სტრიპტიზის დროა!
03 ივლისი, 2015
4410
print

კუბიკებიანი მუცლები, დაძარღვული მკლავები, დაკუნთული მხრები და მკრთალ სინათლეზე მოლაპლაპე, მუსიკის რიტმებზე მოძრავი დუნდულები - ეს მამაკაცების სტრიპტიზია, ქალების მღელვარების, ჩანჩქერების მოვარდნისა და გეიზერების ამოფრქვევის მიზეზი. მათი ზომა განუზომელია, ვნება დაუოკებელი, ცეკვა დაუსრულებელი, წარმოდგენებს კი ყოველ დღე ჩვენი კინოთეატრების ეკრანებზე მართავენ - Magic Mike XXL გაქირავებაში გუშინ გამოვიდა.

სტივენ სოდერბერგის მიერ 2012 გადაღებული საოცრების შემდეგ სამი წელი გავიდა. ამდენივეა გასული ფილმის მეორე ნაწილის სიუჟეტამდეც. თუმცა ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც სიუჟეტი ყველაზე ნაკლებად გაღელვებს, დიალოგები ფაქტობრივად არ გესმის, საერთოდ არ გაინტერესებს, რა აწუხებთ პერსონაჟებს და შეიძლება ისიც ვერ შენიშნო, თუ ფილმის ბოლოს მთავარი გმირი მოკვდება. საბედნიეროდ, არავინ კვდება - პირიქით, ირგვლივ ყველა და ყველაფერი ზედმეტად ცოცხალია, მათ შორის ჩენინგ ტატუმის ჯადონსური მაიკიც, რომელიც სამწლიანი პაუზის შემდეგ დიდ სტრიპტიზს უბრუნდება და სტრიპტიზის უდიდეს კონვენციაში მონაწილეობისთვის ემზადება, რისთვისაც სრულიად წარმოუდგენელ შოუს დგამს.

გუშინვე გამოვიდა „ტერმინატორის“ ფრენჩაიზის მეხუთე ფილმი „ტერმინატორი: საწყისიც“. ძალიან ცუდი მესამესა და მეტ-ნაკლებად კარგი მეოთხეს შემდეგ ახალი ფილმის მიმართ საკმაოდ სკეპტიკური დამოკიდებულება არსებობს, თუმცა თემა იმდენად საკულტოა, რომ მისთვის გვერდის ავლა არ შეიძლება. მით უფრო, რომ არნი კვლავ ეკრანზეა, ის კვლავ მეტალისაა, ისვრის, კლავს, იცავს, ჩხუბობს და ამბობს: I’ll Be Back!

ახალი „ტერმინატორი“ კლასიკური ფილმების ხაზს მიჰყვება: აქ არიან სარა კონორი, ჯონ კონორი და თვით კაილ რისიც, რომელიც ჯეიმს კამერონის 1984 წლის ფილმის შემდეგ ეკრანს პირველად უბრუნდება. სიახლე გახლავთ ისიც, რომ უკვე ნაცნობი რობოტების, T800-სა და T1000-ის შემდეგ T3000-სს გავიცნობთ და ვნახავთ რა შეუძლია.

9 ივლისიდან გაქირავებაში ორი რადიკალურად განსხვავებული ჟანრის, ხასიათისა და მაყურებლისთვის განკუთვნილი ფილმი გამოვა. პირველია ანინმაციური „მინიონები“, რომლის ნახვაც ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების მქონე მაყურებელს შეუძლია, Unfriended კი „კივილის“ ტიპის საშინელებათა ფილმების მოყვარულებს „გაახარებს“.

16 ივლისი დიდი დღეა - ამ დღეს „მარველი“ თავისი კინოსამყაროს მორიგ ფილმ „ანტმენს“ უშვებს. მისი რეჟისორი ამ ტიპის ფილმების გადაღებაში სრულიად გამოუცდელი პეიტონ რიდია, თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ საქმე „მარველის“ პროდუქტს ეხება, რაც ხარისხის სრულ გარანტიას გვაძლევს.

„ანტმენის“ გამოსვლიდან ერთი კვირის შემდეგ კრის კოლამბუსის საკმაოდ უცნაური, სანახაობრივი და ფოიერვერკული „პიქსელები“ გამოვა. ყველაფერი 80-იანების პირველ ნახევარში იწება, ნასა კოსმოსში სიგნალს უშვებს. მშვიდობიან სიგნალს უცხოპლანეტელები საომარ გამოწვევად მიიჩნევენ და დედამიწას დასაპყრობად ეწვევიან, რისთვისაც 80-იანების კლასიკურ არკად თამაშებს, „დონკი კონგსა“ და „პაკ მანს“ იყენებენ. როგორც ირკვევა, დედამიწის გადარჩენა მხოლოდ ამ თამაშების ოსტატებს შეუძლიათ, ამიტომ მთავრობა არკადების ჩემპიონს, ადამ სენდლერის გმირ სემ ბრენერს მოიწვევს.

თვის ბოლოს, 30 ივლისს კი ტარსემ სინჰის Self/less გამოდის. ამჯერად ტარსემი უარს ამბობს ფილმის მსუყე და ზღაპრულ ვიზუალიზაციაზე და აქცენტს ამბავზე, პერსონაჟებსა და სხვა სიღრმეებზე აკეთებს. აქ მთავარ გმირებს რაიან რეინოლდსი, ბენ კინგსლი და მეტიუ გუდი თამაშობენ, ამბავი კი ძალიან მოგაგონებთ გურამ ფანჯიკიძის „სპირალს“...

 

 ია ვეკუა

 

ia vekua
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
16 სექტემბერი, 2015 ლაბირინთში მორბენლებს ცეცხლში ხვალიდან გამოცდიან