სამი დაკრძალვა და ერთი ქორწილი
02 ივლისი, 2015
4320
print

ფილმწარმოებაში სახელმწიფო და კერძო სტრუქტურის პირველი თანამშრომლობის მორიგი შედეგი გუშინ ვიხილეთ. ეროვნული კინოცენტრისა და თიბისი ბანკის ხელშეწყობით გადაღებული ექვსი მოკლემეტრაჟიანი ფილმი კინოთეატრ „ამირანში“ წარმოგვიდგინეს. ექვსივეს ავტორი ახალგაზრდა რეჟისორია, ზოგი მათგანი უკვე გამოცდილია, ზოგი სრულმეტრაჟიანი ფილმი ავტორიც, არიან დებიუტანტებიც. თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, როგორია ამა თუ რეჟისორის გამოცდილება - ახალგაზრდების ნამუშევრები ნებისმიერ შემთხვევაში საინტერესოა.

ზუსტად ვერ გეტყვით, რა პრინციპით იყო დალაგებული ფილმების თანმიმდევრობა, თუმცა ფაქტია, რომ ამ მხრივ ნაკლებად იყო ნაფიქრი. თავიდან ექვსეულის ყველაზე პოზიტიური ნამუშევარი ვნახეთ, ბოლოსკენ კი გასვენებებისა და ქელეხების გავლით ვიარეთ. ზოგადად პოზიტიური განწყობა თანამედროვე ქართული კინოსთვის ისეთივე უცხოა, როგორც ბილეთები.ჯისთვის სუპერთასის ბილეთების გაყიდვა. აქ ფაქტობრივად ვერ ნახავთ სიყვარულს, წარმატებულ ადამიანებსა და სუფთა გარემოს. ამას ახსნაც აქვს - დრამა უკეთ იყიდება, სხვისი უბედურების ყურება ნებისმიერი მაყურებლისთვის საინტერესო სანახაობაა, სიკვდილი კი უმაღლესი სინჯის პროდუქტი.

პოზიტივი ტატო კოტეტიშვილმა მოგვიტანა პატარა ფილმით „ოგასავარა“. სოფელ გორელოვკაში გადაღებული მოსალოდნელი ქორწილის ამბავი კუსტურიცასეული გარნირითა და ძალიან კარგი ანიმაციური ჩანართებით ერთმნიშვნელოვნად ექვსეულის საუკეთესო, კარგად ნამუშევარი და გამართული ფილმი იყო (ამგვარი განწყობის დატოვება, არ გამოვრიცხავ, მისი პოზიტიურობის დამსახურებაცაა).

ასევე კარგი ყოფითი დრამა აღმოჩნდა ვახო ჯაჯანიძის უსიტყვო „გამოსვლა“ (საერთაშორისო სახელწოდება Exodus ფილმის ხასიათს გაცილებით უკეთესად ესადაგება). როგორც ჩვენების შემდეგ ვახომ აღნიშნა, შეიძლება ითქვას, რომ ეს მისი პირადი ისტორიაცაა, რადგან ზუსტად ახსოვს, როგორ იცლებოდა მის თვალწინ ერთ დროს უძლიერესი, ახლა კი ქალაქ მოჩვენებად ქცეული ჭიათურა. ფილმი კონკრეტიკას მოკლებულია, აქ არც სახელები ჰქვიათ, არც მისამართები აქვთ, ისიც კი არ ვიცით, რომელ ენაზე საუბრობენ ან ფიქრობენ. ორი ადამიანის სრულიად მონოტონური ცხოვრება პიკს აღწევს, მათი ყოველი ქმედება მექანიკურია და ინსტინქტების დონეზეა დასული, თუმცა სადღაც სიღრმეში დამალული თვითგადარჩენის სურვილი ყველა ინსტინქტზე ძლიერი აღმოჩნდება და ექსოდუსის დროც დგება.

სოციალურად გამართული და ზუსტი აქცენტების მქონე აღმოჩნდა თორნიკე ბზიავას „მექელეხე“. ფილმის საუკეთესო ნაწილი პერსონაჟები, სახეები, კადრში გაბნეული იმიჯებია. ნახევრად არაპროფესიონალური ქასთი სწორედ ამგვარი სახეებითაა შევსებული. ეს ფილმს გარკვეულწილად ნაკლს სძენს, მათი თამაში ზოგჯერ დამაჯერებლობას კარგავს, თუმცა თავად ამბავია იმდენად დამაჯერებელი, რომ ყველაფერს პატიობ.

მოლოდინის მიუხედავად ოდნავ სუსტი აღმოჩნდა ძალიან კარგი „დაბადებულები საქართველოში“ ავტორის, თამარ შავგულიძის „პირველი დღე“. ფილმი სიკვდილით დაიწყო და პრაქტიკულად არაფრით გაგრძელებულა, მისი მთავარი ღირსება კი ალბათ მაყურებელში გაჩენილი პასუხგაუცემელი კითხვები იყო. მსგავსი მოხდა გიორგი წილოსანის „მზადებასთან“ დაკავშირებითაც. ბებიას სიკვდილის მოლოდინში მყოფი ოჯახი სამზადისს იწყებს, ემზადება თავად ბებიაც, რომელსაც პერიოდულად სიკვდილის ანგელოზი ელანდება (ეს უნდა ნახოთ!), მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვიგებთ, ამ მოლანდებამ რა შედეგი მოიტანა. მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი...

ბოლო ფილმი დათა ფირცხალავას “მამა“ იყო. მრავალწლიანი განშორების შემდეგ ზრდასრულ შვილებთან დაბრუნებულ მამას სათქმელი აღარაფერი აქვს, ჩუმად არიან შვილებიც, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი უმამობის მიზეზი ყველაზე მეტად აინტერესებთ და მერე რა, რომ დედასთან იდეალური ურთიერთობა ამის კომპენსირებას თავისუფლად ახერხებს. მთავარ კითხვაზე პასუხის მიღების დრო მაშინ დგება, როდესაც მთავარი გმირი სხვისი მამის პირისპირ აღმოჩნდება (ფილმის საუკეთესო, დიალოგების გარეშე გადაღებული ძალიან ცოცხალი ეპიზოდი). და სწორედ მაშინ, როდესაც ამ ბავშვის ხმაში საკუთარ ანარეკლს დაინახავს, ყველაფერს ხვდება. პასუხის მიღება მისთვის სიმშვიდის, თავდაჯერებისა და ცხოვრების უკეთ გაგრძელების მოტივაციად იქცევა, მით უფრო, რომ ახლა უკვე ციდან ჩამოვარდნილ ვარსკვლავსაც შეუძლია რამე ჩაუთქვას.

 

 

ია ვეკუა

 

ia vekua
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
16 სექტემბერი, 2015 ლაბირინთში მორბენლებს ცეცხლში ხვალიდან გამოცდიან