შავი ზღვის ჯაზფესტივალის ვარსკვლავები ფესტივალის მოლოდინში
07 ივლისი, 2015
4437
print

წლევანდელი ზაფხული მუსიკალური ფესტივალების მხრივ უხმოსავლიანი აღმოჩნდა. სხვა და სხვა სცენებიდან ჯერ კიდევ ისმის ანაც გავიგონებთ როკისა და ელექტრონული მუსიკის რიტმებს, შუალედში კი ტორტის ბისკვიტში მოქცეული კრემივით გემრიელი შავი ზღვის ჯაზფესტივალი გველის. ელით ფესტივალის მონაწილე მუსიკოსებსაც, რომლებიც ლაინაპში საკუთარი სახელის ამოკითხვის შემდეგ ბათუმში სტუმრობის მოლოდინის რეჟიმში არიან. ეს არც გასაკვირია და არც სასწაული - ცხრა წლიანი ისტორიის განმავლობაში შავი ზღვის ჯაზფესტივალი ერთმნიშვნელოვნად იქცა ევროპის აღმოსავლეთ რეგიონის ერთ-ერთ საუკეთესო ჯაზივენთად და ნელ-ნელა დასავლეთის დასაპყრობადაც ემზადება.

ელჩები კი უკვე გაგზავნილი ჰყავს - ის მუსიკოსები, რომლებმაც ამ წლების განმავლობაში მთელ მსოფლიოში გაავრცელეს ინფორმაცია, რომ არსებობს შავი ზღვა, შავ ზღვას აქვს ჯაზფესტივალი, ფესტივალს ჰყავს მსმენელი და რომ ეს მსენელი მუდამ მზადაა კარგი მუსიკისთვის.

სწორედ ეს ინფორმაცია აქვს ლივ უარფილდს - სასწაული ხმის მქონე და ულამაზესი მუსიკის შემსრულებელ ქალბატონს, რომელიც 24 ივლისს პრინცის NPG HORNZ-თან ერთად გამოვა სცენაზე და შავი ზღვის ჯაზფესტივალის უდავოდ ერთ-ერთ საუკეთესო კონცერტს წარმოგვიდგენს (ამაში დასარწმუნებლად მის ერთ კომპოზიციას მაინც მოუსმინეთ). ლივ უარფილდი თავის ოფიციალურ გვერდზე ჩვენი მსმენელისადმი მიმართვას ავრცელებს: „ერთი სული მაქვს როდის გესტუმრებით, წინასწარ ძალიან ვღელავ. იმავე სცენაზე მომიწევს გამოსვლა, რომელზეც ჯორჯი, ლიზა და სნუპი გამოვლენ. ეს ძალიან ამაღელვებელია. თუ თქვენ მზად ხართ გართობისთვის, მაშინ ჩვენც მზად ვართ, მე კი გამიგია, რომ თქვენ ამისთვის მუდამ მზად ხართ. მალე შეგხვდებით!“

ლივ უარფილდმა კარგად იცის, რომ ჩვენი მსმენელი მასთან შესახვედრად მეორე წელია ემზადება. ის შარშანდელი ფესტივალის სტუმარიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა მისი გეგმები შეცვალა, თუმცა ერთი წლის შემდეგ ეს არაჩვეულებრივი ქალბატონი ჩვენთვის მაინც იმღერებს.

ეს კი მას შემდეგ მოხდება, როდესაც სრულიად წარმოუდგენელი ჯორჯ კლინტონის კონცერტი ჩამთავრებული იქნება, ხოლო ჰაერში ჯერ კიდევ იტრიალებს მისი ფანკის სურნელი. მისტერ კლინტონისთვის ბათუმში ჩატარებული კონცერტი 2015 წლის ზაფხულის ევროპული ტურნეს პირველი შოუ იქნება. ამის შესახებ თავის ოფიციალურ ვებგვერდზეც იუწყება. ბათუმიდან კლინტონი როტერდამში, ამსტერდამში, პარიზსა და დასავლეთ ევროპის სხვა დიდ ქალაქებში გადაინაცვლებს, სადაც ჩვენი მსმენელის მიერ გადაცემულ ენერგიასაც გაავრცელებს. ენერგიას კი უხვს მიიღებს, რადგან სხვა თუ არაფერი, ეს ნამდვილად შეგვიძლია.

1 აპრილს ლიზა სტენსფილდი თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე წერდა: „სიამოვნებით დაგიანონსებთ, რომ 25 ივლისს საქართველოში, ქალაქ ბათუმში ვიმღერებ“. სტატუსს აღფრთოვანებული, ზოგჯერ კი შურშეპარული ფანების კომენტარები მოსდევს: ბედნიერი ბათუმი! - წერს ერთი, მეორე კი წუხს, რომ ეს ქალაქი მისთვის ძალიან შორსაა, დანარჩენები ბედნიერ მგზავრობასა და საუკეთესო კონცერტის ჩატარებას უსურვებენ და ასეც იქნება - ლიზა სტენსფილდს ჩვენ ნამდვილად 25 ივლისს მოვუსმენთ, ნუ მიაქცევთ ყურადღებას, რომ მისი სტატუსი 1 აპრილსაა დაწერილი.

ლაკონური, მაგრამ მრავლისმთმელია სნუპ დოგი, როდესაც წერს: Georgia!!! Catch me live at #BlackSeaJazzFestival n 7/26. ცხადია, მითის დონეზე შეგვიძლია განვიხილოთ, რომ ეს სიტყვები თავად სნუპმა დაწერა, მაგრამ ის ხომ დანამდვილებით ვიცით, რომ სამიოდე კვირაში ბათუმის კორტებზე აღმართულ სცენაზე გამოვა და ოთხდღიან მუსიკალურ დღესასწაულს დახურავს.

არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ყველაფერი არ გახლავთ: ამ ოთხი დღის განმავლობაში Take Five Club-ში პიანისტი გიორგი მიქაძე და მისი ბენდი დაუკრავს. ამ საღამოების გამოტოვებას კი ნამდვილად არ გირჩევთ - გიორგი თანამედროვე ჯაზის ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა მუსიკოსია, სწორედ ის, წლების შემდეგ უმაღლეს ლიგაში რომ დაიმკვიდრებს ადგილს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა ჯერ კიდევ შეგიძლიათ (სნუპ დოგის კონცერტის გარდა - ამ დღის ყველა ბილეთი გაყიდულია). ბილეთების TBC Platinum-ით, TBC PrimeCard-ითა და TBC Status-ით ბარათებით შეძენისას მოქმედებს ექსკლუზიური ფასი (15-20%-იანი ფასდაკლება სალაროში შეძენილ ბილეთებზე).

 

ია ვეკუა

ia vekua
სხვა სიახლეები
18 აგვისტო, 2015 თბილისის ჯაზფესტივალის პროგრამა და სხვა დეტალები
13 აგვისტო, 2015 საუკეთესო ქალების ოცეული
28 ივლისი, 2015 შავი ზღვის ჯაზფესტივალი - ფანკის მეფიდან სნუპიმდე
10 ივლისი, 2015 კარგი მუსიკა უფრო კარგი მოხალისეებისთვის
10 ივნისი, 2015 Kazantip-ის ალტერნატივა Befooz და Befooz-ის ალტერნატივა GEM Fest
04 ივნისი, 2015 კავკასიური ჯაზი
29 მაისი, 2015 რატომ ვიქეცით შვედებად
15 მაისი, 2015 ბიბი კინგი გარდაიცვალა
11 მაისი, 2015 „მანჰეტენ ტრანსფერი“ მაისის ფესტივალს გახსნის
05 მაისი, 2015 გრაფიკული ჯაზი