ტუროპერატორები კოსმოსური ტურიზმისთვის ემზადებიან
07 ივლისი, 2015
1218
print

გიგა გურასაშვილი

კოსმოსური ტურიზმი ისეთივე ძვირი სიამოვნებაა, როგორც მისი მასშტაბები. ასე რომ, იქ გამგზავრების ფუფუნება, ჯერჯერობით, მხოლოდ სქელჯიბიან ტურისტებს აქვთ. პლანეტოლოგიაში ბრიტანეთის ღია უნივერსიტეტის პროფესორი მონიკე გრეიდის თქმით, კოსმოსში პირველები სწორედ მილიონერები და ისინი გაემგზავრებიან, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებზე არიან შეშლილები.

ფაქტია, როდესაც პირველი სამგზავრო თვითმფრინავები გამოჩნდა, საკუთარ თავს მისით სარგებლობის უფლებას მხოლოდ ძალიან მდიდარი ადამიანები თუ აძლევდნენ. დღეს კი... დღეს მილიონობით ადამიანი სერავს საჰაერო სივრცეს. ამავე ლოგიკით შორს არ უნდა იყოს ის დღე, როდესაც კოსმოსური ტური ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება.

აერონავტიკის პროფესორი, ერთ-ერთი საუკეთესო ექსპერტი კოსმოსის კომერციულად გამოყენების სფეროში ამერიკელი ედვარდ კროული გვამშიდებს და აცხადებს, რომ ამ მხრივ მოვლენები იმაზე სწრაფად განვითარდება, ვიდრე ვფიქრობთ. მეტიც, კოსმოსური ტურიზმისთვის კონკრეტულ სავარაუდო თარიღსაც ასახელებს. ამბობს, რომ 5 ან 10 წლის შემდეგ კოსმოსში გაფრენის შესაძლებლობა ბევრ ჩვენთაგანს ექნება.

”სულაც არ ვხუმრობ! არ ვამბობ, რომ მაინცდამაინც მთვარეზე გავფრინდებით ან ორბიტაზე, მაგრამ იმის საშუალება კი გვექნება, რომ საკუთარ თავზე უწონადობა შევიგრძნოთ და ნამდვილი კოსმონავტის როლში აღმოჩნდეთ. ეგაა, ეს ყოველივე ხანმოკლე იქნება. მხედველობაში მაქვს სუბორბიტალური ფრენები. მიფრინავთ, ხომალდს გარკვეულ სიმაღლეზე აჰყავხართ, სადაც 10-15 წუთს უწონადობაში გაატარებთ, მერე კი დედამიწას დაუბრუნდებით. მთლიანობაში ასეთი თავგადასავალი 2-დან 4 საათამდე გასტანს, მოსამზადებელ ეტაპთან ერთად კი დამკვეთს ის დაახლოებით 50 ათასი დოლარი დაუჯდება”.

ედვარდ კროულის განმარტებით, ეს ბაზარი იმ ადამიანთა კატეგორიისთვისაა, რომლებიც ჰიმალაებში დედამიწის უმაღლესი მწვერვალის, ევესეტის (8848 მ..) დასაპყრობად მიდიან: ”თუ ევერესტზე ახვედით, თქვენ ის გააკეთეთ, რაც მსოფლიოში თითქმის არავის გაუკეთებია. ამისთვის კი საჭიროა ერთი თვე და დაახლოებით 100 ათასი დოლარი. დიახ, არსებობს რეალური შანსი, რომ მოსწყდებით, ნაპრალში ჩავარდებით ან მწვერვალის მისადგომთან გაიყინებით. მიუხედავად ამისა, ადამიანებს ეს არ აჩერებთ. ისინი კოლონებად მიბობღავენ ევერესტზე. ვფიქრობთ, რომ იგივე ადამიანები კოსმოსში გასაფრენად რიგში ჩადგებიან.

ვფიქრობ, საწყის ეტაპზე, კოსმოსურ ტურიზმზე სპეციალიზირებული ფირმები კოსმოსში თვეში 20-დან 50-მდე ადამიანს გაამგზავრებენ”.

მართალია, ორბიტაზე ტურის ღირებულება ათეულობით მილიონ დოლარს შეადგენს, მაგრამ დიდი ფასის მიუხედავად, კოსმოსის ხილვის მსურველთა რაოდენობა უფრო და უფრო მატულობს. 2007 წლიდან კოსმოსური ტურის ღირებულება  20-დან 30-40 მილიონამდე გაიზარდა. გარდა ამისა, ერთგვარ დამატებით პაკეტია მათთვის, ვისაც ღია კოსმოსში გასვლის სურვილიც აქვს. ამ შემთხვევაში დამატებით 15 მილიონია საჭირო.

აქვე აღვნიშნოთ, რომ დღესდღეობით კოსმოსი შვიდმა ტურისტმა მოინახულა, აქედან ერთმა უნგრული წარმოშობის ამერიკელმა მილიარდერმა ჩარლზ სიმონიმ ორჯერ - 2007 და 2009 წელს იმოგზაურა.

პირველი, ვინც სადავე დაუდო კოსმოსურ ტურიზმს იტალიური წარმოშობის ამერიკელი ბიზნესმენი დენის ტიტო იყო, რომელიც 2001 წელს რუსული ხომალდის ”სოიუზის” დახმარებით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს (ISS) ეწვია.

წლეულს სექტემბერში მერვე კოსმოსური ტურისტი უნდა გამხდარიყო ბრიტანელი მომღერალი სარა ბრაიტმანი, მაგრამ ოჯახური მდგომარეობის გამო, 13 მაისს კოსმოსში გაფრენაზე უარი განაცხადა. ცნობისთვის, მისი მოგზაურობის ღირებულება 34 მილიონ გირვანქა სტერლინგს (51 მილიონი დოლარი) შეადგენდა.

დღესდღეობით კოსმოსური ტურიზმისთვის მხოლოდ საერთაშორისო კოსმოსური სადგური გამოიყენება, ფრენები კი რუსული კოსმოსური ხომალდების - ”სოიუზის” დახმარებით ხორციელდება.

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
15 თებერვალი 18:04 ქარის ენერგიით ჰოლანდიურ ლიანდაგებზე
13 სექტემბერი, 2016 ხელოვნური ინტელექტი რასიზმსა და ნეონაცისტურ შეხედულებებში დაადანაშაულეს
09 მარტი, 2016 ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე უპირატესობას გოს თამაშში ავლენს
25 თებერვალი, 2016 ნასამ მთვარეზე დაჭერილ უჩვეულო ხმებს ფარდა ახადა
10 თებერვალი, 2016 აშშ–ის საპრეზიდენტო მარათონს ახალი კანდიდატი ჰყავს – სუპერკომპიუტერი
08 თებერვალი, 2016 არამიწიერ ცივილიზაციათა დუმილი
02 თებერვალი, 2016 ილონ მასკის მარსზე გაფრენის გეგმა ნასას უსწრებს
27 იანვარი, 2016 კოსმოსურმა ნაგავმა შესაძლოა პოლიტიკური კრიზისი წარმოშვას
15 დეკემბერი, 2015 მასკისთვის მარსისკენ მიმავალ გზაზე დამაბრკოლებელი გარემოება მესამე მსოფლიო ომის შესაძლო დაწყებაშია
02 დეკემბერი, 2015 მარკ ცუკერბერგი "ფეისბუქის" აქციათა 99 პროცენტს ქველმოქმედებას მოახმარს