოადგენს ანუ მხოლოდ კომპიუტერის მონიტორზე გადაღებული სცენებისგან შედგება. მაყურებელი სწორედ ონლაინში, ძირითადად ხუთი მეგობრის სკაიპით ან ფეისბუქით მიმდინარე დიალოგებს ადევნებს თვალს, საიდანაც ვიგებთ, რომ გარდაცვლილი გოგონა მათი ნაცნობი იყო და რომ ხუთივე ამ ფაქტს ძალიან განიცდის, თუმცა სულ მალე ერთ-ერთი მათგანი ან ვიღაც სხვა მათზე ნადირობას იწყებს.

ფილმი მკაფიოდ ცდილობს იმის ხაზგასმას, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები და კომუნიკაციის საშუალებები არა მხოლოდ გეოგრაფიულ, არამედ პირად საზღვრებსაც შლის და ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც ვერც შლაგბაუმი დაგიცავს და ვერც მესაზღვრე, ამიტომ ინტერნეტის საშუალებით გავცელებული ნებიმიერი სიტყვა იმთავითვე წარმოადგენს საშიშროებას.

„მეგობრებიდან წაშლაში“ ვერ შეხვდებით ვარსკვლავებს, რეჟისორი გათვლას ახლაგაზრდა მსახიობებზე აკეთებს, სწორედ მათზე, ვის თაობასაც ფილმში აღწერილი მოვლენები ეხება - ამ ტიპის შეცდომებს უმეტესად ხომ სწორედ ისინი სჩადიან, ვის ქმედებებსაც ყველაზე მეტად თვითგამოხატვის სურვილი ამოძრავებს.

რაც შეეხება ფილმის რეჟისორს, ის რეზო გაბრიაძის შვილი გახლავთ. "ვიკრუტასები" მისი სარეჟისორო დებიუტი იყო. როგორც გაბრიაძის ბიოგრაფიაში წერია, მთელი ბავშვობა მამის მარიონეტების თეატრის კულისებში აქვს გატარებული, 12 წლისამ კი საკუთარი, ჩრდილების თეატრი შექმნა. სწავლობდა თბილისის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, სადაც სცენოგრაფისა და მსახიობის ოსტატობას ეუფლებოდა. 1990 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტში დიზაინისა და ანიმაციის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, ხოლო ათი წლის შემდეგ მოსკოვში დაფუძნდა. ლევან გაბრიაძის ფილმოგრაფიაში „მეგობრებიდან წაშლა“ ჯერჯერობით ბოლო პროექტია.

 

ია ვეკუა

 

ia vekua
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
16 სექტემბერი, 2015 ლაბირინთში მორბენლებს ცეცხლში ხვალიდან გამოცდიან